ცისფერი მთები

შენ - მიხეილ ხერგიანის სიმაღლეზე

მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმიც უერთდება აქციას “ღამე მუზეუმში” და თუ მესტიაში ამოყოფთ თავს, აუცილებლად ესტუმრეთ.

მაისი 19, 2018

Hello Blog

მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმიც უერთდება აქციას “ღამე მუზეუმში” და თუ მესტიაში ამოყოფთ თავს, აუცილებლად ესტუმრეთ.

“სამი სახელი მაქვს. ნამდვილი სახელია ჩხუმლიანი. ნათლობისას, ეს სახელი ჩვენი შორეული წინაპრის პატივსაცემად დამარქვეს. მეორე სახელია მინანი, ასე მეძახიან სახლში მამა, ძმები, დები, ახლო ნათესავები. მესამე სახელი რუსულია — მიხეილი. მიშა, მიხეილი... ასე მომნათლეს ალპინიზმის ინსტრუქტორების სკოლაში, იმიტომ რომ ჩხუმლიანს ვერ გამოთქვამდნენ.”

შინაურებისთვის მინანისა და მსოფლიოსთვის “კლდის ვეფხვის” შესახებ ბევრი დაწერილა, ფილმებიც გადაღებულა, ლეგენდებიც მოყოლილა, მაგრამ ყველაზე კარგად მისი გაცნობა ისევ მისი დაბადების სიმაღლეზე - 1500 მეტრზე შეიძლება. კერძოდ კი, მესტიაში, მის მშობლიურ სახლში, უკვე სახლ-მუზეუმში, სადაც ყველაფერი ზუსტად ისე დაგხვდებათ, როგორც მის სიცოცხლეში იყო.

სახლ-მუზეუმის I სართულზე, სვანურ მაჩუბში დაათვალიერებთ ხერგიანის პირად ნივთებს – ადგილობრივი სახლებისთვის დამახასიათებელ ავეჯს, ჭურჭელს, სამეურნეო იარაღებს, სამოსს, ალპინისტურ აღჭურვილობას, ხატებს; აქვე, სამი ოთახში წარმოდგენილია ქართული ალპინისტური სკოლის განვითარების ისტორია, მიხეილის მოგზაურობების ამსახველი ფოტო-მასალას, ჯილდოები, საჩუქრები... 

ჯილდოებით თუ მიხეილ ხერგიანის პროფესიულ მიღწევებს აღნიშნავდნენ, პირადი საჩუქრებით უფრო მის პიროვნულ მიღწევებს, ურთიერთობებსა და შთაგონების ისტორიებს. დააკვირდი ფერწერულ ტილოებს და მხატვრის ხელწერის მიღმა, ამოიკითხე “მთების დამპყრობლის” გრძნობები, გადაათვალიერე წიგნებად შეკრული მოგონებები, დროც მოიხელთე ფილმების სანახავად და... უბრალოდ, იზეიმე ადამიანური შესაძლებლობების უსაზღვროობა... როგორც - ვლადიმერ ვისოცკიმ, როცა მას სიმღერას უძღვნიდა. აქ, ამ სიმღერის ჩანაწერსაც მოისმენ. 

ყურადღება მიაქციე იმ ფეხსაცმელს, რომლითაც ის მწვერვალებს იპყრობდა, სანამ პროფესიონალურ ეკიპირებას მიიღებდა! მერე, წარმოიდგინე პატარა ბიჭი, ამ ფეხსაცმელში, რომელიც უბრალოდ ოცნებობდა, რომ მამის მსგავსად, მასაც გადმოეხედა მის წინ აღმართული მთების კენწეროებიდან... 14 წლის ასაკში, ოცნებამ ალპინისტის წოდებამდე მიიყვანა, 5 წლის შემდეგ - ჩემპიონობამდე. მერე კიდევ არაერთგზის ჩემპიონობა, “სსრკ-ის დამსახურებული ოსტატის” წოდება, “საპატიო ნიშნის” ორდენი და პარალელურად - მოღვაწეობა ინსტრუქტორად და მაშველად. 

თავის დღიურებში წერდა - “რაც მედლები მაქვს, ყველას ერთად მირჩევნია, რომ ბევრი მთამსვლელი მყავს გადარჩენილი; ყველაზე მეტად ის მიხარებს გულს, ადამიანს სიცოცხლეს რომ შევუნარჩუნებ.”

ინგლისში, ერთ-ერთ შეჯიბრებას დედოფალიც ესწრებოდა. მიხეილ ხერგიანს მეკლდეურების სპეციალური “ბათინკები” - ტრიკონები ეცვა (ვეფხვის ტორს ჰგავს). მცოცავების შემხედვარეს, დედოფალს უთქვამს: “ერთს ვიცნობ, ჩვენია, მაგრამ ის ვინ არის, მეორე, კლდის ვეფხვივით რომ დაცოცავს?” დედოფლის ეპითეტი პრესას აუტაცია და ხერგიანსაც სამუდამოდ შერჩა “კლდის ვეფხვის” წოდება. 

