კულტურა

ბრიტანელი ფოტოგრაფის, მარტინ პარის შემოქმედება

მარტინ პარი თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფოტოხელოვანია. ბრიტანელი არტისტი ლონდონ სიტის ოფიციალური ფოტოგრაფია. მის შემოქმედებაში აღბეჭდილია იშვიათი კადრები – მსოფლიო, ტრადიციები და დღესასწაულები. 2016 წელს ხელოვნების ცენტრ “გილდჰოლში” მარტინ პარის გამოფენა გაიმართა, ნამუშევრებს შორის წარმოდგენილი იყო ფოტოკადრი 2014 წლის ღონისძიებიდან – დედოფალი ზურგით კამერის ობიექტივთან.

თებერვალი 12, 2019

Hello Blog

მარტინ პარი თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფოტოხელოვანია. ბრიტანელი არტისტი ლონდონ სიტის ოფიციალური ფოტოგრაფია. მის შემოქმედებაში აღბეჭდილია იშვიათი კადრები – მსოფლიო, ტრადიციები და დღესასწაულები. 2016 წელს ხელოვნების ცენტრ “გილდჰოლში” მარტინ პარის გამოფენა გაიმართა, ნამუშევრებს შორის წარმოდგენილი იყო ფოტოკადრი 2014 წლის ღონისძიებიდან – დედოფალი ზურგით კამერის ობიექტივთან.

Culture Trip London მარტინ პარის შემოქმედებაზე: ფოტოგრაფი, რომელიც ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებებს იღებს.

“გახსოვდეთ, დღეს ყოველი ჩვენგანი ფოტოგრაფია. ეს საუკეთესო ამბავია ფოტოხელოვნებაში.” -მარტინ პარი

ადრეული წლები: როგორ დაიწყო მარტინ პარის კარიერა

მარტინ პარს ფოტოგრაფიის სიყვარული ბაბუამ, ჯორჯ პარმა ჩაუნერგა. მარტინმა გადაღება ადრეული ასაკიდან დაიწყო. ფოტოხელოვნებისადმი ინტერესმა სწავლისკენ უბიძგა, 1970-73 წლებში მანჩესტერის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მიიღო განათლება. სწორედ მაშინ დაიწყო საკუთარი სტილის შექმნაზე მუშაობა: შემთხვევითი ფოტოგრაფია, ფოტოჟურნალისტიკა და პერსონაჟების ახლო ხედით გადაღება.

ეს ის პერიოდია, როცა პარმა თავისი თანამოაზრე და თანამემამულე ფოტოგრაფები გაიცნო. არტისტები ქმნიდნენ ბრიტანეთის უნიკალური მომენტების დოკუმენტურ კადრებს, განსაკუთრებით დაინტერესებულნი იყვნენ მუშათა კლასის და საშუალო ფენის ყოფით.

70-იანი წლები: საკუთარი სტილის ძიება

მარტინ პარი დასავლეთ იორკშირში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც შავ-თეთრი ფირებით დაიწყო გადაღება და ნოსტალგიური კადრების შექმნა. ის აღბეჭდავდა ქალაქურ ყოფას, მომენტებში უღიმღამო, მოსაწყენ და აბსურდულ რეალობას. მის ობიექტივში ხვდებოდნენ რიგითი ადამიანები და მათი ყოველდღიურობა – მაღაზიის მფლობელები, ფერმერები, მშენებლები, მუშები, ქალები სილამაზის სალონში, უმუშევარი ადამიანები.

ამ ნამუშევრებში იგრძნობა მოკრძალებული უშუალობა და ოდნავ შესამჩნევი იუმორი, სრულიად განსხვავებული მისი უფრო გვიანი, ფერადი ნამუშევრებისგან. 70-იანი წლების ბოლოს გადაღებული ფოტოები მარტინ პარის კოლექციის – “ნონკონფორმისტის” (The Non-Conformists) ნაწილია. ამ ფოტოსერიამ არტისტს აღიარება მოუტანა.

ამ ეპოქის შავ-თეთრი ფოტონამუშევრები მარტინ პარის კიდევ ორ წიგნშია წარმოდგენილი – “A Fair Day – ფოტოკადრები ირლანდიის დასავლეთ სანაპიროდან” და “ცუდი ამინდი” (Bad Weather). ორივე ფოტოსერიაში ასახულია ნაციის არსებითი და იდუმალი ხასიათი: სამსახური, ამინდი და უიქენდის კულტურა.

