კულტურა

ელისო ბოლქვაძე - კეთილი ნების ხელოვნება

მე ომის პროდუქტი ვარ, ამბობს ელისო ბოლქვაძე, როცა საუბარი სხვების მხარდაჭერის იმპულსსა და მის დღევანდელ მოღვაწეობას ეხება. სწორედ მაშინ, 19 წლის ასაკში, როცა მსოფლიო ხელგაშლილი ელოდა საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში და კონკურსებიც ერთმანეთის მიყოლებით აღიარებდნენ, სამოქალაქო ომმა საქართველო დიდი ხნით ჩააგდო ტურბულენტურ ზონაში. სწორედ მაშინ დაიწყო იმის გააზრება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემო, რომ შედგე არამარტო როგორც შენი საქმის პროფესიონალი, არამედ როგორც ადამიანი.

მარტი 16, 2018

Hello Blog

მე ომის პროდუქტი ვარ, ამბობს ელისო ბოლქვაძე, როცა საუბარი სხვების მხარდაჭერის იმპულსსა და მის დღევანდელ მოღვაწეობას ეხება. სწორედ მაშინ, 19 წლის ასაკში, როცა მსოფლიო ხელგაშლილი ელოდა საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში და კონკურსებიც ერთმანეთის მიყოლებით აღიარებდნენ, სამოქალაქო ომმა საქართველო დიდი ხნით ჩააგდო ტურბულენტურ ზონაში. სწორედ მაშინ დაიწყო იმის გააზრება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემო, რომ შედგე არამარტო როგორც შენი საქმის პროფესიონალი, არამედ როგორც ადამიანი.

მუსიკა იყო გზა, იყო ხსნა. მუსიკა იყო ყველაფერი. ლიტერატორების ოჯახში დაბადებული გოგონა, უკვე სამი წლის ასაკში, სმენით აწყობდა მისთვის საყვარელ მელოდიებს. ოჯახის მეგობრები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ პატარა ვირტუოზს. ერთ-ერთმა, სახელდახელოდ, გოგონას მთელი მომავალი ცხოვრების სცენარი ფურცელზეც დაეწერა: “მე, გურამ ფანჯიკიძე, დღეს ვამბობ მთელი ჩემი პასუხისმგებლობით, რომ სულ მალე გავხდებით ჩვენი ელისო ბოლქვაძის ტრიუმფის მოწმე. მე ეს ისე მჯერა, როგორც ხვალინდელი დღე. როცა ელისოს დააბნევს და გაახარებს მქუხარე აპლოდისმენტები, გაიხსენეთ, რომ მე ვიწინასწარმეტყველე მისი მსოფლიო დონის მომავალი.” ამ სიტყვების რეალობაში გადმოთარგმნას დიდი დრო არ დასჭირვებია.

“ბავშვობიდან უამრავი ბედნიერი წუთი მახსოვს. ხშირად გვსტუმრობდნენ იმ დროის წარმატებული ლიტერატორები - ახლა რომ 60-ელებად იცნობენ. ოჯახში, ყოველთვის საინტერესო საზოგადოება იკრიბებოდა. დღემდე მომყვება მაშინდელი იმპულსი - იმის განცდა, რომ შენგან ყოველთვის საუკეთესოს ელოდებიან... მსგავსი მოლოდინი არც ისე კარგია ბავშვის ფსიქიკისთვის, მაგრამ მშობლები ყველანაირად მიჭერდნენ მხარს. დედა ბოლომდე გადმოერთო ჩემზე, ჩემი შემოქმედების განვითარებაზე და რაღაც მომენტში, მითხრა კიდეც, რომ მუსიკამ მას ჩემი თავი წაართვა. რთულია ერთადერთი შვილის მშობლისთვის, მაგრამ, თუ ამ სფეროში ხარ, სხვა აღარავის და აღარაფერს ეკუთვნი. ეკუთვნი მხოლოდ იდეას, რომელიც აუცილებლად უნდა განახორციელო...”

