კულტურა

16 რჩეული რომანი პრემია "საბას" ისტორიიდან

ლიტერატურული პრემია "საბა" 2003 წელს დაარსდა და მისი მიზანი გასული წლის ლიტერატურული მოვლენების შეჯამებაა. პრემიის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე მხოლოდ იზრდება, რაც ერთი მხრივ, ჯანსაღ ლიტერატურულ პროცესზე, მეორე მხრივ კი - ამ დაჯილდოების მნიშვნელობაზე მიუთითებს. წლევანდელი საბა განსაკუთრებული იქნება, რადგან საზეიმო ცერემონია გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროგრამის ფარგლებში გაიმართება, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსითაა წარმოდგენილი. მანამდე კი, სანამ საბა 2018-ის გამარჯვებულების ვინაობას გავიგებდეთ, გადავხედოთ რომანებს, რომლებმაც პრემიის არსებობის მანძილზე "წლის რომანის" ტიტულის მოპოვება შეძლეს. რამდენი მათგანი გაქვთ წაკითხული?

სექტემბერი 26, 2018

Hello Blog

ლიტერატურული პრემია "საბა" 2003 წელს დაარსდა და მისი მიზანი გასული წლის ლიტერატურული მოვლენების შეჯამებაა. პრემიის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე მხოლოდ იზრდება, რაც ერთი მხრივ, ჯანსაღ ლიტერატურულ პროცესზე, მეორე მხრივ კი - ამ დაჯილდოების მნიშვნელობაზე მიუთითებს. წლევანდელი საბა განსაკუთრებული იქნება, რადგან საზეიმო ცერემონია გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროგრამის ფარგლებში გაიმართება, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსითაა წარმოდგენილი. მანამდე კი, სანამ საბა 2018-ის გამარჯვებულების ვინაობას გავიგებდეთ, გადავხედოთ რომანებს, რომლებმაც პრემიის არსებობის მანძილზე "წლის რომანის" ტიტულის მოპოვება შეძლეს. რამდენი მათგანი გაქვთ წაკითხული?

2003 წელი

აკა მორჩილაძის "შენი თავგადასავალი"

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

რომანი 1999 წელს გაგრძელებებით იბეჭდებოდა ლიტერატურულ გაზეთ ქომაგში სათაურით გენერალი როდიონოვი და პორტობელოელი შავი სემი. მიზეზთა გამო, რომანის წიგნად გამოცემა სულ სხვა სათაურით გადაწყდა - შენი თავგადასავალი. წიგნისათვის ავტორმა ტექსტი ოდნავ გადაამუშავა. რომანს დაემატა აგრეთვე ხელნაწერის რამდენიმე გვერდი, რომლებიც ტექნიკური მიზეზების გამო თავის დროზე ვერ მოხვდა გაზეთში. ეს ქართულ-ლონდონური ამბავი 90-იანების ტკივილით, აგრესიით, შიშითა და ბოღმით არის სავსე. ნარკოტიკებით გაბრუებული თხრობა კი საინტერესო ასოციაციებს იწვევს ჩვენი ქვეყნის უახლეს წარსულზე.

2004 წელი

ოთარ ჭილაძის "გოდორი"

"გოდორი" ქართველი კლასიკოსის, ოთარ ჭილაძის ბოლო რომანია. ეს არის, ერთი მხრივ, იდეათა რომანი, მეორე მხრივ - რომანი-საგა. წიგნში ოთარ ჭილაძის განუმეორებელი თხრობით აღწერილია მთელი მეოცე საუკუნის ქართული ცხოვრება. Goodreads-ზე "გოდორს" მკითხველები "შემაძრწუნებელს", "ძლიერმოქმედსა" და "შემზარავს" უწოდებენ. ასე რომ, სანამ წაიკითხავდეთ, წინასწარ განეწყვეთ, რომ ეს მარტივი გზა არ იქნება.

