თაობა

ახალგაზრდა გამომგონებლები, რომლებსაც მომავლის შეცვლა შეუძლიათ

არასწორია, როცა ამბობენ, 10 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენა, დღეს ტექნოლოგიურად ასეთი განვითარებული სამყარო რომ ვიქნებოდითო. არასწორია, რადგან მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში არაერთი მხატვრული ნაწარმოები და ფილმი შეიქმნა ტექნოლოგიური წინსვლის შესახებ. მეტსაც გეტყვით, ზოგიერთებს ეგონათ, რომ 2015 წელს კაცობრიობა უკვე დროში მოგზაურობასაც კი შეძლებდა. მართალია, ეს ჯერ კიდევ დიდი გამოწვევაა და არავინ იცის, მომავალში რა მოხდება, თუმცა ფაქტი ერთია - გასულ საუკუნეშიც კი ტენდენცია ტექნოლოგიური განვითარების შესახებ ცალსახა და თვალსაჩინო იყო. ისინი, ვინც შეძლეს და ეს შესაძლებლობა დაინახეს, წარმატებული ადამიანები გახდნენ და დღეს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ დარგში მოღვაწეობენ. ამ შესაძლებლობის ამოცნობა არც დღეს არის დაგვიანებული, მეტიც, გაცილებით უფრო თვალსაჩინოა.

ნოემბერი 20, 2018

Hello Blog

არასწორია, როცა ამბობენ, 10 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენა, დღეს ტექნოლოგიურად ასეთი განვითარებული სამყარო რომ ვიქნებოდითო. არასწორია, რადგან მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში არაერთი მხატვრული ნაწარმოები და ფილმი შეიქმნა ტექნოლოგიური წინსვლის შესახებ. მეტსაც გეტყვით, ზოგიერთებს ეგონათ, რომ 2015 წელს კაცობრიობა უკვე დროში მოგზაურობასაც კი შეძლებდა. მართალია, ეს ჯერ კიდევ დიდი გამოწვევაა და არავინ იცის, მომავალში რა მოხდება, თუმცა ფაქტი ერთია - გასულ საუკუნეშიც კი ტენდენცია ტექნოლოგიური განვითარების შესახებ ცალსახა და თვალსაჩინო იყო. ისინი, ვინც შეძლეს და ეს შესაძლებლობა დაინახეს, წარმატებული ადამიანები გახდნენ და დღეს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ დარგში მოღვაწეობენ. ამ შესაძლებლობის ამოცნობა არც დღეს არის დაგვიანებული, მეტიც, გაცილებით უფრო თვალსაჩინოა.

ისე მოხდა, რომ 21-ე საუკუნე ტექნოლოგიური განვითარების ეპოქად გამოცხადდა. ის, რაც გასულ საუკუნეში მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი იყო, დღეს უკვე რეალური გახდა. ამ პროცესმა უამრავი ადამიანური სამსახური გააქრო და ისეთი რუტინული საქმეები, როგორიცაა ქილების დახუფვა, წერილების დარიგება, მიწის დამუშვება და სხვა, ავტომატიზირებული გახდა. სამაგიეროდ, შეიქმნა ალტერნატიული სამუშაო ადგილები, რომლებიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მრავლდება. ეს პროცესი უწყვეტი იქნება - რაც უფრო მეტი წელი გავა, მთელი რიგი პროფესიები გაქრება და შეიქმნება ახლები. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც. ტექნოლოგიურმა განვითარებამ შეცვალა არამხოლოდ პროფესიები, არამედ ადამინის ცხოვრებაც. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ორჯერ და ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო მეტჯერაც გაიზარდა. დაიხვეწა კომუნიკაციის საშუალებები, საქმის კეთების სისწრაფე მნიშვნელოვნად აჩქარდა, შესაბამისად უფრო მეტი სიკეთე იქმნება.

