კულტურა

ქართული ენა და ქართული ლიტერატურა

14 აპრილს დედაენის დღეა! ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ გამორჩეული, ძალიან საინტერესო ენა გვაქვს, დამწერლობის სამი სახითაც ვამაყობთ, ვცდილობთ, ვწეროთ ქართულად და ვიკითხოთ ქართულად. ქართული ენა - გამოხატვის ფორმებით მართლაც ძალიან მდიდარია, ხოლო დამწერლობისა და ენის ფონეტიკური ერთიანობა სრულყოფილებასთან აახლოებს. 

აპრილი 14, 2018

Hello Blog

14 აპრილს დედაენის დღეა! ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ გამორჩეული, ძალიან საინტერესო ენა გვაქვს, დამწერლობის სამი სახითაც ვამაყობთ, ვცდილობთ, ვწეროთ ქართულად და ვიკითხოთ ქართულად. ქართული ენა - გამოხატვის ფორმებით მართლაც ძალიან მდიდარია, ხოლო დამწერლობისა და ენის ფონეტიკური ერთიანობა სრულყოფილებასთან აახლოებს. 

შინაარსისა და ფორმის ერთიანობა, ის რაც ქართული ენის პოლოფონიურ ჟღერადობას გვჩუქნის, ყველაზე უკეთ ლიტერატურაში გამოიხატება, ლიტერატურა კვებავს, სასიცოცხლო ძალას აძლევს ენას, ინახავს მას და ამდიდრებს. 

წარმოგიდგენთ 5 მწერალს , რომელთა „ქართული“ , ჩვენი აზრით, განსაკუთრებით შთამბეჭდავია. 

( სია ნებისიერი მკითხველის გემოვნებით შეიძლება შეიცვალოს, იმიტომ, რომ ლიტერატურული თუ ენობრივი გემოვნება ინდივიდუალურია). 

შოთა რუსთაველი, „ვეფხისტყაოსანი

საუკუნეებს მიღმა დარჩენილი გენიოსი, რომლის ცხოვრებაზე თითქმის არაფერი ვიცით რამდენიმე ფრაგმენტული ცნობის გარდა, ადამიანი, რომლის შესაძლებლობები გვაოცებს, თექვსმეტმარცვლიანი მაღალი და დაბალი შაირით თავიდან ბოლომდე გაწყობილი პოემა, მეტაფორებით, ეპითეტებით, ასონანსებითა და დისონანსებით, სიმფონიური ჟღერადობით, ფონეტიკური ფოიერვერკით, პერსონაჟები, ამბავი, სიუჟეტი, ეპიზოდები, აღწერები - ფანტასტიკური, ეპიკური ტილო, რომელიც ყოველთვის აღგვაფრთოვანებს:

„ილოცავს, იტყვის: "მაღალო ღმერთო ხმელთა და ცათაო,

 ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო,

 უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო,

 მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო!

 ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა,

 შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა,

 მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა,

 ნუ ამოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!“

დავით გურამიშვილი, „დავითიანი“ 

წყარო: planeta.ge

ტრაგიკული ბედის პოეტი ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დააშორეს სამშობლოს, მერეც ცხოვრების უცხო ქვეყანაში გატარება მოუწია, შესაბამისად, მისი შესანიშნავი პოეზია სხვა ენობრივ გარემოში იქმნებოდა, რაც კიდევ მეტ მნიშვნელობას სძენს მას. რუსთაველის შემდეგ სრულიად ახლებული პოეტური ექსპერიმენტებითა და გამოხატვის საშუალებებით სწორედ დავით გურამიშვილმა შეცვალა ქართული პოეზიის გზა და ახალი, მხოლოდ გურამიშვილისეული პოეტური მუსიკა აახმიანა.

სხვას ვისმე ერგოს შენზედ ქორწილი!

შევიქნა მე წბილი.

შენ,_სული მე ტკბილი_

მით დამეკარგო?!

შენ ასეთს ვისმე ხელთ ჩაუვარდე,

რომ იმას გულით შენ არ უყვარდე.

მან არა გახაროს,

ჩაგაგდოს ღრმა ხაროს,

მოგიდვას ცეცხლი.

