კულტურა

ფოტოგრაფი - ლუიზა ჩალათაშვილი

ლუიზა ჩალათშვილმა 16 წლის ასაკში, იურისტად გახდომის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, დღეს ის ცნობილი ფოტოგრაფია.

იანვარი 24, 2019

Hello Blog

ლუიზა ჩალათშვილმა 16 წლის ასაკში, იურისტად გახდომის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, დღეს ის ცნობილი ფოტოგრაფია. დაახლოებით, 12 წელია, რაც ფირის კამერით იღებს ფოტოებს. მუშაობით არასდროს იღლება, რადგან ფოტოგრაფია მისი ყოველდღიური საჭიროებაა, როგორც ესთეტიკური, ასევე, ემოციური თვალსაზრისით. მისი ნამუშევრებით არაერთი გამოცემა, თუ კომპანია ინტერესდება. ინსტაგრამსა თუ სხვა სოციალურ ქსელში, ხშირად შეხვდებით სხვადასხვა ჟურნალებისა თუ სამოყვარულო გვერდების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს, სადაც ლუიზას ხელწერის ამოცნობა არ გაგიჭირდებათ. ეს არის გეომეტრიული სიზუსტით, პასტელური ფერებითა და ბუნებრივი განათებით შექმნილი კომპოზიციები.


ლუიზას ფოტოგრაფიით დაინტერესება სოციალურ მიზნებს უკავშირდება – 2006 წელს, პროფესიულ სოციალურ ქსელ – Boke.ge-ზე დარეგისტრირდა. ეს იყო ვებგვერდი ფოტოგრაფებისთვის და „მანამდე ჩემი ცხოვრება მხოლოდ სკოლას, უნივერსიტეტსა და იურისტებს უკავშირდებოდა. დღევანდელობისგან განსხვავებით, მაშინ არ შეგეძლო ყველაფერს მოდებულიყავი“.


Boke.ge აღმოჩნდა ადგილი, სადაც ლუიზამ დღევანდელი მეგობრების უმეტესობა, მათ შორის კი, მეორე ნახევარიც გაიცნო. „მარი ნაკანი, გიორგი მამასახლისი, ალექსანდრე ბაგრატიონი – თითქმის ყველა ცნობილმა ფოტოგრაფმა აქედან დაიწო. აზროვნების თვალსაზრისითაც მომეწონა ეს საზოგადოება. ბევრად შეუზღუდავი ხალხი იყო, ნაკლებად კომპლექსიანი, ბევრად ჰუმანური და ლოიალური, ვიდრე მანამდე ვიცნობდი. მათთვის თავის მოწონება მინდოდა. ფაქტობრივად, ამ მიზეზით დავიწყე გადაღება, შემდეგ კი, ნელ-ნელა მივხვდი, რომ ძალიან მაინტერესებდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პირველივე ფოტო, რაც „ბოკეზე“ დავდე, დღის ფოტო გახდა. ეს დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის“.  


რა ხდებოდა თავიდან, როცა პირველ ნაბიჯებს დგამდით ფოტოგრაფიაში?

თავიდან დავიწყე ციფრული კამერით გადაღება, რომელიც მამაჩემმა მომცა. Boke-ზეც მამის გამო დავრეგისტრირდი. პეიზაჟებს იღებდა. თავიდან ძიების პროცესია. არ იცი რა გინდა, რას იღებ. ვიღებდი ყველაფერს გარშემო, თუმცა მალევე დავიწყე პორტრეტებზე მუშაობა. ჩემი ნაცნობი მაკიაჟის სპეციალისტი ყოველ ორშაბათს აკეთებდა მოდელებზე მაკიაჟს და მან შემომთავაზა მათი გადაღება.

ციფრულით ვიღებდი და ვინც ფირით იღებდა, ვეუბნებოდი, რომ „კაი რა, რად გინდა ზედმეტი წვალება, ციფრული ჯობია, ბევრად მარტივია, რასაც გინდა იმას უზამ“. შემდეგ კი, დაახლოებით, 2007 წელს, მამაჩემმა, რომელიც კოლექციონერია, ფირის კამერა და სკანერი მაჩუქა. 12 წელი გავიდა და ახლაც ამ კამერით ვიღებ. Canon Eos 30 – საშუალო დონის ფირის კამერაა. მახსოვს პირველი ფოტო, რომელიც ფირით გადავიღე… დიდი სხვაობა დავინახე ციფრულისა და ფირის ფოტოს შორის. ისეთი ეფექტი ჰქონდა, თითქოს ნამდვილი ადამიანი მიყურებდა. ამის შემდეგ კი, დაახლოებით, 8 წლის განმავლობაში ციფრული კამერა არ გამომიყენებია, მხოლოდ ფირით ვიღებდი. პარალელურად, ვმუშაობდი იურისტად.


