მუსიკა | ცა

თბილისის საბალეტო ფესტივალი 2017

165 წლის წინ, საქართველოში პირველად იცეკვეს ბალეტი. დასავლური კულტურის კლასიკური ფენომენი ადგილობრივმა სცენამ იმდენად შეისისხლხორცა, რომ გლობალურ საბალეტო სცენას, ახალი სისხლი და ხელწერა შემატა. როგორ ტურბულენტობაშიც არ უნდა ჩავარდნილიყო ქვეყანა, ქართული საბალეტო შემოქმდება მაინც აგრძელებდა განვითარებას, თუნდაც საზღვრებს მიღმა. 2004 წლიდან კი, ნინო ანანიაშვილის დაბრუნებასთან ერთად, ქართული საბალეტო დასისთვის ერთგვარი აღორძინების დრო დაიწყო.

ივლისი 11, 2017

Hello Blog

165 წლის წინ, საქართველოში პირველად იცეკვეს ბალეტი. დასავლური კულტურის კლასიკური ფენომენი ადგილობრივმა სცენამ იმდენად შეისისხლხორცა, რომ გლობალურ საბალეტო სცენას, ახალი სისხლი და ხელწერა შემატა. როგორ ტურბულენტობაშიც არ უნდა ჩავარდნილიყო ქვეყანა, ქართული საბალეტო შემოქმდება მაინც აგრძელებდა განვითარებას, თუნდაც საზღვრებს მიღმა. 2004 წლიდან კი, ნინო ანანიაშვილის დაბრუნებასთან ერთად, ქართული საბალეტო დასისთვის ერთგვარი აღორძინების დრო დაიწყო.

წელს კი, ნინო ანანიაშვილის ინიციატივით, კიდევ ერთ ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი და საქართველოში პირველად, საერთაშორისო “თბილისის საბალეტო ფესტივალი” ჩატარდა, რომელიც 21 ივნისს, ვახტანგ ჭაბუკიანის “ლაურენსია”-თი გაიხსნა. სპექტაკლი სამჯერ შესრულდა 21, 23 და 25 ივნისს სოლისტების სხვადასხვა შემადგენლობით: ლალი კანდელაკი (საქართველოს სახელმწიფო ბალეტი) და ლაშა ხოზაშვილი (ბოსტონის ბალეტი, აშშ); ნუცა ჩეკურაშვილი და იონენ ტაკანო (საქართველოს სახელმწიფო ბალეტი); ნინო სამადაშვილი და ფრენკ ვან ტონგერენი (საქართველოს სახელმწიფო ბალეტი).

ფესტივალის ყოველი სპექტაკლი ანშლაგით იწყებოდა და თუ ხალხმრავლობა წარმოდგენის წარმატებას განსაზღვრავს, ნიდერლანდების ცეკვის თეატრის უმცროსი დასის, იგივე NDT 2-ის გამოსვლა (ჩამოსვლა!) წლევანდელი საბალეტო სეზონის განსაკუთრებულ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს.

NDT 2 1978 წელს ჩამოყალიბდა მთავარი დასის - NDT 1-ისთვის კადრების მოსამზადებლად. დროსთან ერთად და არტისტული სტრატეგიის შემუშავებით, NDT 2 გადაიქცა არამარტო მთავარი დასის მკვებავად, არამედ ცალკე მდგომ ძლიერ ერთეულადაც. დღესდღეობით, გუნდში 17-დან 23 წლამდე ასაკის 16 მოცეკვავეა, რომლებიც მათ უფროს კოლეგებს თამამად უწევენ კონკურენციას და ნებისმიერი გამოწვევისთვის არიან მზად.


დასის სამხატვრო ხელმძღვანელთან - ნენსი ეუვერინკთან [Nancy Euverink] საუბრისას, მათი შერჩევის კრიტერიუმებსაც შევეხეთ:

- პირველ რიგში, ყურადღებას ვაქცევთ თუ რამდენად გახსნილია ახალგაზრდა, რამდენად მზადაა მუშაობისთვის ფიზიკურად, თუ მორალურად. შერჩევის საკმაოდ გრძელი პროცესი გვაქვს. ვაკვირდებით მოცეკვავის კლასიკურ მომზადებას და ასევე ვთხოვთ სოლოს წარმოდგენას; დახვეწილ ტექნიკას იმდენად არც ვაქცევთ ყურადღებას, რამდენადაც მოცეკვავის პოტენციალსა და შემოქმედებით მიდგომას. ჩვენი ქორეოგრაფები ხშირად ითხოვენ მათგან იმპროვიზაციას და სწორედ ამიტომ ვთხოვთ მათ საკუთარი სოლო-პარტიის ჩვენებას. კარგია, როცა მოცეკვავე გრძნობს რას წარმოადგენს ცხოვრებაში და იმასაც იაზრებს, რომ სტუდია მისთვის მეორე სახლად უნდა გადაიქცეს.

NDT 2 -მა 28 და 29 ივნისს წარმოადგინა ერთ-მოქმდებიანი სპექტაკლები: Sleight of Hand; Mutual comfort; Solo; Cacti; I New Then.

და ყოველი ცეკვა, ისევე როგორც თითოეული მოცეკვავე - ახალგაზრდობის, ნიჭის, ინდივიდუალობისა და ცეკვის სიყვარულის ფეთქებადი კომბინაცია... მაყურებლისთვის რთული იქნებოდა იმის გარკვევა რა უფრო მეტად ჭარბობდა - სუნთქვისშემკვრელი ტექნიკა, უსაზღვრო ახალგაზრდობა, თავისუფლება, თუ პოეზიამდე აყვანილი ჟესტიკულაცია.

Sleight of Hand [ხელით მანიპულაცია, ჟონგლიორობა] - სოლ ლეონისა და პოლ ლაიტფუტის  [Sol León & Paul Lightfoot] ამ დადგმას 10 წელი შეუსრულდა. სინათლისა და სიბნელის თამაშში განვითარებული მისტიური დრამა, რამდენადაც მომნუსხველი, იმდენად ავისმომასწავებელია. მინიმალისტური, შავებში ჩაფლული გოთიკური დეკორაცია... ორი მონუმენტური პერსონაჟი, რომელიც მარტო სიმაღლითაც კი იწვევს მორჩილებას, თუმცა მხოლოდ წელს ზემოთ შეუძლიათ მოძრაობა და ხელებით მანიპულაცია, იმ დროს როცა დანარჩენი ექვსი მოცეკვავე მათ წინ მთელი სხეულით მეტყველებს. ვინ რა იცის რას ჰყვებიან... ფილიპ გლასის სიმფონია #2 - “Movement II” კი განსაკუთრებულ სიმძაფრეს მატებს ვიზუალს. ვთქვა ისიც, რომ მდედრმა მონუმენტმა მკერდიც მოიშიშვლა? აი, ვთქვი!

ზემოთ ხსენებულ “ხელების მანიპულაციასთან” შედარებით, ვან მორისონის სიმღერებზე აწყობილი პერფორმანსი - I New Then [მე ახალი მაშინ], იმდენად ცოცხალი და ოპტიმისტური გამოვიდა, რომ სულ სხვა “ოპერაში” მეგონა თავი.