მუსიკა | ცა

უაიკლეფი: 13 ეპიზოდი სამგზის გრემის მფლობელის ცხოვრებიდან

1. უაიკლეფ ჟანი 9 წლისა იყო, როდესაც ჰაიტიდან ნიუ-იორკში ჩავიდა. ინგლისურად სიტყვასაც ვერ ამბობდა. დღეს 4 ენას ფლობს- ინგლისურს, ფრანგულს, ესპანურს და კრეოლს. (ჰაიტიური კრეოლი ფრანგულიდან ჩამომავალი ენაა, თუმცა სხვა ენებიც ურევია და ფრანგულის მცოდნე მაგისას ვერაფერს გაიგებს.) ამბობს, რომ ხან ინგლისურად ფიქრობს, ხან კი - კრეოლურად.

ივლისი 18, 2018

Hello Blog

1. უაიკლეფ ჟანი 9 წლისა იყო, როდესაც ჰაიტიდან ნიუ-იორკში ჩავიდა. ინგლისურად სიტყვასაც ვერ ამბობდა. დღეს 4 ენას ფლობს- ინგლისურს, ფრანგულს, ესპანურს და კრეოლს. (ჰაიტიური კრეოლი ფრანგულიდან ჩამომავალი ენაა, თუმცა სხვა ენებიც ურევია და ფრანგულის მცოდნე მაგისას ვერაფერს გაიგებს.) ამბობს, რომ ხან ინგლისურად ფიქრობს, ხან კი - კრეოლურად.

2. სკოლაში ორი მეტსახელი ჰქონდა: ticket და speedy (ბილეთი და ჩქარი). „ბილეთი“ იმიტომ, რომ სულ მოგზაურობაზე ფიქრობდა. „ჩქარი“ კი იმიტომ, რომ ყოველთვის ახერხებდა უსიამოვნებას გაქცეოდა და სახლში მიერბინა.

3. სკოლის ასაკიდან მუსიკალურ ჯგუფებს აყალიბებდა: ზოგი ჰიპ-ჰოპ ბენდი იუო, ზოგი კი - როკ-ჯგუფი. თუმცა, როდესაც Fugees-ში მეოთხე წევრად მივიდა. ჯგუფი Pras-ისგან, ლორინ ჰილისგან და კიდევ ერთი გოგოსგან შედგებოდა, რომელმაც მალევე მიატოვა მუსიკა - კოლეჯში სწავლა გააგრძელა.

4. სწავლა უაიკლეფსაც უშლიდა ხელს. რეპეტიციების გამო კინაღამ მათემატიკაში ჩაიჭრა. თუმცა, მან გამოსავალს მაინც მიაგნო - მათემატიკის მასწავლებელთან შეხვედრაზე გიტარა წაიღო, სერენადები უმღერა და ასე მოულბო გული.

5. ვიდრე Fugees წარმატებას მიაღწევდა, უაიკლეფს მუდმივად შემოსავლის ძიება უწევდა. მუშაობდა „მაკდონალდსში“, „ბურგერ კინგში“, ტაქსის ატარებდა, ფაბრიკის დაცვად მოეწყო... დაცვის წევრობიდან მას შემდეგ გააგდეს, რაც პოსტზე ჩაეძინა და ფაბრიკა გაძარცვეს. თავად ირწმუნებოდა, მთელი ღამე მეღვიძაო, მაგრამ შემდეგ კამერების ჩანაწერი შეამოწმეს და ნახეს, როგორ ხვრინავდა.

6. Fugees-ის დაშლა ძირითადად უაიკლეფის ბრალია. უფრო სწორად, უაიკლეფის და ლორინის... ერთმანეთს კარგა ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ხვდებოდნენ. საიდუმლო ფანებისთვის იყო, თორემ გარშემო ყველამ ყველაფერი იცოდა. რთული იყო არ გცოდნოდა - გამუდმებით ჩხუბობდნენ. თვითმფრინავში მათთან ერთად მგზავრობა შეუძლებელი იყო - მალევე ხმას უწევდნენ, მერე ყვირილს იწყებდნენ, მერე ლორინი დაუშენდა ხოლმე მუშტებს და რაც ხელში მოხვდებოდა ყველაფერს... საოცარია, რომ არ დაგვიჭირესო - იხსენებს უაიკლეფი.

7. ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა, როდესაც ლორინი დაორსულდა. ამ დროს უაიკლეფი უკვე ცოლიანი იყო (დიზაინერ მარი კლოდინეტზე დაქორწინდა. დღესაც ერთად არიან). ლორინ ჰილიც პარალელურად როჰან მარლის ხვდებოდა (როჰანი ბობ მარლის შვილია. სულ ბობს 11 ოფიციალური შვილი ყავდა 7 სხვადასხვა დედისგან.) როგორც უაიკლეფი იხსენებს, ლორინი ისე იქცეოდა, რომ მეფიქრა, ბავშვი ჩემია და ამან საბოლოოდ გაგვიფუჭა ურთიერთობაო.

8. უაიკლეფი დღემდე ამბობს, რომ სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას Fugees-ის აღდგენაში. არც Pras-ია წინააღმდეგი. ლორინს კი ამის გაგონებაც არ უნდა.

9. 90-იანების ბოლოს უაიკლეფმა, როგორც თვითონ ამბობს, გადაწყვიტა აღარ ყოფილიყო ყურადღების ცენტრში და პროდიუსერობა დაიწყო. მისი დაწერილი და გაკეთებული სიმღერები - უიტნის My Love is Your Love (ოჰ, როგორ ჰგავს ამ სიმღერის კლიპში უიტნი ლორინს) და სანტანას Maria Maria სუპერჰიტები გახდა.

10. უაიკლეფი თანაავტორია შაკირას სიმღერისა Hips Don’t Lie. „ვიკიპედიის“ თანახმად სწორედ ეს სინგლი გაიყიდა ყველაზე კარგად 21 საუკუნეში. ცოტა უცნაურია, მაგრამ ეგრეაო. 55 ქვეყანაში იყო პირველ ადგილზე ჩარტებში.

11. 2010 წელს უაიკლეფ ჟანმა მშობლიურ ჰაიტიში პრეზიდენტობა სცადა. არაფერი გამოუვიდა - ჰაიტის კონსტიტუციის მიხედვით კანდიდატს არჩევნებამდე ქვეყანაში ზედიზედ 5 წელი უნდა ეცხოვრა, უაიკლეფი კი ამ დროს ამერიკაში იყო. ამ ამბიბდან მხოლოდ უაიკლეფის სიმღერა დარჩა, სათაურით - If I Were President.

12. უაიკლეფი რამდენიმე წლის განმავლობაში საქველმოქმედო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. შემდეგ ამ ორგანიზაციას ბრალი დასდეს, რომ შემოწირულობების უდიდესი ნაწილი ხელფასებში და მოგზაურობებში იხარჯებოდა. 2012 წელს ორგანიზაცია დაიხურა.

13. უაიკლეფის მეტი სიმღერა იცი, ვიდრე გგონია. Fugees-ს და Pras-ს და უიტნის და სანტანას და შაკირას რომ თავი დავანებოთ - 911 არ გახსოვთ? მერი ჯეი ბლაიჯთან ერთად რომ მღეროდა. Gone Till November? როგორ არა! Guantanamera? მაგასაც უაიკლეფი მღეროდა. Perfect Gentleman? (ჯასთ ქოზ ში დენსეზ გოუ გოუ...). ეგეც უაიკლეფია!

ავტორი: ნიკო ნერგაძე

ფოტოები: http://tumblr.com