იქმენა უწყვეტი ჯაჭვი, რომელსაც ჩანაცვლებისა და რეგენერაციის ფუნქცია აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესში თითოეული ადამიანის ჩართულობა მნიშვნელოვანია და ყველას ადგილი მოინახება (შესაბამისად, შიში, რომ ადამიანები უმუშევრად დარჩებიან, აზრს მოკლებულია), თუმცა, ვინც ტექნოლოგიური ეპოქის გამოწვევებს უარყოფს, შესაძლოა თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ცნობიერება ტექნოლოგიების შესახებ ამაღლდეს. ამ პროცესში კი, ახალი თაობის ჩართულობა გადამწყვეტ როლს ასრულებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ერთგვარი ინტერვალი არსებობს ტექნოლოგიების ცოდნასა და არ ცოდნას შორის, ტენდენცია საკმაოდ დადებითია. ახალი თაობა საკმარისად ღია აღმოჩნდა თანამედროვეობის მთავარი გამოწვევებისთვის, რისი დადასტურებაც “ლეონარდო და ვინჩის” კონკურსია, რომელიც საქართველოში 15 ნოემბერს მეცხრედ ჩატარდა. კონკურსი მერვედან მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის ტარდება, მონაწილეებს კი ორიგინალური იდეებისა და ინოვაციების წარმოდგენა ევალებათ. შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში წელს განსაკუთრებით გამორჩეული ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას, რომელთა დიდი ნაწილი, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარების ავანგარდში აღმოჩნდეს.

მრავალი ფსიქოლოგიური კვლევის თანახმად, ბავშვები ყველაზე კრეატიული ადამიანები არიან და ეს რომ ნამდვილად ასეა, ამაში ეს ბლოგიც დაგარწმუნებთ. “ლეონარდო და ვინჩის” კონკურსის ფინალური ეტაპი 15 ნოემბერს თიბისი გალერეაში გაიმართა. ჯერ კიდევ ძალიან ბავშვური გამომეტყველებისა და პოზიტიური განწყობების მქონე გამომგონებლები, საკუთარ დახლებთან იდგნენ და მოსულ სტუმრებს საკუთარი ინოვაციების შესახებ ძალიან სერიოზულად უყვებოდნენ. ფინალში სულ 18 გუნდი მოხვდა, შესაბამისად, გალერეაში 18 ინოვაციური სტენდი იყო წარმოდგენილი და თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა კონცეფციით, იდეებითა და შედეგებით. თუმცა ყველას ორი რამ მაინც აერთიანებდათ - გამარჯვების სურვილი და თანამედროვე გამოწვევების სრულიად ადეკვატური აღქმა და შეფასება.

ინოვაციები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ სპეციალურად მოწვეულ ჟიურის გამარჯვებულების გამოვლენა ძალიან გაუჭირდა. საბოლოოდ, მაინც შეირჩნენ პირველ, მეორე და მესამე ადგილოსნები, ერთი გუნდი კი გრან პრის მფლობელი გახდა. იმისთვის, რომ დარწმუნდეთ მომავალი თაობის პერსპექტიულობაში, მოგიყვებით მათი გამოგონებების შესახებ.

ქუთაისელი გამომგონებელი გოგოები, რომლებმაც უსინათლო ადამიანის სიარულის მაკორექტირებელი სენსორული სისტემა შექმნეს

ნატა სულაქველიძე და გვანცა მაჩიტიძე ერთ-ერთ სტენდთან იდგნენ და საკუთარ გამოგონების შესახებ დიდი მონდომებით უყვებოდნენ დაინტერესებულ ადამიანებს. ჩანდა, აღტაცებულები იყვნენ საკუთარი ინოვაციით, თუმცა როგორც ნატამ აღნიშნა, მისი სიხარული უფრო სამომავლო გეგმებს უკავშირდებოდა, ვიდრე ახლანდელ შედეგს.

