ცისფერი მთები

გუდაური 30 წლისაა!

საიდანღაც გამიგია, რომ ერთი თაობა 30 წელს ითვლის, ხვალ კი, კურორტი გუდაური 30 წლის ხდება. ამ ადგილს მრავალი უნახავს, მათ შორის ისინიც, ვინც ახლა ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ გუდაურის შექმნაში გაღებული ღვაწლით მომავალ თაობებს თავს ახსენებენ. ის, რომ გ(ღ)უდა უბრალო ადგილი არ არის, ამაზე უკვე ბევრი თქმულა, დაწერილა (მათ შორის ლეგენდებიც) და რაც დრო გადის ეს ფაქტობრივად უფრო და უფრო მტკიცდება. კურორტმა, რომელმაც ერთი თუ ორი მცირე ბუგელით დაიწყო ფუქნციონირება, ევოლუციის (თუმცა უფრო რევოლუციის) ორი ეტაპი გაიარა და დღეს მსოფლიო მასშტაბის ზამთრის ტურისტულ ცენტრებს ეცილება სტუმრების მოზიდვაში.

დეკემბერი 14, 2018

Hello Blog

საიდანღაც გამიგია, რომ ერთი თაობა 30 წელს ითვლის, ხვალ კი, კურორტი გუდაური 30 წლის ხდება. ამ ადგილს მრავალი უნახავს, მათ შორის ისინიც, ვინც ახლა ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ გუდაურის შექმნაში გაღებული ღვაწლით მომავალ თაობებს თავს ახსენებენ. ის, რომ გ(ღ)უდა უბრალო ადგილი არ არის, ამაზე უკვე ბევრი თქმულა, დაწერილა (მათ შორის ლეგენდებიც) და რაც დრო გადის ეს ფაქტობრივად უფრო და უფრო მტკიცდება. კურორტმა, რომელმაც ერთი თუ ორი მცირე ბუგელით დაიწყო ფუქნციონირება, ევოლუციის (თუმცა უფრო რევოლუციის) ორი ეტაპი გაიარა და დღეს მსოფლიო მასშტაბის ზამთრის ტურისტულ ცენტრებს ეცილება სტუმრების მოზიდვაში.

პირველ, „რევოლუციამდელ“ გუდაურს მე არ მოვსწრებივარ, მაშინ ჩემი მშობლები ერთმანეთს შეიძლება არც იცნობდნენ, თუმცა ვალდებული ვარ ვახსენო, რომ სწორედ 80-იან წლებში ჩაეყარა იმ ცვლილებებს საფუძველი, რომელმაც გუდაურს საერთაშორისო კურორტის სტატუსი მიანიჭა და სამთო-მოყვარულთა რუკაზე გამოაჩინა. ვახტანგ მიქელაძის, სოლიკო ხაბეიშვილის, ლევან ლორთქიფანიძისა და სხვათა დიდი ძალისხმევის შედეგად, ჯერ შეიქმნა გუდაურის პირველი პროექტი, ხოლო შემდეგ შიდა ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა შეინარჩუნა კომუნისტური წყობის პერიოდში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მომავალში კურორტში ინვესტიციის ჩადებისთვის.

საბოლოოდ 1987 წელს გუდაურში საბაგირო გზების მონტაჟი დაასრულა შვედურ-ავსტრიულმა კომპანიამ, ერთი წლის შემდეგ გაიხსნა სასტუმრო „მარკო პოლოც“.

90-იანი წლები

მე 1993 წელს ომისგან გამოფიტულ თბილისში დავიბადე, თუმცა გამიმართლა, რადგან ბედმა ჩემი ისტორია მალევე გუდაურს დაუკავშირა. მამაჩემმა მთამსვლელმა და სამთო გამყოლმა, მაშინ ჰელი-სკი გამყოლად დაიწყო მუშაობა კურორტზე. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ჰელი-გიდები ავსტრიელი კოლეგებისგან განსხვავებით კვირაში დაახლოებით 10-15 ჯერ ნაკლებს გამოიმუშავებდნენ (50 დოლარამდე) მაშინ ბედს ნამდვილად არ ვუჩიოდით. გვქონდა სახლი, მშობლებს სამუშაო, ფიზიკური და გონებრივი განვითარების საშუალება. ურთიერთობა გვიწევდა სხვადასხვა კულტურის ადამიანებთან, როგორც ქართველებთან, ასევე უცხოელებთან, არც გვშიოდა და არც გვციოდა, გვყავდა ექიმი და გვქონდა სკოლა.