ეს იდეა კი უფრო მეტია ვიდრე მუსიკა, ხელოვნება, წარმატება, თუ სტატუსი. ცხოვრების მისიას უფრო ჰგავს, რომელიც არ მოგასვენებს, მაგრამ საჭირო ენერგიითაც მოგამარაგებს. რა წამიდანაც იწყება ამ “იდეის” განხორციელება, იმ წამიდან იწყება ჯადოსნობაც - ენერგიის უწყვეტი ცირკულაცია.

“სამყაროსთან ურთიერთობა არ უნდა შეწყდეს. რაც უფრო ვითარდები, მით უფრო ხვდები რამდენის გაკეთებაა საჭირო, მით უფრო იზრდება მოთხოვნა ცოდნაზე, მოქმედებასა და ცვლილებებზე... ამას ძალა, დიდი ნებისყოფა, ხასიათი, განათლება სჭირდება... მუსიკოსებისთვის ეს რთულია. უფრო მგრძნობიარეები არიან ვიდრე სხვები. ისეთ დეტალებს აქცევენ ყურადღებას, რაც ბევრისთვის უმნიშვნელოა. თუ არ არის ძლიერი მენტალური სისტემა და ინტელექტუალური, პრაგმატული ბაზა, იქ შეიძლება ბევრი ხელოვანი გაიბზაროს, ერთმა სიტყვამ ძალიან დააზიანოს. სათუთი, ფაქიზი სამყაროა და სწორედ ამიტომ სჭირდება განსაკუთრებული თანადგომა.”

ელისო ბოლქვაძე, თავის თანამოაზრეებთან ერთად, თითქმის 20 წელია ჩართულია სხვადასხვა საქველმოქმედო, თუ შემეცნებით პროგრამაში. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაწეული აქტიური საქველმოქმედო მოღვაწეობისთვის, 2015 წელს, UNESCO-ს სტატუსი “ხელოვანი მშვიდობისთვის” მიენიჭა. გაერო, ამ წოდებას კულტურის სხვადასხვა დარგში მოღვაწე გამოჩენილ პიროვნებებს მიაკუთვნებს; ძირითადად, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც თავისი მოღვაწეობის მანძილზე უკვე მნიშვნელოვნად მოახდინეს გავლენა კულტურის განვითარებაზე. ელისო ბოლქვაძე პირველი ქართველია ამ სტატუსით და მისი მინიჭების საფუძველი გახდა არა მარტო წარმატებული კარიერა, არამედ წლების განმავლობაში გაწეული აქტიური ქველმოქმედება და განსაკუთრებით ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების მხარდაჭერა ფონდ “ლირას” მეშევეობით.

სანამ ფონდ “ლირას” ჩამოაყალიბებდა (2012 წ.), აქტიურად მონაწილეობდა ცნობილი ფრანგი მუსიკოსის - მიშელ სონის ფონდის SOS Talents-ის საქველმოქმედო-შემეცნებით პროექტებში. ამ ფონდის სახელს უკავშირდება ისეთი ხელოვანების წარმატება, როგორიცაა ხატია ბუნიათიშვილი, ანა ყიფიანი, გვანცა ქობალია და ამჯერად, უკვე - ილია ლომთათიძე და ბარბარე თათარიძე. მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობითა და საქართველოზე ორიენტირებით, დაფუძნდა ფონდი “ლირაც”, რომელიც ასევე ისახავს მიზნად ახალგაზრდა პიანისტების გამოვლენას და მათთვის საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად ხელსაყრელი პირობების შექმნას.

ხელსაყრელ პირობებში კი იგულისხმება არამარტო ბავშვების კლასიკურ მუსიკოსებად ჩამოყალიბება და მათში თანამედროვე, უნივერსალური აზროვნების განვითარება, არამედ უშუალოდ ელისო ბოლქვაძესთან პირადი ურთიერთობაც სამშობლოში, თუ საზღვარგარეთ. შედეგად - არაერთი მასტერკლასი, შემოქმედებითი საღამო, მუსიკის თერაპიის სესია, ექსკლუზიური შეხვედრა და საზღვარგარეთ მუსიკალურ სივრცეში ინტეგრირება. ნებისმიერი რამ, რაც ზოგადად დამწყებ მუსიკოსს დაეხმარება ღირსეული ადგილი დაიკავოს საზოგადოებაში - ფონდის დღის წესრიგში დგას.

