სიახლეები

ერთად ბორჯომის ხეობისთვის

ბორჯომის ხეობის ტყეები დაახლოებით 45 000 ჰექტარზეა. ამ ტყეებს თავისი შემადგენლობით და მაღალი დაქანების ფერდობებით განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულება აქვს. მის შემადგენლობაში ძირითადად წიწვოვანი კორომებია: ნაძვი, სოჭი, ფიჭვი, თუმცა ერევა ფოთლოვნებიც, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული სახეობები: მუხები, ასევე ნეკერჩხლის რამდენიმე სახეობა. ზუსტად ამ ტყეების გამოა საკურორტო ადგილი ბორჯომი და მიმდებარე დაბები.

ოქტომბერი 23, 2018

Hello Blog

ბორჯომის ხეობის ტყეები დაახლოებით 45 000 ჰექტარზეა. ამ ტყეებს თავისი შემადგენლობით და მაღალი დაქანების ფერდობებით განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულება აქვს. მის შემადგენლობაში ძირითადად წიწვოვანი კორომებია: ნაძვი, სოჭი, ფიჭვი, თუმცა ერევა ფოთლოვნებიც, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული სახეობები: მუხები, ასევე ნეკერჩხლის რამდენიმე სახეობა. ზუსტად ამ ტყეების გამოა საკურორტო ადგილი ბორჯომი და მიმდებარე დაბები.

„ჩვენ არ გვჭირდება შეხსენება, რომ ვისუნთქოთ, ეს ბუნებრივად ხდება, მაგრამ გვიფიქრია იმაზე, საიდან მოდის ჟანგბადი. ვიცით, რომ ტყე სიცოცხლის წყაროა, მაგრამ მეორეს მხრივ მის მნიშვნელობას ვერ ვაცნობიერებთ. მოგვწონს მწვანე ფერი, აბიბინებული ხე გვირჩევნია გამხმარი ხის ყურებას და რატომ, სიღრმეებში აღარ მივდივართ… ან რა უნდა გავაკეთოთ, რომ ტყე იყოს მუდმივად ასეთი. ვაცნობიერებთ, რისთვის გვჭირდება მცენარე? რისთვის გვჭირდება ტყე? აი, როგორც ადამიანი, რომელიც გვიყვარს, ხომ ვიცით, რატომ გვიყვარს, გვჭირდება, რატომაა ძვირფასი. ასეა ტყეც, თუ არ გახდება ის შენი, მის მნიშვნელობასაც ვერ აღიქვამ“, - მეუბნება ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი.

ნათიასგან გავიგე, რომ ჩვენ ბუნებრივი ტყეები გვაქვს და ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა ძალიან იღბლიანია. რატომ? ევროპას ეს ფუფუნება აღარ აქვს. მაგალითისთვის, ევროპაში მაქსიმუმ ოთხია ტყის შემქმნელი ძირითადი მერქნიანი სახეობები, ჩვენთან - 163, მხოლოდ ჩვენი ტყისთვის დამახასიათებელი. 4100 წიწვოვანი და მერქნიანი მცენარე გვხვდება ჩვენს ტყეებში და ყველაფერი ეს ქმნის უნიკალურობას. ხელოვნური ტყეები, გარდა იმისა, რომ მათი ეკოსისტემა ღარიბია, გაცილებით მოწყვლადია ყველანაირი გარემოფაქტორების მიმართ, ვიდრე ბუნებრივი ტყეები. შტორმი, ქარი, თოვლი, მავნებლები უფრო ადვილად ერევა ხელოვნურ ტყეს და თვითაღდგენის უნარიც ნაკლებად აქვს. ჩვენთან კი ტყეები უფრო ძლიერი და უნიკალურია. და ამ სიმდიდრემ - ბორჯომის ხეობამ უბედურება ორჯერ გადაიტანა.

