მუსიკა | ცა

ლისის საოცრებათა ქვეყნის ამბები - სცენაზე და სცენის მიღმა

განწყობა, ბევრი მასლაათი, მათ შორის მთავარ ჰედლაინერთან და მადლიერების განცდა...

ივნისი 28, 2018

Hello Blog

განწყობა, ბევრი მასლაათი, მათ შორის მთავარ ჰედლაინერთან და მადლიერების განცდა...

ფოტო: თორნიკე შენგელია 

შევეცდები, სცენაზე, თუ სცენის მიღმა დატრიალებულ ამბებს აქ, “კომპაქტურად” მოვუყარო თავი. 

ფოტო: თორნიკე შენგელია 

***

Tbilisi Open Air-ის პირველმა დღემ თუ მცხუნვარედ ჩაიარა - მზე, ჰიპ-ჰოპი, სევდალიზა, მეორე დღემ მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამასთან ერთად, მრავალფეროვანი ამინდითაც დაგვამახსოვრა თავი. 

ფოტო: თორნიკე შენგელია

წვიმა დამატებით საზრუნავად იქცა ორგანიზატორებისთვის, მოფესტივალეთა უმრავლესობისთვის კი - დამატებით თავშესაქცეობად, კიდევ უფრო რომ აამაღლა განწყობა, გაგვაგრილა და კიდევ უფრო მეტად გაგვაერთიანა ერთ საერთო მდგომარეობაში... 

ფოტო: რეზი ყენია 

Killages - შარშანდელი “ნიუქამერები” (გუგა მაჭარაშვილი, ანრი ყაველაშვილი, გიორგი ლიპარტელიანი, რატი რატიანი ), ერთ წელიწადში დაწინაურდნენ და მთავარ სცენაზე დაიკავეს ადგილი! მათთვის, ვინც ჯერ არ იცნობდა, მათ შორის ჩემთვის (აი, ახლაც მათ ვუსმენ, სანამ ამას ვწერ) სასიამოვნო აღმოჩენად იქცნენ. გუგასთან [ჯგუფის ვოკალისტი] მასლაათში, გამოვარკვიე სამი რამ, რამაც ბენდის წარმატება განაპირობა: ა) არ ელოდები შთაგონებას, უბრალოდ აკეთებ! ბ) ხარისხისა და ე.წ. “ფროდაქშენის” მაქსიმალური უზრუნველყოფა გ) სიჯიუტე, ანუ ის, რომ არ ნებდები არასდროს!  

ფოტო: გიორგი  ინდუაშვილი

ველზე გახეტიალებისას, ბევრ მეგობარს შევხვდით, ბევრსაც – მეგობრულ უცნობს. აქ, ადამიანების სილამაზეც სხვანაირად ჩანს, თავისუფალ ნაკადად მოედინება გემოვნება, განწყობა, ფერები...

ფოტო: რეზი ყენია

სცენიდან სცენისკენ გადაადგილებისას, მოწყენის საშუალებას არ იძლეოდა მრავალფეროვანი დახლები, სახელდახელო მაღაზიები, კაფე-ბარების გურმანიადა, სათამაშო ზონები...

ფოტო: თორნიკე შენგელია

ფეხბურთის მოყვარულთათვის - ნამდვილი საფეხბურთო მოედანი, ხოლო ჩემპიონატის “ლაივებისთვის” საგანგებოდ დამონტაჟებული ეკრანი, თავისი ყურსასმენებით...

ფოტო: თორნიკე შენგელია

მთავარ სცენას რომ დავუბრუნდეთ... ამინდის სიცელქის გამო, შემდეგი ბენდის Moku Moku-ს გამოსვლის დრო შეიკვეცა, თუმცა, ეს დროც საკმარისი იყო იმისთვის, რომ დაგვეფიქსირებინა როგორ დაიხვეწნენ;

ფოტო: თორნიკე შენგელია

ყველა ის ფაქტორი, რაც გვარწმუნებს, რომ მათ წინ კიდევ ძალიან ბევრი წარმატებაა, სახეზე იყო! სულ მალე, “მოკუ მოკუ” მადრიდში, ფესტივალზე MADCOOL გაახურებენ სცენას, რომელსაც ჰელდაინერებად არც მეტი არც ნაკლები Pearl Jam და Depeche Mode ეყოლება!  

