კულტურა

საბედისწერო თებერვალი

,,თოფები მხარზე, სმენაზე გვქონდა აყუდებული. მწყობრის სიზუსტის მოთხოვნილებები საშუალებას არ გვაძლევდა თავი მიგვებრუნებინა.შიგადაშიგ თვალების მიტრიალებით თუ ვხედავდი რა ხდებოდა ირგვლივ. ერთი ასეთი გახედვისას ჩვენს მასწავლებელს, ვასილ ბარნოვს მოვკარი თვალი. თავჩაღუნული, მიწასმიჩერებული, ღრმად ჩაფიქრებული, ჭაღარაწვერიანი მიჰყვებოდა აზვირთულ ტალღას. მისიდანახვა ჩვენთვის ჯანღიან დღეში მზის გამოჩენას უდრიდა. რასფიქრობდა? ალბათ, ერთი მხრივ, გული დარდით ევსებოდა საქართველოს ავბედობის გამო და იმავდროულად, ეამაყებოდა, რომ მისი აღზრდილი მხედრები სამშობლოს დასაცავად მიემართებოდნენ.''

თებერვალი 25, 2019

Hello Blog

,,თოფები მხარზე, სმენაზე გვქონდა აყუდებული. მწყობრის სიზუსტის მოთხოვნილებები საშუალებას არ გვაძლევდა თავი მიგვებრუნებინა.შიგადაშიგ თვალების მიტრიალებით თუ ვხედავდი რა ხდებოდა ირგვლივ. ერთი ასეთი გახედვისას ჩვენს მასწავლებელს, ვასილ ბარნოვს მოვკარი თვალი. თავჩაღუნული, მიწასმიჩერებული, ღრმად ჩაფიქრებული, ჭაღარაწვერიანი მიჰყვებოდა აზვირთულ ტალღას. მისიდანახვა ჩვენთვის ჯანღიან დღეში მზის გამოჩენას უდრიდა. რასფიქრობდა? ალბათ, ერთი მხრივ, გული დარდით ევსებოდა საქართველოს ავბედობის გამო და იმავდროულად, ეამაყებოდა, რომ მისი აღზრდილი მხედრები სამშობლოს დასაცავად მიემართებოდნენ.''

იუნკერის მოგონებებიდან

1921 წლის 23 თებერვალი. შუადღის 3 საათისთვის სტუდენტობა თავს იყრის უნივერსიტეტის პირველ აუდიტორიაში, შენობა ვეღარ იტევს ხალხს, მიტინგი გადაიტანეს უნივერსიტეტის ეზოში. აქ ქართული მოსწავლე-ახალგაზრდობის სულიერი მამა და მათი უსაყვარლესი ადამიანი ივანე ჯავახიშვილი მათ მიმართავს:„შვილებო! ჩემო მოვალეობაა მე თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ, მაგრამ, ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთ!"

თანდათანობით იუნკერთა შემადგენლობამ სკოლის ეზო დატოვა, მერე მიხეილის პროსპექტი, შემდეგ კოჯრისკენ მიმავალ გზას დაადგა ახალგაზრდა მეომრების რაზმი...

უბედურების მაუწყებელი ამბები თანდათან, წვეთ-წვეთად გავრცელდა, მერე კი ერთიანად, ცეცხლის წვიმასავით დაატყდა ქალაქს თავს. ფრონტიდან ბევრს არაფერს იწერებოდნენ, ძირითადად ისეთი წერილები მოდიოდა, როგორც მღეროდნენ ხოლმე იუნკერები სკოლის ეზოში, შესვენებაზე – ერთი ამოსუნთქვით, მოსწრებაზე..

თავიდან ვერავინ, ვერც მოღალატე შინაურების მეთაურობამ, ვერც გადაბირებული ახლობლების ღალატმა, ვერც სამხედრო ძალამ, ვერც იარაღმა გაარღვია მოხალისეებისა და იუნკერების წინააღმდეგობა. ბიჭები იწერებოდნენ, რომ კოჯრის სიახლოვეს ღამ-ღამობით ძალიან ციოდა და ამოორთქლილი სიმღერებით ითბობდნენ გაყინულ ხელებს, რომ ვერაფერი მოახერხებდა მათი სიმტკიცის გატეხვას, ასეც იყო, ყველაზე აგრესიული კომკავშირელებისგან შემდგარი რაზმი, კარგად შეიარაღებული წითელარმიელები, ალყაში მოქცევის უამრავი ცდა – არაფერი შეაშინებდათ კვინიტაძის შეგირდებს.

საოცარი იყო შალვა ერისთავის გმირობა, თბილისში ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე და შეუდარებელი მორბენალი, 22 წლის შალვა ერისთავი სანგარში შევარდა, ხიშტით განგმირა მემიზნე ოფიცერი და ტყვიამფქვევი საკუთარი სხეულით დაფარა. ფრონტზე იყო მარო მაყაშვილიც, მშვენიერი და მამაცი მოწყალების და…უცხოეთში განათლების მიღებაზე მეოცნებე, ლიტერატურის და ხელოვნების თაყვანისმცემელი, ჭკვიანი და მოკრძალებული.. სხვებიც – ლამაზები, მამაცები, ახალგაზრდები, სულ სხვაგვარი სიყვარულით ანთებულნი…

2 წლის მარო მაყაშვილი

რამდენიმე შეტევა მოიგერიეს, მსხვეპლი დიდი იყო, მაგრამ იმედი – კიდევ უფრო დიდი. გრძნობდნენ, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში იბრძოდნენ, მათ ახალგაზრდულ ბეჭებზე იყო ქვეყნის დარჩენა-გადარჩენის საკითხი. იბრძოდნენ ბოლო წუთამდე, ბოლო ტყვიამდე, სანამ უკანდახევის ბრძანება არ მიიღეს…მთავარსარდლობამ გადაწყვიტა, რომ სხვა ფაზაში უნდა გადასულიყო წინააღმდეგობა, რომ ასე ბრძოლას აზრი არ ჰქონდა…ბრძოლები შეწყდა...

რუსთაველის გამზირზე შავ სუდარაგადაფარებული კუბოების პროცესიას მოჰყვებოდა ხალხი. იუნკერთა დიდი ნაწილი უკვე სხვადასხვა ქალაქისკენ მიმავალ გემზე იმყოფებოდა, ქვეყანაში დარჩენამ აზრი დაკარგა. ქალაქი დამარცხებას გლოვობდა, შვილებს გლოვობდნენ დედები, თავისუფლების დაკარგვას გლოვობდა ქვეყანა…

შალვა ერისთავი და ანა ვასილევნა

შემდეგ? შემდეგ იყო წითელი ქვეყანა, რომელმაც თავისუფლების დაკარგვა არ აკმარა ქვეყანას და ყოველ 23 თებერვალს საბჭოთა არმიელის დღეს აზეიმებდა საქართველოს, რომელმაც სულ ახალგაზრდა შვილები ძლიერ მტერთან ბრძოლაში დაკარგა.

PS. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე წითელი არმია თბილისში შეიჭრა. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალაქი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა.

2010 წელს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომელიც ავალებს მთავრობას ყოველ 25 თებერვალს, ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც “კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა”, დაუშვას სახელმწიფო დროშები და გამოცხადდეს წუთიერი დუმილი.

ავტორი: საბა