ცისფერი მთები

მეკლდეურობა საქართველოში

ადრენალინი, სხარტი აზროვნება, მოხერხებულობა, გამძლეობა, დაკვირვებულობა, სისწრაფე, მოქნილობა, ფიზიკური ძალა და გართობა ერთად. - ეს მეკლდეურობაა, სპორტის სახეობა, რომლის ისტორია, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს XVIII საუკუნიდან იწყება. 1786 წელს მონ’ბლანის წვერზე პირველად დადგა ფეხი ჟაკ ბალმა და სწორედ ეს თარიღი მიიჩნევა სპორტის დაბადების წლად.

ოქტომბერი 19, 2018

Hello Blog

ადრენალინი, სხარტი აზროვნება, მოხერხებულობა, გამძლეობა, დაკვირვებულობა, სისწრაფე, მოქნილობა, ფიზიკური ძალა და გართობა ერთად. - ეს მეკლდეურობაა, სპორტის სახეობა, რომლის ისტორია, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს XVIII საუკუნიდან იწყება. 1786 წელს მონ’ბლანის წვერზე პირველად დადგა ფეხი ჟაკ ბალმა და სწორედ ეს თარიღი მიიჩნევა სპორტის დაბადების წლად.

დღეს მეკლდეურობა მთამსვლელობისგან გამოყოფილი სპორტის სახეობაა, რომელიც უშუალოდ ტექნიკური კლდოვანი მარშრუტების, „კედლების“ გავლას გულისხმობს. ამ სპორტის სახეობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც სპორტსმენის ფიზიკურ და მენტალურ მომზადებას, ასევე გადაწყვეტილებების სწორად და სწრაფად მიღებას. დაკვირვებული და სხარტი აზროვნების გარეშე რთულია ცოცვა, მეტიც, ამ სპორტისგან სიამოვნების მიღება. თუმცა, არ შეგეშინდეთ! ბევრ მოთხოვნილებასთან ერთად მეკლდეურობა ზედმეტი დაძალების გარეშე „უბიძგებს“ ადამიანს ისეთი ვარჯიშების შესრულებისკენ, რომელიც საშუალებას აძლევს მას ცოცვა მალე აითვისოს და აქტივობისთვის საჭირო ყველა უნარი გამოიმუშაოს. 

სულ რაღაც 6 თვე რეგულარული ვარჯიში და თქვენ უკვე იგრძნობთ როგორ იცვლება თქვენი სხეული, ხდება უფრო მოქნილი, მორჩილი, ამყოლი და ძლიერი, დღითი-დღე თქვენი გონება მეტი ადრენალინის გამომუშავებას მოგთხოვთ, მალე მიხვდებით რომ გეკარგებათ სიმაღლის შიში, ხდებით უფრო ამტანი და რისკის მოყვარული, თქვენი ცხოვრება კი სპორტის ამ ერთი სახეობის ხარჯზე უფრო მრავალფეროვანი ხდება. იწყებთ მოგზაურობას საცოცი ადგილების აღმოსაჩენად, ჯერ თქვენი საცხოვრებლის მახლობლად, შემდეგ თქვენს ქალაქსა თუ რეგიონში, ქვეყანაში და ბოლოს ქვეყნის გარეთაც. ცოცვა თქვენი რუტინის ნაწილიც შეიძლება გახდეს. აქტივობა, რომლის დროსაც შეგიძლიათ გონება სტრესისგან დაასვენოთ, დაეკიდოთ სადმე მაღალ კლდეზე ან კედელზე და ნეგატიური ენერგია ახალი მარშრუტების დაძლევაში გახარჯოთ.

როგორც წესი, ცოცვას ახალბედები დარბაზში იწყებენ, სპეციალურად მოწყობილ კედლებზე სხვადსხვა კომბინაციით დამაგრებულია ხის, ქვის და სპეციალური მინარევისგან დამზადებული საჭიდები, ამგვარად იქმნება განსხვავებული სირთულის მარშრუტები. მათი შეფასებისთვის არსებობს სპეციალური შკალები, საქართველოში ძირითადად ფრანგული შეფასების შკალას იყენებენ, რადგან იგი საბჭოთა პერიოდშიც იყო გავრცელებული. გერმანიაში, იტალიასა და რამდენიმე სხვა ევროპისა და აზიის ქვეყანაში გავრცელებულია საერთაშორისო სამთო გამყოლთა ასოციაციათა ფედერაციის (IFMGA/UIAGM/IVBV) შეფასების შკალაც. ბავშვები ძირითადად 4a, 4b, 4c, 5a დონის მარშრუტებზე იწყებენ ცოცვას, მას მოჰყევბა 5b-6b შორის არსებული სირთულეები. 6b+ დან 7b+ სირთულის დამძლევი სპორტსმენი უკვე საშუალოზე მაღალი დონის მეკლდეურედ ითვლება, ხოლო 7b+ - ის და შემდეგი სირთულის მარშრუტებს კი განსაკუთრებული გამოცდილება და ცოცვის უნარები ესაჭიროება და მხოლოდ ექსპერტებისთვისაა რეკომენდირებული.

