ლიტერატურა

ომში იების თაიგულით

თიანეთიდან ლექსების რვეულით ჩამოსული ბიჭი ქართული პოეზიის საღამოების ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცა, ლიტერატურული ცხოვრების რიტმში ჩაება, პოეტი მეგობრები გაიჩინა, დიდი ლიტერატურული გეგმები დასახა. თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში, ჟურნალებსა და გაზეთებთან თანამშრომლობდა.

მარტი 02, 2019

Hello Blog

თიანეთიდან ლექსების რვეულით ჩამოსული ბიჭი ქართული პოეზიის საღამოების ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცა, ლიტერატურული ცხოვრების რიტმში ჩაება, პოეტი მეგობრები გაიჩინა, დიდი ლიტერატურული გეგმები დასახა. თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში, ჟურნალებსა და გაზეთებთან თანამშრომლობდა.

მისი ცხოვრება სავსე იყო გაუმხელელი თუ გამხელილი სიყვარულით, ლექსებით. ყოველთვის ვიღაც უყვარდა, მის ნათელ, პოეტური ენერგიით სავსე სტრიქონებს ყოველთვის ჰყავდა ვიღაც, ვინც ხვდებოდა ან ვერ ხვდებოდა გულისთქმას.

ღონიერი პოეტური ენა, გამჭვირვალე და ლამაზი სტრიქონები, საოცარი მეტაფორები, ქართული ენა და ქართული მიწა, სიყვარული და ახალგაზრდული ენერგია, გულწრფელობა, სიმამაცე, სინათლე - ეს ყველაფერი გვაყვარებს მის პოეზიას და არასდროს გვავიწყებს.

მეორე მსოფლიო ომმა ქართველი პოეტების მთელი თაობა შეიწირა, ნიჭიერი, თავისთავადუ, პოეტური ენერგიით სავსე ადამიანები, პოეზიით რომ ცხოვრობდნენ, შესანიშნავი ლიტერატურული მომავალი ჰქონდათ.

ამ დაკარგული თაობის წარმომადგენელია მირზა გელოვანიც,1939 წელს ახალგაზრდა პოეტი ომში გაიწვიეს. ფრონტიდან გამოგზავნილი წერილებით ვიგებთ მის რთულ ამბებს, ომის ქარცეცხლსა და სირთულეებს და პოეტს, რომელიც ფარაჯის ჯიბით საქართველიდან გაგზავნილ იებს ატარებდა.

მეგობრების წერილებიდან კიდევ უფრო მეტი გვესმის მასზე. რომ ომშიც წერდა ლექსებს, ცდილობდა ქართული ლიტერატურული პერიოდიკისთვის გამოეგზავნა, ლიტერატურული ცხოვრება ომის ქარ-ცეცხლშიც არ შეეჩერებინა.

„ის საღამო კი, მართლაც სხვა იყო! მირზა გელოვანის დაღუპვის წინა საღამო. ბელორუსიის ფრონტი. პოზიციური ბრძოლები. დიდი შეტევისათვის მზადება.წინა დღეს ფრონტის წინა ხაზზე კინოსურათი „გიორგი სააკაძე“ უჩვენეს. მირზა გელოვანმა მეზობელი სანგრებიდან ქართველი ბიჭები გამოიხმო ამ კინოსურათისსაყურებლად. ერთად უყურეს. გვიან დასცილდნენ. ფიცი მისცეს ერთმანეთს, რომ ხვალ შეტევისას გმირულად იბრძოლებდნენ. მირზამ ის მეომრები გააცილა,მობრუნებული ღრმა ფიქრებს მიეცა, თითქოს შეაჯამა მის მიერ გავლილი მთელი ცხოვრება. დიდხანს არ დაიძინა.

„არც ერთი დღე არ არის, რომ საქართველოზე არვფიქრობდე“. იწერებოდა თავის ერთ-ერთ ბოლო წერილში. დილით ხუთ საათზე მოტორების გუგუნითა და ქვემეხების გრიალით, გადავიდა მათი ნაწილი შეტევაზე.გააფთრებული ბრძოლებით გადათელეს მტრის სანგრები და წინ წაიწიეს.

„მე ვნახე როგორ იწვოდა ზეცა, გაუგონარი მძიმე დაწვითა, მე ვნახე ტყვია, მე როგორ ამცდა,და ამხანაგის გულში გაცივდა“, წერდა იმ დღეებში დაწერილ ლექსში. სიკვდილს მიეჩვია, მაგრამ დღეს ეს რა ხდება! აგერ მისი მეგობრები, იმღამინდელი მისისტუმრები ერთიმეორის მიყოლებით წვანან განგმირულები. ნუთუ სიკვდილია ახლოს?.. გაიფიქრა მან. და აი, ახლა, ამხანაგის აცდენილი ტყვია მის გულში გაცივდა.იგრძნო სიკვდილი მოსულიყო, მიმოიხედა. ირგვლივ არაფერი არ იყო, აღარც სამშობლო, არც დიდი ქვეყანა, იყო მხოლოდ იისფერი სამყარო, სადაც ყველაფერიმიიბინდა. „და სადმე ტყვია თუ გააციებს, გულს საშინელი განადგურებით, თქვენ მაპატიეთ, ო, მაპატიეთ, დანაშაული არ დაბრუნების“. ( მირზა გელოვანის 100 ლექსის წინასიტყვაობიდან)

პოეტი, რომელმაც ომი მოიშინაურა, ვინც ყველაზე მკაცრ და დაუნდობელ გარემოში ყველაზე ნატიფი და ნათელი სტრიქონები დაწერა, ვინც მარადიული ანდერძი დატოვა „მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი“, ვინც ხან მოკლე და ქერათმიან, ხან მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებაზე ოცნებობდა.

2 მარტს მირზა გელოვანი დაიბადა, ცეცხლსა და ურაგანში გამოწრთობილი, ბრძოლების ცეცხლში გამომწვარი, ომიდან ვერდაბრუნებული, ომს შეწირული ახალგაზრდა პოეტი, რომელიც ქართულ პოეზიას ერთ-ერთ ყველაზე ომახიან, სინათლით სავსე, გულწრფელ და მართალ პოეტად შემორჩა. 

ავტორი: საბა