MUSIC

Undefined

Undefined

June 23, 2018

Hello Blog

უკვე, შეგიძლია აქ თავი ისე იგრძნო, როგორც სახლში… გხვდება იმდენი სითბო, სიყვარული, ზრუნვა, მელოდია, ჯადოსნობა, რამდენისთვისაც თავად გადაწყვეტ გახსნას… თან მიგყვება და უკან დაბრუნებულს ისევ გხვდება… თავად მოსინჯე, წინ კიდევ ორი დღეა საექსპერიმენტოდ!

ფოტო: რეზი ყენია

ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლისთანავე, არ დაგავიწყდეს, ჯერ “შენ”-ში აირეკლო, გადათვალო ვარსკვლავების რაოდენობა საკუთარ თვალებში, გაიღიმო და გადაწყვიტო, რომ შენც აირეკლავ წინ გადაშლილი ლისის მინდვრის საოცრებებს… 

ფოტო: რეზი ყენია

ერთი შეხედვით, თითქოს ბრუნდები ნაცნობ ქვეყანაში, მაგრამ მალევე ხვდები, რომ აქ, თითქმის ყველაფერი შეიცვალა, ახალი სახლებით, ახალი სახეებით, ახალი თავშესაქცევებით, ახალი ფერებით და ახალი საოცრებებით. აბა რა, შენც ხომ შეიცვალე, შენც ხომ გაიზარდე… 

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

ამაზე ის შეგრძნება მახსენდება, ბავშვობაში ნანახ სივრცეს, დიდი რომ დაუბრუნდები და უცბად, ყველაფერი დაპატარავებული რომ გეჩვენება… იმიტომ რომ შენ - გაიზარდე!

ფოტო: რეზი ყენია

დაახლოებით 17:00-დან ყველაფერი აწიკწიკდა. ჯაზ-სცენაზე, რეზო კიკნაძე გადის საუნდ-ჩეკს თავის ბენდთან ერთად, მთავარ სცენაზე - ნიკა მაჩაიძე, ექსპერიმენტული პროექტით კაიაკატასთან და სიმებიან ორკესტრთან კოლაბორაციით;

ფოტო: რეზი ყენია

სათამაშო მოედნები, მათ შორის - ფეხბურთის, ვირტუალური რეალობის კუთხე, დისნეის გაცოცხლებული სამყაროებით, რეტრო თამაშების ზონა, კარვები, საქანელები და უამრავი გემრიელი მენიუები - “სამურაბე”-დან დაწყებული, კუბური სენდვიჩით გაგრძელებული.    

ფოტო: რეზი ყენია

“Tbilisi Open Air - სუფთა ჰაერის ყლუპია… აქედან უმრავი პოზიტივი მიაქვს ყველას, უამრავი სასიამოვნო წუთი, იმის კარგი მაგალითი, თუ როგორ უნდა მოაწყო ფესტივალი, როგორ უნდა დაისვენო… და პირველ რიგში, მიგვყვება მუსიკა და მასთან ერთად თავისუფლების ხარისხი, რომელიც, როგორც წესი, უფრო ამაღლებულია” - გიორგი კალანდია 

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

19:00-დან, აქცენტი მთავარი სცენისკენ ინაცვლებს, სადაც მთელი დარჩენილი დრო, განსაკუთრებულად ფასდება სიტყვა და მისი ძალა, არამარტო ჩე ლინგოს, სლიმკას, ეკოს, თოიშენისა და კაიაკატას ჰიპ-ჰოპ ვერსების სახით, არამედ სევდალიზას სპარსული მისტერიებითაც. 

ფოტო: რეზი ყენია

“მუსიკისადმი საოცრად გახსნილი ხალხი ჩანს”, მეუბნება დღევანდელი დღის პირველი შემსრულებელი Che Lingo (რეპერი/MC ლონდონიდან) საუნდ-ჩეკის შემდეგ.

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

“მხოლოდ ერთი დღეა რაც აქ ვარ და მოხიბლული ვარ, ქალაქით, ადამიანებით, ახალი ნაცნობებით… ერთ ტალღაზე ვართ! ძალიან დიდი პატივისცემა ვიგრძენი ორგანიზატორებისგან და მომავალშიც დიდი სიამოვნებით დავბრუნდები”. 

