ცისფერი მთები

რისთვის მიდის მოლაშქრე ბუნებაში სახეტიალოდ?

ეს ბლოგი უცხო ადგილებში ბოდიალს, ან თანამედროვე გაგებით ლაშქრობას, იგივე "ჰაიქინგს" ეხება.

ივნისი 28, 2018

Hello Blog

ეს ბლოგი უცხო ადგილებში ბოდიალს, ან თანამედროვე გაგებით ლაშქრობას, იგივე "ჰაიქინგს" ეხება.

 რატომ გახდა ეს აქტივობა ბოლო დროს აქტუალური და პოპულარული? ამ კითხვის პასუხი შეიძლება ლაშქრობის არსის ახსნაშიც დაგვეხმაროს. რისთვის მიდის მოლაშქრე მთაში?

რა თქმა უნდა, პასუხს იმდენი განსხვავებული ვარიანტი შეიძლება ჰქონდეს რამდენი განსხვავებული ხასიათიც არსებობს. ზოგიერთი ადამიანის სურვილები სხვისგან იმდენად განსხვავდება, რომ მათი კორელაციით სრული „აჯაფსანდალი“ მიიღება.

მაგრამ, არსებობს გარკვეული თანაკვეთებიც სურვილებს შორის და ეს თანაკვეთები მხოლოდ მზისგან ბევრ ვიტამინ D-ს მიღებაში ან სუფთა ჰაერის ჩაყლაპვის წყურვილში არ გამოიხატება.

უცხო ადგილებში სიარული, სოციალური სამყაროსგან დროებით მოწყვეტა, საკუთარი ფიქრების „გაფილტვრის“ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ასეთ გარემოში ადამიანი გონებას უქმნის კომფორტის ზონას, სადაც ყოველგვარი სხვა ადამიანთა ინტერპერტაციების გავლენის გარეშე სხვადასხვა საკითხებზე ფიქრია შესაძლებელი. შეიძლება უცნაურია, მაგრამ ველური ბუნებაც გარკვეულ როლს თამაშობს ამ სიტუაციაში. ალბათ იმიტომ, რომ აქ თანამედროვე სამყაროს გათვალისწინებით, შედარებით მეტად ვუახლოვდებით იმ საწყის მდგომომარეობას, რომელშიც ოდესღაც ვიმყოფებოდით. „ჰაიქინგი“ ხომ, პრაქტიკულად მაშინ გაჩნდა, როდესაც 4-5 მილიონი წლის წინ ჩვენ პირველად გავიმართეთ ორ კიდურზე, რაზეც, მაშინ, რეალურად სახეობის გადარჩენა იყო დამოკიდებული. მას მერე დიდი დრო გავიდა, ჩვენ დავიკავეთ პლანეტა და გავცდით მის საზღვრებს, ხეტიალი გადარჩენის ინსტრუმენტიდან რეკრეაციის, დასვენების საშუალებად გარდაიქმნა, და ეს დაახლოებით მე-18 საუკუნის უკანასკნელი წლებიდან დაიწყო. გავიხსენოთ რა ხდებოდა მაშინ: სწრაფი ურბანიზაცია, მიწებისა და ტყეების ათვისება და დიახ, რომანტიზმი, რომანტიზმმა მოიცვა ლიტერატურა და ზოგადად კულტურა და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს შექმნა „ჰაიქინგის“ მეტ-ნაკლებად თანამედროვე გაგება. „ხეტიალი ბუნებაში ბუნებასთან დასაახლოებლად“, დაახლოებით ამ დევიზით დახეტიალობდა მაშინდელი მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი ველურ ბუნებაში.

რომანტიზმი ემოციების გარეშე არ არსებობს. სადაც მეტი რისკი ხვდებოდა ადამიანს იქ მეტი ემოცია იბადებოდა, სწორედ ასე ემოციების ძიებაში გამოეყო „ჰაიქინგს“ ერთ-ერთი მიმართულება - „თრექინგი“ და შემდეგ მთამსვლელობა და მიუხედავად იმისა, რომ რომანტიზმი მიილია და მას შემდეგ მრავალი სხვა მიმდინარეობა გაჩნდა და წარსულს ისინიც ჩაბარდა „ჰაიქინგის“ კონცეფცია დიდად აღარც შეცვლილა. შეიცვალა ფორმა, საშუალებები, ტანსაცმელი, ადგილები. ჩვენ დღეს ლაშქრობაში თან ვატარებთ დამატებით ბატარეებს, „გორ-ტექსის“ წყალგაუმტარ მაღალტექნოლოგიურ ტანსაცმელს, სპეციალურ მარტივად მოსამზადებელ საკვებს, BPA-Free ბოთლებსა და მსუბუქ, კელვარის ზურგჩანთებს...

