მუსიკა | ცა

რეჯი სნოუ - ჰიპ-ჰოპი ირლანდიურად

ჯია გვიჩ! - გამარჯობაა ირლანდიურად. რეჯი სნოუ - კარგი ჰიპ-ჰოპია ირლანდიურად!

მაისი 17, 2018

Hello Blog

ჯია გვიჩ! - გამარჯობაა ირლანდიურად. რეჯი სნოუ - კარგი ჰიპ-ჰოპია ირლანდიურად!

თუნდაც იმიტომ, რომ რეჯი სნოუს მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩენით, ჰიპ-ჰოპთან ასოცირებულ ქალაქებს - ატლანტას, ნიუ იორკს, ლოს ანჯელესს, ჩიკაგოს, დეტროიტსა, თუ ლონდონს, დუბლინიც დაემატა! თავად კი, ჟანრის ერთ-ერთ მთავარ აქტივად იქცა!

მასზე მოთხოვნა, თან მსოფლიო მასშტაბით, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. შესაბამისად, მით უფრო აღსანიშნავია მისი ცოცხლად ნახვა/მოსმენის უნიკალური შესაძლებლობა - 22 ივნისს, Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე. 

მანამდე კი, ვინ არის... უფრო სწორედ, ვინ ხარ შენ - რეჯი სნოუ?!

(პირველი, რაც თავში მომდის, მადონასთან ერთად ტურნეზე უარი თქვა!) 

შენი ნამდვილი სახელია ალექსი - ალექს ანიაეგბუნამი. დაიბადე დუბლინში და ვერასდროს წარმოიდგენდი, რომ მუსიკა შენს პროფესიად გადაიქცეოდა. შენთვის ჰიპ-ჰოპი მუსიკის ყველაზე გავლენიანი ჟანრია, როგორც თვით-გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება და სწორედ ისაა, რისი კეთებაც ყოველთვის გინდოდა. 

წელს, 5-წლიანი ლოდინის შემდეგ, მსმენელს პირველი ალბომი წარუდგინე - “Dear Annie” - უდრტვინველი ჯაზის, მელოდიური სოულის, გინსბურგისეული შანსონისა და ჰიპ-ჰოპით ყვები სიყვარულსა და ვნებაზე. კრიტიკოსებმა მოიწონეს, შენ კი დაამტკიცე, რომ თვითმყოფადი ჟღერადობით გამოირჩევი.

შენი მუსიკა არ ჰგავს სტანდარტულ “მაჩო” რეპს. როგორც თავად ამბობ: “აქ, ირლანდიაში არაფერი არ ხდება. ყველაფერი თვით-შემოქმედებაა. პრობლემა კიდევ იმაშია, რომ ფაქტიურად ვერაფერზე ‘გარეპავ’. დუბლინში, ეს ბანალურად ითვლება. რისი მოყოლა ღირს სინამდვილეში? აქ, არ არსებობს თავსმოხვეული ფუფუნება და გლამური. არ ვეხები განსტერულ გარჩევებს. ჩემი მუსიკა მხოლოდ ფანტაზიასა და სიყვარულზეა აწყობილი; სწორედ ამიტომ მოვახერხე გარღვევა.” 

დედა იამაიკელი-ირლანდიელი, მამა - ნიგერიელი. სამეგობროში ერთადერთი ფერადკანიანი იყავი. საკუთარი თავის ძიების, ე.წ. თვითიდენტიფიკაციის მცდელობაში, რა აღარ მოსინჯე - ფეხბურთი, თეატრი, ცეკვა... მეგობრებთან ერთად - გრაფიტი, შემდეგ - საკუთარი კანის მოხატვა-მოსვირინგება. 19 წლის ასაკში, მამის სამშობლოში ყოფნის დროს, საკუთარ თავზე იგრძენი ეთნიკური წინააღმდეგობების მთელი სირთულე. დაბრუნებისას კი, კლიპი Lost in Empathy გამოუშვი, რომელშიც ეს სირთულე აფრიკელი ალბინოსების დევნის მაგალითზე გადმოეცი.

      

დღეს, შენს წარმომავლობას არათუ შეეგუე, ამაყობ კიდეც და მომავალში, გსურს უფრო კარგად შეისწავლო შენი ფესვები; მეორე ალბომზეც საუბრობ, რომელსაც “ბიძია თომას” დაარქმევ და იმის შესახებ მოყვები, თუ რას ნიშნავს შავკანიანობა თეთრკანიანთა სამყაროში.

ზემოთ გრაფიტი ვახსენე. არ ყოფილა უბრალო გართობა, უფრო - დაპატიმრებისა და სიკვდილის შიშთან მოსაზღვრე ჰობი. დუბლინის დეპოს ვაგონებზე საკუთარი ხელწერის დატოვებისას, საკმარისი იყო ერთი მცდარი ნაბიჯი, რომ საქმეში, სამართალდამცავს ვინღა დაეძებს, კონტაქტური რელსის მაღალი ძაბვა ჩართულიყო. მსგავს უბედურ შემთხვევებში, რამდენიმე მეგობარიც დაკარგე.