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

ზურა ჯიშკარიანი (Kaiakata-ს “დილა”) - “წელს, რა არტისტებიც ჩამოვიდნენ, ასე თუ ისე დამწყებნი არიან, მაგრამ დიდი, ახალგაზრდული ენერგიით გამოდიან... საქართველოში, ალხა, ჰიპ-ჰოპის ბუმია და სწორედ ახლა წყდება, რომელი არტისტები გავლენ აქედან. ადრე თუ გვიან კი, აუცილებლად გავლენ, იმიტომ რომ ქართულ ენას დიდი პოტენციალი აქვს, როგორც ქართულ რეპს… ქართულ ენას თავისებური მუსიკალურობა აქვს, რაც ჯერ კიდევ შოთა რუსთაველმა დაიწყო… თუ სწორად გამოვიყენეთ ქართველმა არტისტებმა, მჯერა, რომ შეიძლება ქართულ რეპს, ფრანგულის მსგავსად, მთელ მსოფლიოში უსმინონ, მიუხედავად იმისა, ესმით სიტყვები თუ არა. ეს პროცესები ხდება ახლა!” 

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

აქ შეკრებილები თავის საქმეში უზომოდ შეყვარებულები არიან. რამდენადაც აგრესიულად არ უნდა ჟღერდეს, ან აღიქმედბოდეს მათი გამოსვლა, იმდენად პოზიტიურები არიან ურთიერთობაში, ბოლომდე გახსნილები, თამამები, თითქოს დიდი ხნის მეგობრებიც… აქვე ვისწავლე რა არის Trap (ცხოვრების სტილი და მუსიკის ჟანრი) და ad-lib” (იმპროვიზაციები ჰიპ-ჰოპ შესრულებისას, თუ სწორედ მივხვდი). 

ფოტო: რეზი ყენია

სლიმკამ [1994] - ჰიპ-ჰოპ არტისტმა შვეიცარიიდან, ფრანგული რეპის მთელი ხიბლი წარმოადგინა და გადმოგვცა: “ჰეი, მე ვარ ჟორჟი და ახლა ვარ საქართველოში. სცენაზე სიგიჟე იყო და დიდი სიამოვნება მივიღე. პირველად ვარ აქ, რას წარმოვიდგენდი, რომ ხალხიც ასე გაგიჟდებოდა ჩემთან ერთად. მომწონს, ძალიან მომწონს! აუცილებლად დავბრუნდები, თუ კიდევ მომეცემა ამის საშუალება!”

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

21:00 მთავარ სცენაზე წვერებიანი - Beardyman [დარენ ფორმანი, 1982] გამოჩნდა, მულტივოკალისტი და კომიკოსი ლონდონიდან, რომელიც ცნობილია თავისი ბიტბოქსით და ლუპებით. შიგადაშიგ, სახელდახელოდ დასწავლილ, “შპარგალკად” ამოწერილ ქართულ სიტყვებსაც იყენებდა, მათ შორის “აწიეთ მაღლა ტუჩები” (?), რაზეც თავადაც შეამჩნია რამდენიმე გაოცებული სახე და რომ ვკითხე, მაინც რისკენ მოგვიწოდებდა, აღმოჩნდა რომ კოჭების ზემოთ აწევას გვთხოვდა! 

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

ისიც სხვა სტუმრების მსგავსად მოხიბლული დარჩა ქვეყნით, ფესტივალით და ორგანიზატორებით, მაგრამ ყველაზე მეტად სევდალიზასთან შეხვედრის პერსპექტივა აბედნიერებდა.

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

“იცით სევდალიზა? საოცარია! განსაკუთრებით “Human”, რომელსაც, პირველად რომ აღმოვაჩინე, ზედიზედ 20-ჯერ მოვუსმინე!” შემდეგ, როცა უკვე სევდა ალიზადეს ხმაც გაისმა სცენიდან, ზემოთ აიხედა და თქვა - “რა ლამაზი ვარსკვლავები გაქვთ საქართველოში!”

