მუსიკა | ცა

4GB 2018 - დღე II

4GB-ის სტუმრებმა კარგად იციან, რომ ამ ფესტივალზე მუსიკა ლიმიტირებული არ არის. შესაბამისად, ძალიან რთულია დააფიქსირო თუ როდის მორჩა ერთი საფესტივალო დღე და დაიწყო მეორე. ამ ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი იდეაც სწორედ ეს არის -  მთავარია, მუსიკა არასდროს გაჩერდეს.

მაისი 20, 2018

Hello Blog

4GB-ის სტუმრებმა კარგად იციან, რომ ამ ფესტივალზე მუსიკა ლიმიტირებული არ არის. შესაბამისად, ძალიან რთულია დააფიქსირო თუ როდის მორჩა ერთი საფესტივალო დღე და დაიწყო მეორე. ამ ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი იდეაც სწორედ ეს არის -  მთავარია, მუსიკა არასდროს გაჩერდეს.

დიდი ხანია ტრადიციად იქცა, რომ 4GB-ის მეორე დღე ე.წ დღის ღონისძიებებით უნდა გაგრძელდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ჰეინეკენის სცენა, რომელიც Nika J, Robag Wruhme და DJ Koze-ს მასპინძლობდნენ.

სცენის ორიგინალურმა დიზაინმა და ადგილმდებარეობამ სტუმრებს საშუალება მისცა, რომ სრულიად ახლებური საფესტივალო გამოცდილება მიეღოთ. გარდა იმისა, რომ Nika J გამოცდილი დიჯეი და პროდუსერია, ის 4GB-ის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორია.

მისი 3 საათიანი დიჯეი სეტი, რომელიც, როგორც ყოველთვის, მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, კონკრეტული სცენის მუსიკალური ხასიათის განსაზღვრას ემსახურებოდა. ამის შემდეგ კი ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი დიჯეის Robaq Wruhme-ს დრო დადგა.

Robaq Wruhme ის ერთ-ერთი იშვიათი არტისტია, რომელიც საქართველოში განსაკუთრებით უყვართ. მას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განსხვავებულ კლუბებსა და ფესტივალებზე რამდენჯერმე დაუკრავს, თუმცა ის ყოველ ჯერზე ახერხებს მსმენელისთვის რაღაც ახალის და საინტერესოს შეთავაზებას.

მელოდიური, მსუბუქი და ხშირად მინიმალისტური ჟღერადობა Wruhme-ს სავიზიტო ბარათია. შესაბამისად, მის მიმართ არსებული მოლოდინები მაქსიმალურად გამართლდა. 

რაც შეეხება DJ Koze-ს, ის თბილისს თავისი კარიერის საინტერესო ეტაპზე ეწვია. მან ორიოდე კვირის წინ ახალი ალბომი Knock Knock გამოსცა, რომლის ფარგლებშიც მან Roisin Murphy, Jese Gonzalez და სხვა საინტერესო არტისტებთან ითანამშრომლა. შესაბამისად, ალბომის გამოცემის შემდეგ, ეს მისი ერთ-ერთი პირველი პერფორმანსი იყო, სადაც Koze-მ როგორც ახალი ალბომის რამდენიმე კომპოზიცია, ასევე თავისი დისკოგრაფიის ძველი და საინტერესო ნამუშევრები დაუკრა.

მისი სეტი ფესტივალის სტუმრებს მომავალი ღამის მეგზურად ექცა, ღამის, რომელიც ძალიან გრძელი და ინტენსიური უნდა ყოფილიყო. ასეც მოხდა.

სანამ უშუალოდ მთავარ სცენაზე გადავიდოდეთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ 4GB-ის ნამდვილი მარგალიტი Dorm, რომელიც ამჯერად მთლიანად Vodkast Records დაეთმო. ამ ფესტივალზე ვოდკასტის კოლექტივის კონტრიბუცია ყოველთვის განსხვავებული და საინტერესოა, რადგან მათი ღონისძიებები ყოველთვის მათ მუსიკალურ ღირებულებებს გამოხატავს. დორმის პირველი აქტი Zurkin, Vakho და JDJ-ის ე.წ. B2B2B სეტი იყო, რომელიც დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა და მსმენელს საოცრად ეკლექტური მუსიკალური მოგზაურობა შესთავაზა.

მიუხედავად იმისა, რომ სამივე არტისტი თავისთვის დამახასიათებელი მუსიკალური შტრიხებით გამოირჩევა, სცენაზე მათი კომუნიკაცია ძალიან წარმატებული და ეფექტური იყო. საკმაოდ სოლიდური იყო Dorm სცენის საერთაშორისო შემადგენლობაც.