“როცა გრაფიტი აღმოვაჩინე, დუბლინში კი ეს ცალკე კულტურაა, ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა”. გრაფიტი, ჰიპ-ჰოპთან მჭიდრო კავშირის გამო, შენი გზამკვლევი აღმოჩნდა მუსიკაშიც. ამ დროს, ღრუბელივით ისრუტავ ძველი სკოლისა თუ ანდერგრაუნდის ჰიპ-ჰოპ შემსრულებლების შემოქმედებას, უსმენ Nas, Wu-Tang, MF Doom-ს და ცდილობ მათ გამეორებას, ინტერპრეტაციას, შემდეგ კი საკუთარი ჟღერადობის განვითარებას ჯაზ სემპლებით, არასტანდარტული, კომპლექსური რითმებითა და ხმის გამორჩეული ტემბრით.

გენიოსები პარადოქსებთან მეგობრობენ! ის გარემოც, რომელშიც შენ იზრდებოდი, ურთიერთგამომრიცხავ თუ არა, ალტერნატიულ მსოფლმხედველობას გიყალიბებდა. ტრადიციულ ჰიპ-ჰოპში “თეთრი ყვავის” ადგილი გიკავია. ტრადიციული რეპერები გიცნობენ, მაგრამ ამბობ, რომ ვერ გიტანენ. როგორც მივხვდი, ეს გრძნობა ორმხრივია, რაც არაერთხელ გამოგიხატავს რეპის მოძველებული კლიშეების პაროდირებით საკუთარ კომპოზიციებში. ჰიპ-ჰოპიც უკვე დიდი ხანია გასცდა ბროქნსის ქუჩებში დაწესებულ წესებს, როგორც ჟღერადობით, ისე თემატიკით. 

გამოგარჩევს უშუალობა, შრომისმოყვარეობა, იუმორის (მათ შორის თვით-ირონიის) განსაკუთრებული გრძნობა და დისციპლინა. ეს უკანასკნელი სპორტიდან შემოგრჩა. ყოველ დილით, 5 საათზე იღვიძებდი სავარჯიშოდ. შემოქმედებასაც ანალოგიური დისციპლინით ეპყრობი დღემდე. ყველამ იცის, რეჯი არასდროს აგვიანებს! 

ახალი ალბომის გამოსვლას ბევრი მოგზაურობა მოჰყვა. შესაბამისად, სახლიც იქაა, სადაც ჩანთას ჩამოდებ: ლოს ანჯელესი, ნიუ იორკი, პარიზი, ლონდონი... ახალ ნაცნობებში ხშირად ცნობილი ვარსკვლავებიც გამოერევიან, თუმცა, კოლაბორაციის დროს, პოპულარობას ყოველთვის შემოქმედებას ამჯობინებ. არ ერიდები ჰიპ-ჰოპის სხვა ჟანრებთან სინთეზს და არც სპონტანურ ექსპერიმენტებს. თავად განვსაჯოთ: ჰიპ-ჰოპის ნაერთი მსუბუქი ჯაზთან - Nights Over Georgia; ან ფრანკოფონური დუნტემპო Mon Amour და Désolé. ინტიმური ატმოსფერო, შეგიძლია ფანტასტიური ესტეთიზმით ჩაანაცვლო. შედეგად - მრავალფეროვანი რეპერტუარი და ეს ყველაფერი უკვე შენს ალბომში კონცენტრირებული. 

“მომწონს, როგორ პერსონაჟადაც წარმოვუდგენივარ ხალხს, მეც ამის მეტი არაფერი მდომებია... თუმცა, აუცილებელია მიყვე დროს. სამყარო, ისევე როგორც ის ადამიანები, რომლებიც ერთგვარ პედესტალზე გაყენებენ, ძალიან სწრაფად იცვლება. შემოქმდება კი განსაკუთღებით მერყევი და მყიფეა. საათი გაუჩერებლად წიკწიკებს და შენც ყოველი მოძრაობა უნდა გათვალი, რომ ხელიდან არ გაგისხლდეს საჭირო წუთი - შენი დრო. უკან დაბრუნება შეუძლებელი ხდება.” 

სადაც არ უნდა აღმოჩნდე, რა წარმატებებსაც არ უნდა მიაღწიო, ვინც არ უნდა გაღიაროს - არასდროს კარგავ საკუთარ თავს; ესეც პარადოქსია, მაგრამ ამაში, ისევ ის გარემო გეხმარება, რომელიც თითქოს ყველაზე მეტად გაბრკოლებდა ამ თავის პოვნაში; ყველა და ყველაფერი, რამაც საბოლოოდ ჩამოგაყალიბა, ყველაზე ძვირფასი გახდა - ოჯახი, მეგობრები, უბანი. შენი სვირინგების არჩვენიც ამაზე მეტყველებს - “დედა”, “დუბლინი” დიდი ასოებით, ირლანდიის დროშა + რუკა, წმინდანი, რომელზეც ბებია ლოცულობდა... 

“ადრე ხალხს არ ვუშვებდი ახლოს, არ მინდოდა არც მათი გაცნობა და ზედმეტად უარყოფითად ვექცეოდი. ერთგვარი იმიჯი იყო, რაღაც მასკულინური ამბავი, მაგრამ ვგრძნობ, რომ ახლა უკვე გადავაბიჯე ამ სისულელეს, უფრო მეტად შემიყვარდა სიცოცხლე და ხალხი, უკეთ მესმის ადამიანების ემოციები და მეც მე ვარ, ყველანაირი მოკრძალების გარეშე!”  

ავტორი: ნინო კაკიაშვილი

ქოვერის ფოტო: Ruben Jacob Fees