მუსიკა | ცა

შენ - რეიჩელ იამაგატა

რეიჩელ იამაგატას სიმღერების მოსმენისას, თითქოს, ყველა მელოდრამა გახსენდება რაც კი ოდესმე გინახავს, დიდ თუ პატარა ეკრანზე; დიდია ალბათობა, რომ რამდენიმე მათგანის მუსიკალური გაფორმება სწორედ მას ეკუთვნოდეს. იშვიათია მსგავსი ხმის, მელოდიის, სიტყვებისა და გულწრფელობის მსგავსი თანხვედრა - ყველაზე ჩუმ გრძნობებს რომ აამეტყველებს... როგორც თავად ამბობს, სიმღერებით ხშირად საკუთარ ისტორიას გვიამბობს, თუმცა, სიმღერა, სიმღერების წერა, ზოგადად მუსიკა ერთადერთია, რაც ემოციებისა და ფიქრების არტიკულირებაში ეხმარება და არა აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად პირადული იქნება ესა თუ ის ტექსტი. 

ივნისი 12, 2018

Hello Blog

რეიჩელ იამაგატას სიმღერების მოსმენისას, თითქოს, ყველა მელოდრამა გახსენდება რაც კი ოდესმე გინახავს, დიდ თუ პატარა ეკრანზე; დიდია ალბათობა, რომ რამდენიმე მათგანის მუსიკალური გაფორმება სწორედ მას ეკუთვნოდეს. იშვიათია მსგავსი ხმის, მელოდიის, სიტყვებისა და გულწრფელობის მსგავსი თანხვედრა - ყველაზე ჩუმ გრძნობებს რომ აამეტყველებს... როგორც თავად ამბობს, სიმღერებით ხშირად საკუთარ ისტორიას გვიამბობს, თუმცა, სიმღერა, სიმღერების წერა, ზოგადად მუსიკა ერთადერთია, რაც ემოციებისა და ფიქრების არტიკულირებაში ეხმარება და არა აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად პირადული იქნება ესა თუ ის ტექსტი. 

ორი თვის წინ, დაასრულა პირველი სოლო ტურნე Songs. Stories. Solo [სიმღერები. ისტორიები. სოლო], რომელიც გამორჩეულად ინტიმური გამოდგა. “ტურნეს მთელი არსი მსმენელთან მაქსიმალური დაახლოება იყო; შოუ მიჰყვებოდა ჩემს, როგორც მუსიკოსის გზას - სევდიდან, აქა-იქ ენერგიული აღმასვლით, დადებით კულმინაციამდე... კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა ძალას შეიძლება ატარებდეს გულახდილობა და მგრძნობიარობა.” 

რეიჩელ იამაგატა, არანაკლებ ინტიმურ, მყუდრო და ერთგვარ რეტროსპექტულ პერფორმანსს გვპირდება Tbilisi Open Air ფესტივალზეც, 23 ივნისს

რეიჩელის მსუყე, ხავერდოვანი ხმა ჯაზის, პოპის, როკისა და ბლუზის გავლენას ატარებს. მუსიკალური კარიერის პირველი 6 წელი ჩიკაგოს საცეკვაო, ფანკ-ჯგუფ Bumpus-თან იყო დაკავშირებული, რომელთან ერთადაც 3 ალბომი გამოუშვა. პარალელურად, სწავლობდა თეატრალურზე და წერდა საკუთარ სიმღერებს, სრულიად განსხვავებულს ჯგუფის ფორმატისგან - ემოციურად ღრმას, მელანქოლიურს, პირადულს... 2001 წელს, გამოეყო ჯგუფს და დამოუკიდებელი მუსიკალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. 2004 წელს, პირველი ალბომი - Happenstance გამოუშვა. წარმატებამ არ დააყოვნა, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც რამდენიმე სიმღერა ისეთ სერიალებში გამოიყენეს, როგორიცაა “Alias” და “O.C.”, “Grey’s Anatomy” და ფილმში “Prime” (“ჩემი საუკეთესო საყვარელი”). 

4 წლის შემდეგ, გამოუშვა მეორე ალბომი - Elephants, კიდევ უფრო მეტი წარმატებითა და კიდევ უფრო მეტ სატელევიზიო შოუში გაჟღერებით. პირველის მსგავსად, ეს ალბომიც ურთიერთობების, ტკივილის, უიმედო სიყვარულის ერთგვარ ქრონიკებს წარმოგვიდგენს... თუმცა, ალბომის მეორე ნაწილი - “Teeth Sinking into Heart” პირველის სენტიმენტებს როკ მუხტით აბალანსებს და მსმენელიც ოპტიმისტურ ტალღაზე გადაჰყავს. 

