მუსიკა | ცა

4GB 2018 - დღე III

25 მაისს 4GB ფესტივალის მეორე ვიქენდი დაიწყო, რომელიც არტისტების შემადგენლობით, 2 დღიან მარათონია.

მაისი 26, 2018

Hello Blog

25 მაისს 4GB ფესტივალის მეორე ვიქენდი დაიწყო, რომელიც არტისტების შემადგენლობით, 2 დღიან მარათონია.

პარასკევის მთავარი მოვლენა ლეგენდარული ბერლინური ფესტივალის, Berlin Atonal-ის სტუმრობა იყო. 1982 წელს დიმიტრი ჰეგემანის მიერ დაარსებული ფესტივალი ალტერნატიული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა. შესაბამისად, ამ ვიზიტის მნიშვნელობას ზედმეტი ხაზსგასმა არ სჭირდება - მსგავსი საღამოები როგორც 4GB-სთვის, ასევე მთლიანად ქართული საფესტივალო კულტურისთვის განსაკუთრებული მოვლენაა.

მუსიკალური სპეციფიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დიდი გამოცნობა არ სჭირდებოდა იმ ფაქტს, რომ მთავარ სცენაზე ექსპერიმენტულ, ატონალურ და საცეკვაო მუსიკის ტრადიციებისგან განსხვავებულ პერფორმანსებს ვიხილავდით. სცენის პირველი აქტი ბაკურ მეტრეველის და სანდრო კოზმანიშვილის პროექტი Ochtachoron იყო. ბევრს ამ პროექტის ლაივი შარშანდელი ფესტივალიდანაც ემახსოვრება, თუმცა მათი წლევანდელი პერფორმანსი სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული იყო.

რამდენიმე კვირის წინ Ochtachoron-მა თავისი სადებიუტო ალბომი გამოსცა და მას შემდეგ საფესტივალო სივრცეში ეს მათი პირველი გამოჩენა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მათი ლაივი იმპროვიზაციის და სპონტანურობის დიდი დოზით გამოირჩეოდა, მუდმივად რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ არტისტებმა ზუსტად იცოდნენ რას აკეთებდნენ.

მუსიკალურ მანქანებთან მათი ჰარმონიული ურთიერთობის შედეგი კი საოცრად დაბალანსებული და მელოდიური მუსიკალური წარმოდგენა იყო. ყველაზე ქაოტურ მომენტებშიც კი აშკარად შეიმჩნეოდა, რომ Ochtachoron სცენაზე ყველაფერს აკონტროლებს.

საბედნიეროდ ეს არ იყო ქართველი შემსრულებლის ერთადერთი ლაივი, რომელიც Berlin Atonal-ის ღონისძიების ფარგლებში გაჟღერდა.

Esi, იგივე ირაკლი შონია, ძალიან ბევრი წელია ქართული ელექტრონული მუსიკის სცენაზე მოღვაწეობს და მიუხედავად იმისა, რომ მუსიკას იშვიათად გამოსცემს, მაინც საკმაოდ პროდუქტიული მუსიკოსია. ბოლო პერიოდში მსმენელი მას პროექტით Severiane იცნობდა, ამჯერად კი სრულიად ახალი კონცეპტის, Esi-ის დრო დადგა.

ირაკლის ლაივის საწყისი ნაწილი ცივი, ნოიზ ატმოსფეროთი იყო გაჟღენთილი. მოგვიანებით ის პერკუსიული ელემენტებით გამდიდრდა და რიტმული სექციებიც დაემატა. საინტერესო იყო ის დეტალი, რომ დაახლოებით 1 საათიანი შესრულების განმავლობაში, Esi საკმაოდ ხშირად ცვლიდა მუსიკის როგორც რიტმულ ასევე მელოდიურ ნაწილს, რაც მსმენელს საშუალებას აძლევდა საკმაოდ მრავაფეროვანი მუსიკალური გამოცდილება მიეღო. მის შემდეგ კი ზედიზედ სამი აუდიო ვიზუალური ლაივის დრო დადგა.

Pact Infernal ფესტივალის პირველი პროექტია, რომელიც სცენაზე აუდიო ვიზუალური შოუთი წარსდგა. არტისტები სცენაზე როგორც ანალოგ ინსტრუმენტებიდან გენერირებულ ბგერებს, ასევე აკუსტიკურ ისნტრუმენტებსაც იყენებდნენ. ვიზუალური ნაწილს რაც შეეხება, გამოსახულებები აუდიო ბგერებთან საინტერესოდ იყო დაკავშირებული.

ლაივის პირველი ნაწილი Pact Infernal-ის მუსიკისთვის დამახასიათებელი ბნელი ებიენთ ატმოსფეროს შექმნას მიეძღვნა. შემდეგ კი პერფორმანსი უფრო დინამიური და რიტმული გახდა, რაც ბოლო ნაწილში საოცრად ინტენსიური კომპოზიციით დაგვირგვინდა.