ოთარ ჭილაძე 1999 წელს ბრიტანელი ქართველოლოგის, დონალდ რეიფილდის წყალობით წარადგინეს ნობელის პრემიაზე.

2005 წელი

აკა მორჩილაძის "სანტა ესპერანსა"

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ფოტო: საბას ფოტოარქივი

აკა მორჩილაძის "სანტა ესპერანსა" როგორც ფორმით, ასევე შინაარსით ახალი მოვლენა იყო ქართულ ლიტერატურაში. წიგნი თავდაპირველად ოთხი სხვადასხვა ფერის 9-9 რვეულის სახით გამოიცა და მაშინვე მიიპყრო მკითხველთა ყურადღება. გამოგონილი ქვეყანა სანტა ესპერანსა ასევე გამოგონილ კუნძულზე მდებარეობს. ამ სასწაულებრივი სამყაროს კარი ყველასათვის ღიაა, ვისაც სურს, ითამაშოს ყველაზე არაჩვეულებრივი ბანქო მსოფლიოში, გაიგოს კუნძულების დრამატული ისტორია, მოისმინოს ნაღვლიანი სიმღერები და გამოააშკარავოს იმ ლეგენდის საიდუმლოება, ყველაზე გრძელი ჩიბუხის ამბავს რომ უკავშირდება.

"სანტა ესპერანსა" გერმანულ-შვეიცარიულმა გამოცემა Pendo-მ რამდენჯერმე გამოსცა.

2006 წელი

აკა მორჩილაძის "ვენერას სიზმარი"

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ფოტო: Agenda.ge

აკა მორჩილაძის მორიგ ლიტერატურულ ექსპერიმენტში მთავარი მთხრობელი არც მეტი, არც ნაკლები, ბუა. საღამოს პირზე გაღვიძებულმა ბუმ მწერალს ტყეში მომხდარი ფათერაკები უამბო. მწერალმა კი ნაამბობს საკუთარი განმარტებები და შენიშვნები დაურთო, რამაც რომანის სტრუქტურას საინტერესო და ორიგინალური სახე მისცა. ისტორიული ჟანრის პოსტმოდერნისტული რომანი ერთდროულად რამდენიმე გმირის ირგვლივ ვითარდება და სამოქალაქო ომს ეხმიანება. ე.წ. "ძველმოდური ჩანართები" ტყეზე, ღვინოზე, იარაღსა და ქართველებზე კი თავისუფლად შეგვიძლია მოკლე ესეებად მივიჩნიოთ.

2007 წელი

ლაშა ბუღაძის "ოქროს ხანა"

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ფოტო: საბა

ლაშა ბუღაძის რომანი "ოქროს ხანა" საქართველოდან ნებით თუ იძულებით გადახვეწილი და თბილისში დარჩენილი თანამედროვე ქართველი ახალგაზრდების შესახებ მოგვითხრობს. წიგნიდან გაიგებთ, რატომ გაიქცა რომანის მთავარი პერსონაჟი კოტიკო თბილისიდან და რატომ დაბრუნდა უკან; როგორ ხდებიან ძველი ბიჭები პოლიტიკოსები; როგორ აშენებენ თბილისში ნარკომანები ეკლესიებს და როგორ ქმნიან ერთობლივ ოჯახს შორეულ ბრიტანეთში თბილისელი შოთიკო და დათუნა... რა თქმა უნდა, სათაურიც, სიუჟეტიცა და პერსონაჟებიც ირონიულია.

2008 წელი

აკა მორჩილაძის "Maid in Tiflis"

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ფოტო: საბა

აკა მორჩილაძის რომანი "Maid in Tiflis" ამბებითა და თავგადასავლებით დახუნძლული რომანია. რომანი 13 წიგნისგან შედგება, რომლებშიც სხვადასხვა ადამიანების სასიყვარულო ისტორიებია მოთხრობილი - დაწყებული ვარსქენ პიტიახშისა და შუშანიკის ურთიერთობით, დასრულებული პლეხანოველი მოგელასა და შირაზის ვარდის, ან ბარნოველი ლევიკოსა და საბჭოთა პერიოდის ქალების თაგვადასავლებით.

