თაობა

ნიჭიერი ბავშვები ქუთაისიდან

ახალი წელი თიბისიმ ახალი პროექტით დაიწყო. 2018 წლის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე კომპანიამ გადაწყვიტა, ყოველწლიური ტრადიცია დაერღვია და კორპორატიული კლიენტებისათვის საახალწლო საჩუქრების გაგვზანის ნაცვლად, მთელი საქართველოს მასშტაბით გამორჩეული ბავშვები აღმოეჩინა და მიზნებისკენ მიმავალ გზაზე მათ მხარდამჭერად და ერთგულ მეგობრად ქცეულიყო.

თებერვალი 11, 2019

Hello Blog

ახალი წელი თიბისიმ ახალი პროექტით დაიწყო. 2018 წლის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე კომპანიამ გადაწყვიტა, ყოველწლიური ტრადიცია დაერღვია და კორპორატიული კლიენტებისათვის საახალწლო საჩუქრების გაგვზანის ნაცვლად, მთელი საქართველოს მასშტაბით გამორჩეული ბავშვები აღმოეჩინა და მიზნებისკენ მიმავალ გზაზე მათ მხარდამჭერად და ერთგულ მეგობრად ქცეულიყო.

სხვადასხვა ორგანიზაციასთან, სკოლასთან თუ კერძო პირთან ერთად თიბისიმ ისეთი ნიჭიერი ბავშვების ძებნა დაიწყო, რომლებსაც განვითარებისათვის ფინანსური ხელშეწყობა ყველაზე მეტად სჭირდებათ. პროექტმა მოიცვა ყველა სფერო და მთელი საქართველო: ჭუბერი, გორი, წნორი, წეროვანი, ხონი, თბილისი, თელავი, ლექოკი, ბარისახო, უწერა, არახვეთი, ქუთაისი, კარალეთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, ხონი, ამბროლაური, სენაკი, პატარძეული - საქართველოს მთასა და ბარში თიბისიმ პატარა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები იპოვა და მოულოდნელად მათი წარმატების ისტორიების მონაწილედ იქცა.

ყოველთვიური, ერთწლიანი სტიპენდია 200 ბავშვს დაენიშნა. 200 სტიპენდიატიდან 26 ქუთაისიდანაა.

თამარ დეკანოიძე, 15 წლის - მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩი“ მე-2 ადგილის მფლობელი.

„ახალგაზრდა კადეტი ვარ და თან გამომგონებელი. მე და ჩემს მეგობრებს გვინდოდა ადამიანებისთვის დაუბალანსებელი კვების პრობლემა მოგვეგვარებინა. 1 წლის განმავლობაში ვატარებდით კვლევებს ლაბორატორიაში და ასე შევქმენით კალორიმეტრული მეთოდი.

სულ მომწონდა აღლუმები და სამხედრო პირები. დღეს ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირველ კურსზე ვარ. თავიდან სახლში გაუკვირდათ და ვერ მიხვდნენ - რატომ დავინტერესდი სამხედრო სფეროთი. როცა ავუხსენი, მაქსიმალურად დამიჭირეს მხარი. ყველა იარაღის დაშლა, აწყობა, ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემი ვიცი. ჯერჯერობით სიმულაციური სროლის კლასები გვაქვს. ყველაზე მეტად ველოდები იმ დღეს, როდესაც ნამდვილი იარაღითაც გვასროლინებენ, განსაკუთრებით M4-ით და ტტმ-ით.

მგონი სამხედრო ექიმი გამოვალ. მაინტერესებს და თან ძალიან მოქმედებს ჩემზე ყველაფერი, რაც ომის თემატიკის უკავშირდება, განსაკუთრებით რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ და „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა“. ეს არის სფერო, რომლისაც საერთოდ არ მეშინია. პირიქით, ჩემთვის დიდი პატივი იქნება სამხედო სამსახურში ყოფნა.''

“მარიამ გელაშვილი, 13 წლის - ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლე.