ბავშვობის გატარება ძალიან ლამაზ და წყნარ ზაფხულისა და ზამთრის გუდაურში მომიწია, ისეთში, რომელსაც ახლა უკვე ვეღარ ნახავთ. მახსოვს მოსული თოვლის რაოდენობა, რომელიც გვაიძულებდა მეორე სართულიდან შევსულიყავით სახლებში, მახსოვს ზაფხულში სოკოზე ჩასეირნება, ჟოლოსა და მაყვლის ბუჩქებში ძრომიალი და დაკაწრული ხელ-ფეხი. პირველი ნაბიჯებიც აქ ავიდგი და პირველად დამოუკიდებლად, სამი წლის ასაკში სწორედ აქ გავსრიალდი თხილამურზე. მახსოვს ავსტრიელი ტურისტების ჩამოტანილი უცნაური მაისურები, შარვლები, ხელთათმანები... ხელის შეხებაზეც კი რომ გეუცხოვებოდა. მახსოვს შვეიცარიელი მოთხილამურე-გიდი, სახელად რუდი, რომლემაც პირველი საფეხბურთო მაისური მაჩუქა, იუვენტუსის იყო, მას ზემოდან კიდევ რამდენიმე მაისური და ბზინვარე ლინზიანი სათვალე დაადო და ისე გამომისტუმრა. არც ავსტრიული ატმის და კენკრის ჯემები დამავიწყდება, ასანთისკოლოფისხელა შეფუთვაში რომ მოჰქონდათ და მუდმივად სასტუმროს რესტორნიდან მათი“გაჯიბვით“ ვიყავი დაკავებული.

ასეთი მოგონებები ყველა „გუდაურელს“ აქვს, მათი განსაკუთრებულობა კი ალბათ იმაში გამოიხატება, რომ იმდროინდელი ზოგადი კონტექსტიდან ამოვარდნილი იყვნენ. გუდაური მცირე ზომის ოაზისი გამოდგა, რომელმაც საშუალება მისცა იქ მყოფთ კარგი საქმე ეკეთებინათ, წლიდან-წლამდე თავი გაეტანათ და კურორტზე ეზრუნათ. იმ წლებში გუდაურის ფუნქციონირებაში ძირითადი წვლილი ოთხ „ფრაქციას“ შეჰქონდა. ესენი იყვნენ ავსტრიელები, შვეიცარიელები, (ანუ კლიენტები) მთიულები, მოხევეები და თბილისელები. სწორედ ეს უცნაური ნაზავი ახერხებდა იმას, რომ მუდმივად კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში გუდაური იყო ერთადერთი ადგილი, სადაც პრაქტიკულად არ „მიდიოდა დენი“, არასდროს არ გამოლეულა საკვები და ხალხი მუდმივად საქმით იყო დაკავებული.

90-იანებიდან მოყოლებული 2007/8 წლამდე „მარკო-პოლო“ კურორტის ცენტრი იყო. აქ ტარდებოდა ყველა კონფერენცია, ოფიციალური შეხვედრა, კურორტის მმართველობაც სწორედ აქ იყო განთავსებული, საქართველოს პირველობაც აქ იგეგმებოდა და დაჯილდოებაც აქვე ხდებოდა. ტარდებოდა სწავლებები და იმართებოდა პრეზენტაციები, პერსონალი კი შერეული იყო, ადრეულ ეტაპზე ევროპელი, შემდეგ თბილისელი და უმრავლესად, მაინც ადგილობრივი. „მარკო-პოლო“ იყო სახლი ყველა გუდაურელისთვის და ურთიერთობის ადგილი. ჩემთვის კი, თბილისელი-გუდაურელი თინეიჯერისთვის ეს ადგილი ერთგვარი „გრანდ ბუდაპეშტი“ გამოდგა, თავისი აღმოჩენებით, ახალი ურთიერთობებით და თავგადსავლებით.

„მარკო-პოლო“, როგორც კურორტის „ტვინი“ კარგად იყო ინტეგრირებული სპორტულ სკოლებთან მუშაობაში. შედეგად ათწლეულის განმავლობაში გუდაურში მრავალი ახალი ზამთრის სპორტსკოლა გაიხსნა. სპორტსმენები და მწვრთნელები შეღავათებით სარგებლობდნენ საბაგირო გზებზე, ხოლო მზარდი ინტერესის გამო საქართველოს სათხილამურო ნაკრებს შესარჩევი რეზერვის რაოდენობა თანდათან ეზრდებოდა.

