ცისფერი მთები

რა გჭირდება ლაშქრობაში წასასვლელად?

სალაშქრო აღჭურვილობაზე საუბარი ძლიან მომცველობითი შეიძლება აღმოჩნდეს, იმის გათვალისწინებით, რომ დღეისთვის ბაზარზე საჭირო ეკიპირების უზარმაზარი და მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს. ამიტომ უმჯობესი იქნება ვისაუბროთ გარკვეული პროდუქციის ტიპებზე და ჯგუფებზე. ამან შეიძლება საკმაოდ გაგიადვილოთ არჩევანის გაკეთება და აგარიდოთ ზედმეტი ხარჯები.

აგვისტო 03, 2018

Hello Blog

სალაშქრო აღჭურვილობაზე საუბარი ძლიან მომცველობითი შეიძლება აღმოჩნდეს, იმის გათვალისწინებით, რომ დღეისთვის ბაზარზე საჭირო ეკიპირების უზარმაზარი და მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს. ამიტომ უმჯობესი იქნება ვისაუბროთ გარკვეული პროდუქციის ტიპებზე და ჯგუფებზე. ამან შეიძლება საკმაოდ გაგიადვილოთ არჩევანის გაკეთება და აგარიდოთ ზედმეტი ხარჯები.

აუცილებელ აღჭურვილობაზე საუბარს ვიწყებთ ზომით მცირე, მაგრამ უაღრესად საჭირო საგნებით:

1. ნავიგაცია 

თუ ფიქრობთ, რომ კომპასისა და რუკის ერა წარსულს ჩაბარდა ცდებით. არის მომენტები, როდესაც სწორედ ეს ორი მარტივი საგანი შეიძლება თქვენი საუკეთესო მეგობარი აღმოჩნდეს ხანგრძლივი ლაშქრობისას. GPS ტექნოლოგია, მაჯის საათები აღჭურვილი სანავიგაციო სისტემით, მათ შორის ალტიმეტრითა და ბარომეტრით დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა გამოცდილი მოლაშქრეები უცნობი ადგილების მონახულებისას აუცილებლად თან ატარებენ კომპასსა და ტერიტორიის ტოპოგრაფიულ რუკას. ამის რამდენიმე მარტივი მიზეზი არსებობს:

• წონა - რუკა და კომპასი კომპაქტური და მსუბუქი საგნებია.

• არ საჭიროებს ენერგიის წყაროს- არ აქვს მნიშვნელობა ბატარეის კონდიციას, გარემო ტემპერატურასა და პირობებს. მარტივ საგნები ყველაზე სანდოა.

• კომპასი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საორიენტაციოდ, ასევე მზის სხივებისა და კომპასის სარკის გამოყენებით სამაშველო გუნდისთვის სიგნალის გადასაცემად.

2. მზისგან დამცავი საშუალება

შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ სიაში მეორე აუცილებელი საჭირო საგნების ფუნქცია მზისგან დაცვაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მთიან რეგიონში ლაშქრობთ და თქვენი კანი ულტრაიისფერ სხვიებთან განსაკუთრებით არ მეგობრობს. უფრო უარესიც შეიძლება მოხდეს, თვალის გარსის გაღიზიანება ხელს ყველანაირ აქტივობაში შეგიშლით. ყოველთვის გეგდოთ ზურგჩანთაში მზის სათვალე და საცხი.

3. ჩაცმულობა

ხშირად სწორად არჩეული ტანსაცმლის კომბინაცია განსაზღვრავს თქვენი ზურგჩანთის სიმსუბუქეს და შესაბამისად კომფორტს ლაშქრობაში. ერთ დღეზე ხანგრძლივი ლაშქრობის შემთხვევაში სასურველია თან იქონიოთ განსხვავებული ფუნქციის შესაბამისი თითო ჩასაცმელი:

• შიდა ფენა-თერმო მაისური, სინთეტური მასალისგან დამზადებული სპეციალური მაისური თბო-იზოლაციისთვის, ოფლის შემწოვი და მალშრობადი. - ინგლისური შესატყვისი - Base/Thermo layer.

