კულტურა

საუკუნეზე ბებერი ქართული კინო

საქართველოში პირველი კინოსეანსი პარიზში ლუმიერების სინემატოგრაფის პირველი კომერციული საჯარო დემონსტრაციიდან თერთმეტ თვეში გაიმართა. 1900-იანი წლების დასაწყისიდან თბილისში უკვე არსებობდა რამდენიმე კინოთეატრი, რომელიც მაყურებელს ფილმების პროგრამას რეგულარულად სთავაზობდა. ადამიანი, ვის სახელთანაც პირველი ქართული ფილმების გადაღება ასოცირდება, ვასილ ამაშუკელია. თუმცა, მისი ყველაზე ძველი ნამუშევრები საქართველოში ან ადგილობრივი ფირმის დაკვეთით გადაღებული არ ყოფილა. კინოქრონიკების შექმნა მან ქალაქ ბაქოში დაიწყო.

ივნისი 28, 2018

Hello Blog

საქართველოში პირველი კინოსეანსი პარიზში ლუმიერების სინემატოგრაფის პირველი კომერციული საჯარო დემონსტრაციიდან თერთმეტ თვეში გაიმართა. 1900-იანი წლების დასაწყისიდან თბილისში უკვე არსებობდა რამდენიმე კინოთეატრი, რომელიც მაყურებელს ფილმების პროგრამას რეგულარულად სთავაზობდა. ადამიანი, ვის სახელთანაც პირველი ქართული ფილმების გადაღება ასოცირდება, ვასილ ამაშუკელია. თუმცა, მისი ყველაზე ძველი ნამუშევრები საქართველოში ან ადგილობრივი ფირმის დაკვეთით გადაღებული არ ყოფილა. კინოქრონიკების შექმნა მან ქალაქ ბაქოში დაიწყო.

ფოტოზე ვასილ ამაშუკელი  

პარადოქსულია, მაგრამ ქართული კინოს ისტორიის ათვლის თარიღად კინოს ისტორიკოსები სწორედ ბაქოში 1908 წელს გადაღებულ სურათებს მიიჩნევენ. ამაშკელის ყველაზე ცნობილი სურათია სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“. უდავოა, რომ ვასილ ამაშუკელი ქართული კინოს პიონერია, თუმცა, ამაშუკელამდე ერთი წლით ადრე საქართველოში კინოგადაღებებს ფოტოგრაფი ალექსანდრე დიღმელაშვილი აწარმოებდა. ადრეული ქართული დოკუმენტური კინოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა ისტორიკოსი, კავკასიის ომების მკვლევარი, კავკასიისმცოდნე, პოლკოვნიკი სიმონ ესაძე.

პირველი ქართული მხატვრული ფილმია ალექსანდრე წუწუნავასა და გერმანე გოგიტიძის მიერ გადაღებული „ქრისტინე“. ფილმის გადაღება 1916 წელს რუსეთის იმპერიის ტფილისის გუბერნიაში დაიწყო, ხოლო პრემიერა 1919 წელს, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში, დამოუკიდებლობის გამოცხადების წლისთავზე შედგა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობისას ასევე შეიქმნა დოკუმენტური კინოქრონიკა. პროდიუსერ გერმანე გოგიტიძის ხელმძღვანელობით გადაღებული ეს ფილმები 1921 წელს რუსულ არმიასთან გამართული საომარი მოქმედებების უნიკალურ კადრებსაც ასახავს. თბილისის დასაცავად გამართული ბატალიების გადაღებისას, დამოუკიდებელ საქართველოში კინოკამერა ბოლოჯერ დატრიალდა. დადგა ქართული საბჭოთა კინოინდუსტრიის დრო.

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ახალი მთავრობა იწყებს ზრუნვას ახალი ტიპის სახელმწიფო კინომრეწველობის შესაქმნელად, რომელიც ხალხში საბჭოთა იდეების დანერგვას შეუწყობდა ხელს. 1920-იანი წლების პირველ ნახევარში ქართულ საბჭოთა კინოინდუსტრიაში ის ადამიანები დასაქმდნენ, რომლებსაც რევოლუციამდელ დროს დაიწყეს პროფესიული კარიერა.

