კულტურა

ქართულად

ქართული ანბანის თავგადასავალი ძველია და უკიდეგანო, მისი საზღვრები არაა მკვეთრი და გარკვეული, მისი დასაბამის შესახებ თითქოს მოთხრობილია, მაგრამ სხვადასხვაგვარად, ნაფიქრით, ნაჭვრეტით და მრავალნაირი დასკვნებით და წარმოსახვით, ასევე, სანდო, თუ არასანდო, ნაწერი, თუ გადანაწერი ისტორიული ამბებით, ქვაში ნაკვეთი, თუ ნაკირწლი წარწერებით და ათასი სხვა რამით.

ნოემბერი 27, 2018

Hello Blog

ქართული ანბანის თავგადასავალი ძველია და უკიდეგანო, მისი საზღვრები არაა მკვეთრი და გარკვეული, მისი დასაბამის შესახებ თითქოს მოთხრობილია, მაგრამ სხვადასხვაგვარად, ნაფიქრით, ნაჭვრეტით და მრავალნაირი დასკვნებით და წარმოსახვით, ასევე, სანდო, თუ არასანდო, ნაწერი, თუ გადანაწერი ისტორიული ამბებით, ქვაში ნაკვეთი, თუ ნაკირწლი წარწერებით და ათასი სხვა რამით.

ქართული ანბანი სამია: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. ეს ქართული ანბანის განვითარების ერთმანეთს მიდევნებული ნაბიჯებია, ლამაზიცა და ჭკვიანურიც და ამავე დროს ქართული ანბანი ერთია და მთლიანი.

ჩვენი ანბანის გმირები არიან მწერლები, მელექსენი, ფილოსოფოსნი, ჟამთააღმწერელნი, დიდი და მცირე მოხელენი, მეფენი, ბერნი და და გადამწერალნი, ასოთა და წიგნთა შემმკობნი, მესტამბენი, მასწავლებლენი და სხვა დიდი და პატარა ხელობის, გაქანების, წარმოსახვისა და ნიჭის ადამიანები, ისტორიაში დარჩენილნი დიადი სახელითაც, კეთილითაც და ავითაც და ასევე, ისტორიიდან სრულიად გამქრალნიც.

სხვაგვარი, შედარებით მშვიდი და მშვიდობიანი ისტორიული წარსულის მქონე ქვეყანაში ადამიანთა ეს ურიცხვი ლაშქარი ეგებ არავის მოეხსენებინა გმირებად და მათთვის ეგებ უბრალოდ ეწოდებინათ მოღვაწენი, მოსაქმენი, მონაწილენი წერისა და კითხვის ძველი საქმისა, მაგრამ ქვეყანაში, სადაც ერთხელ სიმწრით იმასაც ამბობდნენ, რაც ქართველობა დავრჩით, მოდი, მუხრანსა და თბილისს შუა დავსახლდეთ, რათა თავი უკეთ დავიცვათო, ჯიუტად არსებობდა კალიგრაფთა მთელი საგვარეულოები.

რა თქმა უნდა, მათ არაფერი იცოდნენ იმისა, რომ გმირები არიან და არც ოდესმე უფიქრიათ ამის შესახებ, ისევე, როგორც იმ უბრალო დიაკვნებს, ანდა მოგვიანებით, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველ სასოფლო მასწავლებლებს, სამშობლოსთან ურთიერთობის და სამუდამო კავშირის პირველ და ყველაზე მტკიცე ძაფებს რომ უბამდნენ გადარჩენისთვის ბრძოლისთვის განწირულ თაობებს. ანდა, იმპერიის მთელ სიგანეზე გაფანტულ ქართველებს, რომლებიც რაღაც მანქანებით მოახერხებდნენ ხოლმე შორეულ ადგილებში ქართულ ასოთა ყალიბების ჩამოსხმას და იქ ქართული სტამბების გამართვას. ანდა ოსმალოს საქართველოში „დედაბრული ხელით“ მიმომწერ ქალებს.

მათთვის ეს სულისა და თითქოს აუცილებლობის ამბავი იყო, ჩვენ კი გმირობა შეგვიძლია ვუწოდოთ. ქართულ ანბანთან, ქართულად წერასა და კითხვასთან დაკავშირებული ასეთი ამბები უამრავია. ქართული ანბანი ამ კეთილი გმირობებს ეყრდნობოდა მანამდე, სანამ იგი ასევე გმირული მოხერხებით საყოველთაო გახდებოდა. საბოლოოდ კი, ამ გმირობებს კულტურა ქვია, კულტურამ კი უბრალო გმირობა იცის, მისი ერთადერთი და მთავარი გმირობა, უკვდავებაა. ჩვენი ანბანიც უკვდავია.

რა იქნებოდა, სულ რომ არ გვქონოდა, და რომელიმე საერთო მოგვეხმარა? ანდა, გვქონოდა და გადაშენებულიყო? რაღაცა იქნებოდა, მაგრამ დაჯერებით ვერც იტყვი, რა გვეყვარებოდა და რას შევიძულებდით, რაზე ვიოცნებებდით და რის იმედად გავიღვიძებდით. კი, რაღაცა იქნებოდა, მაგრამ არა ის, რაც ვიცით, გვაქვს და გვიყვარს.

ავტორი: აკა მორჩილაძე

გარეკანის ფოტო: ნატა სოფრომაძე

სტატიაში გამოყენებულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცული მასალების ფოტოები