კულტურა

ქუჩის ხელოვნება და ფაბრიკაფიტი 2018

ურბანული კულტურა ეკუთვნის ქუჩებს და ქალაქებს, ის ყველგანაა- ნეონის აბრებში, განცხადებებში თუ ქუჩის ხელოვნებაში.

ოქტომბერი 09, 2018

Hello Blog

Graffiti is one of the few tools you have if you have almost nothing.

And even if you don’t come up with a picture to cure world poverty you can

make someone smile while they’re having a piss.

- Banksy (Banging Your Head Against a Brick Wall)

ურბანული კულტურა ეკუთვნის ქუჩებს და ქალაქებს, ის ყველგანაა- ნეონის აბრებში, განცხადებებში თუ ქუჩის ხელოვნებაში.

ქუჩის ხელოვნება ანუ Street Art, არის ვიზუალური ხელოვნება, რომელიც ჩვეული არტ-ვენიუების (სახელოვნებო სივრცეების) მიღმა არსებობს. ის ყოველთვის იყო და იქნება ერთგვარი პროტესტის და საკუთარი თავის გამოხატვის/ დამკვიდრების ფორმა. ყველაზე ნათელი მაგალითი ალბათ Banksy-ია, რადგან მან ქუჩის ხელოვნებას არა მარტო სოციალური არამედ პოლიტიკური პროტესტის ფორმა შესძინა. Street Art-ს ხშირად ‘პოსტ-გრაფიტისაც’ უწოდებენ.

აი თავად გრაფიტი კი ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი პროტესტის ფორმაა, ამავდროს სწრაფი და ძველიც. გრაიფიტი იტალიური სიტყვისაგან graffiato ("scratched") -გაკაწრულს ნიშნავს, ასეთი ნაკაწრების პოვნა კი მთელს მსოფლიოში შეიძლება, რადგან ადამიანს ყოველთვის ქონდა და აქვს სურვილი რამენაირად აღბეჭდოს საკუთარი თავი დროის დინებაში. თუმცა მე-20 საუკუნეში გრაფიტიმ ალბათ ყველაზე ძლიერი წინსვლა განიცადა, რადგან არა მარტო საკუთარი თავის აღბეჭდვის ფორმა იყო უკვე, არამედ იმის აღნიშვნისა, რომ „მე“ როგორც პიროვნება ვარსებობ და „მე“ როგორც პიროვნებას მაქვს ხმა. გრაფიტი მჭიდროდ უკავშირდება ჰიპ-ჰოპის კულტურას და ნიუ-იორკის სხვა სუბ-კულტურებს 1970-იან წლებში. თუმცა ის ხშირად ვანდალიზმად აღიქმება, მისი ფორმის და შინაარსის გამო.

საქართველოში ქუჩის ხელოვნება MIR-ით დაიწყო, ქუჩებში 2000-იან წლებში ნელ-ნელა გამოჩნდა სტენსილები და მოიცვა მთელი თბილისი. შემდგომ მას Dr.Love-იც შეუერთდა, ზუსტად ის ადამიანი რომელიც Fabrikaffitti-ის სულისჩამდგმელად ითვლება MIR-თან ერთად, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით. Street Art-ის საშუალებით გამოხატულმა პროტესტმა, საკმაოდ მაშტაბური სახე მიიღო და უფრო ხშირად ვხედავდით თუ როგორ შლიდნენ ამა თუ იმ ნამუშევარს მისი შექმნიდან რამდენიმე საათში, რადგან მასში საფრთხეს ხედავდნენ. თანადროულად გრაფიტის კულტურაც მოძლიერდა საქართველოში და უფრო მეტმა ადამიანმა გააცნობიერა, რომ მუზეუმების მიღმა არსებობს მრავალფეროვანი კულტურით და სოციალური წინაპირობით აღსავსე სამყარო, რომელიც გაძლევს საშუალებას გამოხატო შენი აზრი და ამ ყველაფრით შეცვალო სამყარო უკეთესობისკენ.

