კულტურა

„ზალა“ - სტუმართმოყვარე ოჯახი

სინამდვილეში ზალა ქართული სიტყვა არ არის, მაგრამ ალბათ ერთ-ერთია იმ ბარბარიზმებს შორის, რომელიც ყველაზე ქართულად ჟღერს და ყველაზე ძლიერად ასახავს ტრადიციული ქართული ოჯახის ყოფას.

მაისი 29, 2018

Hello Blog

სინამდვილეში ზალა ქართული სიტყვა არ არის, მაგრამ ალბათ ერთ-ერთია იმ ბარბარიზმებს შორის, რომელიც ყველაზე ქართულად ჟღერს და ყველაზე ძლიერად ასახავს ტრადიციული ქართული ოჯახის ყოფას.

მახსოვს, ბავშვობაში ძვირფასი ნივთების უმრავლესობა ზალაში ინახებოდა და ახალი ავეჯის სუნი პირველ რიგში ზალაში ტრიალებდა. თითქოს, ხელშეუხებელი ადგილი იყო, მუზეუმის ელფერით, რომელშიც „ექსპონატები“ მოვლა-პატრონობას იყვნენ მიჩვეულნი. ზოგიერთზე ხელის შეხებაც არ შეიძლებოდა. არადა, ბავშვებს ყველაზე მეტად აკრძალვების დარღვევა უყვართ და ჩემთვისაც, ისევე, როგორც ბევრი ჩემი თანატოლისთვის, სტუმრების მოსვლა ზალის კარის გაღების, ახალი აღმოჩენების და სიჩუმეს მიჩვეული კედლების გამყუდროვების დღესასწაული იყო.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც ზალა არის ზალა, სტუმარია. პატივისცემის, გულუხვობისა და თავმომწონეობის კომბინაცია, ყველა სახლში ამ ოთახს რიტუალურ ფუნქციას სძენს. ძვირფასი ჭურჭლით სავსე ოთახი ერთ წამში შეიძლება გადაიქცეს ხმაურის, გართობისა და ურთიერთობის სიმბოლოდ. ეს სტუმრის მოსვლის წამია. 

ჭოველიძის #24-ში, რესტორან ზალაში წამები საათებად, დღეებად, თვეებად და უკვე წლად იქცა. ზალა, სადაც მუდამ არიან სტუმრები და გულუხვი, ყურადღებიანი მასპინძლები, ცოტა ხნის წინ ერთი წლის გახდა. ზალას შემქმნელებმა გადაწყვიტეს შეენარჩუნებინათ ის, რაც მათთვის ტრადიციულ ზალაში ყველაზე ძვირფასი იყო. ისინი ყოველ აქ მოსულს ისე ხვდებიან, როგორც ოჯახის მეგობარს, რომელთან შეხვედრისთვის მზადება ყველაზე მნიშვნელოვანი, თვით შეხვედრა კი ყველაზე საყვარელი მომენტია.

ეს ის ზალაა, რომელსაც გასაღებით არავინ კეტავს. შესვლისთანავე სალმიანი ხალხის დადებით განწყობას ინტერიერის სიმყუდროვეც ემატება და ისეთ განცდას იწვევს, თითქოს აქ სწორედ შენ გელოდებოდნენ. შუშის კარადა, შიგნით სხვადასხვა დიზაინის ექვს-ექვსი ჭიქა რომ დევს, ალბათ ბევრს ბებიის სუნს გაახსენებს. მაგიდები და სკამებიც ისეთია, მხოლოდ ზალაში რომ დადგამდნენ. მათ წინ კი სარკე გრაფიკული დიზაინის კედელს ირეკლავს. ტრადიციისა და თანამედროვეობის ასეთი ერთიანობა ნამდვილად ამტკიცებს თუ როგორი წარმატებით შეიძლება იცოცხლოს სიძველემ მუდმივი განახლების რეჟიმში ისე, რომ არ დაკარგოს მისთვის ყველაზე ღირებული.

რესტორნისთვის ტყუილად არ მიწოდებია ოჯახი. მართალია, ლევ ტოლსტოი ოჯახებს შორის განსხვავებას სხვა რამეს მიაწერს, მაგრამ მე ვფიქრობ ყველა ოჯახს, გამოარჩევს პატარ-პატარა, თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ რჯულზე უმტკიცესი ჩვეულებები. ზალას ასეთი ჩვეულება აქვს: ხშირად თქვენს შეკვეთას მიმტანის ნაცვლად მფლობელი ან მენეჯერი აიღებს ხოლმე. აქ იერარქია სუსტი და მინიმალურია. ფუნქციების გაცვლით ოჯახის წევრები უფრო კარგად უგებენ, ზრუნავენ, სწავლობენ, რჩევებს აძლევენ და ზრდიან ერთმანეთს. ერთი წლის წინ, როცა ზალას ქმნიდნენ, მათ ყველამ ერთად ისწავლეს როგორ უნდა შეექმნათ რესტორანი. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესს ამ სფეროში გამოცდილება არ ჰქონია და მზარეულებიც კი პირდაპირ კულინარიული სკოლიდან მოვიდნენ, შრომის, ენთუზიაზმისა და მონდომების წყალობით შექმნეს მათი და არა მხოლოდ მათი საყვარელი ადგილი. ზალას შესახებ უკვე ისეთი საერთაშორისო გამომცემლები  წერენ, როგორიცაა  "Wall Street Journal", რომელშიც ზალამ საკუთარი თავი საერთაშორისო ბაზარს გააცნო. რესტორანს "geoime"-მ ხარისხის ნიშანი მიანიჭა.

ზალის მფლობელი ლევან გუგუშვილი ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალისტია. ამ სფეროში მრავალწლიანი და წარმატებული სამუშაო გამოცდილების შემდეგ, მან გადაწყვიტა საკუთარი ბიზნესის წამოწყება. საზღვარგარეთ პატარა ოჯახური ტიპის რესტორნებით შთაგონებულმა ფინანსისტმა უკვე თბილისში, საკუთარ პატარა ბინაში გახსნა მასპინძლობის კულტურით გამორჩეული რესტორანი ზალა. ახლა ლევანისთვის თავისივე რესტორანი გახდა ახალი გადაწყვეტილების საფუძველი და მან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით Ferrieres School-ში, Leadership, Hospitality, Food and Wine Management-ის ფაკულტეტზე ჩააბარა.

უცნაური არაა, რომ ზალას ბევრი ერთგული მეგობარი ჰყავს. ერთხელ მოსულები მრავალჯერ მოდიან და უფრო და უფრო ზრდიან აქ შექმნილ დიდ ოჯახს. უკვე რთულიცაა განასხვავო სტუმარი და მასპინძელი, რადგან ბევრისთვის ზალაში მოსვლა ისეთივე ტრადიციაა, როგორც დამხვედრებისთვის მათზე ზრუნვა. სტუმრები და მასპინძლები მეგობრდებიან, ერთად სხედან, საუბრობენ და მიირთმევენ ახლად გამოგონილ კერძებს. ზალაში კარგად იციან და გრძნობენ, რამდენად სასიამოვნოა, როცა მათთან სტუმრობა უხარიათ და აქ მოსულებს ისეთივე სიხარულით აცნობენ ახალ-ახალ გემოებსა და არომატებს, როგორც ძველად ზალაში გაშლილ დიდ სუფრაზე ბებიები და დედები.

ზალა ცალკე არ არსებობს, ის სახლის ნაწილია, თანაც ყველაზე ძვირფასი ნაწილი.

ავტორი: ქეთი რაზმაძე

ფოტოები: ლუიზა ჩალათაშვილი