კულტურა

ალბერტ სერა | თანამედროვე კინოს დიდოსტატი

6-8 ივნისის განმავლობაში კინოს მოყვარულებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ ესპანელი რეჟისორის ალბერტ სერას მასტერკლასებსა და შეხვედრას. ის თბილისში პროექტ “თანამედროვე კინოს დიდოსტატების” ფარგლებში იმყოფება, რომლის ავტორია ახალგაზრდა კინორეჟისორი ვახო ჯაჯანიძე. ამ პროექტის მიხედვით დაგეგმილია თანამედროვე კინოს ისეთი გამორჩეული ავტორების ჩამოსვლა, როგორებიც არიან მექსიკელი კარლოს რეიგადასი, ტაილანდელი აპიჩატპონგ ვერასეტაკული, ბერძენი იორგოს ლანთიმოსი, რუმინელი კრისტი პუიუ, არგენტინელი ლუკრეცია მარტელი, პორტუგალიელი პედრუ კოშტა, რუსი ანდრეი ზვიაგინცევი, შვედი რუბენ ოსტლუნდი, იტალიელი მატეო გარონე და სხვები. 

ივნისი 05, 2018

Hello Blog

6-8 ივნისის განმავლობაში კინოს მოყვარულებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ ესპანელი რეჟისორის ალბერტ სერას მასტერკლასებსა და შეხვედრას. ის თბილისში პროექტ “თანამედროვე კინოს დიდოსტატების” ფარგლებში იმყოფება, რომლის ავტორია ახალგაზრდა კინორეჟისორი ვახო ჯაჯანიძე. ამ პროექტის მიხედვით დაგეგმილია თანამედროვე კინოს ისეთი გამორჩეული ავტორების ჩამოსვლა, როგორებიც არიან მექსიკელი კარლოს რეიგადასი, ტაილანდელი აპიჩატპონგ ვერასეტაკული, ბერძენი იორგოს ლანთიმოსი, რუმინელი კრისტი პუიუ, არგენტინელი ლუკრეცია მარტელი, პორტუგალიელი პედრუ კოშტა, რუსი ანდრეი ზვიაგინცევი, შვედი რუბენ ოსტლუნდი, იტალიელი მატეო გარონე და სხვები. 

ამით პროექტი მხოლოდ გეოგრაფიულ მრავალფეროვნებას არ გვთავაზობს, არამედ მოიცავს უაღრესად ინდივიდუალური ხელწერისა და სამყაროს ავტორებს, რომელთა შემოქმედების, სამუშაო გამოცდილებისა თუ კინემატოგრაფიული ხედვის გაცნობა მეტად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალგაზრდა ქართველი კინემატოგრაფისტების ფორმირებაზე და საბოლოო შედეგით თანამედროვე ქართული კინოს განვითარების პერსპექტივებზე. 

ალბერტ სერა ე.წ. slow cinema-ს წარმომადგენელია, რაც კინოენის ყველაზე გამორჩეულ კონცეფციად ყალიბდება ჩვენ ახალ საუკუნეში. ჰოლივუდთან და მეინსტრიმულ კინო-პოპ-კულტურასთან დაპირისპირებით, ის ეწერება ფართო სუბკულტურულ მოძრაობაში, რომელიც თანამედროვე სამყაროს აჩქარებულ რიტმს ეწინააღმდეგება, სადაც ხარისხს განსაზღვრავს არა ის, თუ “რამდენად კარგად” აკეთებ, არამედ - “რამდენად სწრაფად”. ეს კინოენა ეფუძნება ერთგვარ temps mort-ს ანუ შეჩერებული დროის აღბეჭდვას ან უფრო ზუსტად, რეალურთან მიახლოებულ შეუკუმშავ დროს, როდესაც მნიშვნელოვანია არა ამბის განვითარება, არამედ თავისთავად არსებული “მყოფობა”, არა ისტორია, არამედ ატმოსფერო და განწყობა; კინო, რომელიც ქმნის დროის იერ-სახეს, დრო-იმიჯს. 