• შუა ფენა- დათბილული, ბამბის ან ბუმბულის სვიტრი. – Mid Layer.• გარე ფენა - წვიმისა და ქარის მიმართ მედეგი ქურთუკი - ე.წ. Hardshell.

• როგორც წესი, სალაშქრო შარვალი თავისი სიმსუბუქით და წელვადობით გამოირჩევა, მას დამატებით წყალგაუმტარი ქსოვილით დაცული მონაკვეთები აქვს მუხლებთან და ქუსლებთან, რათა მაქსიმალურად დაიცვას მოლაშქრე მიწის სისველისგან რთულად გასავლელ მონაკვეთებში.

• სალაშქრო ფეხსაცმელს ვებ-საიტების კატალოგში Trekking shoes განყოფილებაში იხილავთ. ეს ფეხსაცმელები შექმნილია ტექნიკურად რთულ სასიარულო ბილიკებზე. მათი ძირი ძირითადად ვიბრამის (vibram) ტექნოლოგიით მზადდება და მოლაშქრისთვის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.

• სასურველია სალაშქრო ფეხსაცმელთან ერთად, თან იქონიოთ სანდალები და დამატებითი წინდები, რადგან რამდენიმედღიანი ლაშქრობის შემთხვევაში ტერფები იხუთება და კანის დაავადებების რისკი იზრდება. კარგ ამინდში და ტექნიკურად მარტივ ბილიკზე სანდალებით სიარული ბევრად უფრო სასიამოვნოს გახდის მოგზაურობას.

4. კარავი

ზოგადად, მრავალი სახის კარავი არსებობს. სალაშქრო კარავები ძირითადად სამ სეზონზეა გათვლილი (არაა რთული მისახვედრი, რომ ზამთრის კარვები გამოეყოფა სხვა დანარჩენს). ყველაზე მოსახერხებელი ის სალაშქრო კარვებია, რომელთა ტევადობა 2+1 კაცზეა გათვლილი, რადგან ასეთი კარვები არაა მძიმე და ჯგუფში ერთი ადამიანიც თავისუფლად აიღებს მის ტვირთს თავის თავზე. არსებობს ერთ კაციანი კარვებიც, ისინი განსაკუთრებული სიმსუბუქით გამოირჩევიან და ინდივიდუალურ ლაშქრობაზეა გათვლილი. სალაშქრო კარვები ძირითადად ორფენიანი ან იგივე ორკედლიანია. ორკედლიან კარავს კორპუსის გარდა აქვს გარე საწვიმარი და ქარისგან დამცავი ნაჭერი, რომელიც მთლიან კორპუსს ზემოდან ეკვრის. კარვის არაჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს დენირის (Denier) ინდექსს. ეს ინდექსი აღნიშნულია ლათინური D ასოთი და შესაბამისი რიცხვი აქვს მითითებული. რაც უფრო მაღალი დენირის ინდექსი აქვს კარავს, მით უფრო გამძლე პოლიმერის ქსოლვილისგანაა დამზადებული. საშუალოდ, სალაშქრო კარვის იატაკის დენირის ინდექსი 30/40-ია (D30, D40), ხოლო კედლის ინდექსი 20-30 შორის მერყეობს. შედარებით გამძლე და მაღალი ხარისხის კარვები ნეილონისგან არის შეკერილი და სუსტ წერტილებში, როგორიცაა კუთხეები და ელვა შემკვრელი, სილიკონითაა დაცული.