ნათია იორდანიშვილი: „ყველაზე მძიმე დარტყმა და დანაკარგი 2008 წელს განვიცადეთ, როცა ამ ფერდობებზე ძალიან კარგი ნაძვნარ-სოჭნარი, უკვე მწიფე ტყე განადგურდა. 2008 წლის ხანძარი 26 დღეს გაგრძელდა, მისი პერიმეტრი 950,9 ჰექტარი იყო, აქედან სრულად განადგურდა 250 ჰექტარი, სადაც საერთოდ არ გადარჩა მცენარეები. მხოლოდ ერთი უთხოვარი ვიპოვეთ ცოცხალი, დღემდე მიკვირს, როგორ. შავ ნაცარში იდგა და მწვანედ ანათებდა. ეს ადგილები მაღალი დაქანების ფერდობებია, დიდი ხანი მათი მოშიშვლებულად ყოფნა ეროზიულ პროცესებს გაააქტიურებდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ხელოვნურად გაგვეშენებინა.“

დაიწყეს კიდეც და 2017 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში მიღწეული ყველა შედეგი, რომელიც ომის დროს ნახანძრალი ტყის აღდგენის სამუშაოებს მოჰყვა, კიდევ ერთმა ხანძარმა გაანადგურა. სოფელ დაბასთან გაჩენილმა ცეცხლმა თითქმის გაიმეორა 2008 წლის ხანძრის პერიმეტრი. ხანძარმა 752 ჰექტარი მოიცვა, საიდანაც 525 ძველი ნახანძრალი ტერიტორიაა. ამ ხანძრისას განადგურდა უკვე გაშენებული და გახარებული ნერგების უმეტესი ნაწილი. 2017 წელს ხანძარი ბორჯომის ხეობაში 6 დღეს გაგრძელდა. ხანძრის ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

დავინტერესდი მეტი გამეგო იმ სტიქიის შესახებ, რომელსაც შეუძლია დროის მცირე მონაკვეთში ნაცრად აქციოს ბუნება, გაანადგუროს მცენარეები და მოშალოს ნადირ-ფრინველის საბინადრო გარემო. ბევრი წლით შეცვალოს ყველაფერი, პეიზაჟიდან დაწყებული - ადამიანების ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელი გარემოთი დამთავრებული. როგორც აღმოჩნდა, ტყეები, თავისი მდებარეობის, თუ შემადგენლობის მიხედვით, ხანძარსაშიშ კლასებად იყოფიან:

I კლასი – ფიჭვის კორომები, ახალგაზრდა წიწვოვანი კორომები, წიწვოვანი ბუჩქნარები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე;

II კლასი – მუხის, რცხილის, წაბლის, აკაციის, ჯაგრცხილის კორომები, ფოთოლმცვენი ბუჩქნარები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე;

III კლასი – I-II კლასებში შემავალი კორომები ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე და IV კლასში შემავალი კორომები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე;

IV კლასი – სოჭის, ნაძვის, წიფლის და დანარჩენი სახეობების კორომები ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე;

V კლასი – თხმელის, ტირიფის, ლაფნის, ვერხვის, ევკალიპტის კორომები, მარადმწვანე ბუჩქნარები, ჭალის ტყეები და სხვა ჭარბტენიან ტერიტორიებზე არსებული კორომები.

ხანძრის ბუნებრივად წარმოშობის ალბათობა და მისი ჩაქრობის სირთულე ამ კლასების მიხედვით ფასდება. ბორჯომის ხეობის ტყეები ხანძარსაშიშ კლასს მიეკუთვნება.

ნათიასთან საუბრისას ხანძრის გაჩენის ყველაზე ხშირ მიზეზებსაც შევეხეთ: „სამწუხაროდ ხანძრის მიზეზი ხშირად ადამიანია. და მარტო დანთბული კოცონი კი არა, ის ნარჩენებიც, რასაც პიკნიკის შემდეგ ვტოვებთ, თუნდაც ბუნებრივად გაჩენილი ხანძრის ადვილად გავრცელებას ძალიან უწყობს ხელს.“

მახსოვს, 2017 წლის ხანძრისას, ბორჯომის ხეობაში, ხეტყის უკანონო ჭრის არაერთი შემთხვევაც დაფიქსირდა. მაშინ, როცა იწვოდა ხეობა და სტიქიას ებრძოდნენ გმირები.ჩვენთვის ისინი მეტყევეები, მეხანძრეები, მაშველები, მოხალისეები არიან, არადა მათ სახელები და გვარები აქვთ. კობა სილაგაძე ერთ-ერთია, რომელიც ბორჯომის ტყეს იცავს.