ფოტო: თორნიკე შენგელია

სანამ მოკუმოკუელებთან ვსაუბრობდით, სცენიდან ფრანგული ბოჰემურ-კურორტულ-ბოსანოვურ-ეგზოტიკური მუხტი იღვრებოდა! ე.ი. უკვე Papooz-ები გამოდიან - ულისე კოტინი და არმან პიკო ბენდთან ერთად. როცა მათ ინტერვიუს ვწერდით, ფესტივალამდე რამდენიმე დღით ადრე, დაგპირდით, რომ როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, ისინი აუცილებლად “შეგვინარჩუნებდნენ” ზაფხულს და ასეც გამოდგა! 

ფოტო: თორნიკე შენგელია

გამოსვლის შემდეგ, თვითონაც ძალიან ემოციურები, უბედნიერესები ჩანდნენ. ის დადებითი მუხტი, რაც თავად გაგვიზიარეს, თითქოს ერთი-ათად დაიბრუნეს მსმენელისგანაც...

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

“1 წლის შემდეგ, გაგვიხარდება, თუ ისევ ჩამოვალთ. მანამდე კი - ახალი ალბომი გველოდება! რიგით მეორე, რომელსაც სექტემბერში გამოვცემთ”, მეუბნება ულისე და ექსკლუზიურად Helloblog-თვის, ახალი ალბომის სახელიც გამიმხილა - Night Sketches, რომელიც უფრო მეტად “გრუვი” იქნებაო, ვიდრე პირველი.

ფოტო: თორნიკე შენგელია

ამასობაში, რეიჩელ იამაგატასთვის სცენა უკვე გამზადებული იყო. საგანგებოდ გამოტანილ მაგიდაზე, ყვავილები შევნიშნეთ. აღმოჩნდა, რომ ეს “მზესუმზირები” ჰოლანდიიდან შეუკვეთა რეიჩელის თაყვანისმცემელმა. კიდევ რამდენიმე წუთი და რეიჩელიც გამოჩნდა, თავის პარტნიორთან - კევინ სალემთან ერთად.   

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

კულისებში, რეიჩელთან და კევინთან დიდი ხანი ვისაუბრეთ, არა ინტერვიუს ფორმატში. ერთს გადმოგცემთ მხოლოდ, რაც რეიჩელმა გოგონებს დაგვიბარა: “Radiate” (ანათეთ)! “რაც არ უნდა მოხდეს, უნდა გვახსოვდეს, რომ შეგვიძლია, ვანათოთ!”

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

კიდევ ერთს გაგიმხელთ - აღმოჩნდა, რომ რეიჩელს სცენის ფობია ჰქონია, რომელსაც არ ვიცი როგორ, მაგრამ აგერ უკვე 20 წელია, მშვენივრად უმკლავდება. 

ფოტო: თორნიკე შენგელია

ხშირად, იშველიებს სწორედ ზემოთ ნახსენებ სიტყვას - “ნათებას”, რომ მაქსიმალურად გაიხსნას, ისიამოვნოს თითოეული წუთით და მართლაც, ანათოს!

ფოტო: თორნიკე შენგელია

დაუღალავი ენერგიის წყაროდ და დახვეწილი გემოვნების “მასტერკლასად” მოგვევლინა როშინ მერფი [ex-Moloko]. საათნახევრის განმავლობაში ფორმა დაახლოებით 6-ჯერ გამოიცვალა, და რაც უფრო ექსტრავაგანტულად გამოიყურებოდა,მით უფრო საინტერესო ხდებოდა ჟღერადობაც, დაახლოებით ისე, როგორი საინტერესოც შეიძლება გახდეს საჩუქარი უჩვეულო შეფუთვაში.

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

იმ პირობით, რომ შიგთავსიც არანაკლებ ძვირფასი რჩება. ვგიჟდები იმ მომენტზე, როცა შემსრულებლის მთავარი ჰიტი იწყება და სცენის წინ შეკრებილი ხალხიც ერთი ორად მატულობს. ასე მოხდა ჯერ კიდევ Moloko-ს დროინდელ “Bring it Back”-ზეც. 