37 წელი იცოცხლა და ევროპის ყველაზე მაღალი დასახლების შესახებ, მთელ მსოფლიოს შეატყობინა. ისიც, რომ იქ, სვანეთში, ასეთები იბადებიან - გულიანები, უშიშრები, ამაყები, ლამაზები... ბუნების ენაზე მეტყველები და მთის კანონის მცველები... იქ, რას დაგიდევენ კანცლერობას, თუ პარტ-მდივნობას, ლორდობას, თუ დედოფლობას, მხოლოდ ადამიანობით გაფასებენ და ამ ადამიანობითვე გაგიხსენებენ. 

საზღვარგარეთ მუდმივად დაჰყვებოდა კა-გე-ბეს თანამშრომელი - ევგენი გიპენრეიტერი, რომელმაც მიხეილ ხერგიანზე არაერთი საინტერესო ამბავი დააფიქსირა თავის ჩანაწერებში: “ფრანგულმა ტელევიზიამ კამერები მომართა... მიშა არ ჩანდა. გამოაცხადეს მეორედ, მესამედ... ვიფიქრე, რამე ხომ არ დაემართა-მეთქი და მოსაძებნად წავედი. იქვე, ახლოს, მიწაზე იჯდა. ქართულად რაღაცას ღიღინებდა და თოკით კვანძებს აკეთებდა. რა ხდება, ხომ კარგად ხარ-მეთქი, - მივვარდი. მიშამ მშვიდად ამომხედა და წყნარად მითხრა, - შეჯიბრებაში მონაწილეობას არ მივიღებ, სანამ არ გამოაცხადებენ სვანი მიხეილ ხერგიანი საქართველოდანო! რა უნდა მექნა, ტურნირს ვერ ჩავაგდებდით... ბოლოს, როგორც მიშას სურდა, ისე გამოაცხადეს. ყველა გაკვირვებული იყო, - საქართველო გაგვიგია, მაგრამ სვანი რას ნიშნავსო. მე ვუხსნიდი, რომ სვანეთი საქართველოს ძალიან ლამაზი კუთხეა, სადაც ხერგიანი დაიბადა-მეთქი...”

მუზეუმშივე ნახავ ქამარს და გადაჭრილ თოკს, რომელიც მას სიცოცხლის ბოლო დღეს, სუ-ალტოს მარშრუტის გავლისას ეკეთა.

სუ-ალტოს [იტალია] მწვერვალი ბევრი ალპინისტისთვის დიდი ცდუნება იყო, მაგრამ ქვების ცვენის გამო ცოტა თუ რისკავდა. 1969 წლის 4 ივლისს, მიხეილ ხერგიანი და მისი მეწყვილე ვიაჩესლავ ონიშენკო (მოსკოველი ქირურგი, მთამსვლელი) სუ-ალტოზე ასვლას შეუდგნენ. მთასვლელი ნუგზარ ნიგურიანი იხსენებს: “600 მეტრის გავლის შემდეგ, ონიშენკო დაცვაზე იდგა. მიშა ხერგიანი კლდის შიდა კუთხეში, ბუნებრივ ღარში იმყოფებოდა; ქვების ცვენაც სწორედ აქ დაიწყო. მიხეილ ხერგიანს, სამწუხაროდ, მანევრირების საშუალება არ მიეცა. ქვების ცვენის დროს-თოკი გადაიჭრა... და ‘კლდის ვეფხვი’ სუ-ალტოს მოსწყდა... იტალიიდან დიდი პატივით ჩამოასვენეს. მისი კუბო ვეფხვის ფეხებზე იდგა. სახლში რომ შემოასვენეს, მამამ შვილის უკანასკნელად ნახვა მოისურვა და კუბოს ახადეს. სწორედ მაშინ შეხსნეს ქამარი, რომელიც მიხეილს სუ-ალტოზე ეკეთა და ამოიღეს გადაჭრილი თოკი, რომლითაც ის იყო დაბმული”...

1969 წლის 8 აგვისტოს, თურქესტანის ქედზე მდებარე 4960მ სიმაღლის მწვერვალს ხერგიანის სახელი უწოდეს. 

1971 წლიდან მისი სახელობის პრიზი დაწესდა კლდეზე ცოცვაში.

1978 წელს, მზის სისტემაში აღმოჩენილ მცირე პლანეტას, ნომრით 3234, მიხეილ ხერგიანის სახელი მიენიჭა.

სახლ-მუზეუმში ჩანაწერების წიგნიც დაგხვდება, რომელშიც შენც შეგიძლია სვანეთის ლეგენდის შესახებ შენი შთაბეჭდილებაც აღწერო... ამბობენ, მიხეილ ხერგიანის სიმაღლიდან სულ სხვანაირად ავსებული ჩამოდიხარ, ალბათ, უფრო გაბედული საკუთარი მწვერვალების დაპყრობის გზაზე. 

#მოდი ღამე მუზეუმში! 

ავტორი: ნინო კაკიაშვილი

ფოტოები: გიორგი ნაკაშიძე