Alex from Tokyo ნამდვილად განსაკუთრებული არტისტია, რომელიც საკუთარ შემოქმედებაში სხვადასხვა კულტურულ ღირებულებებს და მათ შორის მუსიკალურ ღირებულებებსაც აერთიანებს. პარიზში დაბადებული, ტოკიოში გაზრდილი და შემდეგ ნიუ იორკში მოღვაწე დიჯეის მუსიკალური გემოვნება რამდენიმე საკლუბო სცენის ტრადიციებს მოიცავს , რაც დაკვრის დროს განსაკუთრებით სასარგებლო ფაქტორი ხდება. 

რაც შეეხება DJ Deep, მისი შარშანდელი ვიზიტიც კი საკმარისი იყო იმის გასაგებად, თუ რამდენად ნიჭიერ და საინტერესო არტისტთან გვაქვს საქმე. მის გარეშე ფრანგულ საკლუბო სცენაზე არავინ საუბრობს, რადგან სწორედ DJ Deep იყო ამ სცენის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი და ხშირად წინამძღოლიც კი. ფრანგი დიჯეი საკუთარ ინტელექტუალურ და ემოციურ მონაცემებს დაკვრის დროს საკმაოდ ადვილად გამოხატავს, რაც საგურამოშიც ძალიან კარგად გამოჩნდა.

19 მაისს მთავარი სცენის მასპინძელი Red Bull იყო, რომელმაც სცენაზე ერთმანეთისგან მუსიკალურად განსხვავებულ რამდენიმე არტისტს მოუყარა თავი.

სცენა The Hacker-მა გახსნა, რომელიც თავის სეტებში ტექნოს, ელექტროს და ელექტროქლეშის მუსიკალურ ტრადიციებს სინთეზს უკეთებს. მისი სეტი ძალიან საინტერესო და ინტენსიური იყო - მსმენელს მარტივად ანიშნა, რომ მთელი ღამე საოცრად დინამიკური და ენერგიული მუსიკის მოსმენა მოუწევდათ.

მის შემდეგ კი რამდენიმე ლაივ პერფორმანსი შედგა, რაც ალბათ ამ სცენის მთავარი ღირსება იყო. Legowelt, Tobias, Boston 168 და Shlomo სცენაზე მხოლოდ თავიანთი მუსიკით წარსდგნენ, რაც ნამდვილად საინტერესო გადაწყვეტილება იყო.

ანალოგ ინსტრუმენტების ჟღერადობით გამორჩეული Legowelt-ის ლაივის შემდეგ Tobias-მა ღამე უფრო მეტად ტექნო მიმართულებით წაიყვანა. თუმცა, რასაკვირველია, მისი ლაივი მუსიკალურად სწორხაზოვანი არ ყოფილა. პირიქით, შემოქმედებითი საქმიანობის ამ ეტაპზე Tobias ისეთივე მრავალმხრივი და საინტერესოა, როგორც ყოველთვის იყო.

რაც შეეხება Boston 168 და Shlomo-ს, ქართველ აუდიტორიას მათი გაცნობა ნამდვილად არ სჭირდება. კლუბ ხიდის რეზიდენტები დიდი ხანია თბილისი საკლუბო სცენაზე თავიანთ კვალს ტოვებენ და ამ ყველაფერმა ამჯერად საფესტივალო სივრცეში გადაინაცვლა. 

იტალიური დუეტისთვის დამახასიათებელი ეისიდ ჟღერადობა მათი ლაივის გამორჩეული შტრიხი იყო. რაც შეეხება Shlomo-ს, მან ამ სცენას კიდევ უფრო მეტი დინამიკა და ცოტათი ბრუტალური ატმოსფერო შესძინა.

Scuba მთავარი სცენის ბოლო უცხოელი ჰედლაინერი იყო. Hotflush Records-ის დამფუძნებელი არტისტი, რომლის მუსიკალური ბიოგრაფიაც დაბსტეპ, ჰაუს და ტექნო ჩანაწერებს მოიცავს, ამჯერად ძირითად აქცენტს ტექნო მიმართულებაზე აკეთებდა.

Zitto B2b Boyd Schidt - ქართული ტექნოს სცენის ორი ძალიან აქტუალური არტისტი ერთმანეთს ამ ფორმატში პირველად შეხვდა, რაც მოულოდნელი და სასიამოვო სიურპრიზი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ტექნო არტისტებად კლასიფიცირდებიან, რაც თითქოს მათ მუსიკალურ გემოვნებას აახლოვებს, Zitto და Boyd Schmidt მაინც საკმარისად თვითმყოფადი და ინდივიდუალისტი დიჯეები არიან.

სწორედ ამიტომ, მათი სეტი ფესტივალის ერთ-ერთი საკვანძო B2B პერფორმანსი გამოდგა. თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა.

დილას არტისტებს გიო შენგელიაც შეუერთდა, რომელთან ერთადაც მათ ჰეინეკენის სცენაზე გადაინაცვლეს და ფესტივალის პირველი ნაწილი ოფიციალურად დახურეს.

ავტორი: სოფი წერეთელი

ფოტოები: თორნიკე შენგელია