“სიმღერა ‘Elephants’ თითქოს, საჩუქარი იყო, ზემოდან! დაახლოებით, ისეთი, ხელოვანები რომ ამბობენ, რაღაც თავისით, 5 წუთში გამოუვიდათ. ჩემი შემოქმედებიდან, ყველაზე ახლოსაა პოეზიასთან, ზედმეტი ინტელექტუალური დატვირთვის გარეშე. ასეთი შეგრძნება მეორედ, ალბათ, ვერ გამეორდება”. 

2011-ში, მესამე სტუდიური ალბომი Chesapeake გამოუშვა ამჯერად უკვე საკუთარ ლეიბლზე “Frankenfish Records”. ახალი ალბომი დამოუკიდებელი შემოქმედების მანიფესტაციად იქცა, დაფინანსებაც მხოლოდ მსმენელთა შემოწირულობიდან მიიღო. აქ, 10-ვე კომპოზიციაში იგრძნობა რეიჩელის სილაღე, თავადაჯერება, ემოციების მთელი გამა. “თან მეშინოდა, მაგრამ თან მიხაროდა დამოუკიდებლად მუშაობა. სანამ შემიძლია, ვიმოძრავებ იმ პატარა ზვიგენი ‘Frankenfish’-ვით, ხმელეთზე რომ შეუძლია სიარული. აზრზე არ ხარ, რისი ჩამდენია და მეც სწორედ ამით მიმიზიდა. სხვათაშორის, ჩესაპიკის სანაპიროზეც ბინადრობს!”  

ისევ საკუთარ ლეიბლზე და ისევ მსმენელთა შემოწირულობით, 2016 წელს გამოუშვა ალბომი Tightrope Walker - მისი ყველაზე თამამი, ექსპერიმენტული და სპონტანური ნამუშევარი. ალბომის სახელწოდების შერჩევაზე [“თოკზე მოსიარულე”] გავლენა ცნობილი ეკვილიბრისტის - ფილიპ პეტიტის [ფრანგი აკრობატი, რომელიც ნიუ იორკის ტყუპ ცათამჯენებს შორის გაბმულ თოკზე 45 წუთის განმავლობაში დადიოდა] ინტერვიუმ მოახდინა; მან კითხვაზე, თუ რატომ გააკეთა ის, რაც გააკეთა, უპასუხა - “Why? There is no why!” (“რატომ? - მიზეზი არ არის საჭირო”). 

“ალბომი ჩემს სახლში ჩავწერეთ, ტყის შუაგულში, ვუდსტოკის საუკეთესო მუსიკოსებთან ერთად, შესაბამისი განწყობით - თავისუფლად, ლაღად, აუჩქარებლად... უამრავი ექსპერიმენტი ჩავატარეთ, ბევრი ისეთი არანჟირებით, რაც მანამდე არასდროს გვიცდია... კონცეფცია - ერთ კარავში შეკრებილი ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანები, თითოეული საკუთარი წარსული ისტორიით - კარიერაზე, ოჯახზე, გამძლეობაზე, შეუპოვრობაზე, საკუთარ სიძლიერესა და თავისუფლებაზე”... ამ თემებზე მღერის ალბომშიც, თუმცა, ამჯერად, ყოველ ჯერზე გაჯერებული ოპტიმიზმით. 

სწორედ ამ ალბომს, მასთან ერთად - 1001 იმედგაცრუებას, ტკივილს, სიხარულს, აღიარებას, მეგობრობას, ისტორიას მოჰყვა რეიჩელის პირველი ის სოლო ტურიც, რომლითაც დავიწყეთ მისი ამბის მოყოლა. ისტორიები გრძელდება და დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი ჩვენს “ფლეილისტშიც” ამოყოფს თავს. 

#შენ - რეიჩელ იამაგატა

შენ იაპონელ-ამერიკელი მამისა და იტელიელ-გერმანელი დედის შვილი ხარ. თუმცა, მშობლები მალევე დაშორდნენ ერთმანეთს. შემდეგ, გოგონათა სკოლაში სწავლობდი და ფიქრობ, რომ სწორედ ამ ორმა ფაქტმა განაპირობა შენი განსაკუთრებული დამოკიდებულება ურთიერთობებზე. 

