კულტურა

23 აპრილი - წიგნის საერთაშორისო დღე

ამქვეყნად იმდენნაირი ტექსტია, რამდენნაირი ადამიანიც არსებობს.

აპრილი 23, 2018

Hello Blog

ამქვეყნად იმდენნაირი ტექსტია, რამდენნაირი ადამიანიც არსებობს.

ზოგი ძალიან ხმაურიანი და მყვირალაა, დაწერისთანავე მოდური ან ბოლომდე შეუმჩნეველი, ზოგი – ძალიან მშრალი ან, პირიქით, ზედმეტი სენტიმენტალობისგან დანოტივებულიც კი, ზოგს მკვეთრად გამოხატული ხასიათი აქვს, ზოგი კი სრულიად უნებისყოფოა, ზოგი მარილიანია და ზოგი – მლაშე, ზოგი – ადვილად გასაგები, ზოგი კი უძველესი ლურსმული წარწერებივით ასო-ასო ამოსაკითხი და ამოსაცნობი, ზოგი პლასტმასის ერთჯერად ჭურჭელს ჰგავს, ზოგი – მეთექვსმეტე საუკუნის იტალიური ბროლის ნაკეთობას. ისეთი ტექსტებიცაა, რომლებიც არ არსებობს, მხოლოდ ვიღაცის ფანტაზიასა თუ ტყუილში ცოცხლობს.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ისე გვახვევია გარს ბგერათა გრაფიკული სახეები, პიქტოგრამები თუ იეროგლიფები, შეიძლება, შეედავო კიდეც ცნობილ ფილოსოფოსს, რომ ენობრივში კი არა, ტექსტობრივ სამყაროში ვცხოვრობთ და რეალურად მხოლოდ ის არსებობს, რაც დაიწერა და არა ის, რაც ითქვა და დასახელდა.

ამ ტექსტობრივ სამყაროს, მთელი თავისი მრავალფეროვნებით, ერთი დამახასიათებელი ნიშანი აქვს – მკითხველი სჭირდება.

ტექსტამდე მკითხველის გზა კი ისეთივე რთული და წინააღმდეგობრივია, როგორიც ოდისევსის მოგზაურობა ჰადესის სამეფოში. მკითხველს ანუ ლიტერატურულ გურმანს აღზრდა სჭირდება. წარმოიდგინეთ, რომ რომელიღაც ცნობილ და უთვალავსაცავიან ბიბლიოთეკაში მოხვდით, ჩვეულებრივ ბიბლიოთეკაში, სადაც არც კარტოთეკაა და, მით უმეტეს, არც უსინათლო ბიბლიოთეკარი, თავად უნდა გაერკვეთ და მოძებნოთ ის, რაც გინდათ.

შეგიძლიათ, ბორბლებიანი მაღალი კიბე მოიტანოთ, რომელიც მთავარი დარბაზის ერთ-ერთ ცივ კუთხეშია აყუდებული, თაროებთან მიაგოროთ და ძებნა დაიწყოთ, მაგრამ საცავი იმდენად დიდია, რომ ძებნას მთელი სიცოცხლე დასჭირდება და იქნებ სიკვდილამდე ვერც კი იპოვოთ ის, რასაც ეძებდით.

 მკითხველის ბედნიერება სწორედ მარადიულ ძიებაშია, პოეზიის, პროზის, ათასი ფორმისა და ჟანრის საოცარ მრავალფეროვნებაში ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ჩვენი ცხოვრების წიგნებს, ამბებს მახვილგონიერ იდალგოსა და მის თანამგზავრზე, პატარა მაწანწალას სევდიან ამბავზე, ლონდონის ჯურღმულებში გატარებულ დღეებზე, ცირკის მსახიობ უსახლკარო ბიჭსა თუ პარიზელ გავროშზე, მერი პოპინსსა და ვარსკვლავიანი თაფლაკვერებზე, მაწანწალა რასმუსსა და შესანიშნავი ოჯახის საზაფხულო ისტორიებზე სალტკროკასა თუ კორფუზე, უფლისწულსა და მამის აჩრდილზე, შეყვარებულ წყვილზე და სამკვდროდ გადაკიდებულ ორ გვარზე, ქაჯეთის ციხეში გამომწყვდეულ ქალზე და მის საძებრად წამოსულ სამ მოყმეზე, მამაც ბრუნჰილდაზე, ეშმაკ ოდისევსსა და უკვდავების მაძიებელ გილგამეშზე, ტრამალის მგელსა და ჯადოსნურ მთაზე, ადამიანის ხოჭოდ გადაქცევის მეტამორფოზაზე და ნატაშა როსტოვას პირველ ცეკვაზე, პატარა პრინცსა და მდინარეზე ტივით გაქცეულ თავზეხელაღებულ ბიჭზე, ვეძებთ იმ დღიდან, როცა ასოების ცნობას ვისწავლით, იმ დღემდე, სანამ მხედველობა ისე არ დაგვიბლაგვდება, რომ სარკეში საკუთარი ანარეკლის გარჩევა გაგვიჭირდება.

 

იუნესკოს 1995 წლის 15 ნოემბრის 28-ე სესიაზე, 23 აპრილი ოფიციალურად დასახელდა წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის მსოფლიო დღედ. 23 აპრილი სიმბოლურად შეირჩა, ამ დღეს გარდაიცვალა ორი დიდი მწერალი - მიგელ დე სერვანტესი და უილიამ შექსპირი.

 23 აპრილი წიგნის დღეა, მკითხველის დღესასწაულია. მკითხველის, რომელიც წიგნიდაან წიგნამდე მოგზაურობს, იზრდება, სწავლობს, იცვლება, მაგრამ არასდროს კარგავს მთავარს - ბეჭდური თუ ელექტრონული წიგნიდან სხვადასხვაგვარი შრიფტის ჭიანჭველები გონებაში დაამწკრივოს და ახალი ლიტერატურული სამყაროსკენ გაუყვეს გზას...

წიგნისა და მკითხველის დღეს გილოცავთ! 

saba.com.ge-ზე კი დღეს განსაკუთრებული აქციაა - შეიძინეთ 3000-მდე წიგნი 1 ლარად.

ავტორი: დიანა ანფიმიადი