საქართველოში მეკლდეურეთა სკოლა 1950 იანი წლებიდან არსებობს, მისი გამორჩეული წარმომადგენელია საკავშირო დონისა ლეგენდად ქცეული მთამსვლელი და მეკლდეური, სპორტის ოსტატი მიხეილ ხერგიანი. იგი პოპულარული იყო არა მხოლოდ სსრკ-ში, არამედ ევროპის სამთამსვლელო და მეკლდეურთა საზოგადოებებშიც. მის კვლაზე მრავალი სპორტსმენი გაიზარდა, ხოლო მისი გარადაცვალებიდან 2 წლის შემდეგ, 1971 წლიდან მოყოლებული ხერგიანის სახელობის სხვადასხვა შეჯიბრი იმართება საქართველოში, მათ შორის გაგრის ყოველწლიური შეჯიბრი მეკლდეურობაში, რომლის ტრადიციაც სამწუხაროდ ომმა დაარღვია. 

90-იანი წლების დაღმავალი პერიოდი სპორტის ამ სახეობასაც შეეხო, თუმცა შვეიცარიისა, გერმანიისა და ავსტრიის სახელმწიფოთა დახმარებით და ახალი თაობების სპორტის ამ სახეობაში ჩართვით თანდთან გამოსწორდა სიტუაცია. გარდა ამისა, კომერციული კუთხითაც გაჩნდა ინტერესი, რამდენიმე დიდმა სპორტულმა დარბაზმა საკუთარი საცოცი კედელი უკვე დადგა თბილისში. 

ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ სპორტის ეს სახეობა საოცრად დადებით გავლენას ახდენს მოზარდების და ბავშვების ფიზიკურ განვითარებაზე, ხელს უწყობს ზრდას, ხერხემლის პრობლემების თავიდან აცილებას, სახსრების მოქნილობასა და სტაბილურობას, კოორდინაციის განვითარებას და სხარტი აზროვნების განვითარებას. ცოცვა გამოსავალია არა მხოლოდ ფიზიკური პრობლემების დასაძლევად, არამედ ფსიქოლოგიური და ფსიქიკური დაბრკოლებების გადასალახავადაც. არსებობს პრაქტიკა, როდესაც აუტისტ ბავშვებს სპეციალურ უნიშნავენ ცოცვის გაკვეთილებს, რასაც დადებითი შედეგი აქვს საზოგადოებაში ინტეგრაციის გაადვილების კუთხით. 

ცოცვა ერთი შეხედვით ინდივიდუალური სპორტია, შენი წარმატება შენსავე ფიზიკურ შესაძლებლობებზე და მონდომებაზეა დამოკიდებული, თუმცა რეალურად უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვისთან ერთად ცოცავ. შენს გარშემო მყოფი ხალხი შენზე პირდაპირ თუ არაპირდაპირ გავლენას ახდენს, ინდივიდი სხვებისგან სწავლობს როგორც კონკრეტულ სპორტულ ელემენტებს, ასევე ცდილობს მათ დასანახად მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს. მეკლდეურეთა საზოგადოება მეგობრული, ჯანსაღი და მრავალფეროვანი ადამიანებისგან შედგება. ამ საზოგადოებაში მოხვედრა კი მარტივია, ინტეგრაცია სასიამოვნო, მათთან თანაცხოვრება კი დიდი გამოცდილების მიმღები, შანსი, რომ შეიძინოთ ცხოვრებისეული მეგობრები და ახლობლები, რომლებიც გვერდში საცოცი კედლის მიღმაც „დაცვაზე“ დაგიდგებიან.

არც საჭირო ინვენტარის შეძენაა რთული, პრინციპში დამწყებთათვის მხოლოდ სურვილი და ერთი წყვილი კედიც საკმარისია, დანარჩენს თქვენი მონდომება გვაჩვენებს!

ავტორი: გურო ვაშაყმაძე

ფოტოები: ნიკა ფანიაშვილი, თამო გოქაძე, Proclimber