ფოტო: რეზი ყენია

***

მესამე დღის გზა განსაკუთრებით გადატვირთული აღმოჩნდა. საფესტივალო ტერიტორიზეც ჩვეულზე მეტი სტუმარი იყო... ამ დღეებში, თუ სამივე დღე გაატარეთ “ველზე”, ალბათ დამერწმუნებით, რომ დრო უცნაურად აღიქმებოდა, ერთ დღე, თითქოს ერთ წუთში ქრება, მაგრამ გახსენებისას ეს დღე მთელ ცხოვრებად გეჩვენება.   

ფოტო: თორნიკე შენგელია

საკონცერტო პროგრამა საღამოს რვა საათისთვის, ამ წლის Newcomer-მა, მშვენიერმა ქეთათო ნერგაძემ, იგივე LUA-მ გახსნა. გოგონა სიმღერის ტექსტებსაც და კომპოზიციებსაც თავად წერს, სცენაზეც თამამად უჭირავს თავი და თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა სულ მალე, სხვა, საერთაშორისო საფესტივალო სცენებიც დაიკავოს.   

ფოტო: თორნიკე შენგელია

ისევ გოგონა, ისევ მშვენიერი და ისიც თვითმყოფადი სიმღერებისა და მუსიკის ავტორი - სოფი ვილი... ჯადოსნური გოგოა! ამაში მასთან საუბრის დროსაც დავრწმუნდი. ნიჭი + კეთილგანწყობა + გულწრფელობა + ხმა + სპორტი + სტილი + უპირობო ბუნებრივობა + მზრუნველობა + ის, რომ ამ ყველაფერს, ერთი ნახვით ამჩნევ = ჯადოსნურობას! და თმა, ლამის გამომრჩა! საუბარიც ვარცხნილობით დავიწყეთ, გავაგრძელეთ მუსიკალური მოღვაწეობით, ქართული დნმ-ით, რომელიც ინგლისურ სიტყვებში შეფუთულიც ამოიცნობა და მასავით ჯადოსნური ამბებით! 

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

სოფის შემოქმედება უკვე მეოთხე ალბომად შეიკრა... არასდროს წყვეტს მუშაობის პროცესს, მუსიკის წერის, მუსიკის გაზიარების გარეშე ვერც წარმოუდგენია საკუთარი ცხოვრება... უამრავ სფეროში მოსინჯა საკუთარი თავი, მარტოობის “100 წელიც” გამოიარა საზღვარგარეთ სწავლის დროს, რამაც არამარტო გააძლიერა, საკუთარი კუთხეც სულ სხვანაირად დააფასებინა. სადაც არ უნდა წავიდეს, იცის, რომ პირველ რიგში სწორედ საქართველოს წარმოადგენს და სიმღერებითაც მასზე ჰყვება რუსთაველის აფორიზმებით, ფრაზებით ხალხური ლექსიდან “მოდი ვნახოთ ვენახი”, სადაც ჟანგი თოფს ჭამს, ჟანგს მიწა, გულს კი დარდი (Gun by rust, And rust by earth, A heart by grief eaten away)... 

ფოტო: თორნიკე შენგელია

- “ხალხი მოდის კონცერტის შემდეგ და მეკითხება, რას ნიშნავს - On the land where we lived before, grass will grow, that’s for sure! მე კი ვეუბნები, რომ ეს აფხაზეთზეა; რომ იქ, სადაც ადრე ვცხოვრობდით და ახლა ყველაფერი გაჩანაგებულია, ოდესმე კვლავ “გაიზრდება ბალახი” და ჩვენ ერთად ვიქნებით!”

ფოტო: რეზი ყენია

და კიდევ ერთი:

-“ეს ცხოვრება არის შენი, აქ იმისთვის მოხვედი, რომ სწორედ შენ იყო! დარჩე საკუთარი თავის ერთგული და აკეთო მხოლოდ ის, რაც შენ გინდა! ინდივიდი ხარ და ინდივიდუალურად უნდა აკეთო ის, რაც შენ მართლა გიყვარს! ეს რომ ყველამ გავითავისოთ, მჯერა, რომ ეს ქვეყანა აშენდება”.  

