კულტურა

Magnum Photos – ფოტოგრაფთა პირველი მსოფლიო გაერთიანება

„ჩვენ ცნობისმოყვარეები ვართ – გვაინტერესებს რა ხდება მსოფლიოში, პატივს ვცემთ მოვლენებს და გვინდა ვიზუალური ენით მოვყვეთ მათზე,“ – ეს Magnum-ის ფოტოსააგენტოს ერთ-ერთი დამფუძნებლის, ანრი კარტიე-ბრესონის სიტყვებია.

თებერვალი 12, 2019

Hello Blog

„ჩვენ ცნობისმოყვარეები ვართ – გვაინტერესებს რა ხდება მსოფლიოში, პატივს ვცემთ მოვლენებს და გვინდა ვიზუალური ენით მოვყვეთ მათზე,“ – ეს Magnum-ის ფოტოსააგენტოს ერთ-ერთი დამფუძნებლის, ანრი კარტიე-ბრესონის სიტყვებია.

კედელი პატარა ფანჯრებით. მადრიდი, ესპანეთი. 1933. ფოტო: ანრი კარტიე-ბრესონი / Magnum Photos

Magnum Photos ფოტოგრაფთა პირველი მსოფლიო გაერთიანება 1947 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოთხმა ფოტოგრაფმა – ანრი კარტიე-ბრესონმა, რობერტ კაპამ, ჯორჯ როჯერმა და დევიდ სეიმორმა დააფუძნეს. იდეა ასეთი იყო: სააგენტოში გაეწევრიანებინათ ფოტოგრაფები, რომლებიც ინდივიდუალური სტილით და განსხვავებული ხედვით გამოირჩეოდნენ; რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან შეიკრიბებოდნენ და გეოგრაფიულ თუ კულტურულ ბარიერებს თავიანთ ნამუშევრებშიც იოლად დაძლევდნენ. Magnum-ის იდეის თავიდანვე ყველას არ სჯეროდა, თუმცა იდეამ გაამართლა და სააგენტო, რომელიც თავის თავდაპირველ, ფუნდამენტურ ფასეულობებს დღემდე იცავს, 70 წელზე მეტია, არსებობს. 

გამოსასწორებელი სკოლა. ვენა, ავსტრია. 1948. ფოტო: დევიდ სეიმორი /Magnum Photos

Magnum-ის ყველაზე ძირეული იდეა, რომელიც მის არც ერთ ფოტოგრაფს არ ავიწყდება ფოტოში სრულყოფილების მიღწევაა – სრულყოფილების, რომელსაც კომპრომისი არ გააჩნია. 

კონგო. 2014. ფოტო: პაოლო პელეგრინი/ Magnum Photos

Magnum-ის ფოტოგრაფები არიან ხელოვანებიც, ჟურნალისტებიცა და მთხრობელებიც. ისინი ვიზუალური ენით ჰყვებიან კონფლიქტებზე, ომებზე, გადატრიალებებზე, კატასტროფებზე, სიღარიბეზე, შიმშილზე, რელიგიაზე, ადამიანებზე, მოძალადეებზე და მათ სისასტიკეზე, ჩაგრულებზე და მათ შიშებზე, ურთიერთობებზე, მიუწვდომელ შორეულ ადგილებზე, უცნობ კულტურებზე… ისინი აჩენენ ახალ კითხვებს, არყევენ სტატუს-კვოს და ამ გზით ისტორიის და ურთიერთობების გააზრებისთვის სრულიად ახალ სივრცეს ქმნიან. 

ნიუ იორკი, აშშ. 2000. ფოტო: ელიოტ ერვიტი/ Magnum Photos

Magnum-ის სააგენტო ფოტოებით ამარაგებს მსოფლიო მედიას, გამომცემლებს, სარეკლამო კომპანიებს, გალერეებსა და მუზეუმებს. Magnum-ის ოთხი სარედაქციო ოფისის არქივი ნიუ იორკში, ლონდონში, პარიზსა და ტოკიოში ყოველდღიურად ახლდება და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ახალი ფოტოდოკუმენტაციით ივსება.

Magnum-ის ფოტოსააგენტო მართავს გამოფენებს, გამოსცემს ფოტოწიგნებს, ფოტოგრაფებისა და მოყვარულებისთვის ატარებს მასტერკლასებსა და კურსებს. 

ბუენოს-აირესი, არგენტინა. 1999. ფოტო: ალესანდრა სანგინეტი/ Magnum Photos

Magnum-ის სააგენტოს თავად ფოტოგრაფები მართავენ. მის სრულფასოვან წევრობამდე თითოეული ფოტოგრაფი შერჩევის მკაცრ პროცესს გადის. დღეს Magnum-ის ფოტოსააგენტოს 96 წევრი ჰყავს.

