მუსიკა | ცა

სანამ არტ-გენზე შეგხვდები

გილოცავთ არტ-გენს! ფესტივალი 21 ივნისს, რეგიონებიდან დაიწყო, 8-15 ივლისს კი - თბილისის ეთნოგრაფიულ მუზუმში გრძელდება!

ივლისი 05, 2018

Hello Blog

გილოცავთ არტ-გენს! ფესტივალი 21 ივნისს, რეგიონებიდან დაიწყო, 8-15 ივლისს კი - თბილისის ეთნოგრაფიულ მუზუმში გრძელდება!

ერთი

არტ-გენი ერთი დიდი სიყვარულის პროექტი უნდა იყოს - ერთგვარი შემოვლითი გზა, რომ ახალ თუ ძველ თაობას ზეიმით შეაყვარონ ის რაც მათია, აღმოაჩენინონ დაკარგული და შემდეგ უკვე ინსტინქტად გადაუქციონ ამ ყველაფრის მოფრთხილება. მომფრთხილებელიც წაახალისონ და დაარწმუნონ, რომ მისი ყოველი ძალისხმევა მნიშვნელოვანია. 

ორი

ეს გენი, შენ რომ ატარებ, კაცობრიობის ნაწილია… ერთხელაც, თუ უკვე არ, პირველი სიყვარულივით იპოვი შენში, მოულოდნელად, ანკარად და შეიძლება, ჯერ ვერ გაიგო რა გაუკეთო, სად წაიღო... გაგიკვირდება, რომ აქამდე არ იცოდი, ვერ ხვდებოდი სად იყო… მერე კი გაიზიარებ, გაუზიარებ და აზიარებ, იმ ჩიტის ამბავივით, დიდ ქვაბში რომ არ ეტეოდა და პატარაში ცოტა იყო…

სამი

წელს, ამ გზას, თითქოს უკვე განცდილს, მაგრამ ყოველთვის ახალს, არტ-გენთან ერთად მეთხუთმეტედ გავივლით. ამის გარეშე ზაფხულიც წარმოუდგენელია და ერთხელ მაინც თუ ჩაერთვები ჩვენებური, ხალხური შემოქმედების ამ ფერხულში, შენს თვალებშიც აენთება აქაურობისთვის დამახასიათებელი ნაპერწკალი… 

ოთხი

ეს ნაპერწკალი განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება ამ ზღაპრის მთავარი ავტორების შეხვედრისას, როცა საერთო თავგადასავლებსა და გამარჯვებებს იხსენებენ... მთელი წლის მანძილზე, ექსპედიციებს აწყობენ საქართველოს რეგიონებში და მათი ამბები მრავალტომეულადაც გაიწერება. ეძებენ ქართულ გენს, ეძებენ პირველქმნილს, ხელშეუხებელს - თითოეულ ნივთში, ხმაში, სახეში... ჩვენთვის, თუ ფესტივალი რამდენიმე დღე გრძელდება და უხვია, მათთვის - უსასრულოა და ცოტაა. აი, იმ ჩიტის ამბავივით…

გიორგი ბარამიძე (არტ-გენის ერთ-ერთი დამფუძნებელი) - “საერთო პროექტის დროს გავიცანით ერთმანეთი. ნაგვის თემაზე გადავიღეთ კლიპი “ცოცხები ჩქარა” და გუნდად შეკვრაც მაშინ მოხდა. შემდეგ გადავწყვიტეთ ისეთი რამ გაგვეკეთებინა, რასაც შეეძლო ისევ წინ წამოეწია საქართველოში ის კულტურა, რაზეც ჩვენ ვართ აღმოცენებული. ისეთი პერიოდი იდგა, არც ფესტივალები იყო, არც ხალხური ხდებოდა რამე, სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ეს მიმართულება. ეთნოგრაფიის ტერიტორია ყველაზე შესაფერისი გამოდგა. მაშინ ვიყავით მხოლოდ მე, მარია, თამრიკო, ნიაზი, ნიკუშა და ზუმბა. ჩვენი რესურსებით გავაკეთეთ პირველი ფესტივალი. ისე აგორდა, რომ ვეღარ გავჩერდით. უფლებაც აღარ გვქონდა, რომ გავჩერებულიყავით. ის ხალხი, ვინც თავიდანვე მონაწილეობდა, წელსაც არიან. არტ-გენი ტრადიციად იქცა, რომელსაც ყოველწლიურად ელოდებიან. არიან წყვილები, რომლებმაც არტ-გენზე გაიცნეს ერთმანეთი, გაჩნდა არტ-გენის თაობა. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.”  

