კულტურა

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა - TAF იწყება

ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა თანამედროვე მსოფლიოსთვის უკვე ტრადიციად ქცეული, ყველაზე მასშტაბური და თანამედროვე პლატფორმაა, რომელიც ახალი ხელოვანების, ტენდენციებისა და იდეების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა. თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველი საერთაშორისო ბაზრობის - TAF-ის მასპინძლობისათვის ემზადება და 17-20 მაისს ის ასობით ადგილობრივ თუ საერთაშორისო კოლექციონერს, კურატორს, ხელოვანს, გალერეასა და უბრალოდ ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს გააერთიანებს. ბაზრობის სამხატვრო ხელმძღვანელი - ერიკ შლოსერი ქართული არტ-ბაზრისათვის აქამდე ახალი, ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის ფორტმაზე გვესაუბრა.

მაისი 15, 2018

Hello Blog

ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა თანამედროვე მსოფლიოსთვის უკვე ტრადიციად ქცეული, ყველაზე მასშტაბური და თანამედროვე პლატფორმაა, რომელიც ახალი ხელოვანების, ტენდენციებისა და იდეების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა. თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველი საერთაშორისო ბაზრობის - TAF-ის მასპინძლობისათვის ემზადება და 17-20 მაისს ის ასობით ადგილობრივ თუ საერთაშორისო კოლექციონერს, კურატორს, ხელოვანს, გალერეასა და უბრალოდ ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს გააერთიანებს. ბაზრობის სამხატვრო ხელმძღვანელი - ერიკ შლოსერი ქართული არტ-ბაზრისათვის აქამდე ახალი, ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის ფორტმაზე გვესაუბრა.

რას გულისხმობს TAF-ის ფორმატი და რა უპირატესობები აქვს მას?

TAF არის მეტწილად შავ, კასპიისა და ბალტიის ზღვების ქვეყნებსა და მათ სახელოვნებო სცენებზე ფოკუსირებული თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა. ხელოვნების ბაზრობის ფორმატი ძალიან ამარტივებს კავშირების დამყარების პროცესს. ეს ერთგვარი სოციალური პროექტია, რომელიც საერთო ინტერესების მქონე დაჯგუფებებს ერთად უყრის თავს და მათ თავისუფლად ურთიერთობის საშუალებას აძლევს. მასპინძელი ქალაქი ამ დღეების განმავლობაში ხელოვნების სამყაროს ცხელი წერტილი ხდება. მრავალფეროვნება ერთ სივრცეში, კავშირების დამყარების შესაძლებლობები, ურბანული ცენტრების გარეთ არსებული გალერეების აღმოჩენა, ხელოვნების ფართო სპექტრის ნახვა ძვირადღირებული და ხანგრძლივი მოგზაურობის გარეშე - ასეთია ის შესაძლებლობები, რომლებსაც ბაზრობის ფორმატი იძლევა.

თანამედროვე სამყაროში რა პროცესებმა შეუწყო ხელი ამ ფორმატის ჩამოყალიბებასა და აუცილებლობას ხელი?

ბოლო დროს ხელოვნების ბაზრობებმა არტ-სამყაროს მოწინავე მოთამაშის როლი მოირგო. თუ 1970 წელს მხოლოდ 3 ხელოვნების ბაზრობა არსებობდა, დღეს ეს ციფრი 300-მდეა გაზრდილი. ცხოვრების ტემპმა იმატა, ამიტომ კოლექციონერებსა და „ბაიერებს“ აღარ აქვთ იმის ინტერესი და დრო, რომ ცალ-ცალკე გალერეები მოინახულონ. მათ მოსწონთ, როდესაც ყველაფრის ერთ სივრცეში ნახვის საშუალება აქვთ. მოგზაურობის მეტმა შესაძლებლობამ, ახალგაზრდა, შემოსავლიანი თაობის ზრდამ, გლობალიზაციამ და ციფრულმა სამყარომ დიდი გავლენა მოახდინა არტ-ბაზარზე. გაჩნდა საშუალება, რომ ნამუშევრები შენთან ახლოს და შენი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში შეიძინო.

თქვენ საერთაშორისო ხელოვნების ბაზრობების - Art Moscow-ისა და Art Vilnius-ის სამხატვრო ხელმძღვანელი იყავით. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ხედავთ თბილისში მსგავსი ბაზრობის ჩატარების კუთხით?