ჟილ დელოზი დრო-იმიჯისა და მოძრაობა-იმიჯის განსაზღვრისას, რომლებიც ემყარება მოძრაობის ორი სხვადასხვა ფორმას (მოძრაობა, როგორც უწყვეტი განგრძობადობა და მოძრაობა, როგორც გადაადგილება) იყენებს წყლიან ჭიქაში ჩაყრილი შაქრის მაგალითს, რომელსაც უნდა ელოდო, რომ გადნეს. თუ მას კოვზს მოვურევთ (რა როლსაც ასრულებს მონტაჟი კინოში), ვაჩქარებთ პროცესს და უბრალოდ ხილულს ვხდით მოძრაობას, რომელიც ისედაც მიმდინარეობს. პირველ შემთხვევაში მოძრაობა სივრცულიდან დროით კატეგორიაში გადადის. slow cinema-ში დრო ხილული კი არა, განცდადი ხდება. 

რასაკვირველია, დროის ამგვარი კონცეფცია 21-ე საუკუნეში არ გაჩენილა, ის უკვე მოდერნისტულ პერიოდში იღებს სათავეს, იქნება ეს ანტონიონის, ტარკოვსკის, ოძუს, აკერმანის, შტრაუბი-იუის, ანგელოპულოსისა, მიკლოშ იანჩოსა თუ სხვების კინო ან უფრო მეტიც, ანდრე ბაზენის თეორიულ მოსაზრებებში, რომელიც გამოყოფდა კინოში ორ განსხვავებულ მიდგომას: რეჟისორები, რომლებიც ემყარებიან იმიჯს/იერ-სახეს (მონტაჟური კინო) და რეჟისორები, რომლებიც ემყარებიან რეალობას (ღრმა თუ გრძელ გაუჭრელ კადრებზე აგებული მიზანსცენების კინო).

        კადრი ფილმიდან "ჩიტების სიმღერა"

თუმცა “ნელი კინო” ახლებურ, კიდევ უფრო რადიკალურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს და წარმოაჩენს რუტინას, როგორც რუტინას, რომელშიც ყოფითობის დეტალური აღწერილობა ქმნის თავად კინონარატივს. ეს ისეთი ყოფითი მოქმედებები და დეტალებია, რაც კინოში ხანგრძლივი დოზით არასოდეს აღიბეჭდებოდა (და თუ აღიბეჭდებოდა, გარდაიქმნებოდა მხატვრულ-ინტელექტუალურ იერ-სახედ) მათი ესთეტიკური “გაუმართლებლობიდან” გამომდინარე - იქნება ეს ჭამის, ჰიგიენური თუ ბიოლოგიური მოთხოვნილებების ხანგრძლივი პროცესი (ალონსოს, ვირესეტაკულის, სერას ფილმებში), საქმიანობის ნატურალისტური, გრაფიკული ასახვა (მაგალითად, ცხოველის/ფრინველის დაკვლა და გატყავება, რასაც ხშირად შეხვდებით ლისანდრო ალონსოსთან) და ა.შ. აქ თავად ესთეტიკურის ცნება მოხსნილია, რადგან ცხოვრების დინება ამ კატეგორიების მიღმაა.

ალბერტ სერას ეს რუტინული თანმიმდევრობა ისტორიულ დროში გადააქვს, თუმცა ის ისტორიის რეკონსტრუქციას კი არ ახდენს, არამედ მის გაცოცხლებას. ჩვენ თანაბარი შანსები გვაქვს, ვუყუროთ გზააბნეული მოგვების ხეტიალს ჯერ კიდევ ქრისტიანული მითოლოგიის შექმნამდელ პერიოდში, ისევე როგორც გავხდეთ ლუი XIV-ის ცხოვრების ბოლო დღეების მომსწრე. სერა იღებს საყოველთაოდ ნაცნობ, მითად ქცეულ პერსონაჟებს, მაგრამ მათ სრულიად განსხვავებული კონტექსტში ათავსებს. სერა არ მოგვითხრობს ამბავს, როგორც ასეთს, რადგან მის პერსონაჟებზე ფილმის ყურებამდეც ბევრი იცი.

        კადრი ფილმიდან “ლუი XIV-ის სიკვდილის ისტორიაში”

ეს ცოდნა კოლექტიური თუ კულტურული მახსოვრობიდან მოდის. მას აინტერესებს, ანახოს საუკუნოვან მითში მოქცეული ადამიანი ამ მითის მიღმა ყოფით ცხოვრებაში - იქნება ეს დონ კიხოტი და სანჩო პანსა ფილმში “რაინდის ღირსება”, სამი მოგვი მეფე “ჩიტების სიმღერაში”, ლუი XIV “ლუი XIV-ის სიკვდილის ისტორიაში” თუ კაზანოვა და დრაკულა “ჩემი სიკვდილის ისტორიიდან”