Fabrikaffitti ის ფესტივალია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ისტორიის მქონე ადამიანებს ერთად და აძლევს მათ საშუალებას გამოხატონ საკუთარი თავი კანონის შესაბამისად, მართალია კანონის საწინააღმდეგო ქმედება ადრენალინის და თავგადასავლების მატარებელია, მაგრამ დღეს აქ მხოლოდ ე.წ „კანონიერ“ ხელოვნებაზე ვისაუბრებთ. რატომ არის Fabrikaffitti-ი მნიშვნელოვანი? რადგან ეს ფესტივალი საერთაშორისოა და ხდება კულტურათა შორის გაცვალა, ადამიანების გაერთიანება, რომლებიც უზიარებენ ერთმანეთს ემოციებს და ისტორიებს, მეგობრდებიან და ქმნიან საოცარ ნამუშევრებს. ფესტივალი უკვე მესამე წელია ტარდება საქართველოში, თანადროულად კი სულ მეტი და მეტი ახალი ქართველი ქუჩის ხელოვანი „იბადება” და ვითარდება.

ფესტივალი 6-7 ოქტომბერს ჩატარდა და მასში რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსული არტისტები მონაწილეობდნენ, ყველაზე გამორჩეული ალბათ Millo იტალიელი არტისტია, რომლის ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების კედლებზე შეგხვედრიათ. ის შავ-თეთრი ფიგურებით და არქიტექტურული უკანა ფონით გვიყვება ისტორიებს, რომელიც მოცემულ მომენტშია მნიშვნელოვანი. ჩვენთან პერსონაჟს ხე ამოუვიდა გულიდან, ალბათ ხვდებით რატომაც.

გარდა მილოსი ბევრი ქართველი და უცხოელი არტისტი იყო მოსული სახატავად, ზოგმა აპლიკაცია შეავსო, ზოგიც უბრალოდ გავლით იყო და გადაწყვიტა შეერთებოდა საერთო დინებას. ამ ყველაფრით კი მათ ერთი მთლიანი საოცარი სამყარო შექმნეს, რომელიც ბევრად მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის ქალაქს.

ქუჩის ხელოვანების გარდა თბილისს ეწვია ცნობილი ფოტოგრაფი მართა კუპერი, რომელმაც 70-იან წლებში დაიწყო გრაფიტის და ჰიპ-ჰოპ კულტურის გადაღება და რომ არა მისი ფოტოები, დღეს ქუჩის კულტურა ასეთი დიდი მნიშვნელობის მქონე არ იქნებოდა.

ზუსტად 70-იან წლებში მოხდა გარდატეხა გრაფიტიში და ადამიანები გამოვიდნენ ქუჩებში პროტესტის გამოსახატავად (მაგ. კიტ ჰარინგი ავიღოთ) მართამ კი ეს ყველაფერი ფირზე აღბეჭდა და დღემდე იღებს საოცარ ხელოვანებს, რომელთა ნამდვილი სახელები არ ვიცით, მაგრამ მათი მოძრაობა და იდეა სამყაროს ცვლის.

მართას გარდა მისი მეგობარი ფოტოგრაფი ნიკი კრამერი იყო ჩამოსული, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ქუჩის კულტურის აღბეჭდვაში, ის Red Bull BC 1-ის ოფიციალური ფოტოგრაფია. ეს ორი ადამიანი ხშირად ერთად მუშაობს და მათ ფაბრიკაფიტის ფესტივალის პირველ დღეს ქონდათ ლექცია მათ შემოქმედებაზე და კინოჩვენება 1UP-ის ჯგუფის შესახებ.

პირველ დღეს ასევე ძალიან საინტერესო ლექცია ქონდა კურატორ საშა კროლიკოვას ქუჩის ხელოვნებაზე პოსტ-საბჭოთა სივრცეში.

მეორე დღე ურბანული კულტურის ზეიმი გამოდგა, რადგან სკეიტ-შეჯიბრის გარდა, იყო სკეჩ ბეთლი და ბი-ბოი ბეთლი. სკეჩ ბეთლში კი დამიჯერეთ ძალიან ნიჭიერმა ახალგაზრდამ Spore 3-მა გაიმარჯვა. ის მხოლოდ თინეიჯერია, მაგრამ გრაფიტის საუკეთესო ტრადიციების სტილში ხატავს და ეს ყველაფერი ურბანული კულტურის ნაწილია. აქ ხალხი მოდის აჩვენებს საკუთარ შესაძლებლობებს, პოულობს რაღაც ახალს და მომღიმარი სახით ბრუნდება სახლში, ამ ყველაფერში კი Fabrikaffitti-ის მიუძღვის წვლილი, იმ ხალხს რომელიც არის მისი ნაწილი, თუ ეხმარება მათ ამ ფესტივალის განხორცილებაში.

