ლიტერატურა კულტურა

ტატო - გენიოსი პორტრეტის გარეშე

"საბა"

დეკემბერი 04, 2018

ნეტავ როგორი იყო ამ გენიალური ლექსების მიღმა? გიფიქრიათ? ან თავის მცირეხნიან, 27 წლიან ცხოვრებაში ამდენი საოცარი ლექსის დაწერა როგორ მოასწრო? როგორი ბიჭი იყო? მარტოსული? გულგატეხილი? საზოგადოება უყვარდა, ხუმრობა, ზოგჯერ მწარეც, სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა, ნატკენი ფეხის მიუხედავად მაინც "ტანცაობდა", შეყვარებული იყო, ამბობენ, რომ არაერთხელ. თუმცა მთავარმა იმედგაცრუებამ შემოინახა მისი სიყვარულის ისტორია -სწორედ სამეგრელოს მთავრის მეუღლემ, ეკატერინე ჭავჭავაძემ წააკითხა მისი ლექსები ილია ჭავჭავაძეს...

ბავშვობიდანვე რთული იყო მისი ცხოვრება. მეტისმეტმა ხელგაშლილობამ მამამისი, მელიტონ ბარათაშვილი ისე გააკოტრა, რომ პოეტის ბიძა, ზაქარია ორბელიანი 1835 წლის 18 თებერვალს თბილისიდან სწერდა გრიგოლ ორბელიანს: “ოჰ, როგორ დაღუპა მელიტონმა თავისი სახლი და ცოლშვილი, ერთი გროში არა აქვსთ. ან რით უნდა დაიმარხოს, და ან რით უნდა იცხოვროს ცოლშვილმა იმის შემდეგ, ვინც დარჩება. ეხლაც ზღვაა ამის ხარჯი შინ, ვგონებ 5000 რუბლს ხარჯავდეს წელიწადში და საბოლოოდ კი ფიქრი არ ჰქონია.





გრიგოლ ორბელიანის საპასუხო წერილში ვკითხულობთ: „მელიტონის უიმედო ავადმყოფობამ ძალიან შემაწუხა,-მთელი ღამე მწუხარებისაგან თვალი არ მომიხუჭავს. რა უნდა ჰქნას საბრალო ეფემიამ, თუ მართლად ეს უბედურება მიადგა! რით უნდა შეინახოს თავისი წვრილი შვილები და ან რით გადიხადოს ვალები, რომელიცა უეჭველად ბევრი დარჩება. ღმერთმან დაიფაროს ამა უბედურებისაგან. ოხ! რა ძნელია მოსათმენად, რომ კაცი ჰხედავდეს ესრეთ გულის საყვარელს დას უკანასკნელ განწირულებაში, და არა შეიძლოს შემწეობა.- მომწერე, გეთაყვა, ზაქარიავ, ყოველივე ეფემიას საქმე დაწვრილებით, ნურას დამიმალავ ჩემს სანუგეშოდ”.




1860 წელს მელიტონ ბარათაშვილი გარდაიცვალა და ოჯახს ვალები, გაფლანგული მამული და გაურკვეველი მომავალი დაუტოვა.

ჯერ იყო შინაური სკოლა, წერა-კითხვა დედამ ასწავლა, განათლებულმა, სათნო ქალმა - ეფემიამ, შემდეგ -კალოუბნის სამრევლო სკოლა, მერე კი - თბილისის კეთილშობილთა გიმნაზია, სოლომონ დოდაშვილი- ფილოსოფოსი და მასწავლებელი, გეგმები, იმედები, ოცნება კარიერულ წინსვლაზე.


“თბილისის სააზნაურო სასწავლებელში ვსწავლობდი ერთად ტატო ბარათაშვილთან, პოეტი რომ იყო, და მისი ბრალიც იყო ჩემი რუსეთში ჩამოსვლა და კორპუსში გადასვლა: გამიგონია შაირებით დიდკაცების ლანძღვა? აგვიყოლია ჩვენც, მისი მეგობრები: ის წერდა და ჩვენ ვაგზავნიდით, როცა ფოსტალიონი მოვიდოდა ხოლმე ჩვენს სასწავლებელში, ჩვენ შემოვეხვეოდით გარს, უცბათ აუწევდით ჩანთის თავს, სადაც წიგნები ელაგა, და ჩაუგდებდით ხოლმე ჩუმად ჩვენს გალექსილ წერილებს. მიჰქონდა ადრესისამებრ. ერთი ალიაქოთი ატყდა თბილისში, გამოძიება დაინიშნა. ბოლოს გაგვიგეს, დაგვიჭირეს და ბარათაშვილს ჰონორარად ოუდახუთი როზგი მიანიჭეს; ჩვენც ამდენივე გადაგვიწყვიტეს, მაგრამ მე გავიქეცი, გამოვედი სასწავლებლიდან. კორპუსში გამოგზავნეს და მას აქეთ აქა ვარ სამსახურში” - აკაკი წერეთელი გადმოსცემს ნიკოლოზ ბარათაშვილის სკოლის მეგობრის, პეტრე ბაგრატიონის ნაამბობს.


