კულტურა სიახლეები

მხოლოდ შენობები არ კმარა / თბილისის არქიტექტურის ბიენალე

თბილისი პირველი საერთაშორისო არქიტექტურული ბიენალეს მასპინძლობისათვის ემზადება. საბჭოთა ეპოქის დროს შექმნილი გლდანის მიკრორაიონი, სულ მალე, ბიენალეს საგამოფენო და ღონისძიებების ცენტრალურ სივრცედ ტრანსფორმირდება.

ოქტომბერი 24, 2018

Hello Blog

თბილისი პირველი საერთაშორისო არქიტექტურული ბიენალეს მასპინძლობისათვის ემზადება. საბჭოთა ეპოქის დროს შექმნილი გლდანის მიკრორაიონი, სულ მალე, ბიენალეს საგამოფენო და ღონისძიებების ცენტრალურ სივრცედ ტრანსფორმირდება.

საბჭოთა კავშირის დაშლის მომდევნო პერიოდში, თბილისის განაშენიანების ქაოსურმა განვითარებამ და ქალაქის არქიტექტურის ხელახლა გააზრების აუცილებლობამ, პირველი ბიენალეს თემა გამოკვეთა და 9 დღიანი ღონისძიებები სათაურად ქცეული ორგანიზატორების საერთო დამოკიდებულების ქვეშ გააერთიანა - „მხოლოდ შენობები არ კმარა.“

თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2017 წელს თინათინ გურგენიძემ, ნათია კალანდარიშვილმა, ოთარ ნემსაძემ და გიგი შუკაკიძემ დააარსეს და ის საცხოვრებელი უბნების არაფორმალურ ურბანულ და სოციალურ სივრცეებს შეისწავლის.

საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის დაშლასთან ერთად, საბჭოთა საცხოვრებლები ნელ-ნელა ერთმანეთთან სრულიად შეუხამებელი, მაცხოვრებლების პირადი მოთხოვნილებებისა და სურვილების შესაბამისად გარდაიქმნა. ასე განაპირობეს უსახურმა და ქალაქის იერსახიდან ამოვარდნილმა გაფართოებულმა აივნებმა, მიშენებულმა ლოჯიებმა და თვითნებურმა ფარეხებმა დღევანდელი თბილისის ურბანული სახე.

„ბიენალე იმ ტრანსფორმაციის კვლევას ეხება, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, თბილისის მიკრორაიონებში საბჭოთა არქიტექტურამ და ურბანულმა სივრცემ განიცადა. ქალაქი არ არის მხოლოდ არქიტექტურა. ქალაქს ადამიანები ქმინიან. გვინდა ბიენალეს საშუალებით ადამიანების ხედვა და ცნობიერება ამაღლდეს და მაცხოვრებლებმა სწორად გაიაზრონ საკუთარი ქალაქი.“ - ნათია კალანდარიშვილი, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ერთ-ერთი დამფუძნებელი.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, წლევანდელი ბიენალე მსგავსი ტიპის პირველი ღონისძიება იქნება. 1988 წლის ნოემბერში თბილისმა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველ და ერთადერთ ბიენალეს უმასპინძლა. იმდროინდელი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, საერთაშორისო ღონისძიებამ თბილისს შემოქმედებითი თავისუფლებისა და სიახლეების გაზიარების სივრცედ ქცევის საშუალება მისცა.

via GIPHY

30 წლიანი პაუზის შემდეგ, სრულიად სახეცვლილ ქალაქს ურბანული და არქიტექტურული კუთხით, სამყაროს თანამედროვე, განვითარებული ნაწილისგან დღეს კიდევ უფრო მეტი სიახლე, თანამედროვე ტენდენცია და ხედვა აქვს გასაზიარებელი. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბრიდან 3 ნოემბირს ჩათვლით თბილისი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან წამყვან არქიტექტორებს, მეცნიერებს, ხელოვანებსა და მედიის წარმომადგენლებს შეკრებს.