უცხოელების მოზიდვა ხელოვნების ბაზრობაზე იმ ქვეყანაში, სადაც მსგავსი სახის ღონისძიებები და პროექტები ჯერ განვითარებული არ არის - რთულია. საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის გალერეები გაქვთ. საერთაშორისო ხელოვნების წარმომადგენლებთან ურთიერთობის, ბაზრობებში მონაწილეობის, საერთაშორისო სტანდარტების ღონისძიებების მოწყობისა და მათი გაშუქების მხრივ გალერეების გამოცდილება საკმაოდ მწირია. ქართული სახელოვნებო სივრცეების უმეტესობა ძველი მეთოდით ფუნქციონირებს. ქართული ხელოვნება ვერ სცდება ადგილობრივი გალერეების კედლებს. მხოლოდ რამდენიმე ქართველი თანამედროვე არტისტია ცნობილი საქართველოს ფარგლებს გარეთ, ისიც იმიტომ, რომ ისინი სხვა ქვეყნებში მოღვაწეობენ. თანამედროვე ხელოვნებას სჭირდება გლობალური ინტეგრაცია და განვითარება, რაც მოხდება მას შემდეგ, რაც ქართული ხელოვნება ღია და ხელმისაწვდომი გახდება საერთაშორისო მოთამაშეებისათვის. სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ახლა საუკეთესოა დროა თბილისში თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის ჩასატარებლად. თანამედროვე ხელოვნების ბაზრობამ უნდა გამოიყენოს ის საერთაშორისო ყურადღება და დაინტერესება, რომელიც საქართველოსკენაა ბოლო დროს მომართული. ამ მხრივ თბილისს ნამდვილად გააჩნია უპირატესობები - ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, ტურისტების ყოველწლიურად მზარდი ნაკადი, დასავლური და აღმოსავლური კულტურის ერთგავრი ნაზავი. 

რა პრინციპით შეირჩა გალერეები და ხელოვანები?

წარმოდგენილი ნამუშევრების ხარისხი უდავოდ მაღალია, რადგან გალერეები, ხელოვანები და მათი ნამუშევრები ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალების გუნდმა შეარჩია. შერჩევა მოხდა ბაზრობის გეოგრაფიული ფოკუსის, ნამუშევრების ხარისხის, ხელოვანების პროფესიონალიზმის გათვალისწინებით. დარგობრივი მრავალფეროვნებაც გვინდოდა ყოფილიყო - ფერწერა, ფოტო, სკულპტურა, ინსტალაცია, ვიდეო არტი, პერფორმანსი...

ფოტო: დიმიტრო ბოგანჩუკ

არსებობს აზრი, რომ დამწყები ხელოვანებისათვის ხელოვნების ბაზრობის ფორმატი არც ისე ხელსაყრელია, რადგან სელექციისას ისინი შესაძლოა ბაზრობის მიღმა აღმოჩნდნენ. თუმცა TAF-ის ფარგლებში სპეციფიკური ფორმატი - The Hive მოეწყობა. მოგვიყევით ამ სივრცის შესახებ.

მოდით ვისაუბროთ არტ-ღონისძიებების 2 ფორმატზე - ხელოვნების ბაზრობები და ბიენალეები. მარტივად რომ ავხსნათ, ბაზრობა გალერეებისთვისაა, ბიეანლე კი -არტისტებისათვის. თბილისის ხელოვნების ბაზრობისათვის ჩვენ გავაერთიანეთ ეს 2 ფორმატი. TAF-ის საგამოფენო სივრცე ორ ნაწილად იყოფა: მთავარი სექცია გალერეებს უმასპინძლებს, ხოლო სახელოსნოს სპეციფიკური ფორმატი - The Hive დამწყებ და საგალერეო რეპრეზენტაციის გარეშე არსებულ ხელოვანებს ნამუშევრების გამოფენის საშუალებას მისცემს თიბისი სტატუსის მხარდაჭერით. 

ფოტო: დავით მესხი

სწორედ ამიტომ, ეს არის ნაზავი ფორმატი, რომელსაც ვერ ნახავთ ხელოვნების ტრადიციულ ბაზრობებზე. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ნამუშევრები, დაესწროთ პარალელურ ღონისძიებებს, გაიღრმავოთ ცოდნა TAF-ის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, უბრალოდ აღმოაჩინოთ ადგილობრივი და საერთაშორისო საინტერესო ხელოვანები - 4 დღის განავლობაში ხელოვნების ყველანაირი მიმართულება თბილისში პირველად იქნება თავმოყრილი და დამიჯერეთ, ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.

ავტორი: მარიამ ყანჩაველი

ფოტო: სერა ძნელაძე