“ახალგაზრდა თაობისთვის აუცილებელია მუსიკასთან შეხება, მუსიკალური განათლება, განსაკუთრებით ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში. მჯერა, რომ მუსიკას და ზოგადად კულტურას შესწევს ის ძალა, რომ უკეთესობისკენ შეცვალოს საზოგადოება. თუნდაც, ამ ბავშვების მაგალითზე გეტყვით, რომ რაც უფრო ახლოს ხარ კლასიკურ მუსიკასთან, მით უფრო გამორჩეული ხდები, სხვა ამბიცია გიჩნდება, მეტად კეთილი ხარ, თანამგრძნობი... არ შეიძლება მოუსმინო, ან ასრულებდე კლასიკურ მუსიკას და რამის გაფუჭებაზე ფიქრობდე...”

ელისო ბოლქვაძეს 8 მარტს, ფონდ “ლირას” საქველმოქმედო კონცერტის დაწყებამდე ვესაუბრებით. კონცერტის მონაწილეები - 11 წლის ანაჰიტ სტელმაშოვა, 12 წლის თათია მგალობლიშვილი, 13 წლის ბარბარე ჩხაიძე, 14 წლის ილია ლომთათიძე და 14 წლის ბარბარე თათარაძე უკვე ადგილზე არიან - თიბისი გალარეის დარბაზში; აქ, შედარებით კომპაქტური სცენაა და როიალიც უფრო მასიურად იმზირება... ელისო ბოლქვაძე ღელავს ბავშვებზე - რეპეტიციას თუ მოახერხებენ, სტუმრებზე - როგორ მიიღებენ ახალგაზრდებს, და ამავდროულად, მის გამომეტყველებაში იგრძნობა ამ დღით გამოწვეული სიხარული.

“ანაჰიტი ახალქალაქიდანაა, ეს სწორედ ის გოგონაა, რომლის სახელიც თიბისის პროგრამის - StatusDonates დახმარებით გახდა ცნობილი და ამ პლატფორმის ხელშეწყობითვე მოხერხდა მისი პარიზში წაყვანა და მიშელ სონისთან მასტერკლასების ჩატარება; ორი ბავშვი 8 წლის ასაკში აღმოვაჩინეთ, ბარბარე სულაც 5 წლის იყო, კიდევ ერთი - ბათუმიდანაა... ყველა ერთმანეთზე ნიჭიერი და დასაფასებელია; მთავარია, რომ ისინი სულ დინამიკაში არიან… ასეთი მონაცემების მქონე ახალგაზრდებით ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ მთელი მსოფლიოს წინაშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მუხტი ცოცხლობს!”.

სანამ ინსტრუმენტს მიუსხდებიან, ისინიც ჩვეულებრივი ბავშვები არიან. შემდეგ კი, როიალისა არ იყოს, თითქოს ერთი-ორად იზრდებიან და ბავშვობაც სადღაც ქრება... ამ დროს ხვდები, როგორი უკომპრომისოა ხელოვნება, მით უმეტეს - კლასიკური მუსიკა, თავისი უზადო შესრულების მოთხოვნით. ამ დღეს, ფონდისთვის კიდევ ორი მნიშვნელოვანი ამბავი ხდება: ილია ლომთათიძეს მორიგ კონკურსზე გამგზავრებას StatusDonates უზრუნველყოფს, ხოლო ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს კიდევ ერთი საპატიო წოდება ენიჭება - “StatusDonates-ის კეთილი ნების ელჩი”!

“მსგავსი პლატფორმის არსებობა სხვანაირ იმედს უჩენს ადამიანს, მოტივაციას ქმნის, ოცნებას უსახავს… იაპონიასა და საფრანგეთში, მთხოვეს, ბავშვებისთვის დილის კონცერტებზე დამეკრა. ჯერ ხომ საოცარი ემოციებით უსმენდნენ კონცერტს, შემდეგ კი ჩანაწერებიც შეიძინეს მშობლებთან ერთად. ეს ბავშვები, რამდენიმე წელიწადში უკვე თვითონ მოვლენ, თვითონ იყიდიან ბილეთებს და დაესწრებიან კლასიკური მუსიკის კონცერტებს. ასეთი დამოკიდებულების შესანარჩუნებლად კი მუდმივი მუშაობაა საჭირო. ამისთვის მექანიზმები უნდა არსებობდეს”.

