მუსიკა | ცა

Tbilisi Open Air 2018 -მეორე დღე

ამინდი, ისეთივე მრავალფეროვანი, როგორც დღევანდელი დღის გამომსვლელები: მოკუ მოკუ, პაპუზი, რეიჩელ იამაგატა, როშინ მერფი...

ივნისი 25, 2018

Hello Blog

ამინდი, ისეთივე მრავალფეროვანი, როგორც დღევანდელი დღის გამომსვლელები: მოკუ მოკუ, პაპუზი, რეიჩელ იამაგატა, როშინ მერფი...

ჯერ, მშრალად ვიყავით:

ერთი...

ორი...

სამი...

ბალღობაც ერთობოდა:

ერთი...

ორი...

სამი...

და დაუშვააა:

ერთი...

ორი...

სამი...

ეს მრავალფეროვნებაც თავშესაქცევი გახდა, კიდევ უფრო აამაღლა განწყობა, გაგვაგრილა, გამოგვაფხიზლა, ყველა კიდევ უფრო მეტ საერთო პირობაში გაგვაერთიანა... სახალისო სანახაობადაც გვაქცია, განსაკუთრებით და ერთნაირ საწვიმარებში გამოწყობილები მულტფილმის გმირებს დაგვამსგავსა...

Killages - შარშანდელი “ნიუქამერები” (გუგა მაჭარაშვილი, ანრი ყაველაშვილი, გიორგი ლიპარტელიანი, რატი რატიანი ), ერთ წელიწადში დაწინაურდნენ და მთავარ სცენაზე დაიკავეს ადგილი! მათთვის, ვინც ჯერ არ იცნობდა, მათ შორის ჩემთვის (აი, ახლაც მათ ვუსმენ, სანამ ამას ვწერ) სასიამოვნო აღმოჩენად იქცნენ. 

გუგასთან მასლაათში, გამოვარკვიე სამი რამ, რამაც ბენდის წარმატება განაპირობა: ა) არ ელოდები შთაგონებას, უბრალოდ აკეთებ! ბ) ხარისხისა და ე.წ. “ფროდაქშენის” მაქსიმალური უზრუნველყოფა გ) სიჯიუტე, ანუ ის, რომ არ ნებდები არასდროს! ბენდის შემდეგი ლაივი, მის გულშემატკივრებს სულ მალე (1 ივლისს), დიღმის ტყეში ელოდება. 

წვიმა იყო, გადაიღო, ხალხიც უფრო გააქტიურდა. კარაოკეს კარავი ფაქტიურად გაუჩერებლად მუშაობდა, ამბობენ, საუკეთესო შემსრულებელი სასიამოვნო საჩუქარსაც მიიღებს. “გარდენ სთეიჯიც” აგუგუნებული იყო ამ დროისთვის, ელექტრონული მუსიკის მოყვარულებმაც ადრიანად დაიჭირეს თადარიგი. გზად, სვირინგის “სალონში” შევისეირნე. ფესტივალის ტერიტორიაზე, საქართველოში, პირველად ხდება მსგავსი ამბავი - სვირინგის “დახლი” პირდაპირ საფესტივალო ტერიტორიაზე. “მაზურსკის”- ტატუ-ოსტატს უამრავი ფანტასტიური იდეა აქვს ტატუ-კულტურის განვითარებისა და რაც მთავარია, ამ სფეროში, სწორი მიდგომის კულტივირებაზე; პირველ რიგში, ყველა სანიტარული ნორმის დაცვის კუთხით. თუ ამ იდეების გადმოთარგმნა რეალობაში მოახერხა, და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება, შეიძლება, მუსიკის ფესტივალების პარალელურად, ჩვენს ქვეყანაში “ტატუ-კონვენციები” ან სულაც “ტატუ-ფესტივალებიც” ჩატარდეს.

ამინდის სიცელქის გამო, შემდეგი ბენდის Moku Moku-ს გამოსვლის დრო შეიკვეცა, თუმცა, ეს დროც საკმარისი იყო იმისთვის, რომ დაგვეფიქსირებინა როგორ დაიხვეწნენ და ყველა ის ფაქტორი, რაც გვარწმუნებს, რომ მათ წინ კიდევ ძალიან ბევრი წარმატებაა, სახეზე იყო! თან ისეთი, ჩვენც რომ ვიამაყებთ. 

