მუსიკა | ცა

4GB 2018 - დღე I

ქართული საკლუბო მუსიკის სცენა და საფესტივალო კულტურა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა, რის შედეგადაც, მსმენელს მუდმივად აქვს სხვადასხვა ღონისძიებებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება. თუმცა არსებობს მსმენელის ისეთი კატეგორიაც, რომელიც წლიდან წლამდე სწორედ 4GB-ს ელოდება. ამის მიზეზი მარტივია -  წლების მანძილზე ფესტივალი უფრო მეტი ღირებულების მატარებელი გახდა, ვიდრე ეს უბრალოდ მუსიკალური ღონისძიებას ახასიათებს.

მაისი 19, 2018

Hello Blog

ქართული საკლუბო მუსიკის სცენა და საფესტივალო კულტურა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა, რის შედეგადაც, მსმენელს მუდმივად აქვს სხვადასხვა ღონისძიებებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება. თუმცა არსებობს მსმენელის ისეთი კატეგორიაც, რომელიც წლიდან წლამდე სწორედ 4GB-ს ელოდება. ამის მიზეზი მარტივია -  წლების მანძილზე ფესტივალი უფრო მეტი ღირებულების მატარებელი გახდა, ვიდრე ეს უბრალოდ მუსიკალური ღონისძიებას ახასიათებს.

18 მაისს, საგურამოს კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრში, 4GB-ის მორიგი მარათონი დაიწყო.

მიუხედავას იმისა, რომ წელს ფესტივალის ადგილმდებარეობა არ შეცვლილა, ორგანიზატორებმა იმაზე ნამდვილად იზრუნეს, რომ სტუმრების შთაბეჭდილებები ახლებური და საინტერესო ყოფილიყო. 

რამდენიმე პატარა ბარი თავისი სცენით, არტ ინსტალაციები, საფესტივალო ინფრასტრუქტურა და კომფორტული დასვენების სხვადასხვა ატრიბუტები ტერიტორიაზე შესვლისთანავე იპყრობდა ყურადღებას. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სივრცის ასეთი დაგეგმარება მსმენელისთვის საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ისინი ტერიტორიის სხვადასვა ნაწილს ერთნაირი წარმატებით ითვისებდნენ.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, სივრცის ასეთი დაგეგმარება მსმენელისთვის საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ისინი ტერიტორიის სხვადასვა ნაწილს ერთნაირი წარმატებით ითვისებდნენ.

რაც შეეხება მთავარ, მუსიკალურ ნაწილს, წელს 4GB ორი პარალელური სცენით გაიხსნა. მთავარი სცენის პირველი არტისტები ქართული საკლუბო სივრცის ვეტერანი დიჯეები გიო შენგელია და თომა იყვნენ. ეს არტისტები ამ ღონისძიების თანაინიციატორებიც არიან. შესაბამისად, მათ ამ სცენაზე გამოჩენას ყოველთვის დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს.

სიმბოლურის გარდა, თომა და გიო შენგელიას ე.წ. B2B სეტს თავისი ფუნქციაც ჰქონდა - მათ ადრიანად მოსული მსმენელისთვის შესაფერისი მუსიკალური განწყობა უნდა შეექმნათ და მთლიანად სცენის დრამატურგიული ხაზისთვის საფუძველი ჩაეყარათ. რასაკვირველია, ეს მისია იდეალურად შესრულდა, ორივე არტისტს ერთმანეთის უსიტყოდ ესმოდათ, რის გამოც მთლიანი სეტი ერთ მარტივ ამოსუნთქვას დაემსგავსა.

პარალელურად ამუშავდა მეორე სცენაც, Dorm Stage, რომელიც ASH-ის ორ საათიანი სეტით გაიხსნა. დროის სპეციფიკური მონაკვეთის გამო მსმენელთა უმეტესობას ამ არტისტის მოსმენის საშუალება არ მიეცათ და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ბევრი გამოტოვეს.

ამ დღის არტისტებს შორის, ASH-ის სეტი ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული, დინამიური და უცხო იყო. მას მკაფიოდ ეტყობოდა თუ რისი გაკეთება უნდოდა Dorm სცენაზე და ეს მშვენივრად გამოუვიდა. 