ხუთი 

ფესტივალის სტუმრობა, განსაკუთრებით - რეგიონებში, ბავშვობაში დაბრუნებას ჰგავს. წელს, ყველაზე მასშტაბური რეგიონალური ტურნე გამოდგა არტ-გენის ისტორიაში - 9 დღე აჭარის, გურიის, იმერეთისა და ლეჩხუმის გარშემო. ოთხივე რეგიონში დაბზრიალდა ხალხური რეწვის, ქართული საბრძოლო ხელოვნების [მოიძიეთ “შავფაროსნები”], ადგილობრივი ფოლკლორისა და “ფრან”-ულ - “რეგიონ”-ული სიმღერების კალეიდოსკოპი. 

ბავშვობაში დაბრუნება ერთია... მაგრამ მეორეა - ბავშვები ფესტივალზე. განსაკუთრებით მოსწონთ, ყველაზე მეტად უხარიათ და ვფიქრობ, სწორედ მათთვის იწერება ეს ზღაპარი. აქედანვე რომ მოირგონ, თამაშ-თამაშით შეიყვარონ, შეიგრძნონ აქაური გენის რაობა. თუნდაც ჯერ გაუცნობიერებლად, მაგრამ სადღაც მაინც, ეს შეხვედრები თავის ნაყოფს აუცილებლად გამოიღებენ.    

ექვსი

ეს ყველაფერი კი ზაფხულის ბუნიობის დღეს [21 ივნისი], მაღალმთიანი აჭარის სოფელ მახუნცეთში დაიწყო. აქვე, დაიდგა პირველი მონუმენტიც - “სამშობლოს სადარაჯოზე”, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის აღსანიშნად. [პროექტის ავტორი - მხატვარ-დეკორატორი ალექსანდრე ლანევსკი; მოქანდაკეები - დავით ბოლქვაძე და ავთანდილ ნავროზაშვილი; არქიტექტორი - დავით სვანიძე]

შვიდი

ფესტივალის მასპინძელ ხელოვანებთან შეხვედრაც ბავშვობაში დაბრუნებას ჰგავს. როგორც წლების წინ, უფრო სწორედ - ყოველ წელს, ახლაც გავიზიარებთ ნინო ქათამაძის, ნიაზ დიასამიძის, სუხიშვილების შემოქმედებას. 

თამრიკო მელიქიშვილი (ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი) - “პირველ წელს, თანამედროვე მუსიკალური ნაწილი სატყუარასავით დაგვეხმარა ახალი თაობის მოსახიბლად. ახალგაზრდები, ნინოს ან ნიაზის მოსასმენად ამოსულები, ადგილის დასაკავებლად ადრე სხდებოდნენ და ძალაუნებურად უწევდათ გზად ფოლკლორული ნამუშევრების დათვალიერებაც და შემდეგ - რეგიონებიდან მოწვეული შემსრულებლების მოსმენა... საოცრება ის იყო, რომ შემდეგ წელს, თვითონ ეს ახალგაზრდები ამოვიდნენ თავ-თავიანთი ფანდურებით”.

რვა

8 ივლისს, ფესტივალის თბილისური პროგრამის პირველ დღეს ნინო ქათამაძე და ჯგუფი “ინსაითი” უმასპინძლებს. სიმღერიდან სიმღერამდე, ნაცნობი მელოდიებიდან იმპროვიზაციებამდე, კიდევ ერთხელ, როგორც იცის ხოლმე, დიდ სიყვარულს გვასწავლის, გაგვიზიარებს უპირობო სითბოსა და მადლიერებას… გინდა, არ გინდა, ნინოსგან დარჩენილი ღიმილი აუცილებლად დიდ ხანს გაგყვება. 

ამ დღის ფოლკლორი შიდა ქართლს დაეთმობა.