მიხეილ ჯავახიშვილი

დიდი ქართველი რომანისტი, მიხეილ ჯავახიშვილი ერთ-ერთი იყო იმ გამორჩეულ შემოქმედთაგან, ვინც საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა. მიუხედავად ცენზურისა, მას არასდროს უღალატია არჩეული გზისთვის, ყოველთვის პირდაპირი და კრიტიკული იყო, ყოველთვის აქტუალური და აუცილებელი. მისი მოთხრობები, რომანები თუ წერილები არამხოლოდ პერსონაჟების საინტერესო ტიპაჟებით, ფსიქოლოგიური პორტრეტებით, საოცარი დიალოგებით თუ დეტალებით გამოირჩევა, არამედ, მიხეილ ჯავახიშვილის უნიკალური ქართული ენითაც, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სინტაქსით თუ ლექსიკით. მიხეილ ჯავახიშვილისთვის ენის ცოდნა, ენის ფლობა მწერლის უმთავრესი იარაღი იყო, ის ძალიან ხშირად წერდა მშობლიური ენის პრობლემატიკაზე, ენობრივ კრიზისზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე:

„დღევანდელი ჩვენი მწერლობის კარგ დამკვირვებელს შემჩნეული ექნება ის სიტყვათა სიცოტავე, რომელიც საშინელ დაღს ასვამს ყოველი მწერლის შემოქმედებას. ხოლო, რაც უარესია, ეს პატარა საუნჯეც დაუდევრად იხმარება, რის მიზეზადაც ცოდნის ნაკლებობა მიგვაჩნია. ქართველმა მწერალმა არ იცის ქართული ენა.“

რევაზ ინანიშვილი

წყარო: kvira.ge

ვინც ერთხელ წაიკითხავს ამ ნაღვლიან, სულისშემძვრელ, საოცრად კეთილ მწერალს, მთელი ცხოვრება ამ ენობრივი სამყაროს ტყვედ დარჩება. ტყვედ არა, უფრო სწორად - მარადიულ სტუმრად. განსაკუთრებით დღეს, აჩქარებული რიტმის, ტექნოლოგიური პროგრესის, ანგარიშებისა და განცხადებების ენის ეპოქაში ყველა მკითხველის გულში ცოცხლდება დიდთვალება ბიბო, რომელიც მამას ელის, ლამაზი ცრემლები, ბავშვობა, საყვარელი სოფლის ნისლადენილი ხეობები, „"ნისლი რომ იყო და იმ ნისლში მაღლიდან გადახედავდი ჩვენს სკოლას, გეგონებოდა, მშვენიერ ოცნებაში ხდებოდა ყველაფერი.

ადიოდა სწორად და ნისლს უერთდებოდა კვამლები. იმ კვამლებს ასდევდა ბარტყებივით პირდაღებული ბავშვების სიმღერა „ჩუხჩუხით ჩამორბოდა“... გეგონებოდა, ერთი მონდომება, ერთი გარჯა, და მოსდებდა თოკს კაცი იმ სკოლას თავის ბავშვებიან-კვამლებიანად, აიკიდებდა და წაიღებდა თოვლში. ქვეყნიერება მაშინ იყო დიდი, სკოლა - პატარა. ახლა, პირიქით, ქვეყნიერება დაპატარავდა, სკოლები გაიზარდა. ქალაქად თუ სოფლად ახლა სულ დიდი სკოლებია. იმ სკოლებს რომ უახლოვდები, არც ერთზე არ იფიქრებ, იმას თუ ვინმე ადგილიდან დაძრავს.“

აკა მორჩილაძე

აკა მორჩილაძის პროზის მთავარი ხიბლი და წარმატების მიზეზი ავტორის ლინგვისტური განსწავლულობა, ენობრივი ექსპერიმენტებითთამაში, ენისა და დიალექტების ღრმა ცოდნაა, რაც მის ყველა ნაწარმოებში ვლინდება. მწერლისთვის ენა დროსა თუ სივრცეში მოგზაურობის მთავარი იარაღია, ძველი თბილისის ენობრივი ნარატივი, 90-იანი წლების თბილისური მეტყველება, დიალექტური თუ ისტორიული ენობრივი თამაშები, გამოგონილი ენა... ეს უკანასკნელი ლინგვისტური კვლევებისთის ყველაზე საინტერესოა, მაგალითად, რომანი „სანტა ესპერანსა“, „სანტა ესპერანსა“ გამოგონილი ლიტერატურული ტოპოსია, გამოგონილი ქვეყანა და დიალექტიც გამოგონილი, ხელოვნური აქვს. ქართული ენის რამდენიმე დიალექტის თვისებებს ატარებს. აკა მორჩილაძის ყველა ტექსტი ენობრივი კომპეტენციის ილუსტრაციაა, სადაც ენა, მხოლოდ თხრობის საშუალება კი არა, ერთგვარი მხატვრული ხერხი თუ ზოგჯერ, პერსონაჟიცაა. 

ისიამოვნეთ ქართული ენითა და ქართული ლიტერატურით!

დედაენის დღეს გილოცავთ!

ავტორი: დიანა ანფიმიადი