მუსიკა | ცა

რიკარდო ვილალობოსი | Ricardo Villalobos - Easy Lee

დაახლოებით 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რიკარდო ვილალობოსმა თავისი სადებიუტო ალბომი Alcachofa გამოსცა, თუმცა ამ ალბომის შესახებ დღემდე ბევრს საუბრობენ. მიზეზი მარტივია, Alcachofa-ში რიკარდომ არა მხოლოდ იმ პერიოდში მისთვის საინტერესო მუსიკალური იდეები დააფიქსირა, არამედ ზოგადად საცეკვაო ელექტრონული მუსიკის პრიორიტეტების ფორმირება დაიწყო.

მაისი 11, 2018

Hello Blog

Michael Mayer იხსენებს, რომ 90-იანი წლების მეორე ნახევარში კიოლნის და ფრანკფურტის მუსიკალურ სცენებს შორის გარკვეული ალიანსი ჩამოყალიბდა: „ჩვენ ყველანი მსგავს იდეაზე ვმუშაობდით, რომელიც ალტერნატიული ჰაუს მუსიკის შექმნას გულისხმობდა. მე ძირითადად პოპ მხარეზე ვკონცეტრირდებოდი, რიკარდოს კი ფსიქოდელიური, პერკუსიული ჟღერადობა უფრო იზიდავდა. როდესაც Alcachofa-ს ტესტ ვერსია მოვისმინე, ორმა კომპოზიციამ ჩემი ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია. ესენი იყო Dexter და Easy Lee“. მაიერი აღნიშნავდა, რომ რიკარდომ ამ ჩანაწერით სიახლე უფრო მეტად მენტალურ დონეზე შემოიტანა და არა ფიზიკურზე.

რიკარდო იხსენებს, რომ Alcachofa-ზე მუშაობის პროცესში ის საკუთარ მუსიკას მეგობრებს და ნაცნობებს მაქსიმალურად უზიარებდა, რათა სხვადასხვა მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების შეხედულებები და აზრები გაეგო. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი რიკარდოს ცოლი აღმოჩნდა, რომელმაც Easy Lee ისეთად აქცია, როგორიც ჩვენ ყველამ ვიცით.

„ჩემი ცოლი Easy Lee-ს წლების განმავლობაში უსმენდა. ბოლოს კი მითხრა: ‘ამას რაღაც აკლია, ამიტომ მე შენთან სტუდიაში მოვალ და კომპოზიციას ბეისლაინი დავუმატოთ’. „ - ვილალობოსი აღნიშნავს, რომ სტუდიაში ყოფნისას ცოლმა მას ის იმპულსი მისცა, რომლითაც ისეთი მუსიკალური პასაჟი შექმნა, რომელიც ზოგადად მისი სტილი არ არის. „ესეთი მელოდიური ბასის პარტია ჩემი სტილი არ ყოფილა. მისი შთაგონების გარეშე ეს ტრეკი მხოლოდ დრამი და ვოკალის პარტია იქნებოდა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ აუცილებელია მუდმივად შთაგონებული იყო და უსმენდე იმ ადამიანების შეხედულებებს, რომლებიც შენთვის მნიშვნელოვანი არიან.“

ავტორი: სოფი წერეთელი