სანდო და მაღალი ხარისხის სალაშქრო 2/3 კაციანი ტევადობის კარვების ფასი საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ წარმომადგენლებთან თბილისში 250-1000 ლარს შორის მერყეობს. ფასის სხვაობას კარვის ზომა, დამატებითი ჯიბეების და განყოფილებების არსებობა და მასალის ხარისხი განსაზღვრავს. ზოგადად, ისეთი პროდუქტის ყიდვისას, როგორიც კარავია, ხარისხის ხარჯზე ფულის დაზოგვა არ იქნებოდა სწორი მიდგომა. კარგი კარვები, რომლებსაც შესაბამისად მაღალი ფასიც აქვთ საკმაოდ ხანგრძლივ მოხმარებაზეა გათვლილი და უმჯობესია სწორედ მათი, სანდრო ბრენდის პროდუქტის შეძენა, ვიდრე უცხო და საეჭვო მასალისგან დამზადებული კარვის იმედად ყოფნა. ბოლო-ბოლო, ეს ხომ ჩვენი „სახლია“ ლაშქრობისას.

5. ქვესაგები

უნდა გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ საძილე ტომრის იმედად ყოფნა და კარავში დასაფენის უქონლობა სერიოზული შეცდომა შეიძლება აღმოჩნდეს. საძილე ტომარა არ არის იდეალური თბოიზოლატორი, რის გამოც მთელი ღამის განმავლობაში სხეულის სითბო კარვის იატაკთან შეხებისას იკარგება. დასაფენის ყველაზე პრაქტიკული და მარტივი ვარიანტი ე.წ. პარალონია, რომელიც PEX პოლიეთილენისგან მზადდება და მინიმალურ წონას იწონის. შედარებით კარგი ხარისხის ამ ტიპის ქვესაგებს, ქვედა მხრიდან, თერმოიზოლაციისთვის აქვს ვერცხლის ფურცელი („ფოლგა“) ამოკრული, ხოლო ზედა მხირდან ნაჭდევები, რაც წოლის დროს უზრუნველყოფს თბილი ჰაერის მცირე რაოდენობის მოქცევას ქვესაგებსა და ადამიანს შორის. ამ ტიპის ქვესაგები ადგილობრივ მაღაზიებში შეგიძლიათ 20-100 ლარის ფარგლებში მოიძიოთ.

6. სასიარულო ჯოხები

რაც არ უნდა კარგი მუხლის პატრონი იყო, გაუჩერებელი რამდენიმესაათიანი მარშის შემდეგ, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, სახსრები იღლება და თანადროულად მატულობს ტრავმის მიღების შანსი. თუ თქვენი მიზანი სპორტული/ჩქაროსნული ტრეკინგი არ არის, მაშინ სასიარულო ჯოხები სწორედ ის არის, რასაც ლაშქრობის ყოველ დღე გამოიყენებთ. სალაშქრო, სამთამსვლელო ჯოხებზე შესაძლებელია სიგრძის დარეგულირება, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელი რელიეფის ცვლილების დროს არის. აღმართში შედარებით დამოკლებული ჯოხი, ხოლო დაღმართში დაგრძელებული უადვილებს ადამიანს გადაადგილებას. ხელმოსაჭიდი ადგილები დაფარულია პოლიმერული მასალისგან დამზადებული ღრუბლით, რომელიც ზრდის მოჭიდებას ხელზე და ხელთათმანის გარეშე მოკიდების შემთხვევაშიც კი არ არის ცივი თბოიზოლაციური თვისებების გამო. სასიარულო ჯოხები ძირითადად ორი მასალისგან: ნახშირბადის ბოჭკოსა და ალუმინისგან მზადდება. პირველი ბევრად უფრო მსუბუქი და მოქნილია, მეორის შემთხვევაში კი, შედარებით მძიმე და ნაკლებ ელასტიური, თუმცა უფრო მედეგი და ამასთან იაფი. მაღაზიებში ასეთ ჯოხებს 50-200 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

