მუსიკა | ცა

ქიმიური ძმები საქართველოში ჩამოდიან

The Chemical Brothers საცეკვაო ელექტრონული მუსიკის ისტორიაში ცალსახად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული და გავლენიანი მუსიკალური პროექტია. ამაზე 8 სტუდიური ალბომი, გრემის 4 ჯილდო, გაყიდული ალბომების რაოდენობა და ის მუსიკალური მემკვიდრეობა მეტყველებს, რომელიც ედ საიმონსმა და ტომ როულენდსმა თითქმის 3 დეკადის განმავლობაში შექმნეს.

აპრილი 18, 2018

Hello Blog

The Chemical Brothers საცეკვაო ელექტრონული მუსიკის ისტორიაში ცალსახად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული და გავლენიანი მუსიკალური პროექტია. ამაზე 8 სტუდიური ალბომი, გრემის 4 ჯილდო, გაყიდული ალბომების რაოდენობა და ის მუსიკალური მემკვიდრეობა მეტყველებს, რომელიც ედ საიმონსმა და ტომ როულენდსმა თითქმის 3 დეკადის განმავლობაში შექმნეს.

1 სექტემბერს ბრიტანული დუეტი რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკში დაუკრავს. მანამდე კი საინტერესო იქნება მათი კარიერული მომენტების გახსენება, რომელიც ბევრ მხიარულ ფაქტსაც შეიცავს.

The Chemical Brothers vs. The Dust Brothers

შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ პროექტის თავდაპირველი სახელწოდება The Chemical Brothers სულაც არ ყოფილა. კალიფორნიული ჰიპ-ჰოპ პროექტით, Dust Brothers-ით აღფრთოვანებულმა ბიჭებმა გადაწყვიტეს, რომ საყვარელი მუსიკოსებისთვის პატივი მიეგოთ და თავიანთი მუსიკა ფსევდონიმით The Dust Brothers გამოეცათ. რა თქმა უნდა, მათ ეს ენთუზიაზმი არ დაუფასდათ. უფრო მეტიც, ამერიკული პროექტის წარმომადგენლებმა საქმე სამართლებრივ დავად აქციეს, რასაც ფსევდონიმის შეცვლა მოჰყვა.

არსებობს ვერსია, რომ ედ საიმონსის ბებიას სახელად The Grit Brothers უფრო მოსწონდა, მაგრამ საბოლოოდ ბიჭებმა არჩევანი The Chemical Brothers-ზე გააკეთეს.

ლიამ გალაჰერმა The Chemical Brothers-ის ბიჭები სცენიდან გააგდო

1995 წელს ტომ როულენდს და ედ საიმონს Oasis-ის კონცერტზე დიჯეი სეტი უნდა დაეკრათ. თუმცა, როგორც ამბობენ, მათ მხოლოდ ერთი კომპოზიციის (Happy Mondays - Wrote For Luck) დაკვრა მოასწრეს. ამის შემდეგ მათთან უმცროსი გალაჰერი მივიდა და სცენის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვა. როგორც აღმოჩნდა, მანჩესტერელი დუეტის რეპერტუარი მისთვის მიუღებელი იყო. The Chemical Brothers-ის ნაცვლად იმ საღამოს დიეჯი სეტი The Verve-ს ერთ-ერთმა წევრმა დაუკრა.

ერთი წლის შემდეგ „ქიმიური ძმების“ სადებიუტო ალბომით (Exit Planet Dust) აღფრთოვანებულმა ნოელ გალაჰერმა მათთან ერთად კომპოზიცია Setting Sun ჩაწერა. ამ სიმღერას ნოელი დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკალურ ნამუშევრად მიიჩნევს, რომელზეც კი მას უმუშავია.

The Chemical Brothers -ის კოლაბორაციული პროექტები

ამ დუეტზე საუბრისას აუცილებლად აღსანიშავია მათი კოლაბორაციული პროექტების შთამბეჭდავი კატალოგიც. სხვადასხვა დროს მათ ისეთ მუსიკოსებთან ითანამშრომლეს, როგორებიც New Order-ის ფრონტმენი ბერნარდ სამნერი, ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ კოლექტივის A Tribe Called Quest-ის წევრი Q-Tip, Beck, Noel Gallagher, The Verve-ს ვოკალისტი რიჩარდ ეშკროფტი და Klaxsons არიან.

გარდა ამისა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ტომი და ედი ძალიან ხშირად თანამშრომლობენ ცნობილ რეჟისორებთან. მიშელ გონდრის მათი სამი კლიპი Let Forever Be, Star Guitar და Go ეკუთვნის. სპაიკ ჯონსმა კი ცნობილი ვიდეო Elektrobank გადაიღო, სადაც მთავარ როლს თავად სოფია კოპოლა თამაშობს. ვიდეოგრაფიაში ფიგურირებს ნიკ გოფრის და დომინიკ ჰოულის სახელიც. შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს ამ წყვილს ვიდეოები დევიდ ბოუვის, ტრენტ რეზნორის, ოაზისისა და რობი უილიამსისთვისაც გადაუღიათ.

გრემის უცნაური ჯილდო

როგორც უკვე აღინიშნა, „ქიმიურ ძმებს“ გრემის ოთხი ჯილდო აქვთ აღებული. პირველად ეს 1998 წელს მოხდა, როდესაც მათი სიმღერა Block Rockin’ Beats ნომინაციის Best Rock Instrumental Performance გამარჯვებული გახდა. საინტერესო ისაა, რომ Block Rockin’ Beats არც როკ კომპოზიციაა და არც ინსტრუმენტული, რადგან ცნობილი ფრაზა „Back with another one of those block rockin' beats“ სიმღერის განმავლობაში 8-ჯერ მეორდება. შესაბამისად, ცოტათი უცნაურია, როგორ მოერგო ეს კონკრეტული სიმღერა ამ ნომინაციას.

სამაგიეროდ არანაირი კითხვები არ ჩნდება The Chemical Brothers-ის სხვა ჯილდოებზე. მოგეხსენებათ, 2006 წელს მათ ორი გრემის ჯილდო საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერის (Galvanize ft. Q-Tip) და საუკეთესო საცეკვაო ალბომის (Push The Button) კატეგორიაში აიღეს. ამ უკანასკნელი ნომინაციის მფლობელები ისინი 2 წლის შემდეგაც გახდნენ, ალბომით We Are The Night.