“მიხარია, რომ ჩვენი პროექტი გამოვიდა და უკვე შევძელით ხელშესახები შედეგის მიღება, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი დღე, მოვიგებთ თუ წავაგებთ, ჩვენ ამ პროექტზე მუშაობას გავაგრძელებთ, რათა უფრო სრულყოფილი გახდეს ის”, - თქვა ნატამ და მისი შექმნილი ინოვაციის შესახებ მოყოლა განაგრძო.

ნატამ და გვანცამ უსინათლო ადამიანებისთვის სიარულის მაკორექტირებელი სენსორული სისტემა შექმნეს, რომელიც საჭიროების მქონე ადამიანს სხეულზე უმაგრდება. სისტემა მას სხვადასხვა დაბრკოლებების შეხვედრისას ვიბრაციითა და ხმოვანი შეტყობინებით საფრთხის შესახებ ატყობინებს, რაც უსინათლო ადამიანის გადაადგილებას ბევრად უფრო უსაფრთხოს ხდის.

“ჩვენს სისტემას უნარი აქვს დააფიქსიროს და შეისწავლოს გარემოში სხეულების ურთიერთგანლაგება მომხმარებლის მიმართ და ნებისმიეირ მოსალოდნელი საფრთხე თავიდან ააცილოს”, - აღნიშნა გვანცამ.

ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ფიქრობენ, რომ მათი ინოვაცია უამრავი ადამიანის ცხოვრებას უფრო უსაფრთხოს გახდის და თუ ეს ასე მოხდება, როგორც ნატამ თქვა, ძალიან ბედნიერი იქნება.

ამ ინოვაციას რომ დიდი მომავალი აქვს, ეს დღის ბოლოსაც გაირკვა. ნატამ და გვანცამ “ლეონარდო და ვინჩის” კონკურსში მესამე ადგილი დაიკავეს.

საჩხერის სკოლის მოსწავლეების კვების პროდუქტების მენიუ კალორიებით, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა

ადამიანები ხშირად ვერ ვახერხებთ კალორიების დათვლასა და წონის კონტროლს იმის გამო, რომ დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ან მეგობრებთან ერთად კაფეებსა და ბარებში ვატარებთ. ხშირად გიფიქრიათ ალბათ, რა კარგი იქნებოდა გცოდნოდათ, რამდენ კალორიას შეიცავს ესა თუ ისე კერძი, როდესაც მას რესტორანში მიირთმევთ.

ამ საკითხმა საჩხერელი სკოლის მოსწავლეები ჩააფიქრა. ერეკლე თაბაგარმა, ნინო მაკასარიშვილმა და თამარ დეკანოიძემ შეიმუშავეს ტექნიკა, რომლითაც ნებისმიერი სახეობის რესტორნის მენიუს კალორიულობის დადგენაა შესაძლებელი.

ამ მეთოდის შესამოწმებლად მოსწავლეებმა მემორანდული გააფორმეს საჩხერეში მდებარე ერთ-ერთ რესტორანთან, რომელმაც თავისი კერძების შესწავლის უფლება დართო ინოვატორებს. შედეგად, სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს მეთოდი, რომლითაც ნებისმიერი კერძის კალორიულობის დათვლაა შესაძლებელი უტყუარი სიზუსტით. მათ მიერ განხორციელებული სამუშაოები საჩხერის რესტორანში უკვე გამოყენებულია და დათვლილი კალორიები მენიუში ფასებთან ერთად არის მითითებული.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშნელოვანია, შესაბამისად ამ მიმართულებით გადავწყვიტეთ ჩვენი იდეების განხორციელება. შევიმუშავეთ მეთოდი, რომლითაც მარტივად ვითვლით ნებისმიერი კერძის კალორიას და რესტორნებს ვეხმარებით, რომ მენიუში მიუთითონ ეს ინფორმაცია", - ამბობს ერეკლე თაბაგარი.

ამ არაჩვეულებრივმა გამოგონებამ ახალგაზრდებს მეორე ადგილი მოაპოვებინა.