ცხრა

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში,ისტორიის, დღესასწაულის, შემეცნებისა და გაზიარების გზაჯვარედინზე უკვე შენდება 7-დღიანი ქალაქი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. 7 დღე, როცა შენი, ჩემი, სტუმრისა და მასპინძლის აზრთა რიტმი ერთმანეთთან სინქრონში მოდის და ხდება წარსულისა და აწმყოს შეჯამება, საერთო განძის გაზიარება და მატერიალურსა თუ არამატერიალურში არეკლილი გენეტიკური კოდის ამოკითხვა! 

ცხრა ივლისს - სამცხე-ჯავახეთის ფოლკლორი და ჯგუფი “ასეა სულ” უმასპინძლებს.

ათი

აქ, სადაც არტ-გენი შეხვდება ქალაქს, ბუნება - ხელოვნებას, ტრადიცია - ახალს, მე შეგხვდები შენ! ჰო, მართლა, ივლისის მცხუნვარე მზისგან თავის შესაფარად, აქ, ქოლგებს ბარაქიანი ხეები ენაცვლებიან ხოლმე. როგორც წესი, მოსასვენებლად საჭირო ყველა ატრიბუტიც იქვე დაგხვდება - თივის ტუკები, თონეში გამომცხვარი ხაჭაპურები, შენს თვალწინ ამოწოწილი ჩურჩხელები...

  

ჰო, მართლა, წლევანდელი პროგრამის სიახლე - არც მეტი არც ნაკლები - ქართული ჰიპ-ჰოპია! ფაქტია, სადაც შაირობა გვქონდა გამჯდარი, ჰიპ-ჰოპსაც ადვილად გაუმკლავდებოდა ქართული ენა… თუ დაგაინტერესა ამ ამბავმა, ჩაინიშნე - 10 ივლისი. დღე დაეთმობა იმერეთის ფოლკლორს, საღამოს მასპინძლები კი - თერიკა SFX, Chester, I.G.O, Tm & Mush One და Jeronimo იქნებიან.

თერთმეტი

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე მიმოფენილი სახლები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისთვის დამახასიათებელი, საუკეთესო ფონად ედება ამავე კუთხეებიდან სტუმრად ჩამოსული ხელოვანების კოკლოზინა ნამუშევრებს - უძველესი ფარდაგები იქნება ეს, თუ სულ ცინცხალი, ნაბდისგან გამოძერწილი სათამაშოები, სამკაულები, ფოლკლორული ჰანგები.. 

11 ივლისის დღე - ქვემო ქართლის ფოლკლორისაა, საღამო კი - რობი კუხიანიძე - “აუტსაიდერის”.

თორმეტი

მოკლედ, ძალიან მარტივია, აქ, თავი ისე იგრძნო როგორც საკუთარ ეზოში, ან სახლში, ან, როგორც ზემოთ გეუბნებოდი - საკუთარ ბავშვობაში (სოფლად რომ გაგვამწესებდნენ ხოლმე ბებია-ბაბუასთან, სულ სხვანაირ თავისუფლებასთან საზიარებლად).

12 ივლისს, თუშეთის ფოლკლორი დაგხვდება, საღამოს - ჯგუფი “ფრანი”, რომელიც ფესტივალს აგერ, უკვე მე-13 წელია მასპინძლობს.

ცამეტი 

2016 წლის არტ-გენზე, სწორედ სუხიშვილების კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, ილიკო სუხიშვილს - დასის სამხატვრო ხელმძღვანელსა და ქორეოგრაფს ვესაუბრეთ. აქვე, ჩვენი საუბრის ამონარიდს შემოგთავაზებ დასისა და არტ-გენის დიდი ხნის თანაშემოქმედებაზე: 