მისგან განსხვავებით, იგივე დროს მთავარ სცენაზე მონრეალის სცენის ერთ-ერთი არტისტი ამირ ჯავასოული იმპროვიზაციებით დატვირთულ სეტს უკრავდა. ის ხშირად აცხადებს, რომ მისთვის წინასწარი მომზადებით დაკვრა იმდენად საინტერესო არ არის, რამდენადაც მსმენელთან ცოცხალი ინტერაქცია. ამიტომაც ჯავასოული 2 საათის მანძილზე ცდილობდა 4GB-ის სტუმრებისთვის საინტერესო, მრავალფეროვანი და უცხო მუსიკა შეეთავაზებინა. 

სანამ (სუბიექტურად) დღის მთავრ გმირზე, ედვარდზე საუბარს დავიწყებთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ გახნის დღეს Dorm მთლიანად ქართველ არტისტებს დაეთმო. Ash-ის სეტს Hamatsuki-ს ლაივი მოჰყვა, რომელმაც ძველ და უკვე კარგად ნაცნობ კომპოზიციებთან ერთად ახალი და ჯერ კიდევ გამოუცემელი კომპოზიციებიც დაუკრა.

Lo Fi და ჰაუს ჟღერადობით გაჟღენთილი ლაივი სცენის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მონაკვეთი იყო, რის შემდეგაც მსმენელის განწყობაზე Bacho-მ იზრუნა. Bacho საკმაოდ გამოცდილი დიჯეია, რომელიც ლოკალურ მსმენელს ძალიან კარგად იცნობს და ყოველთვის გრძნობს თუ რას მოელიან მისგან.

მინიმალსა და მიკროჰაუს ჟღერადობის მიღმა, თავის სეტში ბაჩომ სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებების საზღვრებიც გადაკვეთა და 3rd Soul და Sumo-სთვის საცეკვაო მოედანზე იდეალური განწყობა დატოვა.

ბექა ელოშვილმა (3rd Soul), რომელსაც ფესტივალის ლაინ აპში მუდმივად ვხედავთ, მსმენელს იმედები არ გაუცრუა და Sumo-სთან ერთად Dorm-ის სცენას ლოგიკური და საინტერესო მუსიკალური დასარული უპოვა. 

რაც შეეხება მთავა სცენას, Edward-ის გამოჩენასთან ერთად ნათელი გახდა თუ საით მიდიოდა ყველაფერი. ერთი შეხედვით უპრეტენზიო დიჯეიმ ძალიან მალე დაგვანახა თუ რამდენად დაუფასებელი შეიძლება იყოს არტისტი, როდესაც ის კონცენტრაციას მთლიანად მუსიკაზე აკეთებს და ინდუსტრიის სხვა მოთხოვნებზე დროს არ ხარჯავს.

გიგლინგის კოლექტივთან ასოცირებულმა ედვარდმა თანმიმდევრულად და მეთოდურად შექმნა ის ატმოსფერო, რომელიც, ჩემი აზრით, დღის მთავარი განმსაზღვრელი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ მის შემდეგ თავად რიკარდო ვილალობოსი უკრავდა, რომელსაც ნებისმიერი მუსიკალური განწყობის ტრანსფორმაცია შეუძლია, ედვარდმა შექმნა კონტექსტი, რისი შეცვლაც თავად რიკარდომაც აღარ ისურვა.

ვილალობოსმა უბრალოდ ყველაფერს სწორი ტრაექტორია მისცა, რაც მას ყველაზე კარგად გამოსდის. ცალკეულ შემთხვევებში კი, მაგალითად როდესაც 808 The Bassqueen დაუკრა, რიკარდო უბრალოდ აჩვენებდა თუ რამდენად მოშორებულია მისი მუსიკა დროის და სივრცის კონტექტს - ეს იყო მომენტი, როდესაც კონკრეტული მუსიკა ყოველთვის და ყველგან რელევანტურია.

მოგვიანებით Edward სცენასთან დაუგეგმავად დაბრუნდა და რიკარდოსთან ერთად დაკვრა გააგრძელა, ხოლო მათი სეტის შემდეგ სცენაზე ისევ იმათი ჯერი დადგა, ვინც ყველაფერი დაიწყო. თომა და გიო შენგელიამ თავიანთი დაწყებული საქმე თვითონვე დაასრულეს და ფესტივალის მომდევნო დღის საუკეთესო მოლოდინი შექმნეს.

ავტორი: სოფი წერეთელი

ფოტოები: თორნიკე შენგელია