გოგოები სენაკიდან და მათი გამოგონება - უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის

კიდევ ერთი გამოგონება, რომელმაც დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა, სენაკელ თინეიჯერ გოგონებს ეკუთვნით. მილანა გაგულიამ, მარიამ ბახტაძემ და ანა კალანდარიშვილმა შექმნეს უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოებისთვის, რომლებიც შშმ პირებს ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. მოწყობილობა უსინათლო ადამიანებს დაეხმარება მათ ადაპტაციაში, ისე, რომ ვიზუალური დეფექტების კომპენსაცია მოხდება უსაფრთხო ანალიზატორებით - შეხებითა და მოსმენით.

მოწყობილობა რეაგირებს ხმოვან ბრძანებაზე, ირჩევს მედიკამენტს და იძლევა ხმოვან შეტყობინებას მის მიერ შერჩეული მედიკამენტის შესახებ. მას ასევე შეუძლია შეახსენოს მედიკამენტის დასახელება და მისი მიღების დრო. მოწყობილობა ეხმარება პიროვნებას ისეთი წამლების მიღებაში, რომელთა ოდენობა განისაზღვრება წვეთების რაოდენობით. ის ავტომატურად ახდენს წვეთების დათვლასა და წყლის დოზირებას.

პატარა გამომგონებელი გოგოები ფიქრობენ, მათ შესწევთ ძალა, თავიანთი გამოგონებით ადამიანებს ცხოვრება გაუამარტივონ.

"ჩვენი პროექტი, ვფიქრობთ, ბევრი ადამიანის ცხოვრებას გაამარტივებს. მასზე მუშაობა ექვსი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და გუნდის სამივე წევრი, მენტორთან ერთად, შეუსვენებლად ვმუშაობდით. მე მჯერა, რომ ამ იდეას წინ კიდევ დიდი გზა აქვს", - ამბობს მილანა გაგულია.

გოგოები პირველ ადგილზე გავიდნენ და თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმისგან - StatusDonates.ge სპეციალური პრიზიც მიიღეს. იმისთვის, რომ ახალგაზრდა გამომგონებლებმა მოტივაცია შეინარჩუნონ და მეტი ენთუზიაზმით განაგრძონ საქმიანობა, თიბისი სტატუსმა მათ ყოველთვიური, ერთწლიანი სტიპენდია დაუნიშნა, რაც ცხადია გოგოებს განვითარებაში დაეხმარება.

სამი გოგო და გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა, რომელიც ეკოლოგიის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს

“ლეონარდო და ვინჩის” კონკურსში გოგონები განსაკუთრებულად აქტიურები იყვნენ, რაც ძალიან სასიხარულოა. თანამედროვე სამყარომ დაადასტურა, რომ გოგოებს ძალიან კარგად გამოსდით საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა ყველაზე კონკურენტულ გარემოშიც კი. ამის მაგალითია სერვანტესის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები დეა ილარიონოვა და შორენა და მარინა გუჯაბიძეები.

გოგოებმა გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა შექმნეს. კერძოდ, მობილური დეტექტორის საშუალებით, შესაძლებელია გარემოს პარამეტრების ცვლილებების კონტროლი ისეთ ხალხმრავალ ადგილებში, როგორიცაა: სკოლა, საბავშვო ბაღი, ოფისი, საავადმყოფო და სხვა. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა აირების გაჟონვის არა მხოლოდ დეტექტირება, არამედ მისი გამომწვევი კერის პოვნა.

დეა ილარიონოვა ამბობს, რომ პროექტი მისთვის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი იყო და ამ გამარჯვებით ძალიან ბედნიერია. უჭირს დაჯერება, რომ ასეთი კონკურენციის პირობებში კონკურსის მთავარი გამარჯვებულები გახდნენ, თუმცა მისი გუნდის ინოვაციის პერსპექტივის სჯერა და ფიქრობს, რომ წინ კიდევ უფრო მეტი წარმატება ელოდებათ.