და ბოლოს გადავწყვიტე ბლოგისთვის რამდენიმე არტისტისთვის მეკითხა თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მათთვის ქუჩის კულტურა და მაინც და მაინც მისი საშუალებით საკუთარი თავის გამოხატვა:

ნამუშევარს კედელზე ბევრი ნახავს, ერთგვარი მოძრავი გალერეაა. გარდა ამისა რასაც ვერ ვამბობ სიტყვით გამოვხატავ ნახატებში, ამ ყველაფერს სხვა მუღამი აქვს_ wise97 (geo)

ობიექტებს რაზეც ვხატავ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩემს ცხოვრებაში, ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეს ობიექტები და მათთან კავშირი რომელიც ხატვის პროცესში მყარდება. ქუჩაში პროტესტის გამოხატვაზე დიდი გამოწვევა ალბათ არ არსებობს, ისეთი ადგილი რომ იპოვო რომელიც შენ ნახატს მოერგება და იმუშავებს _LAMB (geo) 

სტირტ არტი ჩემთვის ჯერ-ჯერობით ერთადერთი უფასო პლატფორმაა საქართველოში ხელოვანებისთვის, რადგან არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა გამოხატო შენი თავი კედელზე და ასევე ბევრი აუთვისებელი ტერიტორია. ეს ბევრად უკეთესია ონლაინ პლატფორმაზე, იმ შემთხვევაში თუ გინდა რომ სოციუმთან უფრო ახლოს იყო, ნებისმიერი სახის სოციუმთან _Chertova (geo)

ყველას განსხვავებული მესიჯი და აზრი გვაქვს, რომელიც გვინდა რომ ხალხს მივაწვდინოთ. არის პროტესტის ნიშნები, ზოგს უბრალოდ საკუთარი თავის დამკვიდრება უნდა. ქუჩის კულტურის საშუალებით კი შესაძლებელია შენი თავი გადმოსცე, აჩვენო შენი შესაძლებლობა, განათლება, მესიჯი_enso (geo)

მე მომწონს დიდი ტერიტორიები და პულვილიზატორები როგორც ინსტრუმენტი, მას შეუძლია დიდი ნაწილების ჩქარა დაფარვა. მცირე დროში ქმნი რაღაც ნათელს და მნიშვნელოვანს, ვფიქრობ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის ქუჩის ხელოვნებაში, გრაფიტიში. მიდიხარ და ხატავ სადაც გინდა_ moosem (aze)

მე არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი ვარ, გრაფიტის ხატვა (წერა) დიდი ხნის წინ დავიწყე, თუმცა შემდგომ მივატოვე და ისევ დავუბრუნდი 2 წლის წინ. ეს ჩემთვის ცხოვრების წესია და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს_ owen - RCV crew (it)

იცი ხანდახან, ეს მარტო მე არ მეხება. აი მაგალითად, მიდიხარ ქუჩაში და ხედავ რაიმე სასიამოვნო ნათელ და მხიარულ ნახატს და ეს ცვლის შენს განწყობას უკეთესობისკენ, შეიძლება მარტო მაგიტომაც ვარ ქუჩის ხელოვნებით დაკავებული. მეც მამხნევებს ეს და სხვასაც უხარია. ისე კი არაა მნიშვნელოვანი რომელ მედიუმში ხატავ. Street Art-ი შესანიშნავი საშუალებაა, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის გახდე ინსპირაციის და გამხნევების წყარო, ინტერნეტში შეიძლება ბევრმა ვერ ნახოს, ქუჩაში კი ნამდვილად შეამჩნევს და მასში რაიმე დაიბადება_tinstwin (rus)

ყველაზე კომფორტული მედია არის ჩემთვის, რადგან თავად პროცესი კედელთან მუშაობის თერაპიასავითაა. ნამუშევარს ნებისმიერი სეგმენტის ადამიანი უყურებს და მათ თავში რაღაც იცვლება_Musya (geo)

ავტორი: მანანიკო კობახიძე

ფოტო: თორნიკე შენგელია