2013 - დღემდე

როდესაც თანამედროვე გუდაურზე ვსაუბრობ, სამწუხაროდ ბავშვობის მოგონებებისგან განსხვავებით სრულიად საპირისპირო წარმოსახვა მიდგება წინ. სამწუხარო ალბათ იმიტომ, რომ ნოსტალგიას განვიცდი იმ დროინდელი მოგონებების მიმართ, საგნებისა თუ ადამიანების, რომლებიც სულ უფრო და უფრო იშვიათად მხვდებიან. 2013 წლიდან გუდაური თანდათან გადაიქცა მნიშვნელოვან (ევროპული მასშტაბითაც კი) სამთო-სათხილამურო ინდუსტრიის ნაწილად, რომელიც დომინირებს არა მხოლოდ საქართველოში ან ამიერკავკასიაში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც კი სოლიდური ადგილი უჭირავს. მცირე ოაზისი, რომელიც ჩემს ბავშვობაში არსებობდა გაქრა, ახლა ის უფრო გიგანტს ჰგავს, რომელსაც სულ სხვა ამბიცია გააჩნია და შესაბამის ნაბიჯებსაც დგამს წლიდან წლამდე. ცუდად ნუ გამიგებთ, ეს ბუნებრივი პროცესია, გუდაურისნაირი კურორტისთვის განვითარება გარდაუვალია, ის ვერ დარჩება მუდმივად მცირე ზომის კუნძულად თეთრი მთების ოკეანეში, თუმცა არის ერთი ნიუანსი, რისი გათვალისწინებაც სხვების მაგალითზე შეგვიძლია.

ეს წარსული გამოცდილების, ისტორიის და ტრადიციის კვალის დატოვებაა, რომელითაც ამაყობს ყველა სოლიდური კურორტი ალპებში. თუ თქვენ ესტუმრებით ცერმატს, შამონის, მეირჰოფენს, საბაგიროს გვერდით ნახავთ დაბალჭერიან რესტორანს, ქოხმახს, ან ლუდის ბარს აგებულს სადღაც მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე, სადაც 80 წლის წინ გაკეთებულ დახლზე მოგემსახურებიან და გემრიელ ავსტრიულ ლუდს ჩამოგისხამენ, ან ტრადიციულ “Apres-ski” მუსიკას მოგასმენინებენ, სადაც შეძლებთ თვალი გადაავლოთ კედელზე გამოკიდებულ მეოცე საუკუნის შავ-თეთრ, ჯერ კიდევ ნახევრად ადღაბნილ ფოტოებს და იმოგზაუროთ დროში, რომელშიც ჯერ კიდევ ერთი საბაგირო ბოძიც არ იდგა, სადაც მყინვარები სოფლებამდე დაშვებულიყო. ჩემი აზრით, ეს პატივისცემის გამოხატულებაა ხანგრძლივი შრომის და ძალისხმევის მიმართ, რომელმაც საშუალება მისცა 70 წლის წინ ჩვეულებრივ, მეჩხერ სოფლებს და ადგილობრივ სამთო თემს გამხდარიყვნენ მულტიმილიარდიანი ტურისტული ბიზნესის ფლაგმანები.

ეს ისტორია გუდაურსაც აქვს და იგი 1980-იან წლებიდან არ იწყება. დარიალის კარზე ხომ ჯერ კიდევ ანტიკური ისტორიიდან წერდნენ, ღუდას შესახებ ლეგენდებს კი ახლაც მოგიყვებიან. გუდაურზე გადიოდა ისტორიული სამხედრო გზაც და იგი გახდა პირველი „უცხოური“ კურორტი საბჭოთა საქართველოში.

თუ თავად გუდაური იმ იმ თაობამ დაარსა, რომელიც ბაკურიანმა გამოზარდა, ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, გუდაურს უკვე პირველი თაობა ჰყავს, რომელიც მან სხვა კურორტებისგან დამოუკიდებლად აღზარდა და მთის სიყვარული ჩაუნერგა.

Happy 30th !

გუდაური ჩემია!

ავტორი: გურო ვაშაყმაძე