2009 წელი

თეონა დოლენჯაშვილის "მემფისი"

სიესტა

"დასავლური სამყარო დაბერდა, დაძაბუნდა და სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანო – გული დაუავადდა. ამ მაგიური და ყოვლისშემძლე მემფისის მოჩვენებით სიძლიერეს თავშეფარებული ადამიანები ყველაზე უბედური, სიყვარულისა და იმედებისგან დაცლილი, თოჯინებად ქცეული ადამიანები არიან. ასეთივეა თბილისელი მხატვარი გოგონა, რომელიც 90-იანი წლების თბილისს ევროპაში გაურბის, თუმცა ცივილიზებულ და ბრწყინვალე გარემოში მოხვედრილი ახალი მემფისის ცრუ ღმერთების ნებაყოფლობითი მსხვერპლი ხდება".

2010 წელი

ნაირა გელაშვილის "პირველი ორი წრე"

Aloni

ფოტო: საბა

რომანი 1992-1994 წლებში დაიწერა, თუმცა მას რამდენიმე პასაჟი 2008 წელს დაემატა. წარმოდგენილი რომანი საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების მხატვრული გააზრებისა და შეფასების უაღრესად წარმატებული მცდელობაა. მწერალი მრავალფეროვანი მხატვრული ხერხების საშუალებით თანამედროვე საქართველოს ყოფა-ცხოვრების თითქმის ყველა მხარეს გვიჩვენებს და პასუხს სცემს უამრავ შეკითხვას.

2011 წელი

ერლომ ახვლედიანის "კოღო ქალაქში"

სიესტა

“ვანო და ნიკოს” შემდეგ რომ ერლომ ახვლედიანი დიდხანს მუშაობდა ამ წიგნზე. "კოღო ქალაქში" 60-იანი წლებიდან მოყოლებული იწერებოდა და წიგნში დროის მიერ დატოვებული კვალი ადვილად შესამჩნევია, თუნდაც ტროლეიბუსებისა თუ ოთახების აღწერაში. წიგნის მოკლე რეზიუმეს თავად წიგნშივე ვხვდებით: “ხუთწუთიანი ქვიშის საათი გადავაბრუნე და დაიწყო ამბავი ლურჯთვალა კოღოსი, დაკარგული ჯიმშერის, მეცხრეკლასელი ლიასი, გრაფომანი მწერლისა, ლიას ძმა გიასი, მანანასი, ნიავის, მალარიის, ცისა და მიწის, ჩიხის, გისოსიანი სარკმლისა და ყველა იმათი, ვინც არის ამ ამბავში და ვინც არ არის..."

2012 წელი

აკა მორჩილაძის "Obole"

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

"რომანის მთავარი გმირი, ირაკლი, მურის ციხისთავების შთამომავალი, მაგრამ გათბილისელებული ბიჭი, ორი დღით ჩადის ერთ პატარა დაბაში ბაბუისეული სახლის ჩატეხილი სახურავის შესაკეთებლად და თავგადასავალიც იწყება... სახლის სხვენში ასული ძველისძველ თოფს აღმოაჩენს, რომელიც ბიძამ ბავშვობაში ობოლედ გააცნო. ობოლე მურის ციხისთავების ნაქონი, ლამაზი, გრძელლულიანი თოფია, კაჟიანი, სადაფებით გაწყობილი. მშვიდობიანობის დროს კედელზე ეკიდა უმოქმედოდ, ცარიელი, კაჟი კარგა ხნის გაცვეთილი ჰქონდა და ამ თავისი დუმილით ყველა წინანდელი გასროლა გამოისყიდა, ერთხელ კი გასროლის გარეშეც გადაარჩინა ერთ-ერთი პატრონი. ეს თოფი, ბაბუისეული სახლი და გარსშემოხვეული ისტორიები საოცარ ფანტაზიებს აღუძრავს მთავარ გმირს, რომელიც ისედაც არ უჩივის წარმოსახვის სიმწირეს და ეს ფანტაზიები ნელ-ნელა წარმოუდგენლად იხლართება რეალობაში. მაგრამ თუ სცენაზე თოფი კიდია, უნდა გაისროლოს კიდეც. გაისვრის ობოლე ბოლოს და ბოლოს?"