კობა სილაგაძე მიყვება: „ეს მხოლოდ პროფესია არაა, ეს ცხოვრების წესია, რომელიც სიყვარულით უნდა აკეთო, იმიტომ რომ ჩვენ სიცოცხლეს ვემსახურებით. ჩემი დღე იწყება დილის 6 საათიდან. ტყეში მივდივარ. ჩემთვის, როგორც მეტყევესთვის, ყოველი დილა შიშით იწყება. მეშინია, სადმე ხანძარი არ გაჩდეს, რადგან ხანძარზე დიდი უბედურება ტყისთვის არ არსებობს, მასზე დიდ ზიანს არაფერი აყენებს. ყოველ დილით ვაკვირდებით, სადმე კვამლი ხომ არ ჩანს, ვაკონტროლებ ტურისტულ ბილიკებს, სადმე ღამე ხომ არ გაათენეს და კოცონი ხომ არ დატოვეს.

ტურისტები ხომ ხშირად ტოვებენ კოცონს ან კარგად არ აქრობენ და მერე ღვივდება ხის ფესვებში და ხანძრად იქცევა. ყველაზე მძიმე სანახავი ჩემთვის ნახანძრალი ტყეა. 2008 წელს პირველად ვნახე ნახანძრალი ტყე სოფელ დაბაში, შემდეგ 2017 წელს, როდესაც ხანძარმა თითქმის მთლიანად შთანთქა გაშენებული და უკვე გახარებული ათობით ათასი ნერგი და იგივე ტერიტორია გაიარა.ხანძრის გაჩენის დღიდან მის სრულ ჩაქრობამდე იქ ვიყავით მე და ჩემი თანამშრომლები. ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. მთელი ღამეები გზები გაგვყავდა მძიმე ტექნიკით, ჩვენ, მეტყეევებმა ხომ ყველაზე უკეთ ვიცით ჩვენს ტყეებში სად შეიძლება გზების გაყვანა, დილით კი სახანძრო მანქანები ამოდიოდენ. საშინელებაა, როცა შენ თვალწინ იწვის ტყე, ჩვენი სიცოცხლის წყარო, დედამიწის ფილტვები.“

2018 წლის შემოდგომაზე ორჯერ ნახანძრალი ტყის კიდევ ერთხელ აღდგენა დაიწყო.

ნათია იორდანიშვილი: ტყის აღდგენა საკმაოდ რთული პროცესია. არც ნერგის დარგვაა ერთი შეხედვით ისეთი ადვილი, ბევრს რომ წარმოუდგენია და, რაც არ უნდა დადებითი ემოციებით გვავსებდეს ეს პროცესი, სანამ დარგვაზე გადავალთ, ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. უნდა ვიცოდეთ რა მცენარეს ვრგავთ, რა ადგილას და, რაც მთავარია, არც დარგვის შემდეგ მივივიწყოთ. მხოლოდ ტელეეკრანზე გაელვებას, სოციალურ ქსელებში სიმბოლური ჰეშთეგით ფოტოების განთავსებას და "მწვანე" იმიჯს ბევრი ნერგი შეეწირა. დროა, პასუხისმგებლობაც ავიღოთ და დავრგოთ ისე, რომ გაიხაროს.

განახლების პროცესში თიბისი 10 ჰექტარის აღდგენას უზრუნველყოფს.ტერიტორიაზე ჯამში 17 500 კავკასიური ფიჭვი და სხვა სახის ნერგები დაირგვება. სამუშაოები 2019 წლის შემოდგომამდე გაგრძელდება, თუმცა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მისი მოვლა-პატრონობაა საჭირო. იმისთვის კი, რომ იქ ხანძრამდე არსებული ეკოსისტემა მივიღოთ, ათეულობით წელი უნდა გავიდეს. იქ რომ ისევ დაბრუნდნენ ტყის ბინადრები, ამასაც დიდი დრო სჭირდება. ზურაბ გურიელიძემ მითხრა, რომ ბორჯომის ხეობაში ახლა, სამწუხაროდ, სულ ნაკლებად ვხვდებით ცხოველებს. საქართველოში ძირითადი ცხოველთა სამყარო შემორჩენლია მხოლოდ დაცულ ტერიტორიებზე და მის გარეთ უკვე ნაკლებად არიან. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მათ ტერიტორიაზე ადამიანების შეჭრა და ბრაკონიერობაა.

ავტორი: შორენა ცხოვრებაშვილი