იურისტობიდან ფოტოგრაფიას როგორ დაუბრუნდით? 

გარდამავალი პერიოდი იყო. რამდენიმე დიზაინერი მწერდა, თუ ვახერხებდი ვიღებდი ფოტოებს. ინსტაგრამიდან გამომდინარე, ხალხი რომ მხვდებოდა და ვეუბნებოდი, რომ იურისტი ვარ, ყველას ძალიან უკვირდა – ვერ ხვდებოდნენ, რა მაკავშირებდა იურისტობასთან. ამან დამაფიქრა. მით უფრო მაშინ, როცა საჯარო სამსახურში ვმუშაობდი და ძალიან დიდი დისკომფორტი მქონდა სამსახურში. იმ სისტემის ნაწილი ვიყავი, რომელიც ძალიან არ მომწონდა და ხშირად, საკუთარ თავთან მოვდიოდი კონფლიქტში. ამიტომ, 2015 წლის ოქტომბერში წამოვედი. ეს იყო ძალიან კარგი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში.


მას შემდეგ, ფოტოგრაფიაში რა ჟანრები გამოგიცდიათ და ამჟამად, როგორია თქვენი სტილი? 

იყო ერთი პერიოდი, როცა რეპორტაჟულ და შავ-თეთრ ფოტოებს ვიღებდი. მაშინ გარდამავალი პერიოდი იყო ჩემთვის, დეპრესიული განწყობა მქონდა და ძიების პროცესში ვიყავი. მერე, მალევე დავანებე თავი და ახლა შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ შავ-თეთრი ფოტოგრაფია ჩემი არ არის. უფრო ფერით შექმნილი კომპოზიციები მიყვარს. ტონალობებითა და ფერებით ჩემს განწყობას გამოვხატავ. ფოტოებს ძალიან მინიმალურად ვამუშავებ და ვტოვებ ბუნებირივთან მაქსიმალურად მიახლოებულს. კადრს ყოველთვის გადაღების პროცესში ვაწესრიგებ, რომ შემდეგ აღარ მომიწიოს ჩარევა. ასე ბევრად ბუნებრივია და ჩემი მიზანიც ეს არის.

რა არის თქვენთვის ფოტოგრაფია – ამბის თხრობა, თუ ვიზუალური ხელოვნება?

ჩემთვის ფოტოგრაფია არის ვიზუალური ხელოვნება. არ ვფიქრობ, რომ ნებისმიერმა ნამუშევარმა რაღაც უნდა მოყვეს. შენს სათქმელს ისედაც გამოხატავს იმიტომ, რომ ძალიან პირადულია და შენი განწყობა იგრძნობა. თუმცა, კონკრეტული შინაარსის მატარებელი თითქმის არასდროსაა ჩემი ფოტოები. ალბათ, უფრო იმის თქმა მინდა, რომ სამყარო ძალიან ლამაზია. ფოტოგრაფია ჩემთვის ესთეტიკური სიამოვნების წყაროა და ემოციურადაც, ძალიან მჭირდება. შესაძლოა, ეს რაღაც სიღრმეს აკლებს ჩემს ფოტოებს, მაგრამ არ მაქვს ამის ამბიცია.


არის, თუ არა მომენტები, როცა სიამაყე შემოგეპარებათ ხოლმე…

სიამაყე მეუფლება, როცა მართლა მომწონს რაც გადავიღე, რადგან ძალიან იშვიათად არის, რომ გავგიჟდე და გადავირიო ჩემს ნამუშევარზე. ხშირად ხდება, როცა ბევრი ადამიანი მეუბნება ამა თუ იმ ფოტოზე, რომ ლამაზია, მაგრამ მე თუ არ მომწონს, ვინც არ უნდა მითხრას, რომ კარგი ფოტოა, აზრი მაინც არ მეცვლება.

ანუ, მთავარი შემფასებელი საკუთარი თავია?

რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, როცა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები იწონებენ ჩემს ნამუშევრებს, მაგრამ ხშირად მაინც მიჭირს, რომ ჩემს მიერ ერთხელ დაწუნებულ ფოტოს სხვა თვალით შევხედო. ასე რომ, დიახ, მთავარი შემფასებელი საკუთარი თავია.



როგორ გაიზარდა თქვენი თვითშეფასება Boke.ge-დან აქამდე, ანუ სოციალური მიზნებიდან ხელოვანის თვითმყოფადობამდე?

