ლიტერატურა

რევაზ ინანიშვილი

"ლოგინში რომ წვები, თუ წუთით მაინც შეგიპყრობს ფიქრი, სადღაც ვიღაცას სცივა, სადღაც ვიღაცას ენატრება ლოგინი, სადღაც ავადმყოფი ფრინველი კანკალებს ბუჩქის ძირას, ან ცხოველი ილოკავს ჭრილობას, უკვე ადამიანი ხარ.."

დეკემბერი 20, 2018

Hello Blog

"ლოგინში რომ წვები, თუ წუთით მაინც შეგიპყრობს ფიქრი, სადღაც ვიღაცას სცივა, სადღაც ვიღაცას ენატრება ლოგინი, სადღაც ავადმყოფი ფრინველი კანკალებს ბუჩქის ძირას, ან ცხოველი ილოკავს ჭრილობას, უკვე ადამიანი ხარ.."

1926 წლის 20 დეკემბერს სოფელ ხაშმში მწერალი რევაზ ინანიშვილი დაიბადა.

ჩემს პატარა ეზოში კომშის ხე დგას. ჯერ ადრიან გაზაფხულზე მომესალმა ოდნავ მოვერცხლისფრო, ნორჩი ყლორტებით, მერე ფოთლებითაც შეიმოსა და კვირტებითაც გამახარა. მერე ზაფხულში ამაყად აშრიალა თავისი ფოთლები, შემოდგომაზე ფერთა ნამდვილი აფეთქება მომიწყო, ბოლოს მთელი თავისი ოქრო-ვერცხლი მიწაზე წამოშალა და ახლა გატრუნული ელოდება დეკებრის პირველ თოვლს.

ვერავის ავუხსნი, რანაირი სიხარულია. ეს ხე საყვარელი მწერლის კარ-მიდამოდან, ხაშმიდან წამოვაბრძანე. როცა მისი დანგრეული სახლ-კარის გადასაღებად წავყევი ჟურნალისტებს, მწერლის უსაყვარლესი მეუღლის, ქალბატონი როზას ნებართვით, პაწაწა ნერგი ამოვიღე და ჩემს ეზოში დავრგე.

მინდოდა, ყოველ დილით, ეზოში გასულს დამხვედროდა და გაეხსენებინა „ცეტები”, „ბღუკები”, „ბიბო”, „ლამაზი ცრემლები” და ყველა ის გულშიჩამწვდომი ამბავი, რომელიც ზეპირად ვიცი. მინდოდა, ჩემი შვილისთვისაც გაეხსენებინა ეს ყველაფერი, ყველა გამვლელ-გამომვლელისთვის, რომელსაც ამ ხის თბილისში გადმორგვის ამბავს ვუყვები.

„ბავშვობა სხვაა. ბავშვობაზე დადიდებული თვალებით და ჩაკირკიტებით წერა მუდმივი მტკიცებაა, მართლა არსებობს სადმე სამოთხე, თუ არა.“

ფოტოს წყარო

„მე არსად არ ვარ გამქცევი, ო-ა, მე ჩემს საწყალ სიყვარულთან ვრჩები, ჩემს საწყალ მელებთან, ჩემს საწყალ ძეძვებთან“, - ვთქვი ერთი ეს, გამოვბრუნდი, მაგრამ შინ არ გამოვჩქარებულვარ, ხშირი მუქი ბალახი ამოვირჩიე, ჩავწექი იმ ბალახში და გაშლილი ხელებითა და მარცხენა ლოყით დავეხუტე მიწას.“

„მთელი ხეობა ნისლითა და ჩამომავალი ფანტელებით იყო ამოვსებული. თან ფანტელები ჩამოდიოდნენ შავად. იმ სიშავეში და ფანტელების ჩემ ქვემოთ სვლაშიც იყო რაღაც შემაშფოთებელი. თითქოს საბოლოო თავგანწირვით ვუშვერდი თოვლს სახეს. მალე აღარ ვიცოდი, ცრემლებს ვიწმენდდი, თუ თოვლის ნადნობს.

“მიყვარს ის წიგნები თუ ავტორები, რომელთა მიმართაც აღტაცება არ მინელდება. ეს მუდმივი გრძნობა რაღაც მნიშვნელოვანის  მარადიულობაში მაჯერებს.

„გათენებას ჯერ ბევრი აკლია, რომ ერთი პირობა მაშინ გაიღვიძებს. დედას და ბებიას სძინავთ. ეცოდება, არ უნდა, შეაწუხოს. წევს გატვრენილი, აპარპალებს იმ დიდრონ თვალებს და იცდის, იქნებ თავისით გაიღვიძონო, მაგრამ თავისით არ იღვიძებენ და როდემდე იქნება ასე, კაცს პური შია!

– ბებო!

– გადასძახებს ჩუმად.

– რაო, შემოგევლე!

– იმწამსვე გამოეპასუხება ბებია.

– კარაქიანი პური მომიტანე რა, ცოტა!

”მერე „ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები” მოვიდნენ. მოვიდნენ და ისეთი დარდი ჩატოვეს გულში, დღესაც რომ მარადიულ ჭრილობად ღუის.

მერე მოვიდნენ და მოვიდნენ, ცეტები და მათ კვალს მიჩერებული ცოლი და დედა, მირანდუხტი და ეთერი, მათთან ერთად გოგონა, რომელსაც ღამე შეუყვარდა, ბიბოს ძმაკაცები – ონავარი ბიჭები…მოვიდა სოფელი, სკოლა, ხე, მიწა, ცა, წვიმა და ნაღველი, ნათელ და მხიარულ თვალებში მოციმციმე ნაღველი – ლამაზი ცრემლები.

ფოტოს წყარო

და მერე „თითქოს ხელახლა დავინახე ყველაფერი. ქვეყნიერება არის დიდი, თოვლის ფიფქების მთელი ოკეანე ჩამოდის მაღლიდან, ოკეანესავით გასწოლია ნისლი დედამიწას. ხეებიც არიან რაღაცნაირად დიდები, ჯერ ცისკენ წასულნი, მერე დაღუნულები, მეცა ვარ დიდი. ყველანი ერთად ავად დავდგომივართ ორ პაწაწინა ჩიტბატონას. ჩიტბატონები კი, ჭრელები, წითლად ციმციმანი, წყნარად, აუღელვებლად ეძებენ რაღაცებს შავ ფოთლებში, არად აგდებენ ქვეყნიერების სიდიდეს და სიმკაცრეს”.

თუ დღეს ჩემს გულში რამე ნათელია, თუ ყველაფრის მიუხედავად ადამიანების სიყვარულის ნიჭი შემომრჩა, თუ ზამთრისპირის სუსხში ყვავების გადამფრენი რკალის შემჩნევა შემიძლია, თუ საკუთარ ცივ და მაინც ბედნიერ ბავშვობას სიყვარულით გავყურებ, თუ დღესაც წიგნების თაროზე ერთი წიგნი მეგულება, რომელიც ყოველთვის დამიამებს გულის ტკივილებს, ეს ერთი მწერლის, რეზო ინანიშვილის დამსახურებაა, რომლის საოცარი, გულშეჩამწვდომი ქართული სიტყვა არასდროს მტოვებს მარტო.

დიანა ანფიმიადი