კულტურა

ზურა არაბიძე და F63.9 კუბში

თიბისი გალერეამ, თიბისი სტატუსის მხარდაჭერითა და #წერექართულად ინიციატივის ფარგლებში, თანამედროვე არტისტის - ზურა არაბიძის ნამუშევრების სერიას „F63.9“-ს უმასპინძლა. 

ივლისი 14, 2017

Hello Blog

თიბისი გალერეამ, თიბისი სტატუსის მხარდაჭერითა და #წერექართულად ინიციატივის ფარგლებში, თანამედროვე არტისტის - ზურა არაბიძის ნამუშევრების სერიას „F63.9“-ს უმასპინძლა. 

განათებით, მონოქრომატული ფოტო-ნამუშევრებით, მათზე ამოკითხული მარტივი ფრაზებით, ასეთივე მონო-მუსიკითა (საგანგებოდ პროექტისთვის რეზო ღლონტისგან) და დარბაზის ცენტრში ჩამდგარი უჩვეულო კუბით, დამთვალიერებელი ერთგვარ ზენ-გამოცდილებას ეზიარა!

მეორე მხრივ, F63.9 - ნომერი, რომლითაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სიყვარული ფსიქიური აშლილობის სახეობად მონათლა - შესაბამის ასოციაციებს იწვევს და გენიალური სიმარტივით გვიხსნის, რომ სიგიჟის ეს ფორმა ალბათ ერთადერთია, რომლისგან „განკურნებაც“ არ მოგინდება.

სარკეებისგან შეკრულ კუბში უსასრულოდ მეორდება ავტორის მიერ მშვიდი კალიგრაფიით გამოყვანილი ორ-სიტყვიანი მანტრა - „მოდი ჩემთან“. კუბთან - სარკეების კალეიდოსკოპურ სამყაროში საკუთარი უსასრულო ანარეკლის აღმოჩენის მომლოდინეების რიგია.

კუბში ვერბალურ მანტრას ვიზუალური უერთდება და წამით ორიენტაციას აკარგვინებს ადამიანს, რომელიც თითქოს მზადაც არაა საკუთარი თავის ამდენი ვარიაციის აღსაქმელად!

კუბის გარე ზედაპირი თანდათან სტუმრების შთაბეჭდილებებით დაიფარა. შესაბამისად, კონცეპტუალურმა გამოფენამ ინტერაქციულ დატვირთვაც შეიძინა.

 თავიდან იყო სიტყვა. მარტივი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზები - „მე შენ მიყვარხარ“, „ჩამეხუტე“, „მე ყველაზე ლამაზი ვარ“, „ჩემში სიყვარულია“, „სიყვარული მოვა ხვალ“, „შენთან სიყვარულია“, „სიყვარული ათბობს“, „სითბო მინდა“ - გამეორებული უსასრულოდ, ან იქამდე სანამ ქვეცნობიერიც დაიჯერებს და სხეულის ყველა უჯრედი გრძნობებით აივსება.

შემდგომ, ფრაზებმა სამოსზე გადაინაცვლეს და ფიზიკურ სივრცეშიც შეაღწიეს. შეიქმნა ტანსაცმლის ბრენდი სახელწოდებით „404“, რომელზეც ზურა არაბიძე და ეკა სამხარაძე (ტელეწამყვანი) მუშაობენ. სარკის კუბიც, საგანგებოდ 404-თვის შეიქმნა, რომ მასში მოდელიც ისევე გამეორებულიყო, როგორც წარწერა. ფოტო-პროექტი „404“ თიბისი სტატუსის მხარდაჭერითა და #წერექართულად ინიციატივის ფარგლებში, ჟურნალ "ამარტაში" დაიბეჭდა.

ინსტალაცია საოცრად ფოტოგენური გამოდგა!

იხილეთ მეტი ზურა აბაშიძის შესახებ მისივე ოფიციალურ გვერდზე - http://arabidze.com/.

 ტექსტი - ნინო კაკიაშვილი | ფოტო - გიორგი ინდუაშვილი