“რაც არტ-გენი არსებობს, ყოველ წელს გამოვდივართ დახურვაზე, ან გახსნაზე. ჩვენთვის უკვე ტრადიციაა და თვითონ არტ-გენიც ძალიან საჭირო პროექტია ქართული ფოლკლორის განვითარებისთვის... მიხარია, რომ ფესტივალი დღემდე ვითარდება და ძლიერდება... ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ჩვენც უფრო ახლოს ვართ ხალხთან. აქ ხშირად ხდება იმპროვიზაციები, ურთიერთობა მაყურებელთან. პროგრამის დასრულების შემდეგ, დიდ ხანს არ გვიშვებდნენ ხოლმე - ამოდიოდნენ ბავშვები, დიდები... ჩვენც ვაგრძელებდით მუსიკალური თემებით და ხალხიც, შეეძლოთ თუ არ შეეძლოთ, გვიერთდებოდნენ ცეკვით... სასიამოვნოა, როცა ამას უყურებ, ამაში შენი საქმის პირდაპირ პოპულარიზაციას ხედავ; ამაში ჩანს პატრიოტიზმიც, სიყვარულიც, ერთგვარი ერთგულებაც ერთმანეთთან, ხელოვნებისა და შემოქმედების დაფასებაც. არტ-გენის არსიც ესაა ალბათ - ჩვეულებრივი მაყურებელიც ჩართოს ფერხულში, მასაც მოუნდეს შექმნას ნამუშევრები ჩითისგან, ქეჩისგან, ნახოს როგორ კეთდება, დააგემოვნოს სამზარეულო... რაც ეს ფესტივალი არსებობს, ხალხიც გაიზარდა, მსგავსი დღეების მზაობასთან ერთად. პირველ წლებში, ყოფილა შემთხვევები, როცა შუა კონცერტში მოსულან და ფული მიუციათ მუსიკოსებისთვის რომ რაღაც მათთვის სასურველი დაეკრათ. თავიდან ნერვებიც გვეშლებოდა - აქვე, ქვევით, იქეიფებდნენ, დათვრებოდნენ და აქ კონცერტის სანახავად რომ ამოდიოდნენ, თავი რესტორანში ეგონათ. მაგრამ ეს ყველაფერი თავისით დალაგდა, ხალხის დამოკიდებულებაც შეიცვალა... მაყურებელი გაიზარდა იმისთვის, რომ უბრალოდ დასხდნენ, ისიამოვნონ სანახაობით და რაღაც ლოგიკური ჩარჩოს ფარგლებში, თვითონაც ჩაერთნონ წარმოდგენაში.” 

13 ივლისი - ლეჩხუმის ფოლკლორის დღე და “სუხიშვილების” საღამო.

თოთხმეტი

აქ უნდა ამოხვიდე, თავად ნახო... არაა საკმარისი ათასი ფოტო, ათასი სიტყვა... აბა, როგორ შეიგრძნობ სივრცეს, თუ მისი ჰაერი არ ჩაისუნთქე და არ ჩაები თავადაც ფერხულში, ხელით თუ არ შეეხე შესახებს, და საკუთარ სხეულზე თუ არ იგრძენი ჰანგების ვიბრაციები... აქ მასპინძელიც ხარ და სტუმარიც, მოსწავლეც და მასწავლებელიც - არავის გაუკვირდება თუ მიხვალ, გაიცნობ, ისწავლი... პირიქით, ასე გელოდებიან, ამისთვისაც გეძახიან... 

14 ივლისს დაგხვდებათ ანსამბლ “ელესას” აჭარული ფოლკლორი და ჯგუფ REGGAEON-ის რასტამანული ფილოსოფია.

თხუთმეტი

  

ნიაზ დიასამიძე არტ-გენის სულისჩამდგმელ “შესანიშნავ შვიდეულს” ეკუთვნის [თამრიკო მელიქიშვილი, გიორგი ბარამიძე, მარია ლანევსკი, სოლომონ გოგაშვილი, ნიკოლოზ ანჯაფარიძე, ზუმბა (ზაზა კორინთელი) დ ნიაზი]. ისიც, წლიდან წლამდე, შვილივით უფრთხილდება ფესტივალს და აუცილებლად მასპინძლობს ერთ-ერთ დღეს. ამჯერად, 15 ივლისს - არტ-გენის 2018-ის დასკვნით დღეს.

ნაცნობი სიმღერები, ახლებური ჟღერადობით, ახალი სიმღერები ძველებური დინამიურობით, ნიაზ-ური რეგი, ფოლკი და იმპროვიზაციები, არტ-გენი 2018-ის დასკვნითი დღის ბედნიერი დასასრული... ან სულაც, გაგრძელება იქნება!   

და რადგან, “დრო დროზე ჩქარა მიქრის”... სულ მალე შეგხვდები არტ-გენზე!

ბილეთების შეძენა და პროგრამა

ავტორი: ნინო კაკიაშვილი

ფოტო:

გიორგი ინდუაშვილი 

არტ-გენის არქივი