სიახლეები კულტურა

"საკვი-რაო" ახალ მზიურში

დატვირთული სასწავლო კვირის შემდეგ ყველა ბავშვი მოუთმენლად ელოდება უქმეების თავისუფლებას. ამჯერად კი, ბევრმა მათგანმა მოინდომა მზიურის „საკვი-რაო“-ში კვლავაც შემეცნებით დაკავებულიყო. აქ, მათ თავიანთ ნებიერ ბუნებას კიდევ უფრო მეტი თავისუფლება შესძინეს.

მარტი 12, 2018

Hello Blog

დატვირთული სასწავლო კვირის შემდეგ ყველა ბავშვი მოუთმენლად ელოდება უქმეების თავისუფლებას. ამჯერად კი, ბევრმა მათგანმა მოინდომა მზიურის „საკვი-რაო“-ში კვლავაც შემეცნებით დაკავებულიყო. აქ, მათ თავიანთ ნებიერ ბუნებას კიდევ უფრო მეტი თავისუფლება შესძინეს.

„საკვი-რაო“- ს სამთვიანი პროგრამა წარმატებით დასრულდა და ბევრ ბავშვთან ერთად 13 მოწვეულ სტუმარსაც უმასპინძლა, რომლებმაც პატარებს თავიანთი გამოცდილება მათთვის საინტერესო და სახალისო ფორმით გაუზიარეს.

მზიურში გატარებული 2 საათის განმავლობაში მოზარდები ასწრებდნენ სიცილს, სწავლას, ცოდნის პრაქტიკულ განხორციელებას და გართობას. რაც მთავარია ყოველი კვირა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და მრავალფეროვანი იყო:

ლევან ბუთხუზმა მათ ველური ბუნება გააცნო, მიშო ბერიანიძემ - თანამედროვე ტექნოლოგიები, გიორგი მოსიძესთან ერთად კი ინტელექტუალური თამაშები ითამაშეს.

ირინა ჯაფარიძემ ეკოლოგიის შესახებ ისაუბრა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ თათია ნადარეიშვილი და ეკა ტაბლიაშვილიც, რომლებმაც ბავშვები ფერადი წიგნების სამყაროში ამოგზაურეს.

„საკვი- რაოს“ ასევე ესტუმრნენ ექიმი ეკა ნარჩემაშვილი, ბიოლოგი - ანიკა ახმეტელი, ხელოვნების მასწავლებელი -მარიკა ბოცვაძე, "ევერესტის" დამფუძნებელი დაჩი ნანობაშვილი, საბავშვო მწერალი დიანა ანფიმიადი, მხატვარი - ნიკა კრაწაშვილი , კავკასუს თრეველის დირქტორი მაია კიკნაძე და მისი მოადგილე - გვანცა რაზმაძე.

ცოდნისა და უნარ-ჩვევების გარდა მოზარდებმა „საკვი-რაო“-ში ყველაზე მნიშვნელოვანი - ბევრი ახალი მეგობარი შეიძინეს. ერთად გატარებული მხიარული 2 საათი მათთვის საკმარისი აღმოჩნდა მზიურის მიღმაც გაეგრძელებინათ მეგობრობა.

თავიანთი იდეებისა და ნამუშევრების გაზიარებით ისინი არა მხოლოდ მასწავლებლისა და მოწვეული სტუმრისგან, არამედ ერთმანეთისგანაც ბევრს სწავლობდნენ.

„საკვი-რაო“-მ არა მხოლოდ მიაღწია თავის მიზნებს, არამედ მოლოდინსაც გადააჭარბა“ - ამბობს 12-ივე კვირის მასპინძელი პედაგოგი ხათუნა რაზმაძე, რომელიც განსაკუთრებულად შეუყვარდათ მოზარდებს.

 იმედია ბავშვების ხშირად დასმულ კითხვას - „კიდევ გაგრძელდება?“ – „საკვი-რაო“ მომავალ წელსაც დადებით პასუხს გასცემს.

ბლოგი : ქეთი რაზმაძე

ფოტოები : რეზი ყენია, ირაკლი შალამბერიძე