"იმდენად დიდი კონკურენცია იყო, მიჭირს დაჯერება, რომ გრან პრი მოვიგეთ. ძალიან მიხარია და იმედი მაქვს, რომ ამ პროექტს მომავალში ბევრი სიკეთის გაკეთება შეუძლია", - აღნიშნა დეამ.

გარემოს დაცვა თანამედროვე სამყაროს მთავარი გამოწვევაა და ამ კუთხით უამრავი დიდი ორგანიზაცია ქმნის ინოვაციებს. შესაძლოა, ქართველი გამომგონებელი გოგოების ინოვაცია ამ საქმის წარმატებაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს, მითუმეტეს, რომ გრან პრის მფლობელები ამ მიმართულებით კიდევ ბევრი ინოვაციის შექმნას გვპირდებიან.

მეთორმეტე კლასელის მიერ შექმნილი რობოტი, რომელიც შახტაში მუშაობას უფრო უსაფრთხოს გახდის

კონკურსის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე ივერი ჯაჯანიძე იყო, რომელმაც უნიკალური მახასიათებლების მქონე რობოტი შექმნა. MineGuard - ასე უწოდებს ივერი თავის გამოგონებას, რომელსაც ეუძლია შახტაში მუშაობა ბევრად უსაფრთხო და კონტროლირებადი გახადოს. ის არის აღჭურვილი ტენიანობის, გაზის სენსორებით, ნიმუშების ამღები კოვშით და რაც მთავარია, ვიდეოკამერით, რაც უწყვეტი დაკვირვების საშუალებას იძლევა როგორც შახტაზე, ასევე სამუშაო პროცესზე.

ივერი ამბობს, რომ ამ რობოტის შექმნისკენ ბოლო დროს შახტაში გარდაცვლილი ადამიანების სიმრავლემ უბიძგა. სურს, რომ ეს საქმიანობა უფრო უსაფრთხო გახდეს, ამიტომ თავისი რობოტის განვითარებას კიდევ აპირებს. სჯერა, რომ გამოუვა, რადგან ამის დიდი სურვილი და მონდომება აქვს.

მართალია, ივერიმ საპრიზო ადგილი ვერ მოიპოვა, თუმცა მისი იდეა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ივერიმ თიბისისგან ერთწლიანი სტიპენდია მიიღო საჩუქრად, რაც მისი აზრით, MineGuard-ის წარმატების აღიარებაა.

"ვფიქრობდი იმ მუშებზე, რომლებიც შახტებში დაიღუპნენ და გამიჩნდა იდეა, როგორ შემეჩერებინა ეს პროცესი. რობოტი, რომელიც შევქმენი, ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად შეიძლება იქცეს", - თქვა ივერიმ.

"სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ მოვიგებდი. რობოტზე კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო და ახლა უბრალოდ მიხარია, რომ თიბისის რჩეული მეც გავხდი", - დაამატა მან.

სიმბოლურია ისიც, რომ “ლეონარდო და ვინჩის” ფინალური ეტაპი თიბისი გალერეაში გაიმართა, რადგან თიბისი უკვე მესამე წელია ინოვატორი ახალგაზრდების გვერდით დგას და ამ კონკურსის მხარდამჭერია.

“ლეონარდო და ვინჩის” კონკურსი რომ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ეს უკვე წლების გამოცდილებით დასტურდება. ბოლო რვა წლის განმავლობაში, ახალგაზრდა გამომგონებლებმა 402 ინოვაცია წარმოადგინეს, მათგან კი 53 იდეა გამოგონებად ჩაითვალა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ახალგაზრდები ბევრს ფიქრობენ ტექნოლოგიურ განვითარებაზე, რაც მხოლოდ ნათელი მომავლის საწინდარია.

ავტორი: დიმიტრი სანაია

ფოტო: სერა ძნელაძე