მომავალი იქმნება დღეს

ილია სპანდერაშვილი ერთ-ერთია, ვინც ინგლისში 2016 წლის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა. მისმა გამოცდილებამ გუნდის წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა.

ივნისი 16, 2017

Hello Blog

ილია სპანდერაშვილი

ილია სპანდერაშვილი ერთ-ერთია, ვინც ინგლისში 2016 წლის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა. მისმა გამოცდილებამ გუნდის წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა.

ილია მესამე ხაზში, შვიდი ნომრით თამაშობს და მისი სტილი ძალიან ჰგავს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო შვიდი ნომრის, ახალზელანდიელი ლეგენდის, რიჩი მაქოუს სათამაშო სტილს.

არგენტინასთან დაპირისპირებისას, მან მეტოქეს რაქიდან ოთხჯერ ამოაცალა ბურთი, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა რაგბში. გარდა სათამაშო უნარებისა, მასზე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი კაპიტანია. ის ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებშიც კი მარტივად იღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებებს.

არგენტინასთან შეხვედრისას, მისმა გადაწყვეტილებამ, პირველი ტაიმის მიწურულს კარში დაერტყათ ჯარიმა, რომელიც მეტოქის ლელოსთან ძალიან ახლოს, ხუთმეტრიან ხაზთან დაინიშნა, დიდწილად განაპირობა თამაშის საბოლოო შედეგი.

მირიან მოდებაძე

ტანმაღალი ფულბეკი, მირიან მოდებაძე ქუთაისური "აია"-ს ერთ-ერთი მთავარი შემტევი იარაღია და ამ ფუნქციებს ის ნაკრებშიც კარგად ითავსებს. გარდა იმისა, რომ შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები აქვს (1.94, 94 კგ), მირიანი ძალიან სწრაფი და ტექნიკური მოთამაშეა, რომელსაც ერთი მოქმედებით შეუძლია, გადაწყვიტოს თამაშის ბედი. მისი თამაშს ხშირად ადარებენ ლეგენდარული ქართველი მორაგბე ბესიკ ხამაშურიძის თამაშს და ეს გასაკვირი არცაა, რადგან სწორედ ის არის კლუბში მოდებაძის მწვრთნელი.

გელა აფრასიძე

გელა აფრასიძე ქართული რაგბის ამომავალი ვარსკვლავია. მიუხედავად ასაკისა, მას უკვე ორი სანაკრებო კეპი აქვს.

ცხრა ნომერი ის პოზიციაა, რომელსაც ბურთთან ყველაზე ხშირად უწევს შეხება. დიდწილად, სწორედ ცხრიანი აკონტროლებს თამაშის ტემპს. გელა აფრასიძეს კი ყველაფერი აქვს, რაც მაღალი დონის ცხრა ნომერს სჭირდება – სწორი გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი, სპორტული სითამამე და რაც მთავარია, ფეხით თამაშის ოსტატობა.

არ არის გასაკვირი, რომ წლევანდელ ტურნირზე ყველაზე მეტი, კერძოდ რვა სწორად შესრულებული საჯარიმო დარტყმა, სწორედ გელას ანგარიშზეა. თუ ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც საჭიროა, ქართულ რაგბს კიდევ ერთი მსოფლიო დონის ცხრა ნომერი ეზრდება.

გიორგი კვესელაძე

2016 წლის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატმა დაგვანახა, თუ რამდენად დიდი ძალაა ნაკრებისთვის ახალგაზრდა ცენტრი, გიორგი კვესელაძე. სამწუხაროდ შარშან მან მძიმე ტრავმა მიიღო და წლევანდელი ჩემპიონატის დაწყებამდე ორი თვით ადრეც კი არავინ იცოდა, მოახერხებდა თუ არა შინ გასამართ ტურნირზე თამაშს. ძალიან დიდი შრომისა და სწორი სარეაბილიტაციო პროცესის შედეგად გიორგი შესანიშნავ ფორმაშია და საქართველოს ნაკრების ტურნირის პირველი ლელო არგენტინის ნაკრების წინააღგმდეგ, სწორედ მის ანგარიშზეა. გიორგი კვესელაძე თანაბრად ძლიერია, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში და ხშირად ასრულებს ისეთ აგრესიულ ბოჭვებს, რომლებსაც თამაშის მიმდინარეობაზე დიდი გავლენა აქვთ.

ლევან პაპიძე

ის, რომ 2017 წლის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს დერეფანში პრობლემები არ აქვს, ლევან პაპიძის უდიდესი დამსახურებაა. პაპიძე კონტაქტისას თუ ხაზის გაჭრისას ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა. ძალიან ბევრ ბოჭვას აკეთბს და დაცვაშიც კარგად თამაშობს, 31 ბოჭვა აქვს გაკეთბული. მან თავისი გარღვევებით ქართველ გულშემატკივარს უკვე კარგად დაამახსოვრა თავი.

ბექა საღინაძე

სიმაღლით 1.91 და წონით 103 - ეს 18 წლის ბექა საღინაძის მონაცემებია.

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ორი წლით უფროსი მორაგბეების წინააღმდეგ უწევს თამაში, შესანიშნავად ასპარეზობს. მის ანგარიშზეა არგენტინელებისათვის გადამწყვეტ მატჩში დადებული პირველი ლელო.

ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებული თამაშების პარალელურად, იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ საღინაძეს თანაბრად კარგად შეუძლია ითამაშოს შერკინების მეორე და მესამე ხაზში, იმის ალბათობა, რომ მას მომავალში «ბორჯღალოსნების» შემადგენლობაში ვიხილავთ, ძალიან დიდია.

გურამ გოგიჩაშვილი

ქართული რაგბი ყოველთვის გამოირჩეოდა ნიჭიერი ბურჯებით და გამონაკლისი არც 2017 წლის ახალგაზრდული გუნდია. 18 წლის გურამ გოგიჩაშვილი ამის ნათელი მაგალითია.

გარდა სტატიკისა, გოგიჩაშვილი გაშლილ თამაშშიც გამორჩეულია. მან ტურნირზე ჩატარებულ შეხვედრებში ბურთი 32-ჯერ მიიღო და წინ 62 მეტრით წასწია.

გავიხსენოთ ისიც, რომ შერკინებაში უდიდესი ტრადიციების მქონე არგენტინის ბურჯი მაჟკო ვივასი, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გასტონ კონდემ იმ წამსვე შეცვალა, როგორც კი იგი ზედიზედ რამდენჯერმე დაჯარიმდა. ვივასის პირისპირ კი სწორედ გურამ გოგიჩაშვილი იდგა.

ავტორი - ლუკა ჭოჭუა | ფოტო - Andrew Kovalev