კულტურა

ჯენი ჰოლზერი | ტრუიზმები

ამერიკელი ნეო-კონცეპტუალური ხელოვანი ჯენი ჰოლზერი სემანტიკის, როგორც სახვითი ხელოვნების მედიუმის ჩამოყალიბების წინამორბედად ითვლება. მისი ნამუშევრები ფოკუსირებულია სიტყვებისა და იდეების გადმოცემაზე საჯარო სივრცეებში. ჰოლზერის ხელოვნება პოლიტიკურია და ძალიან თანამედროვე. ის ყოველთვის პროგრესული არტისტი იყო და კვლავაც ასეთად რჩება, რადგან არასდროს უშინდება ახალ ტექნოლოგიებს და კონტრვერსიალურ თემებს, პირიქით – ყოველთვის იყენებს მათ საკუთარი იდეების გადმოსაცემად და ყოველთვის უსწრებს დროს საკუთარი ნამუშევრებით.

იანვარი 28, 2019

Hello Blog

ამერიკელი ნეო-კონცეპტუალური ხელოვანი ჯენი ჰოლზერი სემანტიკის, როგორც სახვითი ხელოვნების მედიუმის ჩამოყალიბების წინამორბედად ითვლება. მისი ნამუშევრები ფოკუსირებულია სიტყვებისა და იდეების გადმოცემაზე საჯარო სივრცეებში. ჰოლზერის ხელოვნება პოლიტიკურია და ძალიან თანამედროვე. ის ყოველთვის პროგრესული არტისტი იყო და კვლავაც ასეთად რჩება, რადგან არასდროს უშინდება ახალ ტექნოლოგიებს და კონტრვერსიალურ თემებს, პირიქით – ყოველთვის იყენებს მათ საკუთარი იდეების გადმოსაცემად და ყოველთვის უსწრებს დროს საკუთარი ნამუშევრებით.

თავის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევრების სერიაზე, ტრუიზმზე ჰოლზერმა მუშაობა 70-იან წლებში, სტუდენტობის დროს დაიწყო, მაშინ როდესაც ლიტერატურას და ფილოსოფიას სწავლობდა. ტრუიზმის სერია, რომელიც ჰოლზერმა შეიმუშავა, აერთიანებს 300-მდე აფორიზმსა და სლოგანს და თითოეული ნახევარ-სიმართლესა და გავრცელებულ კლიშეს წარმოადგენს. მისი მიზანი იყო, ის მასალა, რომელსაც კითხულობდა, ერთწინადადებიან ტრუიზმებამდე დაეყვანა, გაემარტივებინა, რადგან უფრო იოლად გასაგები ყოფილიყო. შემდეგ მან ეს 300-მდე წინადადება ანბანის მიხედვით დაალაგა, ამობეჭდა და მთელ ნიუ-იორკში გააკრა. აქედან დაიწყო ჰოლზერმა სემანტიკის, როგორც სახელოვნებო მედიუმის კვლევა.

თავდაპირველად ტრუიზმების გავრცელება ნიუ-იორკში სტიკერების, მაისურების და პოსტერების საშუალებით დაიწყო, წლების განმავლობაში კი უფრო მასშტაბური გახდა. გასაკვირი არ არის, რომ სხვა მისი თანამედროვეების მსგავსად, ჰოლზერმა მასმედიას მიმართა, როგორც საშუალებას საკუთარი სათქმელის გადმოსაცემად.

ეს სამასამდე ტრუიზმი რომელიც ათწლეულების განმავლობაში ბრუნავს ჰოლზერის პრაქტიკაში, სხვადასხვაგვარ სახეს იძენს – თეთრ კუბში დამონტაჟებული ინსტალაციებიდან ბილბორდებამდე, მაისურებიდან Times Square-ის ეკრანებამდე. სწრაფი და მოკლე წიდადადებები მარტივად იკითხება ნებისმიერი მაყურებლის მიერ, მაგრამ მათი აზრი ხშირად დამაბნეველი ან იუმორითაა გაჟღენთილი.

ტრუიზმების ყველა მანიფესტაცია საზოგადობრივ ადგილებში ნაცნობ ფორმებს იღებს და ჩვენს ყოველდღიურობასა და ქვეცნობიერში აღწევს. არტისტის თქმით, მისი მიზანი იყო – დავფიქრებულიყავით უფრო ღრმა თემებზე, ვიდრე იმ უაზრობებზე, რასაც მასმედია ყოველწამს გვაწვდის. ჰოლზერის თქმით, მხოლოდ რამდენიმე წამია საჭირო იმისთვის, რომ ადამიანის ყურადღება დაიპყრო, ამიტომ მოკლე წინადადებები საუკეთესო საშუალებაა მათი ყურადღების მისაპყრობად.

ტრუიზმების აუდიტორია არ შემოიფარგლება მხოლოდ მუზეუმებში მოსიარულე საზოგადოებით, ტრუიზმები ნანახი აქვს უამრავ ადამიანს არა მხოლოდ მუზეუმში, არამედ Times Square-ზე, სტადიონზე, მაისურებზე, ქუჩაში გაკრულ პლაკატებზე, სკამებზე, პარკებში, კინოაფიშებზე და სხვა. ჰოლზერის მიზანიც ეს იყო, რომ მისი ნამუშევარი რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისწვდომოდა.

ჰოლზერის ტრუიზმები პირველივე დღიდან საზოგადოების ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. მისი პირველადი იდეა და მედიუმი შეიჭრნენ ადამიანის გონებაში, იგივე ხრიკით, როგორც რეკლამა და სხვა ტიპის ინფორმაცია. ერთი მხრივ, ტრუიზმები რომელსაც ჰოლზერი 70-იანი წლებიდან დღემდე აკეთებს, უსწრებს დროს და ძალიან თანამედროვეა. მისი ფორმის თანამედროვეობა აშკარავდება ტრუიზმების მოკლე და პირდაპირი წინადადებებით, რომლის მიზანიცაა მარტივად გადმოსცეს აზრი, რაც ხშირად გვხვდება ციფრული ეპოქის სხვადასხვა მედია საშუალებებში. ეპოქაში, სადაც დრო უსწრებს ადამიანს და გარშემო არსებული სისტემა სუნთქვის საშუალებას გვიზოგავს, ჰოლზერის ტრუიზმები მარტივად და უცებ იჭრება ჩვენს ქვეცნობიერში.

ტრუიზმები მაყურებლის სხვადასხვაგვარ რეაქციას იწვევს. ხშირად წინადადებები, რომლებიც ერთმანეთს მოსდევს, ერთმანეთის საპირისპიროა, ხშირად ისინი აგრესიულ ან კომიკურ მესიჯს გამოხატავს. ტრუიზმების მიზანიც სწორედ ეს არის, რომ დაგვაბნიოს და დაგვაფიქროს და შესაბამისად გაამახვილოს ჩვენი ყურადღება სხვა მესიჯებზე, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ.ჰოლზერი იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიას როგორც მედიუმს, მაგრამ ამავდროულად აკრიტიკებს და ააშკარავებს მას, იმ პრობლემებს, ლიმიტაციებს და მორალურ დილემას, რაც ამ ტექნოლოგიებს მოჰყვება.

ავტორი: Hammock