7. ზურგჩანთა

სალაშქრო ზურგჩანთები სტანდარტულად 40 დან 80 ლიტრ მოცულობამდე მერყეობს. 40-60 ლიტრიანი ზურგჩანთა რამდენიმედღიან ლაშქრობაზე სრულიად საკმარისია თუ ზედმეტი საგნების ტარება არ გიყვართ. სხვა შემთხვევაში საექსპედიციო 80 + ლიტრიან ზურგჩანთებზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ თან წაიღოთ მცირე ზომის 15-20 ლიტრიანი ზურგჩანთაც, რომელსაც ბანაკიდან გასვლის და ერთდღიანი ტურის შემთხვევაში გამოიყენებთ. ხარისხიანი 40-60 ლიტრიანი ზურგჩანთების ფასი თბილისის მაღაზიებში 300-800 ლარის ფარგლებში მერყეობს.

8. საძილე ტომარა

გამორიცხეთ ყველა სხვა ვარიანტი თუ 2-3 დღიან ტურზე მიდიხართ, თქვენ კომფორტული ძილისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ საძილე ტომარა. ლაშქრობისთვის ოპტიმალურია სამსეზონიანი საძილე ტომრის ტარება. როგორც წესი, ამ ტიპის საძილე ტომრები მაღალი ხარისხის ნეილონის და ხელოვნური დათბუნების ან იხვის/ბატის ბუმბულისგან მზადდება. ბუმბულის საძილე ტომარა ბევრად მსუბუქი და თბილია, თან ჩანთაში მცირე ადგილს იკავებს, თუმცა მისი ეს უპირატესობები ფასის პირდაპირპროპორციულია და სინტეთურ საძილეებზე ბევრად ძვირი ღირს. სინტეთური დათბუნების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ნესტიან და სველ ამინდში იგი ბუმბულის საძილეზე მეტად ეფექტურია, თუმცა თანამედროვე ბუმბულის საძილეების უმრავლესობას უკვე აქვს სპეციალური გარე გარსი, რომელიც დასველებისგან და დანესტიანებისგან იცავს შიგა ბუმბულის შრეს. სალაშქრო საძილე ტომრების ტემპერატურული მედიუმი -5 გრადუს ცელსიუსიდან +15 გრადუსამდე მერყეობს. საძილე ტომრის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ თუ სად აპირებთ ლაშქრობას და რამდენად ჩაცმულს გძინავთ კარავში. მსგავსი ტემპერატურული მონაცემების მქონე სინთეტურ და ბუმბულის საძილეებს შორის ფასი 1.5-2 ჯერ მაინც განსხვავდება. საქართველოში სალაშქრო ბუმბულის საძილის შეძენა 250 ლარიდან შეგიძლიათ და ფასი 1000 ლარამდე ადის. ხოლო სინთეტურის ღირებულება 100-500 ლარს შორის მერყეობს.

9. პირველადი დახმარების ჩანთა

ბუნებრივია მხოლოდ ჩანთა ვერაფერს გიზამთ, მასში აუცილებლად უნდა მოათავსოთ პირველადი დახმარებისთვის საჭირო წამლები და ინვენტარი, როგორიცაა: მაკრატელი, ბინტი, ანტისპეტიკური ხსნარი, დამწვრობის მალამო, არასტეროიდული ტკივილგამაყუჩებელი სიცხისდამწევი საშუალებები და მოწამვლის დროს საჭირო წამლები. ეს მინიმალური ინვენტარი დაგეხმარებათ უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე მიღწევაში, სადაც შესაბამის მომსახურებას უკვე პროფესიონალები გაგიწევენ.

სალაშქრო ინვენტარი ბევრად მეტ რამეს შეიძლება მოიცავდეს, თუმცა ზემოთ აღნიშნულ ჩამონათვალში ნახსენებია ის საგნები, რომლებიც რამდენიმედღიანი ლაშქრობისთვის არის აუცილებელი.

ავტორი: გურო ვაშაყმაძე