ადრეული 80-იანი წლები: თამაში ფერებთან

80-იანი წლებიდან, როდესაც მარტინ პარი ინგლისის პატარა ქალაქში – უალასში გადადის, ფერადი ფოტოების გადაღებას იწყებს. ხელოვანის შთაგონების წყაროდ ამერიკულ ფოტოხელოვნებაში მიმდინარე “ფერადი რევოლუცია” იქცა, ასევე მასზე გავლენა იქონია ახალგაზრდა ბრიტანელი ფოტოგრაფის, ჯონ ჰინდის ნამუშევარმა post-card. მარტინი ფერთა პალიტრის გამოყენების ხელოვნებამ და ფერების მკვეთრმა ეფექტმა გაიტაცა.

GB. England. New Brighton. From The Last Resort, 1983-85.

სხვადასხვა დროს, ზაფხულობით, ფოტოგრაფი ნიუ-ბრაიტონის სიახლოვეს მოგზაურობდა, ფოტოფირებზე აღბეჭდავდა მუშათა კლასის თავისუფალ დროს. პარი ცდილობდა, წარმოეჩინა 80-იანი წლების ცხოვრება ბრიტანულ ოჯახში. ის აფიქსირებდა დუნე და აპათიურ გარემოს, ინგლისის ზღვის სანაპიროებზე მზის გახუნებულ ელფერს.

GB. England. New Brighton. From The Last Resort, 1983-85.

ფერთა პალიტრამ ხელოვანს საშუალება მისცა, გაეცოცხლებინა კადრები – გარუჯული მოცურავეების, ნაყინის დნობის მომენტის და თოლიების ჭიდილის თევზისა და ჩიფსების ნარჩენებისთვის. ნოსტალგიური ეფექტი შავ-თეთრ ფირებზე დარჩა. ამ პერიოდის ნამუშევრები წარმოდგენილია წიგნში, რომელიც იუმორისტული სახელწოდებითაა დასათაურებული – “უკანასკნელი კურორტი”. ფოტოსერიაში აღბეჭდილია ინგლისური ხასიათი ზაფხულის დღეებში.

GB. England. New Brighton. From The Last Resort, 1983-85.

გვიანი 80-იანი წლები: საარსებო მინიმუმი

ამ პერიოდში მარტინ პარი და მისი მეუღლე, სუზან მიტჩელი საცხოვრებლად ბრისტოლში გადავიდნენ, სადაც დღემდე ცხოვრობენ. იქ პარმა საშუალო ფენის წარმომადგენლების ყოველდღიური ცხოვრების დოკუმენტირება დაიწყო. არტისტი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო მარგარეტ ტეტჩერის მმართველობისას ამ ადამიანების მზარდი ქონებით და შესაბამისად, მათი ქცევის ნორმებით და ურთიერთობებით. ფოტოსერიაზე – “საარსებო მინიმუმი” (The Cost of Living) – მუშაობის პროცესში პარი ოჯახებს დაჰყვებოდა ვახშმებზე, შოპინგზე და სხვადასხვა ღონისძიებებზე. მთლიანობაში ეს ფოტოკადრები ასახავს ქარაფშუტა, მომხმარებელზე ორიენტირებულ ცხოვრების წესს, ისევე როგორც მყარი კონსერვატიული ოჯახების ღირებულებებს – ადამიანები ქორწილებზე, საეკლესიო გუნდებში და სპეციალური შემთხვევისთვის მზადების პროცესში. პარმა ასევე შექმნა ფოტოსერია – “ერთდღიანი მოგზაურობა” (One Day Trip), სადაც აღბეჭდილია: ერთდღიანი მოგზაურობა ინგლისიდან – საფრანგეთამდე – booze cruise (ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო ინგლისელები იძულებულნი გახდნენ, ერთი დღით გადასულიყვნენ საფრანგეთსა ან ბელგიაში და შეეძინათ პროდუქტები დაბალ ფასებში, ძირითადად ალკოჰოლური სასმელი და სიგარეტი). კადრებში ვხედავთ ნასვამი ქალების და კაცების ჯგუფებს, რომლებიც სუპერმარკეტში ჭყლეტვაში დგანან, ლუდის ბოთლების შეკვრებს დაატარებენ და ყრიან.

