კულტურა სიახლეები

Ad Black Sea - ახალ წელს გილოცავთ!

Ad Black Sea International Advertising Festival, ანუ გილოცავთ ახალ წელს!

აგვისტო 24, 2018

Hello Blog

Ad Black Sea International Advertising Festival, ანუ გილოცავთ ახალ წელს!

გაიხსენეთ ის შეგრძნება, ბავშვობაში ახალი წლის მოახლოებასთან ერთად რომ გეუფლებოდათ - გული გიჩქარდება, ადგილზე ვერ ჩერდები, სულ მალე რაღაც განსაკუთრებული მოხდება. 

უკვე მეოთხე წელია, დეკემბრის ნაცვლად, სექტემბერის მოახლოვებას მსგავსი ეიფორიით ვხვდები. წლის აღქმაც სხვანაირად დავიწყე. Ad Black Sea ფესტივალით სრულდება ძველი და იწყება ახალი. Ad Black Sea-ს ხსენებისას წარმოიდგინეთ არა ფორუმი ან სიმპოზიუმი, არამედ ნამდვილი დღესასწაული ბათუმში, "ხავერდის სეზონზე".

რა მოხდება წელს, 20-22 სექტემბერს?

თბილისი ამოისუნთქებს! ქალაქიდან "გაიკრიფება" სარეკლამო ინდუსტრიისა და მარკეტერების საკმაოდ დიდი ნაწილი (და რადგან დღესასწაული ვახსენე, აქვე შეიძლება აღდგომაც გაგვახსენდეს).

Ad Black Sea-ის სტუმრები ჩაყვინთავენ ცოდნის, შთაგონების, ურთიერთობის, მხიარულების და ჯანსაღი შეჯიბრის ზღვაში - Dive In - ასეთია ზღვისპირა ფესტივალის წლევანდელი თემა. მყვინთავებს ახალი აღმოჩენებისკენ წყალქვეშა არსებები გაუძღვებიან, რომლებიც უხვად არიან ფესტივალის 2018 წლის ბრენდინგში. კრეატიული კონცეფციაც და ვიზუალური სტილიც, ტრადიციისამებრ, More Studio-სა და Windfor's-ის მიერ არის შექმნილი.

საუკეთესო "ჰედლაინერები" 4 წლის მანძილზე. ფესტივალის შემეცნებითი ნაწილი წელს იმდენად გამორჩეული იქნება, რომ სტუმრებს აზრადაც არ გაუელვებთ - "სემინარზე დავრჩე თუუუ... აჭარული ვჭამო?" ან "სემინარზე დავრჩე თუუუ... უკრაინულ რესტორანში წავიდე?" (თუ მაინც გადაწყვეტთ უკრაინულში წასვლას, აუცილებლად გასინჯეთ იქაური "ბიფსტროგანოვი"!). 

სპიკერები, რომლებსაც ვერ გავცვლი აჭარულ ხაჭაპურზე:

Dan Williams - თუ გამაღვიძებთ და მკითხავთ ვინ აკეთებს გრაფიკას და ფერის კორექციას ყველაზე კარგად მსოფლიოში, დამთქნარებამდე გიპასუხებთ - The Mill - სტუდია, რომლის ერთ-ერთი კრეატიული დირექტორიც ეს კაცია. ფესტივლაზე მოგვიყვება კრეატიული პროცესების შესახებ, რომლებიც ვიზუალური ეფექტების შექმნისას მიმდინარეობს.

The Chemical Brothers - The making of wide open

Luna Maurer - ეს ქალბატონი ჰოლანდიაში დაარსებული საოცრად საინტერესო დიზაინ სტუდიის - MONIKER-ის კრეატიული დირექტორია. ისინი ადამიანების ჯგუფურ და ინდივიდუალურ ქცევას ექსპერიმენტულ დიზაინ, ვიდეო და ციფრულ პროექტებად გარდაქმნიან. მაგალითად: www.clickclickclick.click – ყველაფ.ერი, რაც ვებგვერდზე ხდება მთლიანად თქვენს ქცევაზეა დამოკიდებული და საკმაოდ სახალისოცაა. 

წელს მოხდება Jessica Walsh. „სარეკლამო ინდუსტრიის ბიონსე“ ნიუ-იორკიდან გადმოფრინდება (სტამბულში გადაჯდომით). მისი სახელი იცის ყველა დიზაინერმა და არტ დირექტორმა და ის საპატიო მეორე ადგილს იკავებს საკუთარი კომპანიის დასახელებაში - Sagmeister & Walsh, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინ სტუდიაა. 

დარიგდება ცოტა ბირნჯაოს, კიდევ უფრო ცოტა ვერცხლის და კიდევ უფრო ცოტა ოქროს ჯილდო. ჯილდოებისთვის კონკურენცია 15-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო სააგენტოსა და დიზაინ სტუდიას შორის გაიმართება. თუ წლის განმავლობაში კარგად იქცეოდით, ბევრს ფიქრობდით და მუშაობდით, აკეთებდით გამორჩეულ ბრენდინგებს, ვიდეორგოლებს, კამპანიებსა და პრინტებს, ინტერნაციონალური ჟიური თქვენს შრომას აუცილებლად დაინახავს და ფრიად მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ ჯილდოს გადმოგცემთ, ჯილდოს რომელიც წელსაც ბათუმის სანაპიროზე შეგროვებული და გადამუშავებული პლასტმასის ნარჩენებისგან იქნება დამზადებული. 

და ბოლოს, თუ თქვენ იმ დამკვეთების რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც ფესტივალზე არ მოდის, იცოდეთ, რომ თქვენი ექაუნთ მენეჯერი დღის განმავლობაში ჩურჩულით ან საერთოდ არ გიპასუხებთ, რადგან სემინარზე იქნება. საღამოს კი ხმაურისა და მუსიკის გამო მაინც ვერაფერს გააგონებთ.  

და თუ თქვენ იმ ადამიანების ჯგუფს წარმოადგენთ, ვინც უკვე ცქმუტავს და ერთი სული აქვს მალე მოვიდეს 20-22 სექტემბერი... გილოცავთ ახალ წელს! 

ავტორი: ბექა მეფარიშვილი, Windfor's-ის კრეატიული დირექტორი