ამ შემთხვევაშიც, თავად ავტორობს ერთ-ერთ მსგავს მექანიზმს - ბათუმის მუსიკალურ ფესტივალს, რომელიც წელს უკვე მეექვსედ ჩატარდება. ფესტივალთან ერთად, მთელი 11 დღის მანძილზე (2-13 სექტემბერი) აგუგუნდება ახალგაზრდული ბანაკიც, ე.წ. Art Camp, რომლის არსებობაც განათლების სამინისტროს დახმარებით ხდება შესაძლებელი.

“მაგალითს ძალიან დიდი ძალა აქვს. ეს ერთადერთი ფესტივალია საქართველოში, რომელიც UNESCO-ში შევიდა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მისი საგანმანათლებლო ფუნქციაა, რაც წელს კიდევ უფრო მეტად ამუშავდება. ბავშვები, ასაკის მიხედვით, ნაკადებად დაიყოფიან, ყველას თავისი ადაპტირებული პროგრამა ექნება, შესაბამისი კვებით, სპორტული გართობით, დასვენებითა და მთელი ჟრიამულით. ჩვენ ვესაუბრებით მათ მუსიკაზე, შემსრულებლებზე, კომპოზიტორებზე... ეს ბავშვები აუცილებლად შეცვლილები დაუბრუნდებიან საზოგადოებას.”

და ისევ იდეა, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს; რომლის უპირობო განხორციელება აუცილებლად ცვლის ზოგჯერ ერთი ადამიანის ცხოვრებას, ზოგჯერ კი - მთელი ქვეყნის რეალობას.

“როცა UNESCO-ს ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში ჩავდივარ და ბავშვებს ვხვდები, ვიაზრებ რამხელა მნიშვნელობა აქვს სულ მცირე ყურადღებას, რომც არ დავუკრა და უბრალოდ ვისაუბრო მათთან, მოვეფერო... ელემენტარულად, აზრები გავუზიარო... ბევრ ბავშვთან მქონდა შეხება... ვხედავ, როგორ იცვლებიან, სხვა ცხოვრებით, სხვა მიმართულებით აგრძელებენ სვლას და ამის გაააზრება, ჩემთვის ყველაფერია... ესე ნიშნავს, რომ ჩემს არსებობას აზრი აქვს, რომ არამარტო ჩემთვის ვიცხოვრე, არამედ შემიძლია რაღაც სხვასაც გავუზიარო, თუნდაც ამ ბავშვებს... ”

ელისო ბოლქვაძე, პირველ რიგში, ხელოვანია. როგორც ყველა ხელოვანი - ენერგიის ერთგვარი გამტარი, კომპოზიტორიდან მსმენელამდე, შთაგონებიდან ემოციამდე თუ წარსულიდან აწმყომდე... როგორც ყველა წარმატებული ხელოვანი - ასრულებული ოცნებაა, გადალახული დაბრკოლებებია, უწყვეტი სვლაა... კითხვაზე, რა ქმნის ხელოვანს, დაუფიქრებლად პასუხობს, რომ ეს არის ხასიათი, საქმის სიყვარული, საწყისი იმპულსი და ადამიანები მის გარშემო.

“10 წლის ვიყავი, როცა რაღაცაზე მოწყენილს, მამამ წინ სენეკას სიტყვები დამიდო - ‘იარე არა იმ გზით, რა გზითაც სხვები დადიან, არამედ იმ გზით, რა გზითაც ძალგიძს იარო’ და ნებისმიერი ხელოვანისთვისაც ალბათ ესაა მთავარი - იპოვოს თავისი გზა, იდეოლოგია, ფასეულობები; არამარტო ჩამოაყალიბოს, არამედ ბოლომდე დაიცვას საკუთარი ხედვები… ეს ქმნის პიროვნებას და ეს ქმნის ხელოვანსაც”.

ტექსტი - ნინო კაკიაშვილი