პ.ს. აკა მორჩილაძეს ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ აქვს მიღებული საბა. ყველა ჯილდო მან საუკეთესო რომანის ნომინაციაში მიიღო

2013 წელი

ნაირა გელაშვილის "მე ის ვარ"

კავკასიური სახლი

"მე ის ვარ" უამრავი გოგონას ისტორიას ჰგავს. ნია ლელიშვილი ვაკის ერთ მშვიდ და წყნარ ქუჩაზე ცხოვრობს. ის მეოცე საუკუნის სამოციანი წლების ინტელიგენტურ ოჯახში იზრდება და სხვების მიერ დაწერილ დინებას მიჰყვება, სანამ მის ცხოვრებაში პირველი სიყვარული არ გამოჩნდება. გაცილებით უფროსი ბიჭის მიმართ გაჩენილი გრძნობის გამო ნიას ურთიერთობა უფუჭდება მშობლებთან, მეგობრებთან და მასწავლებლებთან. ის მარტოსულ მოზარდად იქცევა, რომლის ქმედებებისაც არავის ესმის. მოკლედ, რომანი ცალმხრივ სიყვარულზე, გარდამავალი ასაკის სირთულეებსა და ბავშვობასთან გამოთხოვებაზეა. სიუჟეტი ძირითადად ორ დროში ვითარდება და ორ ასაკობრივ განცდაზეა ფოკუსირებული: 13 წლის მოზარდისა და უკვე ხანშიშესული ქალისა.

"მე ის ვარ" ერთგვარი მანიფესტია, რომელიც შეგვახსენებს, რომ როცა საქმე სიყვარულს ეხება, ჩვეულებრივი მოზარდი "ვეფხისტყაოსნის" გმირებისაგან დიდად არ განსხვავდება.

2014 წელი

ზვიად კვარაცხელიას "ფორმა #100"

ინტელექტი

ფოტო: საბა

"ფორმა N100" ზვიად კვარაცხელიას პირველი რომანია, სადაც უაღრესად მკაცრი ცხოვრებისეული სიმართლე ლიტერატურულ სინამდვილედაა ქცეული. საერთო ცოდვა, რომელიც ნაწარმოების რამდენიმე პერსონაჟს (მათ შორის მთხრობელსაც), აუცხოებს და ამავე დროს აკავშირებს კიდეც ერთმანეთთან, რომანის მთავარი სიუჟეტური ქარგაცაა და ავტორისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევის ობიექტიც. ახალგაზრდობაში ჩადენილ ცოდვაზე, ისევე, როგორც მის მიზეზებსა და შედეგებზე, ავტორი საინტერესოდ და რიგ შემთხვევაში დეტექტიური ჟანრის სიმძაფრით მოგვითხრობს"

2015 წელი

აბო იაშაღაშვილის "როიალ-მერი"

დიოგენე

ფოტო: საბა

"როიალ-მერი" საფათერაკო ამბებით სავსე რომანია, ყოველ შემთხვევაში, თავად ავტორი მას ასე ახასიათებს. წიგნი მე-19 საუკუნის 80-იანი წლების თბილისს გვიხატავს: ცხენის ქურდების დევნა, გვამები, საიდუმლოები და გერმანულ-ბრიტანული დაზვერვის ჩახლართული თამაშები - ალუზიებითა და ისტორიული ამბებით სავსე ეს წიგნი გამოგონილ წარსულში გამოგზაურებთ.