საყვარელი საგანი კოლეჯში - კრიმინალურად მოაზროვნე ადამიანის სოციოლოგია.

შემოკლებით “იამს”-ს გეძახიან; გადატანითი მნიშვნელობით კი - გატეხილ გულთა მესაყვირეს, იმიტომ რომ შენს სიმღერას, პირველ რიგში, სიყვარულისგან ნატკენი გული გრძნობს. 

ნიუ იორკი, ვაშინგტონი, ჩიკაგო, ვენეციის პლიაჟი (იგივე Venice Beach) - სხვადასხვა დროს, ყველგან ცხოვრობდი. ამჟამად, სახლი ვუდსტოკის ტყის შუაგულში გაქვს. ჩამწერი სტუდიაც იქვე. გიჟდები საკუთარ ეზოზე. კარგად უვლი კატებს. არც ისე კარგად - მცენარეებს. 

იღვიძებ დილით ადრე, 4-დან 6-მდე. ვერ იტან ტელეფონს, მაგრამ გიჟდები გრაფიკების შედგენაზე, რომლებსაც ზედმიწევნით მისდევ. 

ბლონდი, ტომ ვეიტსი, რიკი ლი ჯოუნსი, რობერტა ფლეკი, ბონი რაიტი, ლედ ზეპელინი, სტივი ვანდერი, კაროლ კინგი, ფეისტი, კანიე ვესტი... შენი საყვარელი შემსრულებლების არასრული ჩამონათვალია.

იღვიძებ დილით ადრე, 4-დან 6-მდე. ვერ იტან ტელეფონს, მაგრამ გიჟდები გრაფიკების შედგენაზე, რომლებსაც ზედმიწევნით მისდევ. 

ახალ ალბომზე ამბობ - ტომ ვეიტსი და ნიკ ქეივის ნაზავი რობერტა ფლეკთან, ბევრი მშვენიერი სინემატური სიმღერით. საქსაფონები, ბანჯოები, დასარტყამები ტყის შუაგულში და ბევრი ფრანგული საუბარი... აქ ჟღერადობის ფართო სპექტრია. 

საკუთარი ისტორიების გარდა, ხშირად სხვისი ტკივილის შესახებაც წერ. ეს პროცესი ამ ყველაფრის უკეთ გააზრებაში გეხმარება. ერთხელ, წიგნის წერაც სცადე. სახელმძღვანელოც წაიკითხე იმის შესახებ, თუ როგორ დავწეროთ წიგნი. თუმცა, ჯერ მაინც სიმღერის წერით შემოიფარგლები - ყოველ დილით, როცა დღიურებს შენი ცნობიერების ნაკადით ავსებ.  

შენი სიმღერებიდან, ფილმებსა, თუ სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში ყველაზე ხშირად გამოყენებულია Be Be Your Love.

გწამს სიყვარულის, ერთგულების და მუსიკის მომნუსხველი ძალის.

შენ - რეიჩელ იამაგატა, 23 ივნისს, ლისის საოცრებათა ქვეყნის მთავარ სცენაზე იმღერებ!

***

12 ივნისს, რეიჩელ იამაგატასგან აი, ასეთი წერილი მივიღეთ:

“...ფესტივალზე ჩემს დიდი ხნის მეგობართან ერთად, და დროდადრო პროდიუსერთან, კევინ სალემთან ერთად დავუკრავ.. 

“სეტი” არ იქნება ბოლო ტურის მსგავსი, უფრო - სხვადასხვა ალბომიდან მოკრეფილი სიმღერების კოლექციას წარმოვადგენთ, ახლებური არანჟირებით. კევინი დაუკრავს აკუსტიკურ და ელექტრო გიტარებზე. მე კი, პიანინოსა და აკუსტიკურ გიტარაზე. 

ბედნიერი ვარ, რომ ამ ფესტივალში ვიქნები ჩართული, თან პირველად ვეწვევი საქართველოს. ვგეგმავ ისეთი სიმღერების შესრულებას, რომლებითაც, ჩემი აზრით, ყველაზე კარგად მიცნობს მსმენელი. ნამდვილად დინამიური “სეტი” შევადგინეთ, რომელიც თან ცოტას აგაჩუყებთ, მაგრამ თან აგაგიზგიზებთ.

დიდი მადლობა, 

რეიჩელ იამაგატა”

ავტორი: ნინო კაკიაშვილი

ფოტო: რეიჩელ იამაგატას არქივებიდან