ფოტო: თორნიკე შენგელია

***

დაახლოებით ათის ნახევარზე, სცენა SALIO-სია. 

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

შესანიშნავად გამოიყურება, სადად გამოწყობილი შავ ტოპსა და ქვედაბოლოში, ამ ყველაფერთან მოციმციმე პიჯაკი, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ იატაკზე “ინაცვლებს”. ხელებზე კი, თეთრი ხელთათმანები გლამურის ერთგვარ ქარაგმად რჩება. 

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

კომფორტულად გრძნობს თავს სცენაზე, ჩვენც კომფორტულად ვგრძნობთ მის ხმას და ცხადია, რომ ეს დიდი შრომის შედეგადაა მიღწეული… კომფორტი კი, ამ შემთხვევაში, შეიძლება იყოს როგორც მისი უნივერსალური მზაობა, უნივერსალური ხარისხი და მიმღეობა, ისე მისი საოცარი მსმენელი, რომელმაც ზეპირად იცის ტექსტები, განსაკუთრებით, იმ სიმღერის, რომელიც სალიომ 12 წლის ასაკში დაწერა და რომელიც, შარშან, ჯოს სტოუნთან ერთად შეასრულა გონიოს ციხე-სიმაგრეში. ვარსკვლავები, და ცისარტყელა… აი, ისევ ამეკვიატა!

ფოტო: თორნიკე შენგელია

წინა დღეს, სალიოსთან და მის მეუღლესთან ესპრომპტ ინტერვიუც გამოგვივიდა:

რიჩარდი - რატომ ხდება ისე, რომ ძალიან ბევრი ქართველი, რომელიც უზომოდ ნიჭიერია, მაინც ხელმოცარული რჩება მუსიკის ინდუსტრიაში?

სალიო - მშვენიერი კითხვაა, მადლობა რიჩარდ! მართლა ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ცვლილებების მოხდენა შეუძლიათ, არ არიან ამით დაინტერესებულნი. საჭიროა სათანადო ლეიბლი და სათანადო ინვესტიციები. 

- როგორ ფიქრობ, ქართველ შემსრულებლებს რატომ უხდიან ასე ცოტას, უცხოელ შემსრულებლებთან შედარებით?

- სიმართლე გითხრა, დიდ პატივს ვცემ ფესტივალებს, განსაკუთრებით, Tbilisi Open Air-ს, რომელიც ძალიან ეხმარება ქართველ შემსრულებლებს; თუმცა, ხშირია ისეთი ღონისძიებებიც, სადაც მხოლოდ შემოსავალზე ფიქრობენ, არა ხალხზე, ან მომავალზე… არ ზრუნავენ ერთად ყოფნასა და დადებითი ენერგიის გაზიარებაზე… 

ფოტო: რეზი ყენია

კიდევ რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ და ბევრი რომ არ გავაგრძელო, სალიოს მთავარ გზავნილს გაგანდობთ: “მთავარია, არ მოდუნდე, არ დაჯდე სახლში, არ ჩაიკეტო… იმოგზაურე, რაც შეიძლება მეტი და რაშიც შეგიძლია, ყველაფერში გამოსცადე შენი თავი! მაშინაც კი არ გაჩერდე, თუ ცხოვრებისგან სილა მოგხვდება! და რაც ყველაზე მთავარია, იყავი ნამდვილი!”

***

დაახლოებით 23:00-ზე სცენაზე RO x Konoba (Konoba -Raphael Esterhazy და R.O.- Rugi Ilivier] დგებიან. მათზე სულ ოდნავ ქვემოთ მოვყვები, მანამდე კი, არ დავარღვევ მოვლენების ქრონოლოგიას და ამ დროისთვის, უკვე ადგილზე მყოფ ჰედლაინერთან შედმგარ ინტერვიუს გადმოგცემ.  

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

“მასლაათი” ტომ ოდელთან, სანამ სცენაზე “კონობა” უკრავს:

-როგორ ახერხებ, რომ ყოველთვის ასე ლამაზად გამოიყურები?

-როგორც წესი შოკოლადში ვბანაობ! აბაზანას ვავსებ ხოლმე თბილი შოკოლადით!