„ბევრს ჰგონია, რომ ფიზ-მათელები ჩვეულებრივი ბავშვები არ ვართ და ხშირად ისიც უთქვამთ - მანდ მარტო გენიოსები სწავლობენ და არც ნორმალური გართობა შეუძლიათო. ცოტა მწყინს ხოლმე.. მიუხედვადა იმისა, რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს და არც ერთი მათემატიკური კონკურსი არ გამომიტოვებია, ამ სკოლის მოსწავლეები ჩვენც ჩვეულებირვი ბავშვები ვართ და ჩვენც გვიყვარს თავისუფალი დროის სხვების მსგავსად გატარება. ისე, ცუდი არ არის გენიოსი რომ ჰგონიხარ ვიღაცეებს და მეცადინეობაში დახმარებას გთხოვენ.''

ბარბარე ჭაფოძე, 8 წლის - მხატვარი.

„ჩემი პირველი ნახატი სპილო იყო, რომელმაც ოსკარი დაიმსხაურა. ოსაკრი ჩვენს სკოლაში ყველაზე მაღალი შეფასებაა. ბებოსთვის მინდოდა მეჩუქებინა, მაგრამ ბევრ გამოფენაზე დასჭირდათ და ვეღარ ვაჩუქე. ბევრი მხატვარი არ გამიგია, მაგრამ პიკასო ვიცი. ტელევიზორში და კომპიუტრეში მაქვს მისი ნახატები ნანახი. კიდევ ელენე ახვლედიანი ხატავდა ძალიან ლამაზად. ბავშვობაში კედლებზე მიყვარდა ხატვა. მერე ახალი შპალერი გადააკრეს და ჩემი ნახატები დაიფარა. ეხლა ცოტას ავაძრობ ხოლმე და ჩუმად მაინც ვხატავ, ისე, რომ დედამ არ ნახოს. ჩემი ოცნებაა დიდი სახლი მქონდეს, სადაც ერთ ოთახში, კედლებზე სულ ჩემი ნახატები იქნება.''

“თინათინ ბიბლეიშვილი, 15 წლის - ესეების კონკურსის - „წიგნიერის“ გამარჯვებული.“

ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა. „წიგნიერის“კონკურსზე ერთადერთი კონკურსგარეშე მონაწილე ვიყავი. კონკურსი X-XI კლასის მოსწავლეებისთვისაა, მე კი მეცხრე კლასში ვიყავი. პირველი წიგნი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა „პეპი გრძელი წინდა“ იყო. პეპი იყო ისეთი, როგორიც მე ვერასოდეს ვერ ვიყავი - სასაცილოდ ურჩი და მხიარული. მომწონდა ეს პერსონაჟი და სულ მინდოდა პეპისნაირი ვყოფილიყავი. მიყვარს დეტექტივების კითხვა და მინდა ფსიქოლოგი გამოვიდე - ოღონდ კრიმინალისტიკის განხრით. თიბისის სტიპენდიით წიგნებს ვიყიდი და ჩემი საყვარელი პერსონაჟებისთვის - პეპისა და შერლოკ ჰოლმსისთვის დამახასიათებელ ატრიბუტიკას.

თეკლა ალიმბარაშვილი, 8 წლის - ბალერინა

„როდესაც პირველად, ნამდვილ სცენაზე ვნახე ბალეტი, იქ გედები ცეკვავდნენ. მომეწონა და ამის მერე მეც სულ ვცეკვავ - ყვავილების ვალსს, პოლკას და ფისუნიებს. ყველაზე ბედნიერი ვარ ამ დროს..“

ლადო გოდოლაძე, 15 წლის და ნათია ფხაკაძე, 16 წლის - მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩი“ ნახევარფინალისტები.

ლადო: ხონში საგამომგონებლო კლუბში გავიცანი ნათია. ამ დროისთვის 2 გამოგონებაზე ვმუშაობთ - კესლერის სინდრომის თავიდან აცილების მეთოდი და მზის პანელის მოსაბრუნებელი მარტივი მექანიზიმი.