2016 წელი

ბექა ქურხულის "სამოთხიდან გაქცეულები" / ზურაბ სამადაშვილის "მოსალოდნელი მოულოდნელობანი"

ინტელექტი / გლოსა

2016 წელს საუკეთესო რომანის ტიტული ერთდროულად ორმა რომანმა დაიმსახურა. ბექა ქურხულის "სამოთხიდან გაქცეულები" ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულის მხატვრული რეტროსპექტივაა. სამი მეგობრის ოდისეა სულისშემძვრელი ამბებით, სევდიანი, ზოგჯერ ტრაგიკული შინაარსით, იმ ეპოქის ფონზე იშლება, რომელიც ბოლომდე ჯერაც ვერ წაიკითხა და გაიაზრა ჩვენმა საზოგადოებამ. ზურაბ სამადაშვილის "მოსალოდნელი მოულოდნელობანი" თანამედროვე, ყოფით ამბებზე შექმნილი ისტორიაა, რომლის მიღმაც საოცარი ზედაპირულობა ჩანს. ამ წიგნის პერსონაჟებისმაგვარ ადამიანებს ყველა შევხვედრილვართ. მათი სიყვარული ისეთივე ფასადური, მყვირალა და ერთჯერადია, როგორიც - ქალაქის ნაცრისფერ კედლებზე გაკრული საარჩევნო პლაკატები. მათი სიცარიელე კი რომანის მთავარი მოტივია.

2017 წელი

ალეკო შუღლაძის "გადამალვა"

დიოგენე

ფოტო: საბა

ალეკო შუღლაძე 90-იანებში გამოჩნდა და მაშინვე მიიზიდა მკითხველი თავისი იოლად გამოსარჩევი წერის მანერით, რომელშიც ლაღი იუმორი, ხედვის პარადოქსალურობა და ეგზისტენციალური სიმძიმეები ორგანულად ერწყმოდა ერთმანეთს. წარმატებული სტარტის შემდეგ მწერალი ლიტერატურული სივრციდან გაქრა. გადაიმალა 15 წლით... რომან "გადამალვაში" კი მთელი ეს პერიოდია ჩატეული: 15 წლის განმავლობაში ნაფიქრი, განცდილი და თავს გადამხდარი. აქ ალეკო შუღლაძის ხმას სხვა სიღრმე აქვს შეძენილი, ამბავი კი, რომელსაც მწერალი მოგვითხრობს, საოცრად მძიმე წასაკითხია.

"ერთ ჩაკეტილ ოთახში ვიყავი, სადაც ავადმყოფს ვუვლიდი და ეს ავადმყოფი იყო დედაჩემი, და, შესაბამისად, ყველა პირობა შეიქმნა იმისათვის, რომ მეწერა. უვლი ავადმყოფს და ეს ყველაფერი გადაგაქვს რვეულში. გაქვს იმისი დრო, რომ თან იყო უშუალო მონაწილე, თან იყო მწერალიც. თან პერსონაჟი ხარ და თან გარედან ავტორიც ხარ. ჩემი ცხოვრების ეს მომენტი უფრო მსუბუქი რომ ყოფილიყო, წერას არ დავბრუნდებოდი" - განაცხადა ალეკო შუღლაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ამ რომანებისთვის ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია იმის აღსაქმელად, რამდენად მრავალფეროვანია ქართული პროზის მიერ ამ წლებში განვლილი გზა - როგორ მიჰყვება ის თანამედროვე საქართველოს ისტორიას და ამავე დროს, ხშირად უხვევს გამოგონილი სამყაროებისკენ. 2018 წლის ფავორიტი რომანის გამოვლენამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, მანამდე კი გაეცანით საბას ფინალისტებს ამ ბმულზე.

ავტორი: on.ge