კულტურა სიახლეები

ნომინაცია - საუკეთესო დებიუტი

„საბას“ დებიუტის ნომინაცია, შეიძლება ითქვას, ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ნომინაციაა. აქ სხვადასხვა ჟანრის ავტორი თუ წიგნია წარმოდგენილი. განსაკუთრებით საინტერესოა, იმ პროცესზე დაკვირვება, რჩებიან თუ არა „საბას“ დებიუტანტები ქართულ ლიტერატურაში, ქმნიათ თუ არა რამე ახალს, ახალი სიცოცხლით ავსებენ თუ არა ლიტერატურულ პროცესს. 

ოქტომბერი 02, 2018

Hello Blog

„საბას“ დებიუტის ნომინაცია, შეიძლება ითქვას, ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ნომინაციაა. აქ სხვადასხვა ჟანრის ავტორი თუ წიგნია წარმოდგენილი. განსაკუთრებით საინტერესოა, იმ პროცესზე დაკვირვება, რჩებიან თუ არა „საბას“ დებიუტანტები ქართულ ლიტერატურაში, ქმნიათ თუ არა რამე ახალს, ახალი სიცოცხლით ავსებენ თუ არა ლიტერატურულ პროცესს. 

როგორც წესი, დებიუტის ნომინაციის ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია ხოლმე, თუმცა წელს, პირიქით, ნომინაციის მოკლე სია მართლად მაქსიმალურად მოკლეა. აქ წელს მხოლოდ ორი წიგნია წარმოდგენილი, ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული რომანი. განსხვავებულია თემატიკა, გამოხატვის ფორმა, მსოფლმხედველობა, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის შედეგის მოლოდინს.

1. გაბრიელ ტანიე, „ქანაანის შვილები“

გაბრიელ ტანიე სოსო გაჩავას ლიტერატურული ფსევდონიმია.

დაიბადა 1971 წელს. პროფესიით კინორეჟისორია. წლების განმავლობაში ეწეოდა როგორც სასულიერო მოღვაწეობას, ისე პედაგოგიურ საქმიანობას (ასწავლიდა ხატვას და თექაზე მუშაობას) საქართველოსთვის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან, საზღვრისპირა რეგიონებში – სამცხე-ჯავახეთსა და ფშავ-ხევსურეთში.

საკუთარ მოსწავლეებთან ერთად მოამზადა ოთხი გამოფენა აღმოსავლეთ საქართველოს ჩეჩენ-ინგუშეთის საზღვრისპირა რეგიონში. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით სხვადასხვა დროს აღადგინეს 3 უძველესი, ისტორიული მნიშვნელობის ეკლესია. ასევე დაიწყო საუკუნის პროექტად წოდებული როშკა-არხოტის გზა. როგორც კინოდოკუმენტალისტი, მონაწილეობდა რუსეთ-ჩეჩნეთის ომში.

მამა იოსებ გაჩავა ბოლო ორი წელია ცხოვრობს პრაღაში და მსახურობს ჩეხეთის მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიაში.

მისი სადებიუტო რომანი „ქანაანის შვილები“ გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა.

„ქანაანის შვილები“ კოსმოპოლიტი, ჰუმანისტი მწერლის რომანია. სხვადასხვა რელიგია და კულტურა, ბევრი, ერთმანეთისგან განსხვავებული პერსონაჟი, ამბების, ფერებისა და ხასიათების ფოიერვერკი. „ნელ-ნელა, გაუბედავად, ეჭვით, ტკივილით, სიყვარულით... იწერებოდა ... სად აღარ... ხევსურეთში, არგვეთაში, ნეაპოლში, რომში, პარიზში, ბარსელონაში... სად აღარ... ბოლოს პრაღაში ჩამოაღწია და აქ დასრულდა...“ - წერს ავტორი წინასიტყვაობაში. გეოგრაფიული გზა ლიტერატურულად გარდაიქმნა, სიუჟეტის ფორმა მიიღო და ერთგვარად, წიგნის კომპოზიციასაც დაატყო თავისი კვალი.

2. ზურა ჯიშკარიანი, „საღეჭი განთიადები უშაქროდ“

ზურა ჯიშკარიანი პირველად მუსიკალურ პროექტში „Kung Fu Junkie“ გამოჩნდა. წარმატებული აღმოჩნდა მისივე შექმნილი პირველი ქართულენოვანი ჩეთბოტი „კიბერ გალაკტიონი“. დღეს ზურა რამდენიმე გამოცემისთვის წერს, არის ჩეთბოტების დიზაინერი და ჰიპ-ჰოპ დუეტ kayakata-ს წევრი. „საღეჭი განთიადები Sugar Free“, ზურა ჯიშკარიანის სადებიუტო რომანია, რომელიც კიბერპანკის ჟანრს განეკუთვნება და არეული ალგორითმების გამო, ციფრულ სამყაროში შემდგარი მეორედ მოსვლის შესახებ მოგვითხრობს. სანამ სასულიერო პირები რეალობას ჰაკავენ, რომ იქნებ რამენაირად შეაჩერონ პროცესი, „მოგზაურთა“ ჯგუფი მობილიზებას იწყებს, რათა სიმულაციაში გამომწყვდეული მესია დაიხსნას“.

ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოეტური ტექსტია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, ენობრივი ქსოვილი სრულიად პოეტურია, რაც ამ კიბერპანკის ჟანრის რომანს ერთგვარად, პოემას ან ეპოსს ამსგავსებს. უამრავ ლიტერატურულ ტექსტს, საითაც შეიძლება მკითხველი წაიყვანოს ამ რომანმა, შთაბეჭდილებებს, ერთგვარ ხილვებს, სრულიად ახლებურ ენას, მეტაფორებს ერთი ამბავი კრავს, თითქოს მრავალჯერ გადამუშავებული და ამ რომანში სრულიად განსხვავებულად წარმოდგენილი - ვინ შეიძლება იხსნას სამყარო მეორედ მოსვლის ჟამს? მარგინალებმა, რა თქმა უნდა.

„თქვენი მისიაა, ჩახვიდეთ კიბერსამყაროში, დაადგინოთ უფლის, იგივე მეშიახის, იგივე ყველაზე თესლი გეიმერის ადგილსამყოფელი და რადგან ის უსხეულოა – გადმოიყვანოთ ერთ-ერთ ამ ანდროიდში. ბევრი მათგანი აქ, საქართველოში დამზადდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, ნაწილი კი ფილიპინებსა და ჩინეთში, ჩინური მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსებით. უფალი თავად აირჩევს, რომელ ანდროიდში შემოვიდეს, თქვენი მისიაა, ის მიიყვანოთ პორტალთან, სადაც ჩვენ შევძლებთ მისი ცნობიერების კოდის ტრანსპორტირებას.“

ავტორი: saba.com.ge