მართლა იმიტომ დავიწყე, რომ საერთო ინტერესები გამჩენოდა ამ ადამიანებთან, მაგრამ ფაქტია, რომ გამიმართლა და აშკარად მქონდა შინაგანად ამის მოთხოვნილება. არ შეიძლება ამდენად მიყვარდეს გადაღება, თუკი ძალით დავიწყე. გამიმართლა ძალიან, არ ვიცი „ბოკე“ რომ არ ყოფილიყო, ახლა გადავიღებდი, თუ არა, მაგრამ ხელოვნების რომელიმე სფეროში უნდა დავკავებულიყავი, ან უბრალოდ არ ვიქნებოდი ბედნიერი ადამიანი.


"ბავშვობაში რეალითი შოუებსა თუ კონკურსებს ვუყურებდი და სულ მაინტერესებდა, მე როგორ მოვიქცეოდი ასეთ პროექტში. 3 წლის წინ, პირველ არხზე იყო პროექტი „ადამიანი კამერით“, იმდენად დამაინტერესა მე რას ვიზამდი, ყოყმანის შემდეგ დავთანხმდი. გავიმარჯვე.“

და როგორ მოიქეცით?

ისეთი აზარტული საკუთარი თავის მიმართ არ აღმოვჩნდი, ვიდრე სხვების მსგავს სიტუაციაში ყურებისას ვიყავი… თუმცა, რა თქმა უნდა, გამარჯვება სასიამოვნო იყო.


მუშაობთ როგორც კომერციულ, ასევე, არაკომერციულ პროექტებზე. განსხვავდება თუ არა სამუშაო განწყობა ამ ორ შემთხვევაში?

სამუშაო პროცესი ძალიან განსხვავებულია. რა თქმა უნდა, კომერციულ პროექტებს უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები. თუ სიამოვნების მხრივ მეკითხებით, ვერ ვიტყვი, რომ ის უფრო მსიამოვნებს, რასაც ჩემთვის ვიღებ. მაგალითად, როცა ინტერიერს ვიღებ, შესაძლოა იმდენად ლამაზი იყოს, რომ დამკვეთმა ვეღარ გამომიყვანოს იქიდან… შენი ინიციატივით როცა იღებ, იმდენად დიდი პასუხისმგებლობა არ გაქვს, რაც მართლა მოგეწონა, იმას იღებ.

რა ქმნის დისკომფორტს ფოტოგადაღებისას?

ისეთი გადაღებები არ მიყვარს, სადაც უბრალოდ უნდა მიხვიდე და რაც დაგხვდება, ის გადაიღო. ძალიან რთულია, რომ მოგეწონოს. ძალიან ნიჭიერი უნდა იყო, ან ასეთ პროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება გქონდეს, რომ ყველაფრიდან რაღაც გამოიყვანო. როცა შეკვეთაზეა საუბარი, ზუსტად არასდროს გამოდის ის, რაც წარმომიდგენია, თუმცა, ეს არ ნიშავს, რომ წარმოდგენილზე უარესი, ან უკეთესია საბოლოო შედეგი. დიზაინერებს კარგად ვეწყობი, კომერციულ, დიდ კომპანიებს კი ვერ. მათ ზუსტად უნდათ წინასწარ იცოდნენ ყველაფერი და ვიზუალიც ძალიან კომერციული უნდათ, რაც ჩემი სტილი არაა. დისკომფორტს მიქმნის, როცა ძალიან ერევიან ჩემს საქმეში. კარგია, როცა ჯგუფი მუშაობს, პირიქით, მარტო გადაღება არ არის კომფორტული, თუმცა, როცა უშუალოდ შენს საქმეზე ვიღაც რაღაცას მიგითითებს, ძალიან რთულია. ასე შედეგი ისეთი აღარ გამოდის, როგორიც საჭიროა.  



რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენთვის?

ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის მართლა რასაც წარმოვიდგენ და ჩავიფიქრებ, იმის გადაღება შევძლო. სილამაზის აღბეჭდვას, ბუნებრივია, დიდი ცოდნა სჭირდება. თავიდან მეგონა, რომ ტექნიკური მხარე არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ შენი მხატვრული სურვილების განსახორციელებლად, ნამდვილად გჭირდება დიდი ტექნიკური ცოდნა.

გარდა ტექნიკური ცოდნისა, რა არის საჭირო თქვენი ახალი იდეების განსახორციელებლად? 

ყველაზე მეტად მაინც მინდა სტუდიასავით სივრცე მქონდეს. ძალიან მიყვარს გარე გადაღებები, მაგრამ ყოველთვის და ყველაფერს არ უხდება. ძალიან მინდა, რომ მთლიანად შუშაბანდიანი სივრცე მქონდეს, რომელსაც ჭერიც მინის ექნება. რადგან ბუნებრივი განათება არის ის, რაც ყველაზე მეტად შთამაგონებს.

ავტორი: Marketer.ge