თეირანი, ირანი. 1998. ფოტო: აბასი

სხვადასხვა კულტურების ძიების პროცესში Magnum-ის ფოტოგრაფების ობიექტივში საქართველო და განსაკუთრებით თბილისი არაერთხელ მოხვდა. Magnum-ის ფოტოგრაფებიდან პირველი რობერტ კაპა იყო. მან 1947 წელს საბჭოთა კავშირში და საბჭოთა საქართველოშიც იმოგზაურა. აქედან 70 წლის თავზე მოგზაურობის იგივე გზა გერმანელმა ფოტოგრაფმა და Magnum-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა თომას დვორჟამკა გაიარა. თუმცა ამ შუალედში და შემდეგაც თბილისი საინტერესო ობიექტი Magnum-ის სხვა ფოტოგრაფებისთვისაც არაერთხელ გამხდარა. რობერტ კაპას და თომას დვორჟაკის გარდა, თბილისი ანრი კარტიე-ბრესონის, კარლ დე კაიზერის, გიორგი პინხასოვის, ინგ მორატის, იონას ბენდიკსენის, პაოლო პელეგრინის და მარტინ პარის ობიექტივშიც მოხვდა. 

ინგლისი. 1985. ფოტო: მარტინ პარი/ Magnum Photos

თითოეული ეს ფოტოსერია ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ის საკუთარი თავის გარედან დანახვის საშუალებაა. როგორები ვართ იმ უცხო ადამიანების თვალში, რომელთაც განსაკუთრებულად დაკვირვებული მზერა აქვთ; რომლებიც გიცქერენ და თავისი მზერით გცვლიან? 

Gueorgui Pinkhassov 1992, UZBEKISTAN. Tashkent. Market. 1992/ Magnum Photos

იმ ფოტოგრაფებს შორის, რომელთაც თბილისი გადაუღიათ, მარტინ პარს სწორედ ასეთი თვალი აქვს. მისი ნამუშევრების თვალიერებისას ყოველთვის შეიძლება სულ სხვა კუთხიდან აღმოაჩინო ქალაქი და საკუთარი თავი.

საქართველო. 1995. ფოტო: თომას დვორჟაკი/ Magnum Photos

მარტინ პარი თბილისს გასულ წელს მესამედ ესტუმრა. ამჯერად ფოტოგრაფი თბილისში დედაქალაქის მერიამ მოიწვია. მარტინ პარის თბილისი წიგნად იქცა, ფოტოებს აკა მორჩილაძის ესეები დაერთო და Tbilisi City Book-ის სახელწოდებით გერმანულ გამომცემლობასთან, Prestel Publishing-თან თანამშრომლობით მიუნხენში გამოიცა. 

ბრიტანელი ფოტოგრაფი მარტინ პარი უკვე 25 წელია Magnum-ის სრულფასოვანი წევრია. „ფოტოგრაფიას ვიყენებ იმისთვის, რომ სინამდვილისგან გამოგონილი სამყარო შევქმნა. ამას ადამიანური ცრურწმენების გადამუშავებით ვაკეთებ – მათ ირონიით ვაზავებ“, – ამბობს მარტინ პარი. 

თბილისი, საქართველო. 2018. ფოტო: მარტინ პარი/ Magnum Photos

მარტინ პარის ფოტოები მართლაც არის სავსე მსუბუქი იუმორითა თუ გროტესკით, ნათელი და მჭახე ფერებით. გვიყვება სხვებზე და საკუთარ თავზე, გვაჩვენებს უცნობ, უგულებელყოფილ თუ შეუმჩნეველ ნიუანსებს და ეს მიდგომა – ნაცნობი საგნების სხვა პერსპექტივიდან დანახვა – განწყობას ცვლის, გვიბრუნებს უნარს გავიცინოთ საკუთარ თავზე და სხვებზეც.

მარტინ პარი მსოფლიოს გარშემო ხშირად მოგზაურობს. სხვადასხვა ადგილებში გადაღებულ მის ფოტოებზე თან ნაციონალური შტრიხებიც ჩანს და თან უნივერსალურიც. ამ გზით კი მის ფოტოებზე ვხედავთ არა მხოლოდ ადგილობრივ კულტურას, არამედ კულტურებს შორის ზღვარის მოშლასაც ვამჩნევთ.

ბალეტის გაკვეთილი. თბილისი, საქართველო. 1947. ფოტო: რობერტ კაპა/ Magnum Photos

Magnum-ის ფოტოგრაფების მიერ გადაღებული თბილისის ფოტოები ფრანკფურტის 70-ე წიგნის ბაზრობაზე თიბისი ბანკის მხარდაჭერით გამოიფინა. ფოტოების ნახვა დამთვალიერებელს ამჯერად თბილისში შეეძლება. გამოფენა 15 თებერვალიდან 27 თებერვლის ჩათვლით თიბისი გალერეაში გაიმართება. 

თბილისი, საქართელო. 2009. ფოტო: იონას ბენდიკსენი/ Magnum Photos

პროექტი „თბილისი მარტინ პარის მიერ“ თბილისის მერიის ინიციატივით განხორციელდა. მისი მხარდამჭერები არიან თიბისი ბანკი, Magnum Photos, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. 

ავტორი: ინდიგო

ფოტოები: www.magnumphotos.com 

ფოტო გარეკანზე:  Steve McCurry, CHINA. Zhengzou. 2004. Shaolin monks training.