კულტურა

პრინტის საერთაშორისო ფესტივალი უკვე თბილისშია

პრინტის, როგორც ხელოვნების დარგის მნიშვნელობა განისაზღვრა ხელით ბეჭდვის უნიკალური, ისტორიული ტექნოლოგიებით - იქნება ეს ოფორტი, ლითოგრაფია, თუ სერიგრაფია. ჩვენამდე მოღწეულ უძველეს პრინტად, იგივე - პირველ ნაბეჭდ წიგნად, თვლიან “ალმასის სუტრას” ჩინეთიდან, რომელიც 868 წლით თარიღდება; თუმცა, ბეჭდვის პრაქტიკა შუმერული ცივილიზაციისთვისაც იყო ნაცნობი. 

ოქტომბერი 30, 2018

Hello Blog

პრინტის, როგორც ხელოვნების დარგის მნიშვნელობა განისაზღვრა ხელით ბეჭდვის უნიკალური, ისტორიული ტექნოლოგიებით - იქნება ეს ოფორტი, ლითოგრაფია, თუ სერიგრაფია. ჩვენამდე მოღწეულ უძველეს პრინტად, იგივე - პირველ ნაბეჭდ წიგნად, თვლიან “ალმასის სუტრას” ჩინეთიდან, რომელიც 868 წლით თარიღდება; თუმცა, ბეჭდვის პრაქტიკა შუმერული ცივილიზაციისთვისაც იყო ნაცნობი. 

პარადოქსი

ხელით ბეჭდვის მეთოდების აღმოჩენა-განვითარებამამ, თავის დროზე, დიდი გავლენა მოახდინა ხელოვნებასა და ხელოვანებზე. პროცესში, თავად არტისტია ჩართული და მისი ყოველი ნამუშევარი ტირაჟირების შესაძლებლობას იძლევა, რაც ამარტივებს მასობრივად გავრცელებას და მის ღირებულებასაც ხელმისაწვდომს ხდის. ევროპაში, ასეთი ტირაჟირების ერთ-ერთი პირველი შემთხვევა 1523 წელს დაფიქსირდა, როცა ალბრეხტ დიურერმა, ბრანდერბურგის კარდინალისთვის, პორტრეტის 500 ასლი გააკეთა. თუმცა, აქვე დაიბადა პარადოქსი - ნამუშევარმა, ასლების რაოდენობის ზრდასთან ერთად, დაკარგა ხელოვნების ნიმუშის სტატუსი.

 

კომპრომისი

ხელით ბეჭდვა იქცა არა მარტო ასლების შექმნის საშუალებად, არამედ უშუალოდ შემოქმედებით პროცესად, ამ პროცესისთვის ყველა თანმდევი მახასიათებლით. არტისტისთვის ის განისაზღვრა როგორც: ა) მისი უნიკალური ნაშრომის ასეთივე უნიკალური ასლის შექმნის შესაძლებლობა; ბ) ბეჭდვის საბოლოო შედეგის “გაცხადებისგან” გამოწვეული ემოცია; გ) უძველეს ტექნოლოგიებში ახალი ექსპერიმენტების პერსპექტივა... ხოლო ხელოვნების მოყვარულ-დამფასებლისთვის, როგორც: ა) მისთვის საინტერესო ხელოვანის “ხელდასმული” ნამუშევრის ესთეტიკის გაზიარება; ბ) ამ ნამუშევრის ხელმისაწვდომობა; გ) ისტორიულ ტრადიციასთან მიახლოების შეგრძნება და ა.შ.

კომპრომისი კი ასეთია - პრინტი ითვლება ხელოვნების ნიმუშად და ორიგინალად, თუ მის მზადებაში აუცილებლად მონაწილეობს არტისტი, რომელიც ქმნის მისი უნიკალური ნამუშევრის ასლს შეზღუდული რაოდენობით; როგორც წესი, რაოდენობა 12-ს არ აღემატება, თითოეული ასლი კი დანომრილი და ხელმოწერილია.

ავტორი: ლია შველიძე

2016 წლიდან, “Life-N-Style” პრინტის საერთაშორისო ფესტივალის სახით ხდება ხელით ბეჭდვის უნივერსალური ტექნოლოგიების ადგილობრივად აღორძინება საქართველოში. ფესტივალის სახელწოდება - “ცხოვრება და სტილი” უკვე ასოცირდება კიდეც პრინტ-ოსტატთა ახალ ტალღასთან, შემოქმედების უძველესი ფორმების განვითარებასა და ამ ყველაფრისთვის კომერციული ფასეულობის მინიჭებასთანაც. 

ავტორი: ოლეგ ტიმჩენკო 

ლინოგრავიურა, ლითოგრაფია, ოფორტი, სერიგრაფია, და ბეჭდვის უძველესი თუ თანამედროვე მეთოდების დაუფლება ფაქტიურად ახალ-ახალი სახელოვნებო ენის დაუფლების ტოლფასია… რაც არ უნდა იყოს, შემოქმედებით პროცესში, იქმნება ჩვენი სტილისა და ცხოვრების ანაბეჭდი, ან თანდათან ვაყალიბებთ საკუთარ სტილს, როგორც ჩვენი ცხოვრების ანაბეჭდს.

ავტორი: კოტე ჯინჭარაძე

წელს, ტრადიციულად, ფესტივალმა შემოქმედებითი ენერგიის აკუმულირება საქართველოს რეგიონებიდან დაიწყო, კერძოდ კი - თუშეთიდან; აქ, ეთერ თათარაიძის მიერ არტისტებისთვის გაზიარებული თუშური ლეგენდები, არც მეტი, არც ნაკლები, მომდევნო გამოფენის შთაგონებად უნდა ქცეულიყო. იქცა კიდეც და შეიქმნა უნიკალური პრინტებით შემკული უნიკალური სამოსი.

ფესტივალის შემდეგი გაჩერება იყო აჭარა და მისი სხვადასხვა საგამოფენო სივრცე. მათ შორის, ბათუმის ქუჩებიც.

ფოტო: გიორგი ნაკაშიძე

ამჯერად, მთელი ეს ენერგია დედაქალაქში კონცენტრირდება. პრინტის თემაზე, ან პრინტის საშუალებით, შექმნილ კოსტიუმებს, ფოტოინსტალაციებს, ვიდეოარტს, კერამიკას, დიზაინს და ხელოვნების სხვა ნიმუშებს 10 ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, ესპანეთი, ისრაელი, თურქეთი, ლიბანი, კანადა, რუსეთი, შვეიცარია, სომხეთი) 100-მდე ხელოვანი წარმოადგენს. 

“თუ აკეთებ, გააკეთე”

წლევანდელი ფესტივალის სლოგანია - DO OR DO NOT. “თუ აკეთებ, გააკეთე” - ესეც ერთგვარი ფილოსოფიაა, ცხოვრების სტილი… ასეთი მიდგომა რომ არა, ძნელად წარმოსადგენია, ფესტივალის ორგანიზატორებს მოეხერხებინათ მსგავსი მასშტაბებისთვის მიღწევა: ღონისძიების მნიშვნელობის დაფიქსირება, საზოგადოებაში ინტერესის გაღვივება, ბეჭდვითი ტექნოლოგიის თანამედროვე ცხოვრებაში ინტეგრირება და ქვეყნის ღირსეულად წარდგენა ხელოვნების საერთაშორისო პლატფორმაზე.

პრინტის საერთაშორისო ფესტივალი თბილისში 31 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე თიბისი გალერეაში (მარჯანიშვილის # 7) გაგრძელდება.

ავტორი: ნინო კაკიაშვილი