კადრი ფილმიდან "დაკარგული საუნჯე" | რეჟისორი: ამო ბეკ-ნაზაროვი

ახალგაზრდა ხელოვანებს შორის, რომლებიც კინოში ახალი კინოენის ჩამოყალიბების იდეით მოვიდნენ, იყვნენ რეჟისორები - მიხეილ კალატოზიშვილი (კალატოზოვი), ნიკოლოზ შენგელაია, ლეო ესაკია, სიკო დოლიძე, მიხეილ ჭიაურელი, ლევ პუში, ზაქარია ბერიშვილი, კოტე მიქაბერიძე. ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ ე. წ. დრომოჭმულ ხელოვნებას და ისეთ კინემატოგრაფიას, რომელიც ხელოვნების სხვა დისციპლინებით (თეატრი, მხატვრობა) ჭარბად საზრდოობდა.

კადრი ფილმიდან "განწირულნი" | რეჟისორი: ლევ პუში

კინოში 1920-იანი წლების ბოლომდე არსებული შედარებით ლიბერალური პოლიტიკა შემოქმედებითი ექსპერიმენტირებისა და ფორმალისტური ძიებების საშუალებას აძლევდა რეჟისორებს. თუმცა, მოგვიანებით პოლიტიკა შეიცვალა და ცენზურა გამკაცრდა. 1930-იან წლებში ქართულ მხატვრულ კინოში აქტუალურია კოლექტივიზაციისა და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია-მექანიზაციის თემები, ასევე სიუჟეტები, სადაც აკრიტიკებენ ან დასცინიან ფეოდალურ რეჟიმსა და სოციალ-დემოკრატიულ მთავრობას. ამ ეპოქას აგრეთვე ახასიათებს ჰეროიკული პერსონაჟების მომრავლება როგორც საბჭოთა სხვა, ისე ქართულ კინოეკრანებზე.

კადრი ფილმიდან "არსენა ყაჩაღი" | რეჟისორი: ვლადიმერ ბარსკი

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში თბილისის კინოსტუდიის მიერ გადაღებული ყველა მხატვრული ფილმი, პირდაპირი თუ ირიბი სახით, გერმანიასთან საბჭოთა კავშირის ბრძოლის თემას უკავშირდება. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მონაკვეთი 1953 წლის ჩათვლით, საბჭოთა კავშირში მცირეფილმიანობის სახელით არის ცნობილი.

„ოტტეპელის“ ხანმოკლე პერიოდში, რომელიც საბჭოთა კავშირში სტალინის კულტის დამხობას მოჰყვა და 1956 წლიდან 1968 წლამდე გაგრძელდა, ხელოვნებაში პოლიტიკური წნეხი შედარებით შესუსტდა. ცენზურა მუშაობას განაგრძობდა, თუმცა, ავტორიტეტების ძალაუფლება მაინც შეირყა და ეს ცვლილება კინომაც ასახა. „ოტტეპელის“ ეპოქაში ქართულ კინოში იწყება ახალი პერიოდი, რომელსაც ზოგჯერ ქართულ ახალ ტალღად მოიხსენიებენ. თენგიზ აბულაძის, მერაბ კოკოჩაშვილის, ოთარ იოსელიანის, მიხეილ კობახიძის, ელდარ შენგელაიას მიერ შექმნილი პერსონაჟები საზოგადოებასთან დაპირისპირებული, კრიტიკულად განწყობილი ადამიანები არიან.

1970-იანი წლებიდან მოყოლებული ქართულ კინოში გაძლიერდა პარადიგმა, რომელიც ტოტალიტარულ რეჟიმში სახელოვნებო პროცესის განუყოფელ ნაწილად იქცა. ცენზურა ხელოვნების ნაწარმოებებში შეფარული მესიჯების გამოყენებისკენ უბიძგებდა ავტორებს. ვიზუალური და შინაარსობრივი მეტაფორებით აზროვნება გარკვეულ ტენდენციად ჩამოყალიბდა ქართულ კინოშიც, სადაც მეტაფორა ერთდროულად წარმოადგენს რეჟისორის პოეტური აზროვნებისა და პოლიტიკური ხედვის გამოვლინებას.

