კულტურა

“Herzog & de Meuron”-ის ვიზიტი თბილისში

,,თბილისის არქიტექტურის ბიენალემ” , 23 ივლისს, “არტარეაში” შვეიცარიელი არქიტექტორების, ცნობილი დუოს, Herzog & de Meuron-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, პიერ დე მერონის უმასპინძლა.

აგვისტო 04, 2018

Hello Blog

,,თბილისის არქიტექტურის ბიენალემ” , 23 ივლისს, “არტარეაში” შვეიცარიელი არქიტექტორების, ცნობილი დუოს, Herzog & de Meuron-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, პიერ დე მერონის უმასპინძლა.

დე მერონმა და ჟაკ ჰერცოგმა 1979 წელს დააარსეს არქიტექტურული ოფისი Herzog & de Meuron, რომელსაც დღეს 400-მდე თანამშრომელი ჰყავს და მსოფლიოს მასშტაბით 50-მდე პროექტს ახორციელებს.

მათი არქიტექტურული პრაქტიკა პროექტების ფართო სპექტრს აერთიანებს – მცირე მასშტაბიანი კერძო სახლების დიზაინიდან დაწყებული, მსხვილმასშტაბიანი ურბანული პროექტებისა და საჯარო-საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე შენობების ჩათვლით.

მათ საქვეყნოდ ცნობილ პროექტებს შორისაა ლონდონის Tate Modern-ის რენოვაცია (2000 წელი), Vitrahous – Vitra კამპუსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპონენტი (გერმანია), პეკინის ეროვნული სტადიონი, მეტსახელად “ჩიტის ბუდე” (Bird’s Nest Stadium), რომლის დიზაინზეც არქიტექტორებმა ხელოვან აი ვეი ვეისთან ერთად იმუშავეს და მრავალი სხვა. 2001 წელს პიერ დე მერონმა და ჟაკ ჰერცოგმა პრიცკერის პრემია მოიპოვეს, ხოლო 2007 წელს მიიღეს იაპონიის საიმპერატორო პრემია არქიტექტურაში.

მათი შემოქმედების ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ყოველი პროექტის სპეციფიკური მხატვრული თუ იდეური გადაწყვეტაა, რომელიც კონკრეტული ადგილის ღრმა კვლევასა და ანალიზს ეფუძნება: “ყოველ ქალაქში ჩვენ ვაანალიზებთ, ვიკვლევთ და ვცდილობთ ისეთი კონცეპტის შემუშავებას, რომელიც პასუხობს ამ დაკვირვებებს,” – წერს ჟაკ ჰერცოგი.

რთულია მათი დიზაინის ერთიან სტილსა თუ ხელწერაზე საუბარი, პროექტების ნაწილი ტრადიციული, ვერნაკულარული ფორმებისადმი ამჟღავნებს ინტერესს, ხოლო მეორე ნაწილი კი საპირისპიროდ, სრულიად თანამედროვე ინოვაციური იდეებისა და ფორმებისკენ არის ორიენტირებული. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ ჯგუფის არქიტექტურულ პრაქტიკაში ტრადიცია და ინოვაცია ჰარმონიულად თანაარსებობენ და იდეალუ ბალანსში არიან ერთმანეთთან.

Herzog & de Meuron-ის დაარსებამდე ჟაკ ჰერცოგი და პიერ დე მერონი სწავლობდნენ შვეიცარიის ტექნოლოგიების ინსტიტუტში (ETH Zurich) ალდო როსთან და დოლფ შნებლისთან. სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული ისინი აქტიურად არიან დაინტერესებული თანამედროვე ხელოვნებით. ჰერცოგი და დე მერონი თანამშრომლობდნენ მე-20 საუკუნის ისეთ საკულტო ფიგურებთან, როგორებიც არიან იოზეფ ბოისი, გერჰარდ რიხტერი, აი ვეი ვეი და სხვა.

მათ ნამუშევრებში იგრძნობა თანამედროვე ხელოვნების გავლენა, შეიძლება ითქვას, რომ მათ შემოქმედებაში იდეა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სტილი.

ხვა თანამედროვე არქიტექტორებისგან განსხვავებით ისინი თითქოს გაურბიან ფორმაში უნიკალური ხელწერის შექმნას და ამის სანაცვლოდ ყოველი პროექტისთვის ეძებენ განსხვავებულ მასალას, დეტალებსა და ფორმებს.

სწორედ ეს დამოკიდებულება იქცა დროთა განმავლობაში მათი პრაქტიკის მთავარ სიმბოლოდ. “ჩვენ არ გვექნებოდა იგივე დამოკიდებულება მატერიის მიმართ, რომ არა იოზეფ ბოისთან თანამშროლობის გამოცდილება, ან ეჭვისა და გაურკვევლობის ცნებებთან სიახლოვე გერჰარდ რიხტერთან მუშაობის გარეშე. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ხელოვანების, ვისაც ვაღმერთებთ და ვისთანაც გვიმუშავია,” – აღნიშნავს ჟაკ ჰერცოგი.

შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს გამოცდილება დაედო საფუძვლად პიერ დე მერონისა და ჟაკ ჰერცოგის არქიტექტურული პროექტების წარმატებას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებისთვის მსოფლიო მასშტაბით.

„არტარეაში“ გამართული შეხვედრის ფარგლებში პიერ დე მერონმა სხვა ნამუშევრებთან ერთად განიხილა მათი ბიუროს ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი: ახალი მუზეუმი მე-20 საუკუნის ხელოვნებისთვის ბერლინში, რომელიც ცნობილი მოდერნისტი არქიტექტორის, მის ვან დეროეს მიერ დაპროექტებული Neue Nationalgalerie-ის ერთგვარი გაგრძელება იქნება და ამ უკანასკნელს მიწისქვეშა გვირაბით დაუკავშირდება.

აქაც ვხვდებით იგივე სკრუპულოზურ, შეიძლება ითქვას, პედანტურ დამოკიდებულებას ადგილისა და კულტურული კონტექსტის მიმართ. პიერ დე მერონის თქმით, ეს პროექტი არის ერთგვარი მცდელობა, დაუბრუნდეს ამ ადგილს, ბერლინის Kulturforum-ს, სადაც სხვადასხვა კულტურული ფუნქციის საზოგადოებრივი შენობებია განთავსებული.

ერთიანობის განცდა, შეიქმნას ისეთი არქიტექტურული ფორმა, რომელიც ერთგვარ გამაერთიანებელ ღერძად იმუშავებს იმ არქიტექტურული ანსამბლისთვის, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ისტორიული თუ პოლიტიკური მოცემულობისას იქნებოდა.

თბილისის შეხვედრა, სადაც პიერ დე მერონი ჩინური თანამედროვე ხელოვნების ცნობილ კოლექციონერებთან, ული და რიტა ზიგებთან ერთად იმყოფობოდა, არქიტექტურული ბიუროს კიდევ ერთი მიმდინარე პროექტის, M+ -ის პრეზენტაციით დაასრულა, ჰონკონგის ახალი, ვიზუალური კულტურის მუზეუმი.

“ეს არის უნივერსალური ადგილი შინაგანი ორგანიზაციით, რომლის გახსნილობაც და გამჭირვალობაც იძლევა შესაძლებლობას, დამყარდეს კავშირი შინაარსსა და სივრცეს შორის, ბევრი სხვადასხვა გზით. მისი სპეციფიკურობის წყალობით მას აქვს პოტენციალი გახდეს ჰონკონგის განუყოფელი ნაწილი”-Herzog & de Meuron.

მუზეუმის შენობა შედგება შემდეგი კომპონენტისგან: ნახევრად გამჭირვალე კოშკი, სადაც კვლევითი ცენტრი, მაღაზიები და რესტორანი იქნება განთავსებული და ჰორიზონტალური კორპუსი დატვირთული მრავალრიცხოვანი საგამოფენო სივრცითა და გალერეით.

შენობის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა მიწისქვეშა გვირაბი (განკუთვნილი ქალაქის აეროპორტისკენ მიმავალი მატარებლისთვის), რომელიც შენობის ქვეშ უნდა მოქცეულიყო, არქიტექტორებმა გადაწყვიტეს, ადგილის ეს სპეციფიკური, უკვე არსებული ელემენტი შენობის სტრუქტურის ნაწილად ექციათ, კომპლექსის ამ ნაწილს Found Space ეწოდება და ინსტალაციების და პერფორმანსებისთვის არის განკუთვნილი.

დაბოლოს, Herzog & de Meuron-ის შემოქმედებით კრედოს საუკეთესოდ თავად დე მერონის სიტყვები წარმოადგენს: “ჩვენ დასაწყისიდან ვიყავით დაინტერესებული ყველაფრით, და არა მხოლოდ კანონიკური არქიტექტურით ეგვიპტიდან მოდერნიზმამდე.

ჩვენ ნებისმიერი რამ გვაინტერესებდა და მზად ვიყავით დაგვენახა ეს ყველაფერი. ჩვენს არქიტექტურულ ხედვაში არ არის უსაფრთხოების ადგილი და ყოველთვის მზად ვართ მარცხისთვის.“

პიერ დე მერონის თბილისის ვიზიტი კუნსტჰალე თბილისის, თიბისი სტატუსის და ტელეკომპანია „არტარეას“ მხარდაჭერით განხორციელდა.

Herzog & de Meuron ინსტაგრამზე

ავტორი: ანი ჩორგოლაშვილი / at.ge

"არტარეაში" გამართული ფოტორეპორტაჟი: ანკა გუჯაბიძე