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

სევდალიზა, ისევ “მატრიცის” პერსონაჟს ჰგავდა, ახლა, უფრო მეტად, ვიდრე შარშან, გარეგნობით, მოძრაობით… მორფეუსის მხევალი? ან თავად მორფეუსი… უკვე ნაცნობი ძველი და რამდენიმე ახალი ტრეკით, უკვე ნაცნობი ძველი და რამდენიმე ახალი მოძრაობით, უცვლელი თაიგულით, ისევ და ისევ დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა შემყურე-მსმენელებზე…

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

-”სად არის ჩემი ქართველი ხალხი?!”

-”სად არის ჩემი სპარსი ხალხი?!”

-”სად არიან ჩემი ადამიანები?!”

ოვაციები, ემოციები და გაოცებები... სევდალიზა პერფორმანსი, დარწმუნებული ვარ არავის დატოვებდა გულგრილს.

სამი-ოთხი სიმღერის შემდეგ, ფესტივალის ტერიტორია ამჯერად უკვე “ლამაზი ვარსკვლავების” ფონზე დავათვალიერე და კიდევ უფრო მომნუსხველად მომეჩვენა. უამრავ მეგობარს გადაეყრები ხოლმე, შეიძლება ბევრი ახალიც გაიჩინო.

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

ნიკა დვალიძე (ჟურნალისტი და ფესტივალი Setfest-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი) - “პირველი, რაც თვალში გხვდება აქ შემოსვლისას, ფერადი, განათებული ტერიტორიაა... 9 წელია უკვე ტარდება ფესტივალი, რომელმაც არაერთი თაობა აღზარდა. როშინ მერფის ველოდები ძალიან და ველოდები კიდევ იმას, რომ საქართველოში უფრო ლოიალური მსმენელი იქნება, ვინც ამ ფესტივალს უფრო და უფრო დააფასებს. Tbilisi Open Air დღეს, საქართველოს ერთ-ერთი საამაყო ბრენდია! ახლა, ერთი სული მაქვს ხალხში შევვარდე, ვიხტუნაო, მოვათვალიერო, ყველა ვნახო ვინც არ მინახავს, ვუსმინო მუსიკას და გავთავისუფლდე!” 

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

სამი სიტყვით ვთხოვე ფესტივალის დახასიათება ფესტივალ “ეზო”-ს მკვიდრებს: დათო გაბუნია (მუსიკოსი) - “სიყვარული, ბედნიერება და მუსიკაა”; ეკა დემეტრაძე (მსახიობი) - “ალვის ხეების რიგი, მინდორი და მუსიკა”.

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

მთავარი სცენის ამ დღის პროგრამა კაიაკატამ დაასრულა, ძლიერი, ენერგიული, სიტყვა-მაგიური, უშუალო და ექსტაზური გამოსვლით, დილას შემთხვევაში, პირდაპირი მნიშნველობით - ხალხში შესვლით. სეტის დასაწყისი იყო სწორედ ის ექსპერიმენტი, რომელიც აქ მოსვლისას ჯერ კიდევ საუნდ-ჩეკად დაგვხვდა. 

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

“Tbilisi Open Air ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელზეც, ბოლო ორი წელია, ძალიან მნიშვნელოვანი ახალი მუსიკა გამოჩდნა, ჩარჩოებს გასცდა და ეს არის ყველაზე მაგარი. ყველანაირად ღია უნდა ვიყოთ, ჩარჩოებში არ უნდა დავრჩეთ... ჩემს სტუდენტებსაც ყოველთვის ამას ვუჩიჩინებ. არ უნდა იყოს მუსიკის დიფერენციაცია, მთავარია რომ კარგი მუსიკა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა სტილს. კარგს კი გამოზრდა უნდა და ამას ეს ფესტივალი, სხვა ფესტივალებთან ერთად ძალიან კარგად ახერხებს” - ნიკა მაჩაიძე.

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

მთავარი სცენა ჩაქვრა თუ არა, ფესტივალი ელექტორონული მუსიკას დაეთმო და ხალხმაც შესაბამისი სცენებისკენ გადაინაცვლა: Eye stage და Garden stage, სადაც უკვე სულ სხვა, ღამის მისტერიები იწყებოდა...

ფოტო: Teteshka Photography

ავტორი: ნინო კაკიაშვილი