-შავი, თუ რძიანი?

-აუცილებლად შავი!

-ყველაზე მეტი ანტიოქსიდანტი აქვს! და ამის გარდა, კიდევ რით ანებივრებ შენს თავს?

-ხანგრძლივი აბაზანების შემდეგ... 

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

-რამე გემრიელით?

-ზოგადად, გემრიელი კერძით, კი… მომწონს კარგად გაკეთებული თევზი!

-იაპონური სამზარეულო?

-ჰო, სუში ალბათ ყველაზე მეტად მიყვარს!

-სასმელებიდან, რა იქნებოდა განებივრება? 

-ძალიან მომწონს ვისკი, თუმცა, ვცდილობ, დიდად არ მივეტანო და თავი ვაკონტროლო!

-ადამიანებში რას გამოარჩევდი ყველაზე მეტად?

-გულახდილობას, გულწრფელობას… საქმისადმი ვნებით მიდგომასა და ალბათ, გრაციოზულობას…

ფოტო: რეზი ყენია

-და ბოლოს, მუსიკასაც შევეხოთ… რა ხდება შენს შემოქმედებით გზაზე?

-12 ოქტომბერს ახალ ალბომს ვუშვებ - “Jubilee Road”, რომელიც აღმოსავლეთ ლონდონში, ჩემს საკუთარ ოთახში ჩავწერე… იმ ხალხის გავლენით, იქ ცხოვრების დროს რომ გავიცანი. მიხარია, რომ სულ მალე მოისმენს მსმენელიც და ვფიქრობ, ყველაზე კარგი ალბომი იქნება, რაც აქამდე გამომიშვია... და, ახლა სცენაზე ვინ დგას?

-კონობა..

-კარგები არიან, მშვიდი მუსიკა აქვთ… და შენც მშვიდი ხარ! 

ფოტო: გიორგი ცოფურაშვილი

***

და მასლაათი R.O. x Konoba-სთან, სანამ ტომ ოდელისთვის სცენა მზადდება:

-მგონი ორმხრივი სიყვარულის მომსწრე გავხდით!

რაფაელი - სრული სიგიჟეა, თან ტომ ოდელის წინ დავუკარით, თან ასეთი საოცარი მსმენელი გვყავდა! 

ფოტო: თორნიკე შენგელია

რ.ო. - რამდენიმე თვეა, რაც ერთად ვმუშაობთ და ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან ახალია. მანამდე ცალ-ცალკე ვამუშავებდით პროექტებს. ახლა, ბევრს ვმოგზაურობთ. ხან პატარა დარბაზი გვხვდება, ხან - დიდი, საქართველოში ყველაზე დიდი შოუ გამოგვივიდა...

რაფაელი - თუმცა, როგორც პირველ ჯერზე [2017-ის ნოემბერი, Spacehall-ში], ისე - ახლაც, მნიშვნელოვანია არა იმდენად ხალხის რაოდენობა, რამდენადაც აქაური მუხტი, რომლის სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთულია. ენერგიას არ იშურებენ, გისმენენ, მღერიან შენთან ერთად, გრძნობ, რომ შენთან არიან! ეს კი ყველაფერს ცვლის ჩვენთვის სცენაზე დგომისას!  

-პროექტი “Ten”, რომელიც სცენიდან გაგვაცანით, იმ საბრძოლო ნათლობას ჰგავს, რის შემდეგაც ყმაწვილებს ზრდასრულებად თვლიან…

ფოტო: თორნიკე შენგელია

(პროექტით “Ten” ბიჭებმა გადაწყვიტეს თითო თვის გატარება ათ სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც შექმნიან მუსიკას, ჩაატარებენ კონცერტებს და ითანამშრომლებენ ადგილობრივ ხელოვანებთან)

რაფაელი-ზუსტად ასეა! ვფიქრობ, ამ ათი თვის შემდეგ ძალიან შეცვლილები ვიქნებით… ბევრი ახალი სიმღერა გვექნება. უკვე სამი თვეა, რაც ამ გზაზე ვდგავართ და 4 ახალი კომპოზიცია გვაქვს. შესაბამისად - 15-20 სიმღერა, ახალი ლაივ-შოუ, უამრავი ახალი ნაცნობი, გულშემატკივარი, კონტაქტი, მეგობარი… ამ 10 თვის გამოცდილება 10 წლის ტოლფასი იქნება! 