ინტენსიურობა და აპოკალიპტური განწყობა პირველი იყო, რაც Roly Porter-ის ლაივის დაწყებისას შეიძლებოდა გვეგრძნო. ბრიტანელმა არტისტმა ვიზუალ მხარეს განათებაც დაამატა, რისი დახმარებითაც ის ცდილობდა კომუნიკაცია თვალდახუჭულ მსმენელთანაც დაემყარებინა. განათების, ვიზუალის და აუდიო ფაილების მანიპულაციით Porter-მა საკმაოდ შთამბეჭდავი მუსიკალური მოგზაურობა შემოგვთავაზა.

ცოტათი უფრო ერთგვაროვანი, მაგრამ საოცრად ინტენსიური და დინამიური იყო ბრისტოლში მოღვაწე Emptyset-ის ლაივი. პირველივე წუთებიდან ინდასთრიალ მუსიკის და IBM-ის სტილის გავლენით, მუსიკოსების დუეტმა ძალიან ენერგიული ლაივი შემოგვთავაზა. 

მათ შემდეგ კი Laurel Halo-ს დრო დადგა, რომელმაც საკუთარ პერფორმანსში კლავიშები და მიკროფონი გამოიყენა.

მთელი ღამის განმავლობაშ განსაზღვრული მუსიკალური განწყობა მან პირველივე კომპოზიციაში შეცვალა, სადაც საკუთარი ვოკალის დახმარებით მსმენელს მიახვედრა, რომ ამ წუთიდან საღამო სულ სხვა მიმართულებით წავიდოდა. 

მართლაც, ლაივის პირველი ნაწილი არასტანდარტული რიტმ სექციებით გამორჩეული და მსუბუქი იყო, ბოლო ნახევარი საათი კი Halo-მ უფრო მეტად ტექნო ორიენტაციაზე გააკეთა აქცენტი.

ეს გარკვეულწილად ღამის საბოლოო ნაწილის მუსიკალური მხარის დასაწყისი იყო, რადგან ვერონიკა ვასიცკა, Surgeon, DJ Pete და Skee Mask-ის დიჯეი სეტები სწორედ ამ მიმართულების გაგრძელება აღმოჩნდა.

ვასიცკა ნიუ იორკში დაბადებული ფოტოგრაფი და დიჯეია, რომელიც საკუთარ ლეიბლს ფლობს. მისი სეტი ძირითადად ტექნო ორიენტაციით გამოირჩეოდა, რასაც შესაფერისი გაგრძელება მოჰყვა Surgeon-სგან.

ენტონი ჩაილდი ამ ფსევდონიმით 2 ათეულ წელზე მეტია მუსიკას ქმნის და მისი სეტების მოსმენა ყოველთვის ახალი შთაბეჭდილებების პოვნის პროცესია. იგივე შეიძლება ითქვას Dj Pete-ზეც, რომელიც ბერლინის ტექნოს სცენის განვითარების ყველა ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.

დილისკენ მუსიკის ინტენსივობა არ შეცვლილა და მიუხედავას იმისა, რომ Skee Mask უკვე 9 საათსზე იწყებდა დაკვრას, ფესტივალის სტუმრებს მუსიკალური მოგზაურობის შეწყვეტა არც უფიქრიათ, რადგან უკვე ახალი დღე და ახალი თავგადასავლების დრო იწყებოდა.

გარდა Berlin Atonal-სა, წელს ფესტივალზე ბოლოჯერ ამოქმედდა Dorm Stage, სადაც Andrius, Ericsson, Bryan Kessler, Fango, T. Raumschmiere და Bero უკრავდნენ. მათ დორმს შეაფარეს თავი. ადგილობრივი საინტერესო დიჯეების კვალდაკვალ ბრაიან კესლერმა ჰიბრიდული სეტი დაუკრა, Fango-მ კი ერთ საათიანი ლაივი, რასაც შარშანდელი ჰედლაინერის T. Raumschmiere-ს პერფორმანსი მოჰყვა. სცენის ბოლო დიჯეი ქართული საკლუბო სცენის პიონერი Bero იყო, რომელიც ბოლო პერიოდში თავის სეტებში აქტიურად მიმართავს ექსპერიმენტებს და არ ერიდება გამოწვევებს. შეიძლება ითქვას, რომ წელს Dorm -მა თავისი სახე და კონცეპტი შექმნა, რომელიც იმედია მომავალ წელსაც გაგრძელდება.

დილის მსუბუქი წვიმის მიუხედავად, საფესტივალო განწყობა არსად გამქრალა. მითუმეტეს, რომ 11 საათიდან ჰეინეკენის სცენა რამდენიმე საინტერესო ლაივ აქტს და დიჯეის მასპინძლობს. დღის ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სცენა შუაღამემდე იმუშავებს, რის შემდეგაც 4GB ფესტივალი მთავარ სცენაზე გადაინაცვლებს და 2 კვირაზე გადანაწილებულ მარათონს ფესტივალის უცვლელ სიმბოლოსთან ერთად დაასრულებს.

ავტორი: სოფი წერეთელი

ფოტოები: თორნიკე შენგელია