კულტურა სიახლეები

ნომინაცია - საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

პრემია „საბას“ საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის ნომინაცია ყოველ წელს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ტექსტებით არის წარმოდგენილი. დოკუმენტური პროზა ბოლო დროს, როგორც ქართულ, ისე მსოფლიო ლიტერატურაში სულ უფრო პოპულარული ხდება, რაც, ნომინაციის გრძელ სიაში წარმოდგენილი წიგნების რაოდენობასა და ხარისხზეც აისახება.   

სექტემბერი 19, 2018

Hello Blog

პრემია „საბას“ საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის ნომინაცია ყოველ წელს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ტექსტებით არის წარმოდგენილი. დოკუმენტური პროზა ბოლო დროს, როგორც ქართულ, ისე მსოფლიო ლიტერატურაში სულ უფრო პოპულარული ხდება, რაც, ნომინაციის გრძელ სიაში წარმოდგენილი წიგნების რაოდენობასა და ხარისხზეც აისახება.   

გეოგრაფიული თუ დროითი ჩარჩოებისგან თავისუფალი, თემატურად მრავალფეროვანი ლიტერატურული კალეიდოსკოპი წელსაც, ისევე, როგორც სხვა წლებში, რამდენიმე, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ წიგნს გვთავაზობს.

1. ირმა ტაველიძე „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“

ირმა ტაველიძე გამოცდილი მთარგმნელი და შესანიშნავი პროზაიკოსია, ერთ-ერთი საუკეთესო. მისი პირველი პროზაული ტექსტები 1999 წელს დაიბეჭდა. 2007 წელს გამოიცა ირმა ტაველიძის მოთხრობების პირველი კრებული „ავტობიოგრაფია ფრანგულად“. წლების განმავლობაში თარგმნიდა ინგლისურიდან და ფრანგულიდან სხვადასხვა ლიტერატურული ჟურნალისთვის. თარგმნა მიშელ უელბეკის წიგნები: „პლატფორმა“ და „სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები“, ასევე - ქეთი ქანთარიასთან ერთად - ჯ. მ. კუტზეესა და პოლ ოსტერის „აქ და ახლა: წერილები (2008-2011)“.

2013 წელს გამოცემული მოთხრობების კრებული „აღმოსავლეთის გამოგონება“ პრემია „საბას“ საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციის ფინალისტი იყო. „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ წერილებსა და ესეებს აერთიანებს, თემატიკა, ისევე, როგორც, სათქმელის გამოხატვის ფორმა ყველა ტექსტს განსხვავებული აქვს, ბავშვობის მოგონებები, სკოლა, ლიტერატურა, თარგმანის ხელოვნება - პროფესიული ნარატივი თუ საოცრად გულწრფელი, გულში ჩამწვდომი მოგონებები.

2. სოსო მეშველიანი, „ქუნარეშ“

წელს „საბას“ მოკლე სიაში პოეტ სოსო მეშველიანის ორი წიგნია წარმოდგენილი, საუკეთესო პოეტური კრებულისა და საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის ნომინაციებში. ლიტერატურული საზოგადოება სოსო მეშველიანის პოეზიას კარგად იცნობს, მისი პოეტური კრებული „ მიჟლაჰარ“ 2015 წლის „საბას“ ფინალისტი იყო.

ქუნარეშ“ პოლიჟანრული წიგნია, წერილებს, ჩანახატებს, მინიატურებს აერთიანებს, მწერლის ემიგრანტული ყოფა, სამშობლოდან გადახვეწილი ადამიანები, ბავშვობის მოგონებანი, მონატრება და ლიტერატურა, როგორც ყველაზე დიდი თავშესაფარი, რომელსაც მიაშტერდები და სიმშვიდეს შეინარჩუნებ, მაშინ, როცა საზღვარზე გულდასმით ჩხრეკენ შენს პირად ნივთებსა და ცხოვრებას.

3. მარინა ქარცივაძე, modus Vivendi

რა ხდება მაშინ, როცა მსახიობი რეჟისორის შესახებ წიგნის დაწერას გადაწყვეტს? მსახიობი და მწერალი მარინა ქარცივაძე ოთარ იოსელიანის რამდენიმე ფილმში მონაწილეობს, მათი შემოქმედებითი ურთიერთობა ოთარ იოსელიანის სადიპლომო ნამუშევრით, „აპრილით“ დაიწყო და შემდეგ სხვა ფილმებში გაგრძელდა.

“ თავიდან, როცა ოთარმა თავის პირველ (მხატვრულ) ფილმში მონაწილეობა შემომთავაზა, ამ წინადადებამ არ მომხიბლა, „მიტყდებოდა“ კიდეც (ხშირად სლენგი სიტყვის ხასიათს უფრო ზუსტად გამოხატავს _ სლენგს გაუმარჯოს!).ბუნებრივია, დღევანდელი გადასახედიდან სხვაგვარად ვაფასებ, მაგრამ ფაქტებს არ შევცვლი, არ დავამახინჯებ, რაც ბევრ მემუარისტს ახასიათებს. ეს წიგნი პროფესიონალთა საზოგადოებისთვის არ დამიწერია. მათთვისდავწერე, ვისაც უყვარს კითხვა, კინო... და იოსელიანის პიროვნება აინტერესებს. ცხადია, წიგნში მხოლოდ ოთარით ვერ შემოვიფარგლებოდი. იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც თანამშრომლობით, პირადი ურთიერთობით ან, უბრალოდ, თავისი არსებობით, ამ მოგონებების ნაწილს წარმოადგენენ და მათთან ფურცელზე შეხვედრამაც სევდანარევი სიხარული განმაცდევინა...” წერს ავტორი წიგნის შესავალში. 

წყარო: Saba.com.ge