თუმცა მაინც, ლაშქრობა იძულებულს გხდის დროებით დაივიწყო თანამედროვე კომფორტის ყველა საშუალება და დააფასო ძალიან მარტივი და უბრალო საგნები და მოვლენები, თუნდაც თუ რა კარგია დაღლილი სხეულის ცივ ქვაზე დროებით მიგდება, როგორია საათობრივი მარშის შემდეგ ყველაზე გემრიელი რამდენიმე ყლუპი წყალი, როგორი დელიკატესია საღამო ჟამს „პრიმუსზე“ (გაზქურა) შემთბარი უბრალო კონსერვის ქილის კერძი, როგორი თბილია დღის მიწურულს გადასული მზის უკანასკნელი სხივი...

კომფორტის ზონიდან გამოსვლა და სახლის სითბოს ნაკლებობა მოლაშქრეს აიძულებს დააფასოს მის ხელთ არსებული და ბუნებისგან ბოძებული მარტივი სიკეთეები, ამის დახმარებით კი თავიდან აღმოაჩინოს გარესამყარო, რომელიც მას მოიცავს. როგორ ხდება ეს? ყველაფერი მარტივ და პრაქტიკულ მომენტებში აისახება. ამ გარემოში ადამიანი ეჩვევა დაბნელებასთან ერთად დაძინებას და ალიონზე წამოხტომას, იგი თანდათან ბუნების ცხოვრების რითმს ერწყმის. რაც უფრო დიდ დროს ატარებს ლაშქრობაში მით მეტად ხდება მასთან ხელთუქმნელი გარესამყარო ინტერაქტიული, თანდათან უფრო და უფრო მეტად აღიქვამს ბუნების საოცრებათა სილამაზეს, აოცებს არა მხოლოდ მთის უკიდეგანო ლანდშაფტები ან მაღალი ჩანჩქერები, არამედ იწყებს იმ მცირე საგნების და მოვლენების შემჩნევას, რომლებიც თავიანთი ვიზუალური მასშტაბით ერთი შეხედვით შეუმჩნევლები არიან, მაგრამ კარგ დამკვირვებელს გადაუშლიან კაცობრიობისგან დამოიკიდებლად არსებული სამყაროს საოცარ კანონზომიერებებს, რომლებშიც თავად არსებობენ. ასე ყალიბდებიან ადამიანები გარემოსდამცველებად, ე.წ. – „ენვაირონმენტალისტებად“ (environmentalist), ამგვარად ხდება შესაძლებელი, რომ გააცნობიეროთ ჩვენი რეალური ადგილი პლანეტაზე, შედეგად კი გავიაზროთ, რომ მხოლოდ მოხმარებით ჩვენი ყოფა არ უნდა შემოიფარგლებოდეს.

რომ არ გადავწვდეთ სამყაროსეულ პრობლემებს, საკმარისია მხოლოდ საქართველოში არსებულ ქაოსურ ურბანიზაციას გადავავავლოთ თვალი და მივხვდებით თუ რატომ ცდილობს ყოველწლიურად მეტი ადამიანი გაექცეს სოციალურ გარემოს, საკუთარი ხელით შექმნილ რეალობას. და ვინ იცის რომელი რეალობა უფრო რეალურია? სად უფრო მეტ ემოციას განვიცდით? ჩვენი ხელით შექმნილ ასანთის კოლოფების მსგავს მრავალსართულიანებში, თუ იმ ადგილას, რომელიც წარსულ ყოფასთან გვაახლოებს და სამყაროს ალტერნატიულ, არა-ჰუმანოიდურ სახეს ინახავს? აბა, იგრძენით ცოტა რომანტიზმი ?

ვტორი: გურო ვაშაყმაძე