GB. England. Milton Keynes. A California-style showhouse. From The Cost of Living, 1986-89.

GB. Wales. Snowdonia. From Home and Abroad, 1989.

1988 წელს მარტინ პარი მაგნუმის ასოცირებული წევრი გახდა, პრივილეგია მიანიჭეს, როგორც ყველაზე წარმატებულ, ნიჭიერ და აღიარებულ ფოტოგრაფს მთელ მსოფლიოში.

G.B. ENGLAND. Gold Hill, 1988.

90-იანი წლები: კულტურის კრიტიკა

90-იანი წლების დასაწყისში მარტინ პარი ჰელსინკის ხელოვნების და დიზაინის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა ფოტოგრაფიის დარგში. მალევე მან დაიწყო ფოტოგადაღებები მსოფლიოს მასშტაბით – იტალიიდან იაპონიამდე – თემატიკა ტურიზმის კულტურა გახლდათ. საბოლოოდ, პარმა შექმნა ფოტოსერია “პატარა მსოფლიო” (Small World), რომელიც საზოგადოებამ 1995 წელს იხილა. კოლექცია ხელოვანის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე ფერადი და მხიარულია, კადრებში ვხედავთ რაღაც უცნაურ მსგავსებას სხვადასხვა ეროვნების ტურისტებს შორის. სამი ადამიანი პიზას კოშკს მიყრდნობილი, ტურისტები რუკებით ქარიან ამინდში, უსახურად ჩაცმული ადამიანები, მოგზაურთა ჯგუფები და მარტოხელა მოგზაურები: პარის ფოტოებში იკითხება მსოფლიო მოგზაურობის თავისებურებები და თანამედროვე მსოფლიოს თანამედროვე მკვლევრის კრიტიკა. არტისტის ნამუშევრები ფერადია, ნათელი და ხალისიანი.

SPAIN. Barcelona. The Sagrada Familia,1993.

მოგვიანებით პარმა შექმნა ფოტოსერია “საერთო გრძნობა” (Common Sense) – ახლო ხედით გადაღებულ კადრებში ასახულია მომხმარებელთა კულტურა. ამ ნამუშევრებში ჩანს კონსიუმერიზმის მიმზიდველობა და უსიამოვნებაც – ტუჩსაცხი, კანფეტი, მიკრული გრძელი ფრჩხილები, როგორც სხეულის სხვადასხვა ნაწილის ფრაგმენტები. ფოტოპერსონაჟები უსახური მანეკენებივით არიან, მხოლოდ იმისთვის, რომ მოირგონ ტანსაცმელი, აქსესუარები და სხვადასხვა ნივთები. ფოტოსერიის სახელწოდებაც და კოლექციაც გამოხატავს არტისტის კრიტიკას და ანტიპათიას ამ ტიპის კულტურის მიმართ, ეს ნამუშევრები აგრესიულია და პროვოკაციული.

SWITZERLAND. Kleine Scheidegg. From Small World, 1990.

მარტინ პარის შემოქმედება მსოფლიოს გარშემო არაერთხელ გამოიფინა, მის ნამუშევრებში მძაფრადაა წარმოდგენილი ბრიტანული ინდივიდუალურობა, კულტურა და ღირებულებები. ბოლო პერიოდში პარი ჩაერთო საკურატორო საქმიანობაში – 2016 წელს ლონდონის “ბარბიკანის ცენტრში” მისი ორგანიზებით გაიმართა გამოფენა – “უცნაური და ნაცნობი” (Strange and Familiar). მალევე არტისტმა პერსონალური გამოფენა “არნახული ქალაქი” (Unseen City) შესთავაზა საზოგადოებას, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მარტინ პარის, როგორც ლონდონ სიტის ფოტოგრაფის ნამუშევრები. დღესაც ბრიტანელი ხელოვანის შემოქმედებაში იგრძნობა ადამიანების ცხოვრების მიმართ ინტერესი, არტისტი ცდილობს საინტერესო მომენტების დოკუმენტირებას, ოსტატურად იყენებს ფერებს, მუშაობს ციფრულ ფოტოგრაფიაზე, მისი სტილი და კრიტიკა ისევ ისეთი ღირებული და რეზონანსულია.

USA. Hawaii. Big Island. Volcano, 1993.

თარგმანი: გვანცა ფოცხვერია / Hammock

ტექსტი: Culture Trip

ფოტოები: Martin Parr