გიმნაზიამ მისცა პირველი თავგადასავალი და გაუღვიძა პროტესტი, აქვე იგემა პირველი დიდ დაბრკოლება სამხედრო კარიერის გზაზე - ტატო კიბიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. გიმნაზიაშივე დაიწყო მისი პოეტური გზა - პირველი ლექსები სწორედ აქ დაწერა და აქვე გამოაქვეყნა.


რთული იყო იმ ხანად ცხოვრება და წერა გაღარიბებული არისტოკრატისთვის, თავის ბიძას, გრიგოლ ორბელიანს სწერს:


"აგერ წელიწად ნახევარია, რაც მე გიმნაზიაში კურსი დავასრულე და ვიმყოფებოდი სუდაირასპრავაში. წარდგენილი ვარ ჩინზე და ჩქარაც მოველი. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ არც პანციონში ყოფნის დროს, когда будущностъ моя представляласъ мне в радужных мечтаниаях, და არც მერმე, ვიდრე სამსახურში შევიდოდი, სულ არ მომსვლია ფიქრად სამოქალაქო სამსახური: ჩემი სურვილი იყო ჯარის-კაცობა, იგი მზრდიდა მე აქამომდენ და ახლაც ხანდისხან კიდევ შთამეპარება ხვალმე გულში. მაშ რაღამ დამიშალა, თუ კი ჩემი სურვილი იყო? აი, რამ დამიშალა: ჩემთა მშობელთა მიზეზად ეს მომიდეს, რომ კოჭლი ხარო და, თუ არ ინვალიდის კომანდაში, სხვაგან არ მიგიღებენო. მაშინ, როდესაც უკედ მქონდა და კარგადაც მაქვს. ასე რომ, ჩემებურად კიდეც ვხტი და კიდეც ვტანცაობ. მაგრამ რადგანაც შევიტყვე უარი მათი და მით უსიამოვნება, ვსთხოვე უნივერსიტეტში მაინც გაგზავნა, რომ თუ შტატსკი ვიყო, ვიყო… არც ეს შემისრულეს. უბედურებისა გამო, მამაც ამ დროს ავად შეიქმნა და ავადმყოფი ჩემს თხოვნაზე ასე მეტყოდა: “შვილო, ხომ ჰხედავ შენის სახლის გარემოებასო, იქნება მე ვეღარც კი გავაწიო ამ სნეულებასო, შენს სახლს არ უპატრონებო?” ამის შემდეგ გული აღარ იყო, რომ კიდევ შემეწუხებინა მამა ჩემის თხოვნით. დავრჩი ისევ ჩემს მამულში; განვწესდი სამსახურში და დაუმორჩილდი ჩემს მკაცრს ბედსა, ან ჩემი ბედი და ან ჩემი სურვილის აღსრულება."




პოეზია ბედისწერაა და ყველა ლექსი აუხდა პოეტს, ბოროტმა ბედისწერამ არ დაინდო, ობლადაც დარჩა და უცხო მიწაზეც გარდაიცვალა. არც სიყვარულში გაუმართლა, არც ცხოვრებაში, არც კარიერაში -ცის იქით საზღვრის მაძიებელი განჯაში, ციებითა და ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. სამაგიეროდ კიდევ ერთი ლექსი აუხდა - მისი მერანი მარადიული ქროლვის, პოეზიის სიმბოლოდ დარჩა, რომელიც დღესაც შეუჩრებლად მიქრის და მოძმეს გზის სიძნელეს უადვილებს.


4 დეკემბერს ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა - მარტოსული, გულგახეტილი, გენიოსი


Hello Blog

ავტორი: დიანა ანფიმიადი