მხოლოდ შენობები არ კმარა - ეს იმ სხვადასხვა ცოდნის ქოლგაა, რომელიც ქალაქის სწორად მართვისთვის ძალიან გვჭირდება. ქალაქს ვერ მართავ, თუკი არ გაქვს ცოდნა იქ მცხოვრები ადამიანების შესახებ. თუ არ იცი, რა ცვლილებები განიცადეს მაცხოვრებლებმა, ვერ მიხვდები - რა გამოწვევებს უპასუხო ხვალ. ადამიანებისათვის შესაფერისი და სასურველი საცხოვრისის შესაქმნელად სწორედ ეს ცოდნა გვჭირდება. ამ ცოდნას განვითარებულ ქვეყნებში სოციოლოგები, ფსიქოლოგები, ანთროპოლოგები ქმნიან. ჩვენთან კი აკადემიურ-ინსტიტუციური ბმა ქალაქსა და ადამიანებს შორის დაირღვა. ამ ბიენალეს ფარგლებში ორგანიზატორებიც ბევრ რამეს ვსწავლობთ - ვსწავლობთ, როგორ გავხადოთ ქალაქი უკეთესი.“

ბიენალე მოიცავს როგორც შიდა, ასევე ღია სივრცეში დაგეგმილ აქტივობებს: გამოფენებს, სიმპოზიუმებს, საჯარო ლექციებს, ვორქშოფებს, ქალაქის ტურებს, ფილმების ჩვენებებს, პერფორმანსებს, ურბანულ-არქიტექტურულ ინსტალაციებს. ბიენალეს ფარგლებში შეიქმნება ხელოვნების საჯარო ნიმუშები, რომლებიც მოგვიანებით გლდანის ღია სივრცის ნაწილად დარჩება.

„ყველას ერთი რამ გვაერთიანებს ამ პლატფორმაზე - უკეთესი ქალაქი გვინდა. ზოგადად, ურბანული პრობლემები ძალიან კომპლექსურია - მშენებლობა და სამშენებლო ნორმები, სერვისები და სანიტაცია, სანიაღვრეები, ტრანსპორტირება. დღეს თბილისში ამ ელემენტებს შორის ჯაჭვი დარღვეულია. ბიენალეს პლატფორმა სწორედ ამ დარღვეული ჯაჭვის აღდგენაში დაეხმარება თბილისს. დღეს ქალაქი დიდი გამოწვევების წინაშე დგას. გვინდა, ბიენალეზე მკაფიოდ გამოჩნდეს - რა გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული ქალაქის ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებით. ორგანიზატორებს არსებული სიტუაციის საერთო სურათის შექმნა და ვიზუალიზაცია გვინდა, რაც ადამიანებს პრობლემის აღქმას გაუმარტივებს.“

გლდანი თავისი არსებობის მანძილზე ყველაზე უცნაურ ფუნქციას ირგებს და არქიტექტურული სამყაროს ცენტრალური, საერთაშორისო მნიშვნელობის პლატფორმა ხდება. ბიენალეზე მოსულები, თბილისის იერსახეს ყველაზე არაორდინალური და ამავდროულად, ყველაზე ყოფითი ლოკაციებიდან გაეცნობით: ნახავთ ნამუშევრებს ყოფილი КГБ-ს შენობის ეზოში; დაესწრებით კინოჩვენებას აფხაზეთიდან დევნილების მიერ თვითნაკეთ საცხოვრებელ ერთეულებად გადაკეთებული საცურაო აუზის დაუსრულებელ შენობაში; დაათვალიერებთ ფოტოებს ე.წ დეკადეს ხიდის შენობაში, რომელიც ფლორენციის პონტე ვეკიოთი შთაგონებულ, არქიტექტორ თეიმურაზ ბოჭორიშვილის წარმოდგენით, მულტიფუნქციური საფეხმავლო ხიდი უნდა ყოფილიყო; აღმოაჩენთ გარაჟების უცნაურ - სტუდენტების ვორქშოპების პლატფორმის ფუნქციას. გლდანის ტურის ფარგლებში საბჭოთა პერიოდის კორპუსებსა და საჯარო სივრცეებში ნახავთ, როგორ გრძელდება გარეუბნებში ცხოვრება; გაიცნობთ N76 კორპუსის მეზობლებს, რომლებიც თავად გახდნენ ბიენალეს მთავარი მონაწილეები, რომლებმაც საკუთარი ბინები საზოგადოებისათვის საგამოფენო, საჯარო სივრცეებად აქციეს და დამთვალიერებლებისათვის საკუთარი სახლის კარი გააღეს.

თბილისის არქიტექტურის ბიენალე წელს თიბისის მხარდაჭერით ტარდება. ბიენალე განსხვავებულ და აქტუალურ თემატიკას 2 წელიწადში ერთხელ აირჩევს და ქალაქის სხვადასხვა უბანში გადაინაცვლებს.

ავტორი: მარიამ ყანჩაველი

ფოტოები: სერა ძნელაძე / თბილისის არქიტექტურის ბიენალე