ნათია: მეცნიერი დონალდ კესლერი NASA-ში მუშაობდა და შეიმუშავა ჰიპოთეზა, რომ ორბიტული ნაგვის რაოდენობა მოიმატებს მანამ, სანამ არ წარმოიქმნება ჯაჭვური რეაქცია. ნაგავი დაეჯახება თანამგზავრს, წარმოიქმნება ახალი ნამსხვრევები, რომლებიც დაეჯახება ახალ თანამგზავრს და წარმოიქმნება კიდევ მეტი ნაგავი. კოსმოსში ადამიანის აქტივობის ზრდის შესაბამისად კოსმოსური ნაგვის იმდენად მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი, რომ შესაძლებელია წარმოიშვას ე.წ კესლერის სინდრომი. კოსმოსური ნაგვის განადგურება აქტუალური ამოცანაა და გადაჭრას მოითხოვს. ჩვენ მოვიფიქრეთ უსაფრთხო გზა, რომლითაც შეგვიძლია ეს ნაგავი კოსმოსიდან გავაქროთ.

ლადო: გამოგონებასთან დაკავშირებით ხარვეზები გვაქვს, რომლებსაც დახვეწა სჭირდება და ჩვენს სტიპენდიას სწორედ პატენტის გაუმჯობესებაში გამოვიყენებთ.

მეათე კლასში ვარ და უამრავი რაღაც მაინტერესებს. თავისუფალი დრო თუ მაქვს Youtube-ში სამეცნიერო არხებს ვუყურებ. იდეებიც აქედან მოდის ხოლმე. ისე, ძალიან ბევრს ვმეცადინეობ. ხშირად ღამეს ვათენებ და დილას პირდაპირ სკოლაში მივდივარ ხოლმე. ამიტომ ოცნებისთვის დრო არასოდეს მრჩება..“

ლუკა ლიკლიკაძე, 13 წლის - ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლე.

„ჩემი ყველაზე დიდი გასართობი აინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ერთ-ერთ მულტფილმში რობოტზე ამბობენ, რომ მას არ აქვს გემოს შეგრძნება, მაგრამ ყველაზე კარგი მზარეულია მთელს დედამიწაზე. კითხვა იყო - რომელი ცნობილი ადამიანის ასოციაციას იწვევს ეს რობოტი? პასუხი მაშინვე გამოვიცანი - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. მუსიკაში ვერკვევი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. მეოთხე წელია მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობ და ვიოლინოზე ვუკრავ. თავიდან ჩემი ბიძაშვილი დადიოდა კლარნეტზე. როცა მოვისმინე როგორ ასრულებდა კლასიკურ ნაწარმოებებს, ისე მომეწონა, რომ მეც მომინდა დამეკრა. ჩემი საყვარელი კომპოზიტორია ვივალდი. კონცერტებზეც გამოვდივარ. კიდევ ჰობიც მაქვს - 5 წელია ჰოკეის ვთამაშობ. იმ დღეს ტელევიზორში გადაცემა იყო 3 ახალგაზრდაზე, რომლებიც პატარა ასაკის მიუხედავად, დროზე ადრე მიიღეს ამერიკის უნივერსიტეტებში სასწავლებლად. მინდა, რომ მეც ასეთი წარმატებული ვიყო და საზღვარგარეთ გავაგრძელო სწავლა. მეორე კლასიდან მოყოლებული ბევრი კონკურსის გამარჯვებული ვარ - „კინგსი“, „ევერესტი“ და სხვა მათემატიკური ოლიმპიადების. ადამიანი, რომელსაც სიამოვნებით შევხვდებოდი ლეონარდო და ვინჩია - ჩემსავით ბევრი სფერო აინტერესებდა და იმიტომ.

“სტიპენდიატების პროექტი თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი ეტაპია. 26 წლის განმავლობაში თიბისიმ CSR პროექტებსა და ქველმოქმედებაში ჯამში 110 მილიონი ლარი გასცა და 1000-ზე მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა.

ავტორი: მარიამ ყანჩაველი

ფოტო: ანკა გუჯაბიძე