კადრი ფილმიდან "შერეკილები" | რეჟისორი: ელდარ შენგელაია

მოგვიანებით, „პერესტროიკის“ ეპოქაში, აღნიშნული პარადიგმა უფრო ღიად პოლიტიკურ სახეს იღებს. რეჟისორები ეხებიან აქამდე აკრძალულ თემებს. „პერესტროიკის“ ეპოქის ყველაზე გახმაურებული ქართული ფილმი, რომელმაც აღიარება დასავლეთშიც მოიპოვა (გრან პრი კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1987), თენგიზ აბულაძის „მონანიებაა“.

კადრი ფილმიდან "მონანიება" | რეჟისორი: თენგიზ აბულაძე

ამ პერიოდის ქართულ კინოში ისტორიული მოვლენის ვიზუალური ინტერპრეტაციის ლიმიტებს აფართოებს სერგო ფარაჯანოვი. ფაქტებისა და ლეგენდების ფანტასმაგორიულ წარმოსახვაში განზავებას პოსტმოდერნისტული კინოს განზომილებაში გადაჰყავს მისი „ამბავი სურამის ციხისა“ (1984) და „აშუღი ყარიბი“ (1988).

კადრი ფილმიდან "ამბავი სურამის ციხისა" | რეჟისორი: სერგო ფარაჯანოვი

1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით, სრულდება ტოტალიტარული მმართველობის ხანგძლივი პერიოდი პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელმაც, თავის მხრივ, დიდწილად განსაზღვრა ქართული კინემატოგრაფის განვითარების მიმართულება. ადრეული 90-იანი წლების პოსტსაბჭოთა ქართული კინო, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სირთულეების ფონზე, სერიოზულ მატერიალურ და შემოქმედებით კრიზისს განიცდის. ქვეყანა გათავისუფლდა, ცენზურა გაუქმდა, მაგრამ ქართული კინო აღმავლობის ნაცვლად, ციცაბო დაღმართს დაადგა.

იმ მოლოდინთან შედარებით, რომელიც ადგილობივი კინოწარმოების მიმართ კინოს მოყვარულებსა თუ პროფესიონალებს შორის არსებობდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქართული ფილმების წარმატება ძალზედ მცირე იყო. 90-იან წლების დასაწყისში რუსეთის გარდა, უცხოეთში თავისი ფილმები აჩვენეს და პრიზები მოიპოვეს ლანა ღოღობერიძემ, ალეკო ცაბაძემ, დიტო ცინცაძემ, თემურ ბაბლუანმა. 1997 წელს საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული ფილმის კატეგორიაში ოსკარზე ნომინირებული იყო ნანა ჯორჯაძის „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“.

2005 წელს კანის კინოფესტივალის არასაკონკურსო განყოფილებაში აჩვენეს ლევან ზაქარეიშვილის „თბილისი-თბილისი“. 2000-იანი წლების მეორე ნახევრიდან კი საქართველოში წარმოებული მხატვრული და დოკუმენტური ფილმებით სულ უფრო ინტერესდებიან უცხოური კინოფესიტვალები. ქართულ და დასავლურ პრესაში, ისევ გაჩნდა შეფასება „ახალი ქართული ტალღა“ - ტერმინი, რომელიც აქამდე 60-იანი წლების ფილმებთან მიმართებაში იხმარებოდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ბოლო ათწლეულის ქართულ კინემატოგრაფში შეინიშნება, ქალი რეჟისორების გამოჩენაა.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველი მხატვრული ფილმი სწორედ ქართველმა ქალმა, ნუცა ღოღობერიძემ გადაიღო და ქვეყნის კინოს ისტორიაში კიდევ რამდენიმე ქალი რეჟისორის გვარი ფიგურირებს, ეროვნული კინოს საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ქალებს საქართველოდან არასდროს შეუქმნიათ იმდენი ფილმი, რამდენიც ბოლო წლების განმავლობაში. თუკი უახლოეს მომავალში ჩვენი კინო ახალ სიტყვას იტყვის მსოფლიო კინემატოგრაფიაში, ეს ქართველი ქალების დამსახურებაც იქნება.

30 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ თიბისის მხარდაჭერით ქართული კინოს 110 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება.

ავტორი: ნინო ძანძავა