თაობა სიახლეები

ქართველი გამომგონებელი ბავშვები Intel-ISEF -ზე

ივნისი 22, 2017

Hello Blog

„სადაც მთავრდება იდეები, იქ იწყება სიცარიელე”

 ლეონარდო და ვინჩი 

თუ იცით რას ნიშნავს „მიკროკონტროლერის გამოყენებით თვითსწავლებადი სისტემის შექმნა“? და „რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანები”? პირველი - ქართველი გამომგონებელი ბავშვების პროექტის სახელწოდებაა, მეორე კი მიმართულება, რომელშიც ამ პროექტმა ლოს-ანჯელესში, Intel ISEF-ის კონკურსში გაიმარჯვა. 

„The Intel International Science and Engineering Fair (Intel ISEF)“ მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და წარმომადგელობითი კონკურსია. წელს ეს კონკურსი ქალაქ ლოს-ანჯელესში ჩატარდა და მასში მსოფლიოს 78 ქვეყნის 1800-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა. ყველა სამეცნიერო მიმართულებით წარმოდგენილი იყო 800-ზე მეტი პროექტი, ხოლო პრიზები 22 კატეგორიაში გაიცემოდა.

კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ალექსანდრე ხოხიაშვილი, დიმიტრი კორკოტაშვილი და თამარ კორკოტაშვილი ლოს-ანჯელესში Intel ISEF -ზე მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვების შემდეგ გაემგზავრნენ. ისინი ერთ -ერთ უახლეს და ურთულეს კატეგორიაში მონაწილეობდნენ, სადაც მათ 60-ზე მეტი ამერიკული და ევროპული გუნდი უწევდა მეტოქეობას.

მაგრამ ქართველმა გამომგონებლებმა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ინოვაციური პროექტი შექმნეს და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს.

- ბევრი ძალიან საინტერესო და ორიგინალური ნამუშევარი ვნახეთ, - გვითხრა კონკურსის გამარჯვებულმა ალექსანდრე ხოხიაშვილმა, - რაც შეეხება ჩვენს პროექტს, ის მოიცავდა როგორც თეორიულ კვლევას, ასევე ტექნიკურ გადაწყვეტილებებს. მიღებული გვაქვს კარგი პრაქტიკული შედეგები და მნიშვნელოვანი თვალსაჩინოებაც წარვადგინეთ, რისი გადამოწმებაც ჟიურის წევრებს ადგილზე შეეძლოთ. ბევრმა მათგანმა ეს ინტერესით გააკეთა და ძალიან მოიწონა.

- და მაინც რა არის მიკროკონტროლერი?

- მიკროკონტროლერი ეს არის პატარა კომპიუტერი, რომელიც მოთავსებულია მხოლოდ ერთ ჩიპში. მისი შეძენა 2-3 დოლარად არის შესაძლებელი, ხოლო გამოყენების სფერო თითქმის შეუზღუდავია, ჩვენ გამოვიყენეთ მიკროკონტროლერის ეს უპირატესობა და გავაკეთეთ ძალიან მარტივად გამოყენებადი ზოგადი სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა სხვადასხვა ამოცანა გადაიჭრას არა კლასიკური (ფიზიკა+მათემატიკა+პროგრამირება) მეთოდით, არამედ სწავლებით. მაგალითად, თუ გვინდა, რომ ჩვენმა რობოტმა იაროს თეთრ ზოლზე, ამისთვის სპეციალიზირებული პროგრამის დაწერის ნაცვლად, საკმარისია გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენი სისტემით აწყობილი რობოტი ვატაროთ ზოლზე, და ის თვითონ გამოიმუშავებს ამ უნარებს. ამდაგვარი სისტემის გამოყენება შეიძლება ბევრად უფრო რთულ და საინტერესო ამოცანებში, სადაც სპეციალიზრებული პროგრამის დაწერა ან ძალიან რთულია, ან საერთოდ შეუძლებელიც. ამ სისტემის შესაქმნელად შევისწავლეთ და გამოვიყენეთ დღეისათვის ფართოდ გავრცელებული ხელოვნული ნეირონული ქსელები, რომლებიც დაახლოებით ისე მუშაობს, როგორც ადამიანის ტვინში არსებული ბუნებრივი ნეირონები.

ქართველი გამომგონებლების აღმოჩენა „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსზე მოხდა. ეს კონკურსი წელს „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ ორგანიზებით უკვე მეექვსედ ჩატარდა და მისი მხარდამჭერი მეორე წელია თიბისი ბანკია, რომელიც გამარჯვებულებს აჯილდოებს და თიბისი სტატუსის ერთწლიან სტიპენდიასაც უნიშნავს. კონკუსრსის გამარჯვებულებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებები უცხო არ არის, თუმცა მათ იდეებს მხარდაჭერა და ხელისშეწყობა ჯერ ჩვენს ქვეყანაში სჭირდება.

„სადაც მთავრდება იდეები, იქ იწყება სიცარიელე,“ - მიიჩნევდა დიდი იტალიელი მოაზროვნე და შემოქმედი ლეონარდო და ვინჩი, - ხოლო სადაც იბადება იდეები, იქ იქმნება ახალი, განსაკუთრებული სამყარო და ისევ და ვინჩის სიტყვები რომ მოვიშველიოთ „ბედნიერებაც იმას ენიჭება, ვინც ბევრს სწავლობს და შრომობს.“

წარმატება ვუსურვოთ „და ვინჩის ბავშვებს“ და გვახსოვდეს რომ ეს ის თაობაა, ეს ის ძალაა, ვისაც მსოფლიოს სხვა გამომგონებლებთან ღირსეული კონკურენცია და ქვეყნისთვის დიდი ინტელექტუალური სიმდიდრის მოტანა შეუძლიათ.