სულ მალე, მადრიდში, ფესტივალზე MADCOOL გაახურებენ სცენას, რომელსაც ჰელდაინერებად არც მეტი არც ნაკლები Pearl Jam, Depeche Mode, Arctic Monkeys, Jack White და Queens of the Stone Age ეყოლება!  

სანამ მოკუმოკუელებთან ვსაუბრობდით, სცენიდან ფრანგული ბოჰემურ-კურორტულ-ბოსანოვურ-ეგზოტიკური მუხტი იღვრებოდა! ე.ი. უკვე პაპუზები გამოდიან - ულისე კოტინი და არმან პიკო ბენდთან ერთად. 

როცა მათ ინტერვიუს ვწერდით ფესტივალამდე რამდენიმე დღით ადრე, დაგპირდით, რომ როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, ისინი აუცილებლად “შეგვინარჩუნებდნენ” ზაფხულს და ასეც გამოდგა! 

გამოსვლის შემდეგ, თვითონაც ძალიან ემოციურები, უბედნიერესები ჩანდნენ. ის დადებითი მუხტი, რაც თავად გაგვიზიარეს, თითქოს ერთი-ათად დაიბრუნეს მსმენელისგანაც...

 “1 წლის შემდეგ, გაგვიხარდება, თუ ისევ ჩამოვალთ. მანამდე კი - ახალი ალბომი გველოდება! რიგით მეორე, რომელსაც სექტემბერში გამოვცემთ”, მეუბნება ულისე და ექსკლუზიურად Helloblog-თვის, ახალი ალბომის სახელს გვიმხელს - Night Sketches, რომელიც უფრო მეტად “გრუვი” იქნება, ვიდრე პირველი.    

ამასობაში, რეიჩელ იამაგატასთვის სცენა უკვე გამზადებული იყო. საგანგებოდ გამოტანილ მაგიდაზე, ყვავილები შევნიშნეთ. აღმოჩნდა, რომ ეს “მზესუმზირები” ჰოლანდიიდან შეუკვეთა რეიჩელის თაყვანისმცემელმა. კიდევ რამდენიმე წუთი და რეიჩელიც გამოჩნდა, თავის პარტნიორთან - კევინ სალემთან ერთად. 

რეიჩელი სიმღერებს შორის მსმენელს გულწრფელად ესაუბრებოდა, თითქოს ერთგვარ ინსტრუქციასაც აყოლებდა თავის თითოეულ სიმღერას - “ეს ისეთი სიყვარულისთვისაა, რომელიც ცოტას გაგიჟებს, ზედმეტად გეკვიატება და შეიძლება სტალკერადაც გაქციოს”...

კულისებში, რეიჩელთან და კევინთან დიდი ხანი ვისაუბრეთ, არა ინტერვიუს ფორმატში. ერთს გადმოგცემთ მხოლოდ, რაც რეიჩელმა გოგონებს დაგვიბარა: “Radiate” (ანათეთ)! “რაც არ უნდა მოხდეს, უნდა გვახსოვდეს, რომ შეგვიძლია, ვანათოთ!” კიდევ ერთს გაგიმხელთ - აღმოჩნდა, რომ რეიჩელს სცენის ფობია ჰქონია, რომელსაც არ ვიცი როგორ, მაგრამ აგერ უკვე 20 წელია, მშვენივრად უმკლავდება. ხშირად, იშველიებს სწორედ ზემოთ ნახსენებ სიტყვას - ნათებას, რომ მოდუნდეს, გაიხსნას და მართლაც, ანათოს!

ბევრი ვისაუბრეთ სალიოსთანაც, რომელიც შემდეგ დღეს გამოვა მთავარ სცენაზე და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტს მოგიყვებით ფესტივალის მესამე ნაწილში.

დასასრულისთვის როშინ მერფი! დაუღალავი ენერგიის წყარო და დახვეწილი გემოვნების “მასტერკლასი”... ყოველი მეორე სიმღერის შემდეგ, არ ვიცი როგორ ახერხებდა, ფორმას იცვლიდა... სცენის წინ, ხალხმრავლობამ კიდევ უფრო იმატა, როცა ყველასთვის ნაცნობი სიმღერის “Bring it Back” მელოდია გაისმა... და სანამ მესამე დღემდე დაგემშვიდობებოდეთ:

ერთი...

ორი...

სამი...

ტექსტი: ნინო კაკიაშვილი

ფოტოები: გიორგი ინდუაშვილი