მუსიკა | ცა

მე ვნახე განდჰარვა

განდჰარვები ნახევარღმერთები არიან, მომღერლები და მუსიკოსები. მათი წყალობით არსებობს ძველინდური მუსიკის თეორია „განდჰარვა ვედა“, და თავისუფალი ქორწინება - როცა ორი ადამიანი ერთადაა და არავის ეკითხება, რა აზრისაა ამ კავშირის შესახებ. მთავარია, რომ განდჰარვაა კმაყოფილი.

ივლისი 24, 2018

Hello Blog

განდჰარვები ნახევარღმერთები არიან, მომღერლები და მუსიკოსები. მათი წყალობით არსებობს ძველინდური მუსიკის თეორია „განდჰარვა ვედა“, და თავისუფალი ქორწინება - როცა ორი ადამიანი ერთადაა და არავის ეკითხება, რა აზრისაა ამ კავშირის შესახებ. მთავარია, რომ განდჰარვაა კმაყოფილი.

განდჰარვები ორი მიზეზის გამო ხვდებიან ჩვენს პლანეტაზე: თუ თავს გავიდნენ და რამე ძალიან მიჰქარეს, ან თუ ზეცაში გადაწყვეტენ, რომ ადამიანები ცოდო არიან და აჰა, გაიხარონ... და ღმერთები დედამიწაზე მოავლენენ განდჰარვას, და განდჰარვა ადამიანებისთვის მღერის.

ყოველთვის ვეჭვობდი, რომ რობერტ პლანტი მთლად ადამიანი არაა. ახლა ზუსტად ვიცი: ის არის განდჰარვა.

. . .

ერთ დროს ძალიან პოპულარული საბჭოთა წიგნის გმირი ამბობს, ისე უნდა იცხოვრო, რომ უაზროდ გავლილი წლების გამო არ იტანჯებოდეო. მე ისე გავატარე ჩემი ცხოვრების მრავალი წელი, რომ მხოლოდ გურიაში გადავეყარე რობერტ პლანტს. ძალიან გულსაკლავი ამბავია, საწყენი. ის, რომ ვუსმენდი - ხმამაღლა! მას მხოლოდ ხმამაღლა უნდა უსმენდე! რომ მერე ვუყურებდი, ფრიად მდარე ხარისხის ჩანაწერებს, და ყოველთვის მიყვარდა, - ჩემს სატანჯველს სულ არ ამსუბუქებს.

მართალია, თვითონ პლანტს ნათქვამი აქვს, რომ ზოგჯერ მოსმენაც კმარა, მხოლოდ მოსმენა, და რომ ამ ცხოვრებაში ეს სულაც არაა ცუდი რამ: უბრალოდ, მოსმენა. და მეც ვუსმენდი. მე დიდად ვერ ვასხვავებ მისისიპის დელტას სიმღერებს და ჩიკაგოს ბლუზს, არაბული მუსიკა რომელი არაბული მუსიკაა, ნამდვილად არ ვიცი, და აფრიკის ჰანგებს კი არა, ქვეყნებს ძლივს ვარჩევ ერთმანეთისგან, რაც, თავისთავად, სირცხვილია, მაგრამ რა ვქნა, მაგრამ მე ვუსმენ რობერტ პლანტს, და ის მიმღერის ყველაფერს, ლამის მთელ დედამიწას, მთელი სამყაროს ვნებებს. მრავალი წელია. იმედი მაქვს, კიდევ მრავალი წელი მიმღერებს.

სანამ კონცერტი დაიწყებოდა, გარეთ ვიდექი, და მესმოდა: დარბაზში ხმას აყენებენ. პლანტი მღერის. აქვე, ჩემგან ასიოდ მეტრში დგას და მღერის, და მესმის ხმა, რომელიც სულ ჩემთანაა, მას მერე, რაც დავიმახსოვრე, რომ ანა მქვია.

Darlin' makes 'em do it now...

დაუჯერებელია.

რობერტ ენტონი პლანტ, რა მაგარია! შენ ხომ წარმოდგენა არა გაქვს, რომ ქვეყანაში, რომლის არსებობის შესახებაც, სავარაუდოდ, არ გცოდნია, ქალაქში, რომლის სახელიც არაფერს გეუბნებოდა, სახლში, რომლის მისამართიც იმდენჯერ გამოიცვალა, რომ მცხოვრებლებსაც კი თავგზა აებნათ, სიხარულსა თუ განსაცდელში საუკეთესო მეგობრად მიაჩნდი გოგოს, რომელსაც არასოდეს შეხვდები, და რომც შეხვდე, აი, რა...

Yeah-yeah. yeah-yeah. yeah-yeah...

ბიჭო, როგორ მღერი!

რომელიღაც ინტერვიუში წავიკითხე, რომ რობერტ პლანტმა თქვა: „მუსიკა ჩემი ვნებაა. ის საშუალებას მაძლევს, შეშლილად დავრჩე. როცა სცენაზე ავდივარ, ბედნიერი ვხდები.“

მე ვნახე პლანტი სცენაზე. და შევიშალე. და ბედნიერი ვიყავი.

სცენაზე იდგა არა ვიღაც მზეჭაბუკი, ინფანტილური იასონი, არამედ ბრძენი, ძალიან ლამაზი კაცი. მას ისეთი ხელები ჰქონდა, როგორიც არავისა აქვს, და ზოგჯერ თვალებს ფართოდ ახელდა ხოლმე, და ვხედავდი ორ ცისფერ თვალს, მოწყალე, ბრძენი, გულუხვი კაცის თვალებს, და ის ტაშს უკრავდა და ცეკვავდა.

Hey baby, oh my baby, my pretty baby...

ვიცი, წაკითხული მაქვს, რომ ერთხელ, დიდი ხნის წინათ, ლოს ანჯელესის რაღაც უძვირფასესი სასტუმროს აივანზე ბიჭი გადმოდგა, ქერა ფაფრით. მან მკლავები გაშალა და სანსეტის ბულვარის სახურავებს და სამყაროს აუწყა: „მე ოქროს ღმერთი ვარ!“

Hey baby, oh my baby, my pretty baby...

ის ამბობდა: მე შემიძლია, ჩემს წარსულს ვეწვიო, მოვეხვიო. მაგრამ მე მისით არ ვცოცხლობ.

Hey baby, oh my baby, my pretty baby...

იმ დღეს, გურიაში, მთელ ჩემს წარსულს ვეწვიე და მოვეხვიე. ვეცდები, მხოლოდ მისით არ ვიცოცხლო.

ახლა რობერტ პლანტი სხვანაირია, სხვანაირი, სხვანაირად დიდებული და მშვენიერი. ის გაიზარდა. იმედია, მეც გავიზარდე, და კვლავ სულ ერთად ვიქნებით.

ჩვენ გავიზარდეთ. ცხოვრება იწყება თავიდან.

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი 

ფოტო: სერა ძნელაძე