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

ბიჭებმა უკვე გამოიარეს საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი (სადაც ბოლო 5 დღე რჩებათ ერთ-თვიანი გეგმის შესასრულებლად და საქართველოშიც სწორედ იქიდან ჩამოვიდნენ)… რიგშია - რუმინეთი, იტალია, საბერძნეთი, საქართველო (ოქტომბერში!), იაპონია, ავსტრალია… მეათე ჯერ არ ამოურჩევიათ, შესაბამისად მათთვისაც სიურპრიზად რჩება… პროექტის დასრულების შემდეგ კი აუცილებლად მოგვიყვებიან 10-თვიან თავგადასავალს შემაჯამებელ დოკუმენტურ ფილმში.

ფოტო: თორნიკე შენგელია

-ტომს ვკითხე და თქვენც იგივეს გკითხავთ - როგორ ახერხებთ ასე ლამაზად რომ გამოიყურებით?

რ.ო. -საერთოდ არ მიფიქრია მაგაზე, ვერც წარმომიდგენია ჩემი თავი ლამაზი… ძალიან ცოტა გვძინავს… მუქი წრეებიც გამიჩნდა თვალების ქვეშ. მომწონს ეს კითხვა, მაგრამ თან ძალიან შემრცხვა!.. 

რაფაელი -მე ტალახს ვისმევ სახეზე! 

ტომმა, შოკოლადის აბაზანას ვიღებო! 

რაფაელი - ლამაზები არა… არც ვფიქრობთ მაგაზე. ალბათ, უბრალოდ, ჯერ ახალგაზრდები ვართ!

და რაც მთავარია, ენერგიულები! 

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

***

ამასობაში, მთავარი სცენის წინ ზღვად ირეოდა ხალხი - ამ წლის რეკორდული რაოდენობით. შუაღამეს უკვე 15 წუთი იყო გადაცილებული. წინა რიგებში რაც ხდებოდა, სიტყვებით ვერ აღვწერ. ამ სანახაობამ, თითქოს მთავარი შემსრულებელიც საკმაოზე მეტად გააოგნა, როცა თავიდან, თვითონაც გაოცებული ხვდებოდა მისკენ ტალღებად წამოსულ ემოციებს. 

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

კულმინაციური წუთი დადგა, როცა მისი ყველაზე ცნობილი ჰიტი - “Another Love” დაუკრა, რომლის მისამღერიც თავიდან ბოლომდე ხალხმა შეასრულა… იშვიათია მსგავსი ერთსულოვნება, საერთო ექსტაზი და მხოლოდ ამისთვისაც ღირს ამ ყველაფერში თანამონაწილეობა, თანაშემოქმედება... სიცოცხლის ზეიმია!

შუაღამე, ახალი დღე იწყება და მასთან ერთად საფინიშო ხაზის ეიფორიული შეგრძნება – განთიადი და კიდევ ერთი დიდი გამარჯვება ჩაეთვლება არა მარტო ამ ყველაფრის უკან მოფუთფუთე გუნდს, არამედ – შენც, ვინც მოხვედი და შენი წილი ბედნიერება განიცადე!  

სულ რაღაც სამი დღე და მთელი წლის სამყოფი ემოციები დავიგულეთ! შთაბეჭდილებები დიდ ხანს გაგვყვება, ის სცენა კი, ბიტლების შავ-თეთრ კადრებში ნანახი - აცრემლებული თაყვანისმცემლები, საყვარელი შემსრულებლის სიმღერებს მთელი სხეულითა და ვოკალური მონაცემებით აყოლილი, არასდროს დამავიწყდება ტომ ოდელის (მოულოდნელად) გასაგიჟებელი ლაივიდან!   

მადლობა Tbilisi Open Air-ს, ვემშვიდობებით მომავალ წლამდე და... წარმოგიდგენია, მომავალ წელს, უკვე ათი წლის იქნება! ეპოქაა... 

ფოტო: თორნიკე შენგელია

ავტორი: ნინო კაკიაშვილი